topmenu

 

ქსნის ხეობის ძეგლები - ჯ.გვასალია

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ეკლესია - მონასტრები>>>


ქსნის ხეობის ძეგლები - ჯონდო გვასალია (ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი) // ძეგლის მეგობარი 1970, კრ.21 გვ.11 - 17

ისტორიული შიდა ქართლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. იგი, ისევე როგორც მთლიანად შიდა ქართლის მთიანეთი, უძველესი დროიდან ჩანს ადამიანის მიერ ათვისებული. აქ ვხვდებით ადამიანის ქვედაპალეოლითურ სამოსახლოებს. ამ უძველესი ხანიდან მოკიდებული, ქსნის ხეობაში უწყვეტად ჩანს ბინადარი ცხოვრების ნიშნები. ადამიანთა საზოგადოება თავისი სამეურნეო, საკულტო თუ საბრძოლო საქმიანობის დროს კვალს აჩენს თავის საასპარეზოდ ქცეულ გეოგრაფიულ გარემოს. ხშირად მატერიალური კულტურის ნაშთები (ეკლესიები, მონასტრები, ციხეები, სასაფლაოები, ნახიდურები, მარნები, საწნახლები...) მეცნიერებისათვის იქცევიან იმ საშენ მასალად, რომელთა გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ ადგილას მიმდინარე კონკრეტული ისტორიული პროცესის წარმოდგენა. ამ თვალსაზრისით, ქსნის ხეობა, საერთოდ, მატერიალური კულტურის ძეგლებით მდიდარ ქართლშიც კი, გამოირჩევა თავისი დიდი სიუხვით. ქსნის ხეობის მრავალრიცხოვანი სიძველენი არა თუ სპეციალისტ-ისტორიკოსებზე, არამედ ჩვეულებრივ მოგზაურებზეც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. ქსნის ხეობიდან ცნობილია წინარე ანტიკური ხანის, ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული საძეგურის უმდიდრესი სამარხი, რომელიც მეცნიერებაში შევიდა "ახალგორის განძის" სახელით. აქედანვეა ადრეფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლები, როგორიცაა წირქოლის, ყანჩაეთისა და არმაზის ეკლესიები.

ყანჩაეთი

XIII საუკუნე წარმოდგენილია ისეთი შესანიშნავი სამონასტრო კომპლექსით, როგორიცაა ხოფა. ხოლო თვით ისეთი ძნელბედობის ხანაში, როგორიც იყო XVIII საუკუნე, იქმნება მნიშვნელოვანი ანსამბლი - ლარგვისი და მრავალრიცხოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობები. ქსნის ხეობაში წარმოიშვა ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური ერთეული ქსნის საერისთაო, რომლის მესვეურებმაც შექმნეს უნიკალური საგვარეულო მატიანე "ძეგლი ერისთავოა". წინაფეოდალურსა და ფეოდალურ ხანაში ქსნის ხეობის დაწინაურების მიზეზი უნდა ვეძიოთ მის სიახლოვეში დარიალ-არაგვის ხეობაზე უძველესი დროიდან გამავალ ცენტრალურ სამიმოსვლო არტერიასთან და მრავალფეროვან ბუნებრივ პირობებში. აქ გვხვდება მაღალი და საშუალო სიმაღლის მთები ალპური და სუბალპური მდელოებით, რაც წარმოადგენდა ინტენსიური მეცხოველეობის განვითარების საფუძველს; ტყის მასივები, ხევისა და წყაროს წყლით მდიდარი, ქარებისაგან მთებით დაცული ხევები, სადაც რელიეფის სიმაღლესთან შეფარდებით ხელსაყრელი პირობებია მემინდვრეობისა და მებაღეობა-მებოსტნეობისათვის მთიდან ბარისკენ გარდამავალი - მთისწინეთის ზოლი და მდინარის ორივე მხარეს გადაჭიმული დანალექებით მდიდარი, ვრცელი დაბლობი, რომელიც გარკვეული სამეურნეო ცოდნისა და ორგანიზაციის პირობებში ქართლის ჯერ მემინდვრეობის, ხოლო შემდეგ მევენახეობის მნიშვნელოვან რაიონად იქცა. ქსნის ხეობის ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვების დროს მიკვლეული იქნა მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი მრავალი არქიტექტურული ძეგლი (იხ.ჯ.გვასალია, ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. წიგნში: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, 1967 წ.). მათი ერთი ნაწილი, კერძოდ, დარბაზული ეკლესიები სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით გახდა ნ.გ.ჩუბინაშვილის სპეციალური ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის საგანი. ეს ეკლესიები ზოგადად VIII - IX საუკუნეების ქრონოლოგიურ ჩარჩოში ექცევა. ისტორიულ ქსნის საერისთავოში მუშაობის დროს ჩვენი ყურადღება მიიქცია აღნიშნული სწორკუთხა საკურთხევლიანი და აგრეთვე დარბაზული აბსიდიანი პატარა ეკლესიებისა და მათთან ერთად არსებული კომპლექსების მეტად თავისებურმა დამახასიათებელმა ტოპოგრაფიამ. ასეთი კომპლექსები გვხვდება ხეობათა წყალგამყოფ ქედებზე, ყველაზე მაღალ საძოვარ ადგილებში: ისინი წარმოადგენენ მეზობელ ხეობათა საერთო სალოცავებს (დადიანეთის სამება, მთაწმინდა, ლევანაანის მთავარანგელოზი, ისროლისხევის სამება, ბიყარის სამება, წითელი ხატი...). ამ ადგილებში სალოცავთა არსებობა განპირობებული იყო საძოვრებისა და სახნავების მფლობელობის პრინციპით (ვინც იდგა სალოცავის სათავეში, პრეტენზიას საძოვარ-სახნავთა ბატონობაზეც აცხადებდა) და სტრატეგიული მოსაზრებით (მწვერვალთაგან გაშლილი თვალსაწიერი უზრუნველყოფდა მომხდური მტრის დროზე შემჩნევას). ამ კომპლექსთა რიცხვში ექცევა ლომისა და ალევის სამება, რომლებიც შუა და გვიანფეოდალურ ხანაში ქსნის ხეობაში თაყვანისცემის ყველაზე დიდ ობიექტად რჩება, მაშინ როცა სხვა ,,წმინდა ადგილები" კნინდება და ლოკალურ მნიშვნელობას ინარჩუნებს.

ლომისას წმ გიორგი//ფოტოს ავტორი მ.ბოხუა

ალევის სამება მდებარეობს ახალგორის (დღევანდელი ლენინგორის) ჩრდილო-აღმოსავლეთით უნაგირა მთის ერთ-ერთ კონუსზე. მთას ადგილობრივი მოსახლეობა ლორწომის კლდეს უწოდებს. ალევის "ოქროსკარიანი" სამება მეტად განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. მის მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთ-არაგვისპირიდან, კახეთიდან. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე პილიასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა კამარული გადახურვა. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. ალევის სამება ნაგებია ქვის ბლოკებით და აქვს სადა ფასადები. მთავარი ეკლესია თარიღდება VIII -  IX სს., ხოლო მცირე ეკლესია - X საუკუნით. ალევის სამებას გარს უვლის ფლეთილი ქვით ნაგები ოვალური ფორმის გალავანი, რომელსაც შიგნითა მხრიდან რამოდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. სამხრეთის მხარეს მიშენებულია გრძელი ვიწრო შენობა. იგი ორსართულიანი  უნდა ყოფილიყო. ქვედა სართული მიწაშია, ზედა სართულის კარი კი მიწის ზედაპირის დონეზე. შენობას კედლებზე ეტყობა სართულებს შორის გადახურვის ძეგლების ფოსოების კვალი. ქვედა სართულს ჰქონია მიწისქვეშა შესასვლელი, რომელიც მწყემსების თქმით ეკლესიაში შედიოდა. შენობა, შესაძლოა, სატრაპეზოს წარმოადგენდა. გალავანს გარეთ ირგვლივ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთეხია. ალევის სამების კომპლექსი მონასტრის შთაბეჭდილებას სტოვებს. ლორწომის უნაგირა მთის მეორე კონუსზე საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაშთებია შემორჩენილი. ლორწომა||ლორწობა-ში დაცული უნდა იყოს „მატიანე ქართლისას" მიერ X საუკუნის დასაწყისისათვის მოხსენებული "ლოწობნის" ციხის სახელი. გიულდენშტედტისა და კლაპროტის მონაცემები გვეხმარებიან „ლოწობან"||"ლორწობანის" ალევის უნაგირაზე ლოკალიზაციაში. რაც შეეხება ფონეტიკურ მხარეს, "ლორწობანში" რ გვიანდელი გაჩენილი ჩანს, ხოლო ხალხში შემორჩენილი სახელი ლორწომა||ლოორწობა მიღებულია დაბოლოების შეკვეცით, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ხალხურ მეტყველებაში. შემოგვრჩა "ნასტაკი“ ნაცვლად "ნასტაკისისა" და "ძეგნაკორა" ნაცვლად "ძეგნაკორანისა". ლორწომის ქარაფოვანი კლდე, რომელზეც აუგიათ სიმაგრე, საკმაოდ ძნელი მისადგომია და უჭირავს გაბატონებული მდგომარეობა ქსნის შუა წელის მარცხენა ნაპირზე; აქედან ხელისგულივით მოჩანს შიდა ქართლი და არაგვის გაღმა  მხარე. ლორწობნის ძირზე უნდა გაევლო კახეთ-არაგვიდან ქსნის შუა წელისაკენ მიმავალ გზას. ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა აქ ციხის არსებობა. ციხის კედლები ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ისინი ბუნებრივი სიმაგრის დანამატებს წარმოადგენენ. კედლები უკეთაა დაცული კლდის ჩრდილოეთ მხარეს. შეიმჩნევა კედლის ორგვარი წყობა, რაც შესაძლოა სხვადასხვა პერიოდისა იყოს. მოსახლეობის გადმოცემით ციხეში ლეკები მდგარან და შიგ ტყვედ წაყვანილებს მალავდნენ.

ჩანს, ლეკიანობის დროს ლოწობანი ქართლში ლეკთა თარეშის დასაყრდენი იყო. ალევის ტაძრის სახელგანთქმულობა, მდიდარ სახნავ-საძოვართა მფლობელობასთან ერთად. გასაგები ხდება ლოწობნის ციხესთან კავშირში და ამ ადგილის   დიდ სგრატეგიულ მნიშვნელობაში. ლოწობნის დაუფლება იმ პერიოდში ნიშნავდა ქსანზე და, საერთოდ, ქსან-არაგვს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე ბატონობას. X ს-ში კვირიკე კახთა მეფესა და გიორგი აფხაზთა მეფეს შორის ბრძოლის დროს გიორგი ეუფლება კახეთის ყველა სიმაგრეს, გარდა ნახჭევნის, ბოჭორმისა და ლოწობნის ციხისა (ქართლის ცხოვრება, I გვ.268). ლოწობნის წინააღმდეგ აგებენ შურის ციხეს. ქართლელ და კახელ აზნაურთა ხელშეწყობით კახთა მეფე კვლავ ეუფლება ლოწობანსა და შურის ციხეს და ორივეს ანგრევს, როგორც აფხაზთა მეფის ქართლში ბატონობის დასაყრდენს (იქვე, გვ.269). სოფელ ტონჩას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ლოწობნის ციხიდან სამხრეთ - აღმოსავლეთით 1,5-2 კმ-ზე ტყიანი გორაკია, რომელსაც "თელადგორს" ეძახიან. მის თხემზე ტყეში შემორჩენილია ადრეფეოდალური ხანის ზურგიანი კოშკის ნანგრევები და ტყით დაფარული სხვა ნაგებობათა ფრაგმენტები. შესაძლოა, რომ მატიანე სწორედ ამ ადგილას გულისხმობს ლოწობნის შურის ციხეს. ქსნის ხეობის ზედა წელის ძეგლთაგან გამოირჩევა ქარჩოხის ციხე. ვახუშტი წერს; "..ციხე ქარჩოხისა, კსნის პირსა ზედა, ლომისიდამ ჩამოსულს კლდესა ზედა. უდის სამხრით კსანი და აღმოსავლით კევი, ლომისის მთის გამომდინარე, და აღვალს აქედამ გზა ლომისის ეკლესიისა თანა და შთავალს მთიულეთს" (აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ.65).

ცხავათის ფრესკების ფრაგმენტი

სწორედ მთიულეთიდან ლომის-ოხირის ქედზე გადმომავალმა გზებმა განაპირობა ძლიერი ციხის შექმნის აუცილებლობა ოხირის ხევისა და ქსნის ხერთვისში. ქარჩოხის ციხის ჩრდილოეთით ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის თხემზე ქსან-არაგვ-მთიულეთში განთქმული სალოცავი ლომისაა. "...მთის თხემსა ზედა, არს ეკლესია წმიდის გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდა მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო უჭვრეტს სამკრით კსანსა, ჩრდილოთ მთიულეთს" (იქვე). ლომისის თხემიდან ხელისგულივით მოჩანს ქარჩოხის, თეთრი არაგვის ხეობები და დიდვაკე-ჯვართა ყელი - ქადა. ლომისის ქედზე უძველესი დროიდან გადადიოდა შიდა ქართლის დასავლეთი ნაწილის მთიულეთ-ხევთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. ამას მოწმობენ ქართული საისტორიო წყაროები და უცხოელი მოგზაურების ცნობები. ლომის-ოხირის თხემი ყველაზე უფრო მოხერხებული ადგილია ქსნისა და არაგვის ხეობათა ურთიერთობისათვის. ამასთან ერთად მდიდარ სათიბ-საძოვართა არსებობამ განაპირობა ამ ადგილის დაწინაურება და პირველობა ქსან-არაგვის წყალგამყოფზე, ხოლო აქ მოთავსებული ტაძარი კი მთიულეთისა და ქსნის ხეობის უდიდეს სალოცავად აქცია. იგი მთვარის სალოცავი უნდა ყოფილიყო, რომელიც ქრისტიანული ტაძრის აშენების შემდეგ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიად იქცა. უძველესი დროიდან მომდინარეობს სახელწოდება ლომისა, რომელსაც მოსახლეობა ლომა-ხარს უკავშირებს. დღემდე დაცული სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესია, ტრომპებზე დაყრდნობილი  კონქით, VIII-IX სს. ჩანს აგებული, რომელსაც გადაკეთება განუცდია. ეკლესიის სამხრეთით, ქსნის ხეობისაკენ სამი მაღალი სვეტია, რომლებსაც წინა მხრიდან უფრო დაბალი სვეტები აქვს მიშენებული. ეს სამრეკლოს ნაშთები უნდა იყოს. მის წინ მიწაში ქვევრებია ჩაყრილი. ლომისას თხემზე რამდენიმე სათავსოს ნანგრევია, მაგრამ იგი ისეთი სახითაა შემორჩენილი და სარეველა ბარდებით ისეა დაფარული, რომ ჭირს რაიმე გარკვეულის დადგენა. ყოველ შემთხვევაში, აქ იგრძნობა ძლიერი ცხოვრების კვალი. ეკლესიის დასავლეთით  მოთავსებული ერთი მცირე სათავსო თაღითაა გადახურული. ჩრდილოეთის კედლის შელესილობაზე ხუცური წარწერაა, რომელიც აღდგენილი სახით შემდეგნაირად იკითხება; "სახელითა ღვთისაითა ესე მარანი აღვაშენე სუნტის ძემ მახარობელმან..." ნაგებობის იატაკი ქვის ფილებით იყო მოფენილი და ქვევრები ვერ შევნიშნეთ. საერთოდ, მარანი მთიულეთსა და ხევში ეწოდება ყოველგვარი სანოვაგის  შესანახ საკუჭნაოს. ხუცური წარწერებია ამოჭრილი ლომისას ეკლესიის კარზე, რომელიც რკინითაა შეჭედილი. პირველი წარწერა, ქარაგმების გახსნით, ასე იკითხება; "ქ.სახელითა ღმრთისაითა ესე კარი ლომისა მთავარ მოწამისა შევაჭედინე მე მახარობელმან და მისთა შვილთა ჩუენ სუნტის ძემან. სამი თასი, ერთი ქობი შევწირე რომე გიორგობას და ლომისობასა ვინც დაგვივიწყნეს რისხავსმცა წმიდა გიორგი ლომის მთავარ მოწამერ. მეორე წარწერა: "ქ.სახელითა ღმრთისაითა მჭედელნი კიშური (კაიშაური?) ლაზარე და ბუთხუზი გიორგი ხელთა ფასი არა აიღეს. სულსა მათსა შეუნდვენ ღმერთმან. ნასღაისძემან ვეფხიამ მოგორთო პური კეთილი, ზორა და რკინა. სულსა მათსა შეუნდვენ ღმერთმან. ამინრ ლომისას სამივე წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებითა და მათში მოხსენებულ პიროვნებათა მიხედვით XVI საუკუნით თარიღდება (ჯ.გვასალია, დასახ. ნაშრ., გვ.32). ქსან-არაგვის ეკონომიური და რელიგიური ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლომისასთან. ეს ადგილი იყო ამ ხეობათა მოსახლეობის ყველაზე მჭიდრო შეხების ადგილი. აქ წყდებოდა მათი ურთიერთ დამოკიდებულებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. გვიანფეოდალურ ხანაში უპირატესად მტრული დამოკიდებულებაა ქსნისა და არაგვის ხეობებს შორის, რის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქსნის ერისთავის ცდა - მტკიცედ მოიკიდოს ფეხი თრუსო-ხევ-მთიულეთში. დავის გადაწყვეტის ადგილი ლომისას თხემია. რომელიც "ძეგლი ერისთავთას" მიხედვით იქცევა ბრძოლების ასპარეზად. სამწუხაროდ, ქსნის ხეობის ძეგლთა უმრავლესობას არ ექცევა სათანადო ყურადღება. მათი დიდი ნაწილი დაუცველია და დაღუპვის პირასაა მიმდგარი. თუ სასწრაფოდ არ ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, უკვალოდ გაქრება  ჩვენი ისტორიის მოწმე ეს უნიკალური ძეგლები.

ლომისა // ფოტოს ავტორი მ.ბოხუა