topmenu

 

პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა - გამაგრების სამუშაოები-მ.დვალი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

მალაქია დვალი (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) - პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა - გამაგრების სამუშაოები // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ 18, გვ. 18 -21

სოფ.პატარა ონი მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე აზიდულ მაღალ მთაზე. სოფელში დღემდე შემორჩა მეტ - ნაკლებად დაცული საშუალო საუკუნეების სამი არქიტექტურული ძეგლი. მათგან ორი - ეკლესიაა, ერთი ციხე-სიმაგრე. ამჟამად ჩვენ დაცვით სამუშაოებს ვაწარმოებთ ერთ მათგანზე ე.წ. "რაკეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესიაზე".

რაკეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესიის წინასწარმა გამოკვლევა - შესწავლამ საშუალება მოგვცა ძეგლი დაგვეთარიღებინა რსაუკუნის პირველი მესამედით, განგვესაზღვრა მისი მხატვრულ - ისტორიული მნიშვნელობა, დაგვედგინა ძეგლის თავდაპირველი სახე, მშენებლობის თანამიმდევრობა და მისი ქრონოლოგიური ფენები. ამის საფუძველი ჩვენ მოგვცა ძეგლის მხატვრულ-ისტორიულმა ანალიზმა და თვით ეკლესიაზე, კარიბჭესა და კანკელზე მოთავსებულმა ლაპიდარულმა წარწერებმა. ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახვა, რომ ეკლესიის მშენებლობის დამთავრებიდან უახლოეს წლებში იგი გააფართოვეს მინაშენებით - სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან. ძეგლის შესწავლის შემდეგ შევადგინეთ მისი დაცვისა და აღდგენის პროექტი. დაცვა-აღდგენის პროექტის შედგენისას კონსულტაციას მიწევდა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ვ.ცინცაძე, ხოლო კონსტრუქციულ ნაწილში, -  აწ განსვენებული კონსტრუქტორი დ.ლომაძე.

პროექტი განხილული და შესასრულებლად რეკომენდირებული იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კულტურის ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ. რაკეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესია პატარა ზომის (7,5 მ X 7.1 მ) ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გარედან კედლის სწორკუთხედშია მოქცეული. აფსიდში ორსავე მხარეს მოთავსებულია ნახევარწრიული მაღალი ნიშები. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელიც პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით მაგრდებოდა.

ეკლესიას ჰქონდა სამი კარი - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით და ამდენივე სარკმელი აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით. როგორც ეკლესია, ასევე მინაშენებიც მდიდრულად იყო შემკული ქვაზე კვეთილი ჩუქურთმითა და რელიეფებით. ეკლესია შიგნიდან ნაწილობრივ შირიმის, ხოლო ნაწილობრივ ფლეთილი ქვით, გარედან კი მთლიანად შირიმის ქვით არის მოპირკეთებული. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამხრეთ და დასავლეთ კარის მოჩუქურთმებული ტიმპანები, სარკმლების საპირეები, კარნიზის ქვები და აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის კომპოზიცია. ამ ადგილებში მაგარი ქანის მოთეთრო კირქვა არის გამოყენებული. ამჟამად ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული, ძეგლი გამსკდარია აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით.

ბზარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს, წვერიდან საძირკვლებამდე გასდევს. როგორც ჩანს, ეს ოდესღაც მომხდარი მიწისძვრის შედეგი უნდა იყოს; ჩვენ ამ დასკვნამდე მივედით შემდეგი გარემოების გამო: 1.ძეგლი აგებულია კლდეზე და მისი საფუძველი ჯდომას არ განიცდიდა. 2.ოციან წლებში გადაღებული აღმოსავლეთ ფასადის ფოტო - სურათი გვიჩვენებს, რომ მის შემდეგ ბზარებს აღარ უმატია, თითქმის მთლიანად უცვლელია. ცხადია, აღნიშნული დეფორმაციის შემდეგ დაიწყებოდა ნაგებობის ინტენსიური ნგრევა. ამჟამად მთლიანად ჩამოქცეულია კამარა, საბჯენი თაღები, კონქის თაღი და თვით კონქის საკმაოდ დიდი ნაწილი. შესანიშნავი ოსტატობით შესრულებული თაბაშირის კანკელისაგან მცირე ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. ძლიერ არის დანგრეული კედლებიც.

დღეისათვის ფასადებიდან შედარებით კარგად აღმოსავლეთის ფასადია დაცული. ამ ფასადს აკლია მხოლოდ 1930 წელს გ.ბოჭორიძის მიერ ჩამოხსნილი და ქუთაისის მუზეუმისათვის გადაცემული ჯვრის გამოსახულება და მის გვერდებზე მოთავსებული ასომთავრული წარწერიანი ქვები. (სულ რვა ქვა. სამწუხაროდ, აღნიშნული ქვებიდან ორი წარწერიანი ფრაგმენტი და ჯვრის ერთი მკლავი ქუთაისის მუზეუმმა დაკარგა (!), სანახევროდ დანგრეულია დანარჩენი ფასადები. ამჟამად ძეგლზე არც ერთი მთლიანად დაცული კარნიზის ქვა აღარ არის, საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ძირს ჩამოცვენის დროს თითქმის ყველა ქვა დამტვრეულა. მთლიანად ჩამოშლილა სამხრეთის სარკმელი. დასავლეთის სარკმლიდან ადგილზე მხოლოდ სათაურის ორი ნაპირა ქვაღა არის ადგილზე, ერთი საპირის ქვა კი დაბლა გდია. ძლიერ არის დაზიანებული დასავლეთი კარის ტიმპანი, თვით ტიმპანის ქვა ჩამოვარდნილია, ძირს გდია აგრეთვე ტიმპანის სათაურის ორი ქვაც. სამხრეთ კარების ტიმპანი თუმცა ადგილზეა, მაგრამ ტიმპანის ქვა ორ ნაწილად არის გატეხილი. ეკლესიის გარშემო მრავლად არის მიმოფანტული შირიმის კვადრები და ჩუქურთმით შემკული ქვები, ისინი ზოგი ეკლესიას, ზოგიც მინაშენებს ეკუთვნოდა. ამჟამად ძეგლს სხვა საშიშროებაც ელის. ეკლესია აშენებულია მაღალ გორაკზე. ეს გორაკი ძეგლის სამხრეთ - დასავლეთ მხრიდან განიცდის დაშლას და დღეისათვის ძეგლის სამხრეთ - დასავლეთ კუთხე თითქმის ფლატის პირზე აღმოჩნდა. ე.ი. დღეისათვის პირველი რიგის ამოცანად დგას საკითხი გორაკის გამაგრებისა, მისი კონსერვაციის, რომ შემდეგ უკვე ვაწარმოოთ ძეგლის აღდგენა - გამაგრება. ჩვენს მიერ შედგენილი ძეგლის რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, გორაკის გამაგრების სამუშაოებს. ვინაიდან გორაკი ძლიერ მაღალია, დაახლოებით 20 -25 მეტრი, ქვევიდან საყრდენი კედლის აყვანა ძლიერ დიდი მოცულობის რკინა ბეტონის სამუშაოებს მოითხოვდა. ჩვენ გადავწყვიტეთ გორაკი ნახევრად დაკიდებული სამიოდე მეტრის სიმაღლის რკინა - ბეტონის კედლით გაგვემაგრებინა. პროექტის მიხედვით რკინა - ბეტონის კედელი თავისი ფუძით ეყრდნობა კლდის ნაშვერს, ხოლო მას რომ მივანიჭოთ ისეთი სიმტკიცის მდგრადობა, რომ შესძლოს მასზე მომქმედი დაწოლით არ გადაინგრეს, კედელს რკინა - ბეტონის ხიმინჯებზე დამაგრებული სარტყელებით ვაძლიერებთ, როგორც წარმოდგენილი პროექტიდან ჩანს, რკინა - ბეტონის ხიმინჯები და სარტყელები მიწაში იქნება ჩამალული და არ გამოჩნდება.

კედელს ძირი რომ არ გამოეცალოს გამორეცხვით ან კლდის დაშლათ, ვითვალისწინებთ გორაკის ფერდობის მობელტვას და ბუჩქნარის დარგვას. წარმოდგენილი პროექტით მთის გამაგრება წმინდა მატერიალური მხრით - როგორც ფულადი სახსრების, ასევე სამშენებლო მასალების, ტრანსპორტის და სამუშაო დროის დიდ ეკონომიას მოგვცემს; ძეგლის დაცვის თვალსაზრისით კი უფრო გამართლებულია, ვინაიდან მთის ძირიდან რომ აგვეყვანა რკინა - ბეტონის უზარმაზარი კედელი, ეს ძეგლს ბუნებრივ ფონს დაუკარგავდა და პატარა მოცულობის ნაგებობას მთლიანად მიჩქმალავდა. მთის ფლატეს გამაგრების სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტით განზრახულია ძეგლის მთლიანად აღდგენა. ამისათვის ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს და არცერთი კვანძის თუ დეტალის აღდგენა არავითარ ეჭვს არ იწვევს: მხოლოდ ერთი გამონაკლისია - ეს გახლავთ სამხრეთის სარკმელი, რომლისგანაც სულ მცირე ფრაგმენტებიღაა დარჩენილი. თუმცა ეს ფრაგმენტებიც გვაძლევს სარკმლის ფორმის აღდგენის საშუალებას. ცხადია, ჩვენ ჩუქურთმის აღდგენას არც აქ და არც სხვა დეტალებში არ ვფიქრობთ, მხოლოდ რაც შეეხება ფორმასა და ზომას ყველგან ორიგინალის სიზუსტეს ვიცავთ. ძირითადად ძეგლი აღდგება თავისივე ქვით, რომელიც ძეგლის გარშემო არის გაფანტული. აღდგენითი სამუშაოებისათვის ახალი ქვის მასალა შედარებით მცირე ოდენობით თუ დაგვჭირდება. აქაც არის ერთი გამონაკლისი - კარნიზი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარნიზის უდიდესი ნაწილი დაღუპულია. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს კარნიზის მთლიან აღდგენას, (სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს გადახურვის მოწყობისთვისაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას). კარნიზის აღდგენისას ჩვენ გავიმეორებთ ორიგინალის პროფილს - ცხადია, არ აღვადგენთ ჩუქურთმას - ქვის მასალასაც ორიგინალის ანალოგიურს შევარჩევთ. კარნიზის აღდგენის დროს ძველი კარნიზის ყველა დღემდე მოღწეულ ფრაგმენტს გამოვიყენებთ, თუნდ სულ მცირესაც.

თავდაპირველად ვფიქრობდით აღდგენის შემდეგ ძეგლი მთლიანად არ გადაგვეხურა, გადაგვეხურა მხოლოდ კედლები და კონქი, მაგრამ ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ გადავწყვიტეთ იგი მთლიანად გადავხუროთ. ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის დროს მოვიპოვეთ ცილინდრული კამარის და საბჯენი თაღის ქვების დიდი ნაწილი, ასე რომ ძველი ქვების გამოყენებით საშუალება გვაქვს აღვადგინოთ ცილინდრული კამარა და კონქი თაღებითურთ. როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები გამსკდარია ე.ი. ეკლესია ორ ნაწილად იყოფა. ბზარები იქ, სადაც ცოტა ფართოა, უნდა შეივსოს თხელი შირიმის ქვის "სოლებით", ასეთი შემავსებელი თხელი "სოლები" ეკლესიის მშენებლებსაც გამოუყენებიათ რამდენიმე ადგილზე ძეგლის გასამაგრებლად. პროექტით გათვალისწინებულია რკინა - ბეტონის სარტყელის გაკეთება მთელს პერიმეტრზე, რომელიც გარე და შიდა მოპირკეთების შორის დაიმალება. ეს სარტყელი შეკრავს ეკლესიის დასუსტებულ კედლებს და გარანტიას მოგვცემს, რომ მიწისძვრის შემთხვევაშიც ძეგლს სიმტკიცეს და მდგრადობას შეუნარჩუნებს. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს პატარა ონის ეკლესია გადახურული ყოფილა ყავრით, ამის ანალოგიები რაჭა-სვანეთის ძეგლებში გვხვდება. (ცნობილია, რომ ხის სახურავი ჰქონდა ზემო - კრიხსაც) - ყოველ შემთხვევაში ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის დროს კრამიტის ან ქვის სახურავის არსებობის ნიშნები არ შეგვხვედრია. ჩვენ ძეგლის გადახურვა გადავწყვიტეთ რკინა-ბეტონის თხელი ფილით. რკინა-ბეტონის ფილით გადახურვაზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ჯერ ერთი, ჩვენ ზუსტად მაინც არ ვიცით, როგორ იყო მოწყობილი ძეგლის სახურავი. მეორეც, კიდევაც რომ ყავრით გადავხუროთ შენობა, ასეთი სახურავი ძნელად მოსავლელი და დასაცავია. კრამიტის და ქვის ლორფინების სახურავი კი ძეგლისათვის შეუფერებელია. ასევე შეუფერებლად გვესახება თუნუქის სახურავის მოწყობაც.

ამიტომ ჩვენ ყველაზე მიზანშეწონილად მაინც რკინა-ბეტონის ფილით გადახურვა მივიჩნიეთ. რკინა-ბეტონის ფილა გააძლიერებს ნაგებობის შეკვრას და ამგვარად ასეთი სახურავის ქვეშ ძეგლი საიმედოდ იქნება დაცული. ძეგლს აღდგენის შემდეგ სამხრეთიდან და დასავლეთიდან უნდა შეებას რკინის კარები, გაიხსნას ჩრდილოეთის გვიან ამოშენებული კარი და აქაც სამხრეთის და დასავლეთის ანალოგიური კარი შეებას. სარკმელების ჩასმას არ ვითვალისწინებთ, ვინაიდან ძეგლს ფრესკული მხატვრობა არა აქვს. როგორც შესწავლამ დაგვანახვა, ძეგლი თავიდანვე არ ყოფილა მოხატული, ხოლო მაღალხარისხოვანი შელესილობის ნაშთები მხოლოდ აფსიდის ნიშებში და კუთხეებშია შემორჩენილი ფრაგმენტულად. ამრიგად, აქ არავითარი აუცილებლობით არ არის გამოწვეული სარკმელების ჩასმა. ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთის ფასადიდან ჩამოხსნილ და ქუთაისის მუზეუმში შენახულ ჯვრისა და წარწერის ფრაგმენტებს, მათ რესტავრაციის დროს თავის ადგილზე დავაბრუნებთ, მის დაკარგულ ნაწილებს კი აღვადგენთ. პატარა ონის რაკეთის წმ.ნიკოლოზის ეკლესიის დაცვა-გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოს ქუთაისის უბანი (უბნის უფროსი გ.ასათიანი) ძეგლზე აღდგენითი სამუშაოების დამთავრება გათვალისწინებულია მიმდინარე, 1969 წელს.