There are no translations available.
< უკან დაბრუნება < <<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>
შაორი – ნამოსახლარი და სიმაგრე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარვანასთან. შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი «კვალად ამ ტბას (ფანავრის) ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარი კლდიდამ...», «ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი...», «კვალად არს შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა». ი.როსტომაშვილის ცნობით ამ შაორის ციხეს შემდეგში დარქმევია „ქოროღლის ციხე“. ამგვარად, შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 2752 მ. სიმაღლეზე. შაორის ციხის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით და მორენული ღვარით, რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. ე.ი. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა. ჯავახეთის სხვა სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე ჯერაც კარგად იკითხება გაცილებით რთული ნაგებობანი. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია.
ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით, სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჟებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს ე.წ. „ზედა ციხე“ წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი, დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი, ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ერთეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ–ია, სიგანე 3 მ–მდე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს. გალავნის გარეთაც კარკნალში დარან–სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ჩანს საისრე–სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. [...]მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX საუკუნის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ[1]. ამრიგად, შაორი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა, რომელიც დაცული იყო მის თავზე მდებარე შაორის ციხით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრის №53 ეტრატის ხელნაწერი, რომელიც აფხაზთა მეფის ბაგრატისა და ქართველთა კურაპალატის ბრძანებით არის დაწერილი „დასაბამიდგან წელთა ხ~ქზ, ქრ~კსა: სკბ:... (1002წ) შორს ...ჴელითა აკვილა მტბევრისაჲთა, დაწერილ უნდა იყოს ფარავნის ტბის სანახებში მდებარე შაორში. როგორც ცნობილია სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად". რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული – ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ ისინი რომ მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებლებ-მსახურებისა და მოსახლეობის ნაწილი. შესაძლოა, აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც, რასაც არქეოლოგიური შესწავლა თუ გაარკვევს.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/შაორის_ციხე
შაორის ციხე - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:
1. ლ. მელიქსეთ–ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 70-73
ეს სადგომი შესდგება ორი ძირითადი კომპლექსისაგან, რომლებიც მდებარეობენ ერთსადაიმავე მთის ორ მწვერვალზე. მათგან ერთი, შედარებით გრანდიოზული, მაღალზეა, ხოლო მეორე, მცირე დაბალზე. ამ ნაციხარ-ნაქალაქევს გაკვრით იხსენიებს 1898 წელს ზ.გულისაშვილი, ხოლო იმავე წელს ი.როსტომაშვილი დაწვრილებით აგვიწერს შემდეგი სიტყვებით...<<ტექსტი სრულად აქ...<<
2. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 349
სოფ. შაორი – სოფელ ფარვანასთან. დავთრის დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელია. თანამედროვე რუკებზე (რუსულ სპეცრუკებზე) არ არის აღნიშნული. სამაგიეროდ ასეთი პუნქტი – შაორი (Shaori) აღნიშნულია ვახუშტის ატლასზე (№12) და Description-ისადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის ჩრდილოეთის მიმართულებით და რამდენიმედ დაშორებით...<<ტექსტი სრულად აქ...<<
3. დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 181-203
შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მტაზე, 2752. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვლი, რომელიც წერს, რომ ფარავნის ტბასო „ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გადმომდინარე კლდიდამ და სავსე არს კალმახითა. ხოლო შაორის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი“..<<ტექსტი სრულად აქ...<<
4. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941, გვ. 43
|