topmenu

 

ნოქალაქევი
There are no translations available.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ნოქალაქევი - ციხეგოჯი - არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონპერემ (“F. Dიობუა დე Mონპერეოუხ”) გამოთქვა. ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს. ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდება, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I ს.ს.) ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ასევე გამოვლენილია ამ პერიოდის მდიდარი კერამიკული მასალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამფორები. XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი (“ქუჯის ციხე”). ახ. წ. IVს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. V და VI ს.ს-ში ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. 3 კმ-ის სიგრძის გალავნებით გარშემოტყმული ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ქალაქის გალავნის სამხრეთი ნაწილი მიემართებოდა მდინარის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთით და მიჰყვებოდა ფერდობს. ციტადელის ჩრდილოეთ კედელი კი მთის მწვერვალის გასწვრივ იყო აშენებული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა. ნოქალაქევის დედაქალაქობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორები – იუსტინიანეს “ნოველა”, პროკოფი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებიც პირველად მოიხსენიებენ ამ ქალაქს, სახელით “არქეოპოლისი” ანუ “ძველი ქალაქი.” VI საუკუნის ირან-ბიზანტიის ომის აღწერისას ეს ავტორები არქეოპოლისს იხსენიებენ როგორც “უდიდეს და ძველ”-ს “მთავარ და უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში.” რაც თავისთავად არქეოპოლისის დედაქალაქობას გულისხმობს. ამ ავტორებთან დაცული ინფორმაციის თანახმად არქეოპოლისი (ნოქალაქევი) ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისის სამეფოში. მისი აღება ვერ შესძლო ირანელთა სარდალმა მერმეროემ, რომელიც რამდენიმე ათასი მეომრით, სპილოებით და კრიო-მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას. ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ. XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა (“მურვან ყრუმ”) მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და “ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა.” აღსანიშნავია, რომ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას. XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევში იყო ციხე და დადიანების სასახლე, ამას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ნაპოვნია XVI-XVIII ს.ს-ის მცირე ზომის სასახლე და ასევე გამოვლენილია ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.

წყარო: nokalakevi.ge/geo/home/index.html

 

 

 

*************************************************************************

ანდრია აფაქიძე - ძველი ქალაქი არქეოპოლისი ნოქალაქევი // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., თბ., კრ. 19, გვ. 10-15

ქართულ და უცხოურ საისტორიო მწერლობაში შემონახულ ცნობათა მიხედვით ნოქალაქევი უძველეს დროიდანვე მნიშვნელოვანი და ცნობილი ცენტრი ჩანს; თანაც ისე დაწინაურებული, რომ იქ უკვე ამ ორიათას ორას - ორიათას სამასი წლის წინ ქალაქი და ციხე - სიმაგრე იგულისხმება. „მეფეთა ცხოვრების" ავტორი XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი - ამ უძველესი ქართული ციხე-ქალაქის მშენებლობას მიაწერს ქართველთა პირველი ქართლოსიანი მეფის -  ფარნავაზის ხანას... << ტექსტი სრულად აქ ...<<