topmenu

 

ოთხთვლიანი საომარი ეტლი ძველ საქართველოში - კ.მელითაური
There are no translations available.

< უკან დაბრუნება <<<ექსპონატები>>>

კონასტანტინე მელითაური (არქიტექტურის კანდიდატი) - ოთხთვლიანი საომარი  ეტლი ძველ საქართველოში // ძეგლის მეგობარი 1970, კრ.21, გვ. 8 -10

1968 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გ. გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით, თეთრიწყაროს მახლობლად აღმართულ ბედენის ზეგანზე, დიდი ყორღანი - "გადაჭრილი გორა" შეისწავლა. ეს ყორღანი შესანიშნავი აღმოჩნდა; ლითონის, კერამიკისა და ხის ინვენტარით, აგრეთვე ყოფის, სოფლის მეურნეობის, ხითხუროობისა და სამხედრო საქმის ამსახველი ძეირფასი მასალით, რომელთა შესახებ ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჩვენი კრებულის მე-12 ნომერში ვრცელი წერილი მოათავსა და ძეგლი ძ. წ. III ათასწლეულის მიწურულითა და მომდევნო დასაწყისი საუკუნეებით დაათარიღა. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყორღანში აღმოჩენილ ეტლის ნაშთებსაც, რომელთაც მომდევნო წელს, გ. გობეჯიშვილის მიერვე გათხრილი, მახლობლად მდებარე მცირე ყორღანის ეტლისავე სხვა ნაწილებიც დაერთო. ამ ორ ყორღანში აღმოჩენილი ეტლის დეტალების წყალობით შესაძლებელი გახდა მთელი ოთხთვლიანი საბრძოლო ეტლის საკმაოდ მიახლოვებითი აღდგენა. ეტლის ძარას სიგრძე (290 სმ) - განსაზღვრა დიდი ყორღნის სვეტებს შუა მანძილმა, სადაც ეტლი თავისი ბორბლებით იყო ჩადგმული (იხ. სურ.). უკანა ღერძის (3) უბეების (14) ახლოს, ამოჭრილმა წკირის ბუდეებმა (18) განსაზღვრეს ძარას გვერდის ფიცრების (6) მდებარეობა და სიგანე, აგრეთვე ძარას ხისტი კონსტრუქციაც. გვერდის ფიცრის უკანა ღერძზე წყვილი წკირით (17) დამაგრება, ხოლო წინა მხარეს ბალიშთან (8) თუნდაც - თითო წკირით (17), იქმნებოდა ძარას ხისტი ჩარჩო. გვერდით ფიცრებს შორის თავისუფალი სივრცის ერთი განიერი ფიცრით, ან სოგმანებით შეერთებული ორი ფიცრით დახშვის წყალობით კეთდებოდა ძარას ძირი (10). უკანა ღერძის დაახლოვებით შუაზე მოთავსებულ 15X2 სმ მონაკვეთში ჭდობით მაგრდებოდა ქვედა შემკრავი (7), რომელიც მოხრილი უნდა ყოფილიყო. წინა ღერძს (5), ბალიშისა (8) და ქვედა შემკრავის (7) შორის მოთავსების შემდეგ, ეყრებოდა ტაბიკი (9), რომლის ირგვლივ ღერძი მოძრაობდა. ტაბიკი (9) ჭანჭიკის მოყვანილობისა უნდა ყოფილიყო და თავი ქვემოდან ჰქონოდა, ბოლო კი გაჭედილი - ბალიშსა და ძარას ფიცარში. წინა ღერძი რამდენადმე უფრო განიერი და მაღალია, რაც საჭირო უნდა ყოფილიყო რვილის (2) თითების გასამაგრებლად და ღვედების ჩასაბმელ ნახვრეტების (19) გასამართავად. თვლები (1) მუხისა იყო, მასიური, სამი ნაწილისგან შემდგარი, რომელნიც სოგმანებით მაგრდებოდნენ. თვალის აწყობის შემდეგ სოგმანები „მერცხლის კუდის" მოყვანილობის პირონებს ჰქმნიდნენ. ღერძის ბოლოზე(13) მორგვის(15) წამოცმის შემდეგ თვალი რიკით (15) მაგრდებოდა. აღმოჩენილ  უკანა გარდიგარდმო ხეს (4) ბოლო ახრილი აქვს, რითაც განისაზღვრა ძარას გვერდების ოდნავი გადახრა და შესაძლებლობა მოგვცა ქართული ეთნოგრაფიული მასალის გათვალისწინებით მთელი ძარას აღდგენა. ძარას სიმაღლე დაახლოებით 130 სმ უნდა ყოფილიყო, გვერდები კი ლასტისა უნდა ჰქონოდა (ნახაზზე თვალსაჩინოებისათვის ლასტები არაა ნაჩვენები). ლასტები ჩონჩხს თასმებით უმაგრდებოდნენ, რომელნიც დრომ გახრწნა და ლასტების ჩაცვენა გამოიწვია. შემდგომი ნგრევის დროს ერთი თვალი შიგნით გადაწვა და ლასტის ნაწილი დაიტანა, რის გამო თვლის ქვეშ მოქცეულმა წნელებმა ჩვენამდე მოაღწიეს. ეტლის სივიწროვე (80 სმ) და დიდი სიმაღლე (თვლის სიდიდე -160 სმ დიამეტრი გამძლეობას ასუსტებდა და ამცირებდა ტვირთის წონას) სამეურნეო საქმიანობისათვის მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო, საომარ მოქმედებებში კი მოსახერხებელი. საგულისხმოა, რომ ძარას წინა ნაწილთან სვეტზე მიყრდნობილი იყო ჭაბუკის ჩონჩხი და მასთანვე ფარი, რომელიც ოთხკუთხედს წარმოადგენდა ქვედა წაწვეტებული ნაწილით (45X65 სმ.). ყოველივე ამის მიხედვით ოთხთვალა საომარ ეტლს მართავდა ერთი მეეტლე და ემსახურებოდა, წათებით და ეგებ მშვილდ-ისრითაც შეიარაღებული ერთი მეომარი, სწორედ ისე, როგორც ეს არის ასახული ძ. წ. IV ათასწლეულის მიწურულის ურის შგანდარტზე. ამ ყორღნების შესწავლით იმ დასკვნამდეც მივდივართ, რომ დიდი ყორღნის აგების დროს ეტლს ჯერ კიდევ ცხოვრებაშიაც იყენებდნენ, რასაც დეტალების ხასიათი ადასტურებს, მცირე ყორღანში კი დეტალები უმუშევარია და ისეა დალაგებული, რომ მინიმალური ადგილი დაეჭირათ სამარხში. უფრო გვიანი ხანის ყორღნებში მოთავსებულ ოთხთვლიან ეკიპაჟების დეტალებს, აქ მოყვანილთან არაფერი აღარა აქვთ საერთო, თვალიც კი - 120 სმ-დეა შემცირებული, ხოლო მათი დეტალები კონსტრუქციული ხასიათით ურმის ნაწილების მსგავსებია. ე. ი. როცა ეტლი ახლად გამოვიდა ხმარებიდან, დაკრძალვის რიტუალისათვის მისი დეტალების დამზადებას მიჰყვეს ხელი, რათა მარტო სიმბოლურად აღენიშნათ ძველი წესი. უფრო გვიან საომარი ეტლის კონსტრუქცია დავიწყებას მიეცა და ეტლის სამარხში აღნიშვნა, მათთვის ცნობილი ორთვლიანი ურმის დეტალებითღა იყო შესაძლებელი.

ხის „მიცვალბულის სახლი“, ბედენის დიდი ყორღანი, სადაც აღმოაჩინეს ეს ეტლი