topmenu

 

მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს - თ.საყვარელიძე

<<<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ეკლესია მონასტრები>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თეიმურაზ საყვარელიძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) - მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს // ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18., გვ. 38 -43

უკვე დიდი ხანია ჩვენში ფართო მუშაობაა გაჩაღებული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ხაზით. არა ერთ ძეგლს უკვე დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, ბევრიც აღდგენა-გამაგრების პროცესშია.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მაგრამ, ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია საქართველოს მთასა თუ ბარში ძეგლი, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორის მაშველ ხელს ელოდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. ამჟამად ჩვენ მხოლოდ ბოლნისის რაიონის ძეგლებზე შევჩერდებით. უძველესი დროიდან დასახლებული და ისტორიული ნაშთებით უაღრესად მდიდარი ეს მხარე კარგა ხანია სპეციალისტების კვლევის საგნად იქცა. დღეს ჩვენ ხელთა გვაქვს მონოგრაფიები, სტატიები, ანგარიშები, რომლებიც ამ კუთხის ისტორიული, ისტორიულ - გეოგრაფიული თუ ხელოვნებათმცოდნეობიოი საკითხებისადმია მიძღვნილი. რა თქმა უნდა, ზოგი რამ გაკეთდა ძეგლთა დაცვისა და აღდგენა-გამაგრების მხრივაც. მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, მოსავლელი, საპატრონო; შეიძლება თამამად ითქვას, ბოლნისის მთელ რაიონში დღეს არ მოიძებნება არცერთი ძეგლი, რომელსაც რაღაც დიდი  გასაჭირი არა ჰქონდეს. ბოლნისის სიონშიც კი ვერაა ყველაფერი რიგზე. სულ რამდენიმე წლის წინ თითქოს დაამთავრეს აქ დაცვით - გამაგრებითი სამუშაოები, მაგრამ როგორც გამოირკვა, ძეგლზე ბევრი რამ ისევ მოსაგვარებელია. მართალია, ბოლნისში უკვე შეუდგნენ საქმეს, როგორც იქნა, დაიწყეს სარესტავრაციო სამუშაოები წუღრუღაშენშიც. მაგრამ ეს არის და ეს. ყველა სხვა ძეგლი ბოლნისის რაიონში უყურადღებოდ არის მიტოვებული. ბევრი მათ შორის კი (V –VI საუკუნეებიდან მოყოლებული, ვიდრე XVIII საუკუნემდე ჩათვლით) ქართული მატერიალური კულტურის შესანიშნავი ნიმუშია. აი ზოგიერთი მათგანი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

აკვანება - VI საუკუნის დარბაზული ეკლესია: ბოლნის - დმანისის მთავარ მაგისტრალზე, ხელმარჯვნივ, კარგად ჩანს გზიდანაც. შენობას აღარც სახურავი აქვს, აღარც კამარა; სამხრეთის ეკვდერი - ერთიანად მორღვეული, მხოლოდ აღმოსავლეთ აფსიდია შერჩენილი, ისიც კონქის გარეშე; ეკლესიის სამხრეთ ფასადი თითქმის მთლად შემოძარცულია - საპირე ქვები აღარაა ადგილზე; დასავლეთ ფასადს მხოლოდ შვიდი ქვა შერჩა, ბევრი ქვა აკლია აღმოსავლეთ ფასადსაც. შედარებით უკეთაა დაცული ჩრდილოეთის ფასადი. ასე გამოიყურებოდა არსებითად ძეგლი ამ 20- 25 წლის წინათაც, მაგრამ საგანგაშო ისაა, რაც წვიმას, თოვლსა და ქარს გადაურჩა, კაცის ხელს თავი ვერ დააღწია. შენობის შიგნით, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები, მათი ქვედა მონაკვეთები (ე.ი. ის ნაწილი, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იყო, გამოშიგნულია - საპირე ქვები გამოღებულია და გატანილია, ძირს არცერთი ქვა არ გდია. 40-იანი წლების ფოტოებისა და ანაზომების მიხედვით კი ძეგლის   ინტერიერი ამ მხრივ თითქმის უნაკლო ჩანს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

კიანეთი - პატარა ერთნავიანი ეკლესია, აკვანებიდან არც თუ ისე შორს, იმავე ტრასაზე, გზის პირას მდებარეობს. ძეგლი გადახურვის გარეშე დგას. დასავლეთ კედლის მეტი წილი მონგრეულია, აფსიდში ხეა ამოზრდილი. დასავლეთ კედლის ნაშთსაც მოზრდილი ხე აზიანებს. აქაც, კიანეთშიც, ზოგი ქვა, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ თავის ადგილზე იყო. დღეს აღარაა. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, სამი ქვა აკლია. მარჯვნივ, იქვე, იმავე  რიგის კიდევ ერთი ქვაა დაკარგული. გამქრალია აგრეთვე სამხრეთ - დასავლეთ კუთხის ქვედა, საკმაოდ მოზრდილი ქვა. შენობის შიგნით აღარსად ჩანს სამხრეთის (შესასვლელისპირა) პილასტრის კაპიტელი. გარდა თვით ეკლესიისა, აქვე, ეკლესიის ირგვლივ, მისახედია საფლავის ქვებიც; ერთი მათგანი, რომელიც მოუჩიჩქნიათ, მეტად თავისებური რელიეფითაა შემკული და აშკარად საკმაოდ ადრინდელი უნდა იყოს. ცხადია, ეს ქვა ერთადერთი არ იქნება. ამგვარი ქვები აქ სხვაც მოიძებნება. ჩანს კიდეც აქა-იქ მიწაში ჩამჯდარი ქვის თავები.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

აღდგენილი კიანეთი - 2009 წ.

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მუშევანი - ქვეშის ციხიდან აღმოსავლეთით, მდ. მაშავერას გადაღმა, სულ სამიოდე კმ - ზე დარბაზული ეკლესია, რომელიც შეიძლება ითქვას, არცაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში; კამარა ჩაქცეული, სამხრეთ კედელი თითქმის მთლად მორღვეული; ჩამოშლილია ჩრდილო-აღმოსავლეთის მთელი კუთხე; შიგნით შენობა. დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, ქვებითა და მიწით არის ავსებული. X - XI საუკუნეების ამ პატარა ეკლესიამ შემოინახა არა მარტო, თავისი ხუროთმოძღვრული დეკორი (როგორ ფასადებზე, ისე ინტერიერში), და თავისი თანადროული ეპიგრაფიკული მასალა; მის კედლებს ჯერ კიდევ შემორჩა მოხატულობის ფრაგმენტები; ხოლო ეკლესიის შიგნით, ქვა-ღორღში, ჯერ კიდევ ჰყრია კანკელის კოხტად მოჩუქურთმებული ქვები. იმ ფრაგმენტების მიხედვითაც კი, რომლებიც დიდი ჯაფის გარეშეც მოიძებნა, ვფიქრობთ, უნდა მოხერხდეს კანკელის მთლიანი, თავდაპირველი სახის აღდგენა (გათხრითი სამუშაოები კი კანკელის ყველა ელემენტს თუ არა, უმეტეს ნაწილს მაინც უთუოდ გამოავლენდა). განა ეს საკმარისი არაა, რომ მცირედი ყურაღღება ამ ძეგლის მიმართაც გამოვიჩინოთ? მაგრამ სრულიად აშკარაა ისიც, რომ ძეგლის გაწმენდა - გასუფთავგბა თვით ნაგებობის არა ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალს მოგვცემს (ასე მოვიძიეთ ჩვენ სატრიუმფო თაღის მარჯვენა, სამხრეთის მოჩუქურთმებული იმპოსტი, აღმოსავლეთ ფასადის ზედა კუთხის ქვა, რელიეფური ჯვრით). რაც შეეხება ძეგლის გამაგრებას, ეს კიდევ უფრო საშური საქმეა. განსაკუთრებით ცუდ დღეშია აღმოსავლეთი კედელი, ე. ი. სწორედ ის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები.

სათხე - დღესდღეობით ცნობილია უფრო თავისი შესანიშნავი კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ზრუნვა - პატრონობის შედეგად უკვე კარგა ხანია მუზეუმის ექსპოზიციას ამშვენებს. მაგრამ არა ნაკლებ შესანიშნავია თვით ეკლესია სათხისა, თავისი არქიტექტურით, თავისი მდიდრული და დახვეწილი ორნამენტიკით, თავისი მრავალფეროვანი წარწერებით. და აი, ასეთი ძეგლი-მთელი ამ კუთხის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში- სრულიად  უპატრონოდაა მიგდებული; კამარა ჩაქცეულია, კედლები - დახეთქილი, ბევრი დეტალი უკვე აღარაა ადგილზე - ზოგი ძირსვე გდია, ზოგიც საერთოდ აღარ ჩანს.

ასეთსავე მძიმე მდგომარეობაშია ,,ორთა - ფოშთის" ეკლესია (XII ს.), თედორწმინდანი (XIII ს.), დავით - საგარეჯო (XVIII ს.) და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა ძეგლი. ყველა მათგანის შესახებ ახლა, ცხადია, ვერ მოვყვებით, მაგრამ ერთ ძეგლზე კიდევ არ შეიძლება საგანგებოდ არ შევჩერდეთ, ესაა კაზრეთი. ბოლნისის მიდამოები მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სხვადასხვა მადნეულით. ამ სიმდიდრემ ადრიდანვე მიიქცია აქაურ ბინადართა ყურადღება და უკვე უძველესი დროიდან, აქ, როგორც ჩანს, მეტალურგიული წარმოებაც წამოუწყიათ. ამაზე მეტყველებს საქართველოს ამ რაიონში აღმოჩენილი ძველთაძველი ქურები, ამაზე მეტყველებს ადგილობრივი ტოპონიმიკა (სარკინის ხევი, ფოლადაური, რკინის მთა და სხვა). დღევანდელი კაზრეთი სასახელოდ აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციებს. ამჟამად აქ დიდი სამუშაოებია გაშლილი სხვადასხვა წიაღისეული სიმდიდრის მოპოვების მიზნით. იზრდება მოსახლეობა, შენდება ახალ-ახალი ნაგებობები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდებული საქმეა. მაგრამ ვინ გვაპატიებს, რომ აქვე, ჩვენ თვალწინ, განადგურდეს ძველი ქართული კულტურის ძეგლები? კაზრეთში. გარდა თვით "სამებისა" - საკმაოდ მოზრდილი დარბაზული ეკლესიისა (ჩრდილოეთის მხარეზე პატარა ეკვდერით), შემონახულია შესანიშნავად ნაგები გალავნის ფრაგმენტები (ბურჯებითა და კარიბჭით), დიდი სწორკუთხა შენობა (სასახლე თუ სატრაპეზო), უფრო მომცრო ზომის სათავსოები (საპეურნეო დანიშნულებისა). ყველა ეს ნაგებობა ძალზე შელახულია, მათ ნანგრევების სახით მოაღწიეს ჩვენამდე. მაგრამ ამიერიდან მაინც უნდა გავუფრთხილდეთ, მივხედოთ და მოვუაროთ მათ. მოვლისა და დაცვის ნაცვლად კი ჩვენივე ხელით ვაზიანებთ, ზოგჯერ ვანადგურებთ კიდეც აქაურობას. კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსიდან ყველაზე დიდ გასაჭირში "სამების" ეკლესიაა; მთელი გადახურვა ჩამოქცეულია, სამხრეთ კედლიდან მხოლოდ ქვედა რიგები და აღმოსავლეთ კუთხეღა დარჩა; აფსიდში, მთელ სიგრძეზე თითქმის სამი დიდი ბზარია (და ფრესკულ მოხატულობას, რომელიც ძეგლის ამ ნაწილს შემორჩა, დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია); დახეთქილია აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებიც. დასავლეთით, ფასადის მხარეზე, კარნიზის ქვები ჩამოცვენაზეა, ხოლო ერთ-ერთი სარკმლის საპირე ქვები გადმომჯდარია კედლის საერთო სიბრტყიდან და დღეს-ხვალ უთუოდ ჩამოიშლება. ეკლესიაზე ჩრდილოეთით მიშენებულა პატარა ეკვდერი თითქმის მთლად პერანგშემოცლილია; კოზმიდის ერთადერთი ქვაღაა ადგილზე და ისიც გადმოვარდნაზეა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გულგრილობა და უდარდელობა, რაც აქვე, ტაძრის სამხრეთით მდებარე ნანგრევების მიმართ გამოიჩინეს გზის გაფართოვებისას. ძველი საცხოვრებელი სახლის მთელი ეს ნაშთი მიწით დაფარეს. ე.ი. ნაცვლად იმისა, რომ გავწმინდოთ და გავასუფთაოთ მთელი ეს ტერიტორია, ნაცვლად იმისა, რომ გამოვამზეუროთ რაიმე ახალი მასალა, რაც უფრო სრულად წარმოგვიჩენდა კაზრეთის ისტორიული ცხოვრების სურათს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი მიწის ქვეშ მოვაქციეთ. ანდა ასეთი ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ჩვენში. კაზრეთის "სამების- მახლობლად, იმ ადგილას, რომელსაც ადრე ბუჩურიანს უწოდებდნენ, ამ რამდენიმე წლის წინ კიდევ იდგა პატარა დარბაზული ეკლესია (მართალია, ძალზე შელახული). დღეს მისგან, როგორც გადმოგვცეს, თათქმის აღარაფერია დარჩენილი -ქვები გაუზიდიათ და მშენებლობაზე მოუხმარიათ. წმინდა მხატვრული თვალსაზრისით ეს ნაგებობა, შესაძლოა, არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა. მაგრამ, სხვა თუ არაფერი, თვით ფაქტი, რომ სწორედ ამ ადგილზე, ამა და ამ დროს ეკლესია აღუმართავთ, ისტორიკოსისათვის, რა თქმა უნდა, არც თუ ისე უმნიშვნელო რამ არის. ეს მომენტი, სხვათა შორის ხშირად გვავიწყდება, როცა საქმე ეხება გზების გაყვანა - გაფართოებისა თუ ახალმშენებლობათა საკითხებს. სულ ახლახან აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა პატარა წერილი მიუძღვნა ბოლნისის რაიონის კიდევ ერთს, სამეცნიერო ლიტერატურაში სრულიად უცნობ ძეგლს - ესაა ვანათის ძლიერ დანგრეული სამეკლესიანი ბაზილიკა, ამ ტიპის ერთ -ერთი უძველესი ნიმუში მთელ საქართველოში. ავტორი თავშივე დასძენს: „ვანათის ძეგლას გაწმენდა - გასუფთავებაც, მისი იმ მიწისაგას განთავისუფლება, რომელიც მას დაახლოებით 1 ½ - 2  მ. სიმაღლეზე ფარავს, მოგვცემს მხატვრულად საინტერესოს და ისტორიულად მნიშვნელოვან მასალას, რომელიც საბოლოოდ დაუმკვიდრებდა ამ არქიტექტურულ ძეგლს ისტორიულ ადგილს. ეს მოწოდება კიდევ ბევრ ძეგლს ეხება, როგორც ბოლნისის რაიონში, ისე მთელ საქართველოში. ყველა მათგანს ერთბაშად, ცხადია, ვერ გავწვდებით. მაგრამ იმავე წერილში ქვემო ბოლნისის (ბოლნის -ქაფანაქჩის) სამეკლესიანი ბაზილიკის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილი წერს: (ძეგლის) ,,გაწმენდის შემდგომი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაშიც კი დაიკარგა ტიმპანის კომპოზიცია მთავარი შესასვლელის თავზე, აგრეთვე ეკლესიის შიგნით, დასავლეთ კედელში ჩატანებული სვეტის ფრაგმენტი, პოსტამენტზე შემდგარი ჯვრების გამოსახულებებით და მოჩუქურთმებული ფრაგმენტი დასავლეთ ფასადიდან"... სამწუხაროდ, ამ მხრივაც ბოლნისის ეს ძეგლი ჩვენში გამონაკლისი არ არის. მაგრამ ეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უთაურობისა და უდარდელობის შედეგია.