topmenu

 

ძველი ქალაქი არქეოპოლისი ნოქალაქევი-ა.აფაქიძე

< უკან დაბრუნება . <<დაბრუნება მთავარ გვერდზე <<<საქართველოს -ციხე - ქალაქები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ანდრია აფაქიძე (საქართველოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი) - ძველი ქალაქი არქეოპოლისი ნოქალაქევი // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., თბ., კრ. 19, გვ. 10-15

ქართულ და უცხოურ საისტორიო მწერლობაში შემონახულ ცნობათა მიხედვით ნოქალაქევი უძველეს დროიდანვე მნიშვნელოვანი და ცნობილი ცენტრი ჩანს; თანაც ისე დაწინაურებული, რომ იქ უკვე ამ ორიათას ორას - ორიათას სამასი წლის წინ ქალაქი და ციხე-სიმაგრე იგულისხმება. „მეფეთა ცხოვრების" ავტორი XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი - ამ უძველესი ქართული ციხე-ქალაქის მშენებლობას მიაწერს ქართველთა პირველი ქართლოსიანი მეფის ფარნავაზის ხანას. (ძვ.წ. III საუკუნის I ნახევარი). სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ცნობით ეგრისისა და სვანეთის ერისთავად ფარნავაზის მიერ დამტკიცებულმა ქუჯიმ -  ფარნავაზ მეფის სიძემ ,,აღაშენა ციხე-გოჯი". ამრიგად, ციხე-გოჯი ანუ ქუჯის ციხე (ქუჯის ციხე-ქალაქი) ქართულ საისტორიო წყაროთა ცნობით ადრეელინისტური ხანის ქართულ ქალაქთა შორის იგულისხმება. ეროვნული საისტორიო ტრადიციის ასეთ მითითებას მხარს უჭერს ბერძნული (საკუთრივ ბიზანტიური) საისტორიო მწერლობაც. ასე მაგალითად, ნოქალაქევის ძველ, ბერძნულ სახელწოდებას ("არხაიაპოლის“) გადმოგვცემს ორი ისტორიკოსი - პროკოპი კესარიელი და აგათია. ბერძნული ციხე-გოჯის სახელი ორი სიტყვისაგან შედგება; "არხაია" - "არქაია“ ნიშნავს ძველს, ხოლო "პოლის" - ქალაქს ან ციხე-ქალაქსაც. ე.ი. ნოქალაქევის უძველეს სახელად "ძველი ქალაქი" უნდა ვივარაუდოთ და "არქეოპოლისი“ („არხაიაპოლის“) ამ ქალაქის ადგილობრივი, ქართული სახელის ბერძნულ ენაზე ნათარგმნად უნდა მივიჩნიოთ. ბერძნები ჩვეულებრივ ასე იქცეოდნენ; გამოიკითხავდნენ ადგილობრივ სახელს, გაიგებდნენ მის მნიშვნელობას და თარგმნიდნენ ბერძნულად. ამ გზით ბერძნებმა ქართული ციხე-ქალაქი „ვარდ-ციხე-„როდოპოლისად" აქციეს ("როდოს" - ბერძნულად ვარდსა - ჰქვია, ხოლო პოლის - ციხეს, ქალაქს), ცხენისწყალი - ჰოპოს-ად ("ჰიპოს - ცხენი) და ა.შ. როგორც ვხედავთ, მსგავსი ბედი ეწია ჩვენს „ძველ ქალაქსაც", იგი "არქეოპოლისად" მონათლეს. ბერძნული საისტორიო წყაროები ამ საინტერესო სახელწოდების შემონახვასთან ერთად ქალაქის სიძველესაც მიუთითებენ. პროკოპი კესარიელის ცნობით, ლაზთა სოფლები ხომ აქ ყველა მდებარეობს მდინარის აქითა ნაპირას და ქალაქებიც მათ ძველითგანვე აქ უშენებიათ; მათ შორის არის არქეოპოლისი, ძალიან გამაგრებული, სევასტოპოლიც არის აქ და პიტიუნტის სიმაგრეც, ხოლო სკანდა და სარაპანი - იბერიის საზღვრებისაკენ“. ახლამოტანილ ცნობაში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არქეოპოლისი ადგილობრივ მცხოვრებთაგან ძველითგანვე აშენებულ ქალაქად მიაჩნდა პროკოპი კესარიელს. სპარსელთა მხედართმთავრის მერმეროეს ლაშქრობის აღწერისას პროკოპი კესარიელი მოგვითხრობს: მერმეროემ მდ.რიონი გადალახა და "წაიყვანა ჯარი ერთი ქალაქის, არქეოპოლისის წინააღმდეგ, რომელიც არის მთავარი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანაშიო“. იუსტინიანეს ნოველებშიაც თითქმის იგივეა ნათქვამი: "არქეოპოლისი და როდოპოლისი, უდიდესი და ძველი სიმაგრეებიაო." არქეოპოლისის სიძველის შესახებ საუბრისას ყურადღებას იქცევს ძვ.წ. VI ს. ბოლო წლების ბერძენი მოგზაურის სკილაქს კარიანდელის მიერ ნახსენები "დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც მედეა იყო". შესაძლებლად მიიჩნევენ სკილაქსის "დიდი ბარბაროსული ქალაქი" ნოქალაქევად  (არქეოპოლისად) ჩათვალონ." (შდრ. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. I, თბ., 1967, გვ.23,36). თუ ამ თვალსაზრისს ანგარიშს გავუწევთ, ნოქალაქევი -არქეოპოლისი ერთ - ერთ ყველაზე უძველეს ქალაქად უნდა მივიჩნიოთ, საქართველოში მაინც. როგორც ვხედავთ, "ძველი ქალაქი" ბიზანტიელ ისტორიკოსთა ყურადღებას იქცევდა პირველყოვლისა იმის გამო, რომ ის ლაზიკის სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა - "კოლხეთის ანუ ლაზიკის პირველ და უდიდეს ქალაქად, მაშასადამე, დედაქალაქად "ძველი ქალაქი" (არხაიაპოლისი, ნოქალაქევი) იყო ცნობილი - აღნიშნავდა ივ. ჯავახიშვილი. პროკოპი კესარიელი და აგათია საიმედო საისტორიო წყაროებით რომ სარგებლობდნენ, ეს ეჭვს არ იწვევს. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ქართული საისტორიო წყაროების თანახმად ძვ.წ. III საუკუნის I ნახევარში ქუჯი ერისთავის მიერ აშენებული ციხე - ქალაქი  ახ.წ. VI  საუკუნეში, ე. ი. აშენებიდან თითქმის 1000 წლის შემდეგ, ბიზანტიელ ისტორიკოსებს "ძველი ქალაქის" სახელწოდებით მოუხსენებიათ -სწორედ "ძველი ქალაქისა" და არა "ნაქალაქევის", რადგან არქეოპოლისი პროკოპი კესარიელის დროს ქალაქი ყოფილა, თანაც მთავარი და უდიდესი ქალაქი და არა ნაქალაქევი - ნაქალაქარი. „ნოქალაქევი" უფრო გვიან შერქმეული სახელი ჩანს. ის არ არის "არქეოპოლისის" თანადროული. ნათქვამის გასამაგრებლად საკმაო იქნება შევიხსენოთ მურვან ყრუს ლაშქრობის ეპიზოდი. შემთხვევითი როდი იყო, რომ მერვე საუკუნის პირველ ნახევარში, ჯუანშერის ცნობის თანახმად, მურვან ყრუმ ეგრისის ქვეყნის ყველა ქალაქსა და სიმაგრესთან ერთად გაანადგურა არქეოპოლისიც: "ციხე იგი სამ - ზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი" "შემუსრნა“. როგორ ჩანს, "ციხე გოჯი", "ძველი ქალაქი" (არქეოპოლისი) "ნოქალაქევი" - ეს ერთ-ერთი უძველესი ქართული ქალაქი ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის მოწმე და მონაწილე ყოფილა. მას დიდხანს არ დაუკარგავს პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დედაქალაქის ქუთაისში გადატანის შემდეგაც. ქართულ და ბიზანტიურ საისტორიო წყაროთა ცნობებს მხარს უჭერს არქეოლოგიური კვლევის შედეგებიც. 1930-1931 წლებში ნოქალაქევის გათხრისას გამოვლინდა არა მარტო ბიზანტიური ხანისა და მერმინდელი, არამედ გვიანანტიკური და რომაული ხანის ნაგებობათა ნაშთებიც. ამასთანავე, თავი იჩინა შინ სახმარმა თიხის ჭურჭელმა და ცხადი გახდა, რომ შედარებით უკეთ შემონახულ ბიზანტიური ხანის ციხე-ქალაქის ადგილას უძველესი საცხოვრისი არსებულა. ასევე საყურადღებოა 23 გვიანანტიკური ოქროს ფული (რომაული სოლიდი), აღმოჩენილი ერთ - ერთი კოშკის თხრისას. ძალიან საყურადღებო არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა ნოქალაქევში 1966 წელს საძიებო არქეოლოგიური კვლევისას: ერთ - ერთ სასინჯ თხრილში არქეოლოგმა გურამ გრიგოლიამ ქუჯი ერისთავის ხანის კულტურული ფენა შენიშნა და მცირე აზიურ ქალაქ სინოპეს მიდამოებიდან მოტანილი თიხის ორყურას (ამფორის) ნატეხები აღმოაჩინა. ე.წ. ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალის აღმოჩენა ნოქალაქევში იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ეხმაურება ლეონტი მროველის ცნობას ქუჯი ერისთავის სამშენებლო მოღვაწეობის შესახებ, ე.ი. ქუჯის დროინდელ ვითარების წარმოდგენაში გვეხმარება. აღმოჩენილი მასალა ქალაქისა თუ საცხოვრისის სიძველის მაჩვენებელიცაა და ქართულ საისტორიო წყაროთა ცნობების სისწორის მომასწავებელიც. ქუჯის ციხიდან ქალაქ ფაზისისკენ მიმავალი ზოლი, როგორც ბოლო წლების არქეოლოგიური ძიებანი გვიჩვენებენ, უძველეს დროიდანვე ყოფილა გამოყენებული ადამიანის საცხოვრისად. ამას ამტკიცებს სოფ. კოტიანეთში, შხეფში, მენჯში და სხვ. აღმოჩენილი ქვედაპალეოლითური (სახელდობრ მუსტიეური) სადგომები, ზედაპალეოლითური ძეგლები და ახალი ქვის ხანის ადამიანთა ნახელავიც კი. მკვლევართა ყურადღებას დიდი ხანია ნოქლაქევის საკულტო ძეგლებიც იქცევენ. პროკოპი კესარიელი არქეოპოლისის ეკლესიის განახლებას იუსტინიანე მეფეს მიაწერს. იგი აღნიშნავს, რომ ეკლესია ძველი და დაზიანებული იყოო, ამ შემთხკევაშიაც იუსტინიანემდელი ძეგლი ეკლესიის არსებობაა ხაზგასმული. გ.ჩუბინაშვილის გამოკვლევით ნოქალაქევის „ორმოცი მოწამის" ეკლესია აშენებულია V საუკუნეში. შესაძლოა, სწორედ ეს ეკლესია დაუზიანებიათ სპარსელებს და განუახლებიათ ბიზანტიელებს, როგორც ამას პროფ. ს.ყაუხჩიშვილი ვარაუდობს; თუმცა აქ უფრო ადრინდელი საკულტო ძეგლიც უნდა არსებულიყო - ქუჯისდროინდელი მაინც. ნოქალაქევის ეკლესია შემდეგშიაც არა ერთხელ დაზიანებულა. უკანასკნელად 1963 წელს დაიწყო ამ ეკლესიის შეკეთება საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრომ. საკონსერვაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. უძველესი ქართული ციხე-ქალაქის - არქეოპოლისის დიდებული ნანგრევები; ზღუდეები, ჯიხა-კოშკები გვირაბი მდ. ტეხურისკენ და გრანდიოზული გალავნები "სამზღუდე ციხექალაქისა" კვლავაც იზიდავენ მნახველებს, ელიან არქეოლოგთა ნიჩაბსა და წერაქვს. ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა პრაქტიკულად დგას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სათანადო დაწესებულებათა  დღის წესრიგში. ახალმა ხიდმა მდ. ტეხურაზე ციხე-ქალაქს შარაგზა ააცილა. ციხე-ქალაქის  ტერიტორიიდან ადრე აშენებული ფარდულიც გაიტანეს. წელს ეკლესიის შეკეთება დასრულდება. კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმმა დააყენა საკითხი ციხე-ქალაქის ტერიტორიის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. ახლა ციხე - ქალაქის შიგნით გამართულ სასაფლაოს სასწრაფოდ გადატანა უნდა განხორციელდეს და უკვე მომავალ წელს ნოქალაქევი არქეოლოგიური კვლევის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი იქნება საქართველოში. ნოქალაქევი ამას ნამდვილად იმსახურებს.