topmenu

 

ვ. ჯაფარიძე - ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლად აღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან

<უკან დაბრუნება....<<ქართული დამწერლობა>

ვახტანგ ჯაფარიძე (ისტორიის  მეცნიერებათა კანდიდატი) - ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლად აღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.20, გვ.52-63

ცნობილია, რომ ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაც საუკუნეების განმავლობაში გამუდმებით განიცდიდა საქართველოს მრავალრიცხოვანი მტრების თავდასხმას, არა ერთხელ ყოფილა მისი დიდებული ძეგლები დანგრეულ - აოხრებული, მისი აყვავებული ქალაქები და სოფლები ნაქალაქარებად და ნასოფლარებად ქცეული, მისი მოსახლეობა ამოჟლეტილი, მაგრამ ამ კუთხეს დღემდე მაინც შემოუნახავს მრავალი ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც მისი წარსულის სიდიადესა და მაღალ კულტურაზე ღაღადებს. მისი მცირე ტერიტორია მოფენილია უძველესი ნასახლარებით, ყორღანებით, სამაროვნებით, ნაქალაქარებით, ნასოფლარებით, ეკლესიებისა და ტაძრების ნანგრევებით, ციხე - სიმაგრეებით, ეპიგრაფიკული ძეგლებით, საწარმოო კერების ნაშთებით და სხვა. ის მუშაობა, რომელიც დღეს წარმოებს ქვემო ქართლის ისგორიული ძეგლების შესწავლისათვის, სრულიადაც არ არის საკმარისი და არ შეესაბამება ძეგლების მნიშვნელობას. სხვას რომ თავი დავანებოთ, ქვემო ქართლი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავისი ადრეფეოდალური ხანის ძეგლებით. ვინც საქართველოს ამ კუთხეს ცოტად თუ ბევრად იცნობს, მან არ შეიძლება არ გაიზიაროს ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის ლევან მუსხელიშვილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ V-VI საუკუნეების ძეგლების ასეთი სიმდიდრე ჯერ არსად სხვაგან საქართველოში არ გვაქვს"-ო. (ლ. მუსხელიშვილი - არქეოლოგიური ექსკურსიები, თბ, 1941 წ., გვ.82).

იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ამ კუთხეს შეუნახავს, საკმარისია დავასახელოთ ჩვენი ხუროთმოძღვრების ერთ - ერთი ყველაზე უფრო ძველი ძეგლი - ბოლნისის სიონი, რომელიც, როგორც ცნობილია, აშენებულია V საუკუნის ბოლოს. (Чубинашвили – Болнисский Сион, ენიმკ-ის მოამბე, IX, თბ., 1940 წ.). ბოლნისის სიონის მნიშვნილობა არ განისაზღვრება მისი არქიტექტურით, არქაული ქართული ჩუქურთმებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ეპიგრაფიკულ ძეგლებიდან, ჩვენ არ გაგვაჩნია ბოლნისის სააღმშენებლო წარწერებზე უძველესი წარწერები. მათ რიცხვს მიეკუთვნება დავით ეპისკოპოსის წარწერა, სააღმშენებლო წარწერა კარის თავზე (ეს წარწერიანი ქვა ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში); აზარუხტის წარწერა მეორე კარის ქვაზე. ეს წარწერები დღესაც წარმოადგენენ ეტალონს ამა თუ იმ ქართული ეპიგრაფიკული ძეგლის სიძველის დასადგენად. კიდევ უფრო იზრდება ბოლნისის, როგორც ისტორიული ძეგლის მნიშვნელობა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილის ინიციატივით 1936 წელს ბოლნისის გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ლ.მუსხელიშვილი, კონსულტანტი პროფ. გ.ჩუბინაშვილი) აღმოჩნდა ქვის მრავალი უძველესი მემორიალური ძეგლი (სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები), აგრეთვე სტელები ქართული ასომთავრული წარწერებით.(ლ. მუსხელიშვილი - ბოლნისი, ენიმკი-ს მოამბე, III, თბ., 1938 წ., Чубинашвили – დასახ. ნაშრომი, ენიმკ-ის მოამბე, IX, თბ. 1940). ბოლნისის სიონის მახლობლად, ქვემო ბოლნისში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების აგრეთვე უძველესი ძეგლი - სამეკლესიანი ბაზილიკა (ბოლნის-ქაფანაქჩი). ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ქართულ ხელოვნების ძეგლების გამოვლინებასა და შესწავლაში მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ლ. მუსხელიშვილს; მან, როგორც დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, 1936 და 1937 წლებში მიაკვლია აღნიშნული, პერიოდის მთელ რიგ მანამდე უცნობ ძეგლებს, შეისწავლა ეს ძეგლები და გამოაქვეყნა კვლევის შედეგები თავის "არქეოლოგიურ ექსკურსიებში". ამ პერიოდის ძეგლებიდან აღსანიშნავია. "ორკარიანი ეკლესია" ს.უკანგორში მდ.დამბლუტისწყლის ხეობაში (V-VI სს.) სტელის ბაზა თათვარაზის ასომთავრული წარწერით (VI საუკ. დასაწყისი) ამავე სოფლიდან; უძველესი (V-VII სს.) სტელების ფრაგმენტები ს.უკანგორში, ს.თეკენებში, ს.ზემო ოროზმანში და სხვა. საქართველოს ამავე კუთხეში ისტორიული გაჩიანის ტერიტორიაზეა (დღევანდელი მარნეულის რაიონი) აღმოჩენილი ქვის დიდი ჯვარი (ზომები: სიმაღლე - 63 სმ. ჰორიზონტალურად გაშლილი მკლავების სიგრძე - 50 სმ., სისქე-10 სმ, რომელზედაც რელიეფურად გამოსახულია ჯვრის ამაღლება.

ეს ჯვარი დათარიღებულია VII საუკ. ასევე დღევანდელი მარნეულის რაიონიდანაა ბრდაძორის სტელა, რომელსაც დ. მუსხელიშვილი V-VI სს. ათარიღებს. განსაკუთრიბით მნიშვნელოვანია ძველი ქართული ხელოვნების, აგრეთვე ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხების შესწავლისათვის ის ძეგლები, რომელიც აღმოაჩინა აკად. ივ.ჯავახიშვილის სახ. საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არქეოლოგ ი.გრძელიშვილის ხელმძღვანელობით, 1959 წელს, ბოლნისის მახლობლად, ე.წ. ლამაზ გორაზე. როგორც ცნობილია, აქ აღმოჩნდა, სამონასტრო ანსამბლი, რომლის ძირითადი, პირვანდელი ეკლესია ნახევარწრიულად გარეთ გამოწეული საკურთხევლის აფსიდით, აგებული უნდა იყოს IV-V სს. მიჯნაზე. აქვე აღმოჩნდა ქვის მემორიალური ძეგლები (სტელების ფრაგმენტები ასომთავრული ქართული რელიეფური წარწერებით, რელიეფური ქანდაკების იშვიათი ნიმუში და შესანიშნავად გამოთლილი ქვის ჯვრები), რომლებიც V-VII სს. არის დათარიღებული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლის მნიშვნელობა სათანადოდ არის გაშუქებული ზემოხსენებულ თუ სხვა ნაშრომებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, როგორც დავინახეთ, მნიშვნელოვანი რაოდენობითაა გამოვლენილი ადრეფეოდალური ხანის ძეგლები, მაინც ჯერ კიდევ მეცნიერებისათვის უცნობია ამ ხანის არა ერთი და ორი ძეგლი.

ამ მოსაზრებას კარგად ადასტურებს დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა. თუმცა აღნიშნული ექსპედიციის ძირითადი მიზანი და სამუშაო ნაქალაქარ დმანისის შესწავლაა, მაგრამ ექსპედიცია აგრძელებს იმ ტრადაციას, რომელიც ამ ექსპედიციის პირველმა ხელმძღვანელმა ლ. მუსხელიშვილმა დაიწყო და რომელიც გამოიხატება დმანისთან ახლომდებარე ძეგლების დაზვერვასა, ფიქსირებასა და შესწავლაში. მოკლევადიანი არქეოლოგიური ექსკურსიების შედეგად, დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ამ ბოლი წლებში მიაკვლია ადრეფეოდალური ხანის ახალ, აქამდე უცნობ ძეგლებს რომელთაც მცირე მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეთ როგორც ქართული ხელოვნების, ისე, საზოგადოდ, საქართველოს ისტორიისათვისაც. ამ მოკლე წერილში შეუძლებელია წარმოვადგინოთ ყველა ახლად აღმოჩენილი ძეგლი და, ამიტომ მკითხველს მივაწვდით მოკლე ინფორმაციას ზოგიერთი მათგანის შესახებ. სხვა ძეგლებზე ადრე დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1964 წელს სოფ. კაზრეთიდან ჩრდ. - დასავლეთით 2 კმ. მანძილზე. ტყით დაფარულ ფერდობზე აღმოაჩინა მცირე ეკლესიის ნანგრევები. "ეკლესიას პერანგი სულ შემოძარცული ჰქონდა და სანახევროდ მიწაში იყო ჩამჯდარი ისე, რომ ეკლესიაში შესასვლელად აუცილებელი იყო დახრა. სწორედ ამ ეკლესიაში აღმოჩნდა იმ სტელის ბაზის ორი ნახევარი, რომელზედაც შერჩენილი იყო ბერძნული წარწერა. ბაზის ორ მოპირდაპირე წახნაგზე, ფონის ამოკვეთის ხერხით რელიეფურად გამოსახულია არატოლმკლავებიანი ჯვარი, რომლის ორსავ გვერდზე მოჩუქურთმებული სვეტებია აღმართული, ხოლო სვეტებს ზემოდ კამარა გადადის. კამარის ორსავ მხარეს შესრულებულია რელიეფური ბერძნული წარწერა, რომელიც, ჩვენი თხოვნით, სპეციალურად შეისწავლა პროფ. თ. ყაუხჩიშვილმა და გამოაქვგყნა კიდეც 1967 წელს. ეს წარწერა ასეა გაშიფრული: "სალოცველად სიმეონისა და ავლიანოსისა ყოვლითა მათითა სახლითურთ. უფალო შეეწიე თეოდორეს". პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზის საფუძველზე თ.ყაუხჩიშვილი წარწერას VII-IX სს. ათარიღებს. საინტერესოა, რომ ამ ბაზის ორ დანარჩენ მოპირდაპირე წახნაგზე რელიეფურად გამოსახულია ტიპიური ბოლნური მედალიონები. უთუოდ საყურადღებო ფაქტია ის, რომ ამ ეკლესიასა და მის უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა ქართული უძველესი მემორიალური ძეგლების ფრაგმენტები - სტელების კაპიტელები, რომელთა წახნაგებზე, ფონის ამოკვეთის ხერხით შესრულებულია რელიეფური ბოლნური მედალიონები, რომლებიც წარმოადგენენ ტოლმკლავებიან ჯვარს, ჩასმულს ცერადკვეთილი სამკუთხედებისაგან შედგენილ წრიულ ჩარჩოში.

(+) (+)  (+)

სტელის კაპიტელი საერო პირთა გამოსახულებით                                                                                                                              გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე(+)

მედალიონებს ზევით ვხედავთ ამ პერიოდისათვის მეტად დამახასიათებელ მოტივს - მარაოსავით გაშლილ სამფურცლოვან ყვავილებს. ყვავილებს შორისი უბეები შევსებულია აგრეთვე დამახასათებელი პაწია "ნაძვებით“. კაპიტელების დანარჩენ წახნაგებზე გვხვდება ასეთივე ხელოვნებითა და ტექნიკით შესრულებული ნახევარპალმეტები, ექვსფურცლოვანი ვარდულები და სხვა. ეს კაპიტელები, მათი არქაული მხატვრული მოტივები, განსაკუთრებით კი ბოლნური მედალიონი და ამ მედალიონის ორსავ მხარეს აზიდული მცენარეული მოტივები, რომლებიც მთავრდება სამფურცლოვანი ყვავილებით, პირდაპირ მსგავსებას ამჟღავნებენ ბოლნისის სიონის მხატვრული შემკულობის შესაბამის მოტივებთან. ქართული ხელოვნების უძველესი ძეგლების მთელი კომპლექსი აღმოაჩინა დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მდ დამბლუტისწყლის (მდ.მაშავერას მარჯვენა შენაკადი) ხეობაში სოფ. უკანგორის მახლობლად. ჯერ კიდევ 1964 წელს ექსპედიციის ყურადღება მიიქცია მოყავისფრო ოთხწახნაგა დიდმა ქვამ (ზომები; 1,5X0,55X0,4 მ), რომლის ერთ წახნაგზე რელიეფურად გამოსახული იყო კლასიკური ბოლნური მედალიონი, რომელსაც ზევით, ქვის სიგანეზე გასდევდა მცენარეული მოტივის ფართე არშია. როგორც ცნობილია, მედალიონს ეწოდება ბოლნური იმიტომ, რომ პირველად გვხვდება ქართული ხუროთმოძღვრების ერთ -ერთ უძველეს ძეგლზე - ბოლნისის სიონზე, რომელიც ზუსტად არის დათარიღებული 478-493 წწ., აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი სახელწოდება პირობითია, რამდენადაც ამგვარი მედალიონი გვხვდება არა მარტო ბოლნისში, არამედ საქართველოს მრავალ სხვა პუნქტში.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

დიდად იყო გავრცელებული ასეთი მედალიონი ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ქვის მემორიალურ ძეგლებზეც. ბოლნისის მედალიონი წარმოადგენს ტოლმკლავებიან ჯვარს, რომლის მკლავების შეზნექილი კიდეები მნიშვნელოვნადაა გაფართოვებული ბოლოებში. მკლავებს გულები ამოღებული აქვთ ცერადკვეთის ხერხით. ჯვარი ჩასმულია კონცენტრულ წრეებში, რომელთა შორის არსებული სივრცე, ჩვეულებრივ, შევსებულია პატარა სამკუთხედებით ან სამფურცლოვანი ყვავილებით. ასეთი მედალიონის ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენენ ის მედალიონები, რომლებიც მოთავსებულია, ერთ შემთხვევაში დავით ეპისკოპოსის სააღმშენებლო წარწერის ცენტრში, ბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმ სააღმშენებლო წარწერის ზემოთ, რომელიც მოთავსებული იყო ჩრდილოეთის სტოადან ბაზილიკაში შესასვლელი კარის თავზე. როგორც წარწერის, ისე მედალიონის გამოქანდაკების დროს, შემსრულებელის მიერ ფონი მთლიანად ამოკვეთილია, რის შედეგადაც ასოები და მედალიონი ამოწეულია, რელიეფურია, მაგრამ ისინი ქვის საერთო ზედაპირის დონეს არ სცილდებიან. ქვაზე ჭრის ასეთი ტექნიკა დამახასიათებელია აღნიშნული პერიოდის საქართველოს ქვის მემორიალური ძეგლებისთვისაც. ჩვენ სპეციალურად შევჩერდით ბოლნისის მედალიონზე იმიტომ, რომ ეს მედალიონი, ისე როგორც ბოლნისის სიონის შემკულობის ზოგიერთი სხვა მხატვრული მოტივი, წარმოადგენს ზუსტად დათარიღებულ მოტივს, ზემოხსენებული სააღმშენებლო წარწერების წყალობით. აგრეთვე იმის შედეგად, რომ ბოლნისის სიონი ღრმად და ყოველმხრივ არის შესწავლილი ისეთი დიდი მეცნიერის მიერ, როგორიც არის აკად. გ.ჩუბინაშვილი. თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ბოლნისის მედალიონი წარმოადგენს ქვის მემორიალური ძეგლების შემკულობის განსაკუთრებით გავრცელებულ მოტივს, მაშინ ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორი მნიშვნელობა აქვს ამ გარემოებას აღნიშნული ძეგლების შესწავლისა და დათარიღებისათვის. ზემოხსენებულ ადგილას დაწყებულმა გათხრამ აღმოაჩინა არა მარტო სამაროვანი, არამედ მცირე ეკლესიის ნანგრევებიც. ეკლესია აშენებული ყოფილა ბოლნისის მწვანე ქვის კარგად გათლილი სხვადასხვა ზომის კვადრებით (ზომები: 0,59X0,65X0,27 მ.; 1,15X0,57X0,30 მ.; 0,85X0,39X0,29 მ. და ა.შ.). კედლების ქვები გათლილია როგორც შიდა მხრიდან, ისე გარედან და კარგადაა ერთმანეთთან მორგებული. კედლების სისქე უდრის 1,18 – 1,2 მ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ძლიერ დანგრეულია (ჩრდ. კედლიდან შერჩენილია ქვების 1-2 წყობა; სამხრეთის კედლიდან 4-5 წყობა, დასავლეთის - აგრეთვე 4-5 წყობა და აღმოსავლეთის - 6 წყობა), ნანგრევების მიხედვით მაინც კარგად იკითხება ეკლესიის გეგმა. ეკლესია წარმოადგენს მცირე ზომის სწორკუთხოვან ნაგებობას, რომელიც წაგრძელებულია დასავლეთიდან - აღმოსავლეთისაკენ (ზომები 8,3X4,65 მ.) მისი საკურთხევლის აბსიდა წინ არის გამოწეული ნახევარწრიულად. ეკლესიას ორი კარი ჰქონია - დასავლეთისა და სამხრეთისა (სიგანე - 0,8 მ). უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესიას სინათლისათვის გააჩნდა სარკმლები, ყოველ შემთხვევაში საკურთხევლის აბსიდაში მაინც. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ ეკლესიის უშუალო სიახლოვეს, მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა კარგად გათლილი დიდი ნახევარწრიული ქვა (ზომები 1,32X0,75 X0,31 მ.) და ეტყობა წარმოადგენდა სარკმლის თაღის ქვას (თაღის სიგანე 0,7 მ.).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ქვა სრულიად გლუვია. დასასრულ აღსანიშნავია, რომ ეკლესია ზუსტად აღმოსავლეთისაკენ არაა ორიენტირებული. ეკლესიის შიდა ნაწილის გასუფთავებამ მეტად მდიდარი მასალა შეგვძინა: უშუალოდ საკურთხევლის წინ, იატაკის დონეზე აღმოჩნდა ძველი ორნამენტული მოტივებით მდიდრულად მოჩუქურთმებული ქვის სტელებისა და ჯვრების 50-ზე მეტი ფრაგმენტი. აღნიშნული ძეგლებიდან 7 წარმოადგენს სტელების ორი ბაზის ფრაგმენტებს, რომლებზედაც შერჩენილია ძველი ქართული წარწერები; ფრაგმენტი წარმოადგენს სტელების კაპიტელების ნაწილებს საერო პირთა, აგრეთვე ცხოველებისა და მცენარეული მოტივების რელიეფური გამოსახულებით. განსაკუთრებით საინტერესოა ზემოხსენებული ორი ბაზის ფრაგმენტები ძველი ქართული ასომთავრული წარწერით. ადგილობრივი წითელი ტუფისაგან გამოთლილი დიდი ბაზის (ზომები 0,75X0,75X0,67 მ.) მარცხენა გვერდზე შერჩენილია ამოჭრის ხერხით შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერა, რომელშიაც ლაპარაკია ჯვრის აღმართვაზე; წარწერის ქვემოთ, სწორკუთხოვან "ჩარჩოში" (რომელიც აგრეთვე, ფონის ამოკვეთით არის შესრულებული), ცენტრში გამოსახულია სიცოცხლის, ხოლო მის ორსავე მხარეს ორი ვერძი ერთმანეთის პირდაპირ (ერთი მათგანის  მხოლოდ მცირე ნაწილიღაა შერჩენილი), არანაკლებ საინტერესოა ბაზის წინა გვერდი, რომელზედაც რელიეფურად გამოსახულია დიდი ბოლნური მედალიონი. ჯვარი ჩასმულია კონცენტრულ წრეებში, რომელთა შორის სივრცე შევსებულია დამახასიათებელი სამფურცლოვანი ყვავილებით. მედალიონის ორივე მხარეს თანაბრად მიიმართებიან ზევით მაზდეიზმის საღმრთო თავსაკრავის ბაფთები ე.წ. Kოსტი მეფობისა ან ღვთაებრიობის სიმბოლო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზედმიწევნით ასეთსავე ბაფთებს ვხედავთ ბოლნისის სიონის სამხრეთის კარიბჭის დასავლეთის კაპიტელზე. მედალიონს ზემოთ, ბაზის მთელ სიგანეზე ამოკვეთილია ორი პარალელური ზოლი, რომელთა შორის სივრცე შევსებულია ცერადკვეთილი პატარა სამკუთხედების ჯაჭვით. მეორე, მცირე ბაზა (ზომა 0,49X0,41X0,41 მ), რომელიც მომწვანო ქვისაგან არის გათლილი, შედგება 5 ნატეხისაგან. ბაზას, როგორც ეტყობა, უნდა ჰქონოდა 13-14 სტრიქონიანი რელიეფური ასომთავრული წარწერა, რომლიდანაც შერჩენილია 8 სტრიქონი (ნაწილობრივ) და მეცხრეს კვალი. წარწერა ძლიერაა დაზიანებული, მაგრამ ნაწილობრივი გაშიფრვის შედეგად მაინც ირკვევა, რომ ამ შემთხვევაშიც ლაპარაკია ჯვრის აღმართვაზე. ქვის მემორიალური ძეგლების დანარჩენი ნაწილი წარმოადგენს ჯვრების და სტელების ფრაგმენტებს. როგორც ცნობილია, ქვის დიდი ჯვრები გამოთლილი კონტურების მიხედვთი, სტელების პარალელურად, წარმოადგენენ მემორიალური ქვის ძეგლების დამოუკიდებელ ჯგუფს. ჯვრები თავისი გლუვი, წაგრძელებული ბოლოთი ისევე იდგმოდა ქვის ბაზებში, როგორც სტელები. ჯვრების პირი მდიდრულად იყო შემკული რელიეფური მცენარეული მოტივებით, პარალელური ღრმა ღარებით, ცერადკვეთილი სამკუთხედებით და სხვა მოტივებით. ისინი წარმოადგენენ ადრეფეოდალური ხანის ქართული ხელოვნების განსაკუთრებით ორიგინალურ მხატვრულ ძეგლებს და კარგად არიან ცნობილი უმთავრესად ბოლნისის ნიმუშები მიხედვით. ასეთი ჯვრების ფრაგმენტები, როგორც ეს ზევით აღვნიშნეთ, აღმოჩნდა ამ ეკლესიაშიც. ჯვრების ეს ფრაგმენტები ბოლნური ქვის ჯვრების მსგავსად შემკულია პარალელური ღარებით, სამფურცლოვანი ყვავილებით ღეროზე და უშუალო მსგავსებას იჩენენ ბოლნურ ჯვრებთან, რომლებიც დათარიღებულია V, VI და VII -საუკუნეებით. ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ ქვის სტელების ფრაგმენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოთხწახნაგოვან ქვის სვეტებს (ზოგჯერ მათი სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევდა) შემკულს სხვადასხვაგვარი მხატვრული მოტივებით. ასეთი სტელები იდგმოდა ქვისაგან გამოთლილი შესაბამისი სიდიდის ბაზებში.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მდ.დამბლუტისწყლის ხეობის მცირე ეკლესიის გაწმენდის დროს აღმოჩენილი სტელების ფრაგმენტები სხვადასხვა ზომისაა. სტელები შემკულია სხვადასხვაგვარი რელიეფური მხატვრული მოტივებით. ასეთია მაგ. სტელები შემკული ბუნზე დადგმული რელიეფური ბოლნური მედალიონით. მედალიონის ბუნი, თავის მხრივ შედგმულია ჩვეულებრივად 3-4 ხარისხიან კვარცხლბეკზე. მედალიონის ქვეშ, ორივე მხრიდან ზევით არის აზიდული ლამაზი ნახევარპალმეტტ" ხოლო კვარცხლბეკის ხარისხები ჰორიზონტალურ სიბრტყეში შემკულია პატარა სამკუთხედებით ან სამფურცლოვანი ყვავილებით. უბეები, ყვავილებს შორის შევსებულია პატარა "ნაძვის ხეებით". ასეთი კომპოზიცია ჩვენს ფრაგმენტზე ორჯერ მეორდება ვერტიკალურ სიბრტყეში. ზუსტად ასეთსავე კომპოზიციას ჩვენ ვხედავთ, ერთის მხრივ, იმ სტელების ფრაგმენტებზე, რომლებიც აღმოჩენილია ბოლნისში, ს.თეკენებში. აგრეთვე რიგ სხვა პუნქტში. მეტად გავრცელებული ჩანს ვაზის რტოს მოტივი. ამ ჯგუფის სტელების ფრაგმენტებზე ვაზის რტო თავისი მტევნებით, ფოთლებითა და ე.წ. ულვაშებით გამოსახულია რელიეფური ზიგზაგებით. ბუნებრივია, ძეგლები სამ ჯგუფს მიეკუთვნება სტელების კაპიტელები საერო პირების, მცენარეული და გეომეტრიული მოტივების, აგრეთვე ცხოველების რელიეფური გამოსახულებებით. კაპიტელების ასეთი ფრაგმენტები პირველად აღმოაჩინა ჩვენმა ექსპედიციამ და უეჭველია დიდად საინტერესოა მეცნიერულად. ეს ინტერესი იმითაც ძლიერდება, რომ საერო პირები კაპიტელებზე გამოსახულნი არიან იმ დროისათვის დამახასიათებელ ტანსაცმელში. მიუხედავად კაპიტელების შემკულობის თავისებურებისა, ჩვენ აქაც ვამჩნევთ ქვის ძეგლების შემკულობისათვის დამახასიათებელ არქაულ მოტივებს როგორიცაა, მაგ - ცერადკვეთილი პატარა სამკუთხედების ჯაჭვი, სამფურცლოვანი ყვავილები, ბოლნისის სიონის შემკულობის ტიპის მცენარეული მოტივები. სტელების ზემოჩამოთვლილი ორნამენტული მოტივები ბოლნური მედალიონი, აყვავებული ჯვრის გამოსახულება, სამკუთხედები, სამფურცლოვანი ყვავილები, ვაზის ყლორტის მოტივები პირდაპირ მსგავსებას იჩენენ, როგორც თვით ბოლნისის სიონის ორნამენტულ მოტივებთან, ისე მის კედლების წყობასა და სიონის ეზოში აღმოჩენილ სტელების ფრაგმენტებთან. აკად. გ.ჩუბინაშვილი ზემოაღნიშნული ტიპის სტელების ფრაგმენტებს მიაკუთვნებს "უძველეს ეპოქას ე.ი. დროს ბოლნისის სიონის დაარსებიდან მოყოლებული და გათავებული VII-IX სს. ეს ფრაგმენტები კიდევ უფრო მეტ მსგავსებას ამჟღავნებენ ს.უკანგორის, ოროზმანის და განსაკუთრებით კი თეკენების ფრაგმენტებთან, რომელთაც ლ. მუსხელიშვილი ათარიღებს VI–VII სს. ასევე ათარიღებს ჯუანშერ ამირანაშვილი იმ სტელებს ბოლნური მედალიონების რელიეფური გამოსახულებით, რომლებიც აღმოაჩინა აკად. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ბოლნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, 1959 წელს, ბოლნისის სიონის მახლობლად, ე.წ. ლამაზ გორაზე. დიდი მნიშვნელობა აქვთ წარწერებს; როგორც უკვე იყო ზევით აღნიშნული წარწერების ფრაგმენტები შერჩენილია სტელების ორ ბაზაზე ძლიერ დაზიანებული სახით. მიუხედავად იმისა, რომ წარწერები, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გაშიფრული, ადამიანს თვალში ეცემა დათარიღებისათვის მნიშვნელოვანი ასოების „ბ“-ის „ვ"-ესა და "შ"-ის უძველესი მოხაზულობა; დასახელებულ ასოებს მცირე ბაზის წარწერაში თავები შეკრული აქვთ, ისევე, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ ცნობილ ქართულ უძველეს წარწერებში და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბოლნისის სიონის წარწერებში. ზემოდასახელებულ ასოთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასო „ბ“-ის მოხაზულობას, რომელსაც VII საუკ. დასაწყისის ძეგლის - მცხეთის ჯვარის წარწერებში, თავი ოდნავ გახსნილი აქვს.

(+) 

მაშასადამე, მცირე ბაზის ქართული წარწერები თამამად შეიძლება დავათარიღოთ V–VI სს. დასაწყისით. ზემოხსენებულ ეკლესიაში აღმოჩენილი ქვის მემორიალური ძეგლების მთელი კომპლექსისა და, აგრეთვე მდიდარი შედარებითი მასალის (ბოლნისის, უკანგორის, ოროზმანის, თეკენებისა და სხვა პუნქტებიდან) წინასწარი შესწავლა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ ძეგლების ძირითადი ნაწილი შეიძლებადა დათარიღოთ V-VII სს. დასაწყისით. ასეთ დათარიღებას მხარს უჭერს თვით ეკლესიის შესწავლაც. უჩვეულოდ სქელი კედლები (სიგანე, 1,18–1,2 მ.) აშენებული კარგად გამოთლილი დიდი კვადრებით; აღმოსავლეთის ფასადის აფსიდა ნახევარწრიულად გარეთ გამოწეული; ყოველგვარი დეკორატიული შემკულობის უქონლობა; არასწორი ორიენტაცია, ამ ეკლესიის მსგავსება ქართული არქიტექტურის ზოგიერთ ძველ ძეგლთან, აგრეთვე უძველესი მემორიალური ძეგლების აღმოჩენა ეკლესიის შიგნით, საფუძველს გვაძლევს დავათარიღოთ აღნიშნული მცირე ეკლესია V-VI სს.

ამგვარად, ძველქართული წარწერები სტელების ბაზებზე, ეკლესიის არქიტექტურა, ქვის მემორიალური ჯვრებისა და სტელების არქაული ორნამენტული მოტივები, ჩვენ ვფიქრობთ, სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან დათარიღების საკითხში. საჭიროდ მიგვაჩნია აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ ძეგლების შესწავლა ჯერ არ დამთავრებულა; მიმდინარე წელს დმანისის არქეოლოგიური ექსპედიცია განაგრძობს გათხრებს ზემოხსენებული მცირე ეკლესიის გარშემო. მოსალოდნელია გათხრებმა შეგვძინოს ახალი საგულისხმო მასალა, რომელიც ხელს შეგვიწყობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტებაში, მათ შორის თარიღის დაზუსტებაში. დასასრულ, აღსანიშნავია, რომ დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ზემოხსენებულ ეკლესიაში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი და დიდად მნიშვნელოვანი მემორიალური ძეგლები ჩამოიტანა თბილისში და დასაცავად ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.