topmenu

 

მცხეთის ჯვარის რელიეფების რესტავრაციისათვის - ზ. მაისურაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია -მონასტრები>>>

ზაქარია მაისურაძემცხეთის ჯვარის რელიეფების რესტავრაციისათვის (ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) -// ძეგლის მეგობარი, 1969, კრ. 18, გვ.5 - 8

საუკუნეების განმავლობაში მცხეთას გადმოჰყურებს ქართლის ბედისა და ავბედობის უტყვი მემატიანე, ქართული ხურთთმოძღვრების სიამაყე - ჯვარის ტაძარი. იგი აგებულია 585 – 606/7 წლებში ქართლის ერისთავის სტეფანოზ პატრიკიოსის დროს, მისი უშუალო ინიციატივით და ერისთავთა ოჯახის სხვა წევრების ხელისშეწყობითა და მატერიალური შემწეობით. ჯვარის ტაძრის გენიალურმა ქართველმა ხუროთმოძღვარმა ამ ნაგებობაზე მოგვცა ქართლის ერისთავთა ოჯახის წევრთა რელიეფური გამოსახულებანი, რომლებიც გვამცნობენ ამ ტაძრის როგორც მოამაგე აღმშენებელთ, ისე მისი აშენების დროს. ეს რელიეფები მან ტაძრის დაპროექტებისას გაითვალისწინა, როგორც ფორმით, ისე შინაარსით და ტაძრის მხატვრულ - დეკორატიული სისტემის განუყოფელ ნაწილად წარმოადგინა. მცხეთის ჯვარის ცნობილ რელიეფებიდან, 1967 წელს აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის რჩევით შევუდექით ადრნერსე ვიპატოსის თავის აღდგენის ცდას, ეს ცდა გაპირობებული იყო იმით, რომ სხვა რელიეფებთან შედარებით, აქ უფრო მეტი თავისა და სახის ნაწილი იყო შერჩენილი, რაც აადვილებდა აღდგენითი მუშაობის ჩატარებას. მცხეთის ჯვარის საერო ხასიათის ყველა რელიეფზე, სხვა დაზიანებებთან ერთად, მომეტებულად თავი და სახეა დაზიანებული. მაგალითად, სტეფანოზ I (პატრიკიოსი) სახე სულ აღარ აქვს. დემეტრე ვიპატოსს სახის მხოლოდ ქვედა ნაწილი - წვერ - ულვაში შერჩენია. თითქმის აღარ იკითხება ქობულ სტეფანოზის სახე. მხოლოდ ადრნერსე ვიპატოსს აქვს შერჩენილი თავისა და სახის მარჯვენა ნახევარი - გაცრეცილი თვალი, მის ზემოთ წარბი; ულვაშისა, წვერისა და ხვეული თმის მარჯვენავე ნაწილი. ტანი ადრნერსეს სულ დაკარგული  აქვს და ფილაზე მხოლოდ მისი კვალია დარჩენილი. იმისათვის რომ დაგვეცვა სრული სიზუსტე, როგორც ზომაში, ისე რელიეფის სიღრმესა, მის მოცულობასა და კვეთის ხასიათში, საჭირო იყო ადარნერსეს თავის თაბაშირის პირის გაკეთება. ადრნერსეს თავზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ იგი აშკარად პლასტიკური ფორმების მატარებელია და უფრო უახლოვდება მრგვალ ქანდაკებას, ვიდრე ტანი, რომელიც ბრტყელია და არავითარ მოდელირებას არ შეიცავს. იგი მხოლოდ მოხაზულობის ხაზის პლასტიკურ დენაზეა აგებული და ამით აღწევს მაღალ მხატვრულ - დეკორატიულ მეტყველებას. ასეა მცხეთის ჯვარის რელიეფებზე ერისთავთა ყველა გამოხატულებები. რელიეფებზე გამოხატულ ერისთავთა პორტრეტებზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ არსად პორტრეტული გამოსახულება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (პორტრეტული მსგავსება, ინდივიდის პირადი გარეგანი თავისებურებანი და სხვა) არ არის, არამედ საქმე გვაქვს მის პირობით გამოსახულებასთან, იმ ტრადიციულ ფორმებთან, რომელიც ოფიციალურად მიღებული იყო ამ დროისათვის სახელმწიფო პირთა ან დიდგვაროვანთა გამოსახატავად.

ყველა შემთხვევაში ტანის მოძრაობისა და მდგომარეობის მიუხედავად, სახე ფრონტალურადაა გამოსახული. მისი ნაწილები სიმეტრიულადაა განაწილებული და მარჯვენა ნაწილი მარცხენის სარკისებურ გამეორებას წარმოადგენს. სხვადასხვა რელიეფებში იცვლება მხოლოდ სახისა და თავის ზომა. სახის მეტყველება რჩება ერთი და იგივე. როგორც აღვნიშნეთ, ადრნერსეს თავის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია უცხვიროდ დარჩენილი. მოგრძო, რელიეფურ კულულებად ხვეული თმა ეფინება შუბლზე, აჩარჩოებს სახეს და შემორგვალებით მთავრდება კისერთან. კისერი მოკლეა. ყელზე ეფინება მომრგვალო კულულებად დახვეული წვერი. ულვაშების ბოლოები სწორი და გაწკეპილია. თვალი ფართოდაა გაღებული, იგი მოხაზულია ორმაგი ოვალით, რომელშიც მოთავსებულია თვალის გუგის ორმაგი წრე შუაში წერტილით. ღაწვსა და შუბლს შორის ღრმად არის მოდელირებული თვალის კაკალი ქუთუთოებით, ზემოთ კი, შუბლზე ირიბად ჩაკვეთილი სიბრტყეა, რომლის მოშვილდული მოყვანილობა წარბის ილუზიას იძლევა. წარბი არ არის მოდელირებული. იგი მხოლოდ შუქ - ჩრდილის თამაშზეა აგებული. თავისა და სახის მარცხენა ნაწილი -შუბლის, ცხვირის, ნიკაპის ჩათვლით მთლიანად დაკარგულია. შემორჩენილია მხოლოდ თავის მოხაზულობის კვალი. თავი ანგელოზის კალთაშია შეფარებული და მას მარცხნიდან ანგელოზის ხელი მფარველობით აქვს მოდებული. ამ პირობითი მოძრაობით გამოხაგულია ადრნერსეს მფარველი გაბრიელ მთავარ - ანგელოზი, რომელსაც იგი თავის წარწერაში ვედრებით მიმართავს. თავის დაკარგული ნაწილები, დარჩენილი კვალის მიხედვით შევავსეთ თაბაშირის მასით რელიეფის სრულ სიმაღლემდე და მივეცით მას საერთო მოყვანილობა. თავისა და სახის ზოგად მომრგვალებაზე ვიპოვეთ ფარგლების საშუალებით სახის ცენტრი და გავავლეთ ვერტიკალი, რომელმაც სახე და თავი გაპყო ორ სიმეტრიულ, თანაბარ ნაწილად. მარჯვენა თვალის მიხედვით, ასევე ფარგლების საშუალებით მოვნახეთ მარცხენა დაკარგული თვალის ადგილი და მაშინვე გამოვკვეთეთ იმ სიღრმეზე, მოყვანილობის და ზომის მიხედვით, როგორსაც შერჩენილი მარჯვენა თვალი იძლეოდა. ამით ჩვენ გავყავით თავისა და სახის ზედა და ქვედა ნაწილები და მოვნახეთ მოცულობითი შეფარდება. შუბლზე განვსაზღვრეთ მარცხენა წარბის ადგილი. ასევე თავის მარცხენა  ნაწილი და შუბლზე დაფენილი თმა. თმის მოყვანილობისა და ხვეული კულულების დალაგებისათვის ვისარგებლეთ დარჩენილი მარჯვენა ნაწილის თმით. ზუსტად გავიმეორეთ ხვეული კულულების მოყვანილობა, მისი სისქე და თავზე დალაგების ხასიათი. შუბლზე დაფენილი თმისა და მისი ხვეულებისათვის გამოვიყენეთ შუბლის შერჩენილი ნაწილის თმის ხვეულები. ამან მოგვცა თმების ხვეულების მიმართულება და შუბლზე დაფენის ადგილი. დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ თმა შუბლზე სიმეტრიულად იყოფოდა შუაზე და ხვეული კულულები სარკისებური მიმართულებით ეფინებოდა. თმის ასეთი დალაგება გვიკარნახა ანგელ ოზების თმის ვარცხნილობის განაწილებამ აქვე, ჯვარის ამაღლების კომპოზიციაში. სახის მარჯვენა ნაწილის ულვაშის ბოლოთი, რომელთანაც შერჩენილია ფართოდ გაჭრილი ზედა ტუჩის დაბოლოვება, აღვადგინეთ ულვაშები მთლიანად, ზედა ტუჩი, რომელსაც მაშინვე მოჰყვა ქვედა ტუჩიც. წვერებისაგან განსხვავებით ულვაშები სწორხაზოვანია და ბოლოში წაწვეტებული. იგი ცხვირთან შუაზე იყოფა და სიმეტრიულადაა განაწილებული. თვალ - წარბისა და ულვაშების ადგილმა ზუსტად განსაზღვრა ცხვირის ადგილი და ზომა, მხოლოდ საჭირო იყო მისი ფორმის დაზუსტება. ამაში დაგვეხმარა სტეფანოზ I - ის რელიეფი. ამ კომპოზიციაში ქრისტეს სახეზე საკმაოდაა დაცული ცხვირის მოყვანილობა და სიმაღლე. ხვეული წვერით დაფარული ნიკაპის მარჯვენა ნაწილი გავაგრძელეთ მარცხნივ მისი სარკისებური გამოსახულებით. ასე დავამთავრეთ მთლიანად სახის აღდგენა. საბოლოო დამთავრებისათვის საჭიროდ ჩავთვალეთ აგრეთვე აღგვედგინა წამოსასხამი, რომლის ნაწილი ადრნერსეს მარცხენა მხარეს კისერთან იყო შემორჩენილი. იგი წარმოადგენდა ტანსაცმლის, ამ შემთხვევაში, წამოსასხამის მხარისა და საყელოს ნაწილს, რომელზედაც შერჩენილი იყო შემკულობის დეკორატიული სახეობა - ნაპირის გაყოლებით ორ-ორ რელიეფურ ზოლებს შორის ჩარიგებული წყვილ - წყვილი რელიეფურივე ბრტყელი წრეები, კილიტები. აშკარაა, რომ ესენი ნაქარგობას წარმოადგენენ ისევე, როგორც ეს უნდა ვიფიქროთ, სტეფანოზ I, დემეტრესა, ქობულ სტეფანოზისა და მშენებლის სავარაუდო გამოსახულებებზე, სადაც ნაქარგობა გეომეტრიულ, ყვავილოვან ანდა ფოთლოვან დეკორატიულ სახეებს იძლევა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დეკორატიული სახეებისაგან განსხვავებით, ადარნერსეს წამოსასხამის შემკულობა წარმოადგენდა ლითონის დაკერებულ კილიტებს, რაც იმ დროისათვის გამორიცხული არ არის. ამის მაგალითებს უფრო ადრეულ არმაზის განათხარ მასალებში ვხვდებით და, ტრადიციულად, სასანურსა და მის შემდგომ ეპოქაში.