There are no translations available.
< უკან დაბრუნება . < საქართველოს ციხე-სიმაგრეები>
პარმენ ზაქარაია (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი) - ქვემო ქართლის ზოგიერთი ციხე - სიმაგრე // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ 20, გვ. 44 -51
ქვემო ქართლი, ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი დიდი ნაწილი, გამოყოფილი ცალკე ერთეულად არასოდეს არ ყოფილა, ამიტომ იქ ვერ ვნახავთ დაცვის ერთიან სისტემას. იქ ვხედავთ, როგორც ერთიანი საქართველოს, ისე გვიაპერიოდის ცალკეული სათავადოების სიმაგრეებს. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ისეთი დიდი ნაქალაქარები, როგორიცაა სამშვილდე და დმანისი. ეს ქალაქებიც ფაქტიურად ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენენ. მრავლადაა ამ ტერიტორიაზე როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის ციხეები, ისე ციხე-დარბაზები, საგუშაგო კოშკები და სხვა. ბლომადაა აგრეთვე ეკლესია-მონასტრები, რომელთა გალავანი დაცვისათვის იყო განკუთვნილი. ცხადია, ამ მოკლე წერილში ჩვენ ზემოთ მოყვანილ მრავალფეროვან მასალას მთლიანად არ შევეხებით, არამედ მოკლედ მოვხაზავთ მხოლოდ რამდენიმეს.
ფარცხისის ციხე მდებარეობს მდ.ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთ მაგისტრალურ გზაზე მდებარეობდა. აქედან კარგად მოჩანდა ისეთი სახელგანთქმული ციხეები, როგორიცაა ბირთვისი, ორბეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოჯრის მიდამოებიც. ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები. გათხრების ჩატარებამდე გეგმაც არ იკითხება მთლიანად, ხოლო ჩანს შემდეგი: ციხეს გრძელი გეგმა ჰქონია, ბოლოებში მომრგვალებით. როგორც ეტყობა, ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა. ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე მოკავებულ ჰქონდა ციტადელს, ხოლო მის ირგვლივ, თითქმის კონცენტრულად, გადიოდა გალავანი, რომელთა კვალი ამჟამად მხოლოდ დასავლეთით და ჩრდილოეთი ჩანს. ციხის გარე კედლებში შესასვლელი არ ჩანს, ხოლო ზედაში ჩრდილოეთითაა. ჭიშკარი განიერია და თაღით ყოფილა გადახურული. განსხვავებით სხვა მონაკვეთებისაგან აქ აგურია გამოყენებული და რესტავრაციის აშკარა კვალს ატარებს. ციხის ძველი კედლები კი ამოყვანილია რიყისა და ყორე ქვით. ზოგან ზედა ფენებში თლილი ქვაცაა ნახმარი. ციტადელის დასავლეთის მონაკვეთი გამოყოფილი ყოფილა. ეს მონაკვეთი ორმაგი კედლებითაა შემოზღუდული. საკოჭავების მიხედვით სამი თუ ოთხსათულიანი დიდი ზომის კოშკი უნდა ყოფილიყო. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსოა, საიდანაც იწყება გვირაბი. ადგილობრივთა გადმოცემით, გვირაბი ამ მხარეს გამავალ პატარა მდინარე ფარცხისში ჩადიოდა. მდინარემდე სამასიოდე მეტრია, მაგრამ რადგან გვირაბის ბოლო არსად ჩანს, ამიტომ გადმოცემის შემოწმება მხოლოდ გათხრებს შეუძლია. ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV (1027 -1072 წწ) დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრეა აგებული. ფარცხისი მრავალი ომის მოწმე იქნება, მაგრამ მათ შესახებ მხოლოდ მცირე რამ ვიცით.
ბირთვისის ციხე მდებარეობს ფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე და მდ.ალგეთის ჩრდილოეთით სამიოდე კილომეტრზე. ციხისკენ მიმავალი გზა მეტად ვიწრო ბილიკია, რომელიც მიყვება მაღალი კლდეებით შემოფარგლულ ნაპრალს. ბილიკი მიემართება სულ მაღლა, მაღლა და ბოლოს ადგება თითქმის შვეულად მიმავალ საფეხურებს, რომელსაც მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი გაგების ციხე, ე.ი. ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ თქვენს წინ გადაიშლება იშვიათი სილამაზის სანახაობა - ირგვლივ ცამდე აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ჩვენს წინაპრებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. იქვე შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ეს კოშკი, როგორც ეტყობა, გვიან პერიოდშია შექმნილი, მაგრამ სხვაგან გვხვდება გაცილებით უფრო ადრეული ფენები. ბირთვისის ციხე პირველად XI ს. შუა ხანებში იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა XVIII ს. ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა. ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი ერთგან წერს: "ბირთვისის ციხის ომი, ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ“. მართალია. სხვადასხვა წყაროებიღან ვიცით. რომ ბირთვისი რამდენიმეჯერ იყო აღებული. მაგრამ პირდაპირი იერიშით არასოდეს არ აუღიათ. ყოველთვის მოტყუებით, მოსყიდვით, ეშმაკობით იღებდნენ ამ საოცარ ციხეს. ამ მრავალთაგან აქ მოვიყვანთ მხოლოდ ერთს. თემურ - ლენგი ერთ -ერთი შემოსევის დროს მიადგა ბირთვისის ციხეს, რომელიც „იყო დიდად განმაგრებულ“. „ხოლო სპანი ლანგ - თემურისანი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭვუნვარე იყვნეს და უარჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე“. თემურ-ლენგს, რომლის წინაშე მთელი აზია თრთოდა და აუღებელი ციხე არ დარჩენია, ცხადია, აქაც არ შეჩერებულა და ჯარი იერიშზე გადაიყვანა. ციხოსანნი გამოუხდნენ და სისხლის ღვარი დააყენეს, მტერი გააქციეს და ისევ შებრუნდნენ. გაბოროტებულმა თემურმა მთელი ჯარით ალყა შემოარტყა და "აღუშენა გარემოს ციხეები საფრად... და "თვით-" მიადგა წინა - კერძო ბჭესა მის ციხისასა, და მუნცა აღაშენა ცახე". ამასთანავე, გასცა ბრძანება ეწარმოებინათ შეუპოვარი ბრძოლა. ამ ხერხმაც ვერ გასჭრა, რადგან მტკიცედ იყვნენ დამცველები. პირდაპირი გზით, რომ ვერაფერი გააწყვეს სხვა გზა მოძებნეს. ვიღაცის საშუალებით გაიგეს ციხის სუსტი ადგილი, დაამზადეს თოკის კიბე და ვინმე "მეგვიპტელის" საშუალებით კლდის წვერზე მოაბეს და ჩუმად შეიპარნენ. დამცველებმა, როცა შეიტყვეს გვიან იყო. თავდადებულმა ბრძოლამ ისინი ვერ იხსნა დამარცხებისაგან, რადგან თემურის ჯარი უთვალავი იყო.
კლდეკარი მდებარეობს თრიალეთის მთებში მაღლა. იმ წყალგამყოფ ქედზე. რომლის ერთ მხარეს წალკაა, ხოლო მეორე მხარეს თეძმისა და ტანას ხეობებით ქართლისკენ მიმავალი გზები. კლდოვანი ქედი ორგანაა გახსნილი. ქვემოთ მდებარე უფრო ვიწრო და სალი კლდეებითაა შემოფარგლული. ზედა კი დაბალია და მისადგომადაც შედარებით ადვილი. ქართლიდან წალკა-თრიალეთისკენ მიმავალი მგზავრი ამ კლდეკარს ვერ აცდებოდა. აქ კი ბაღუაშთა ციხე-დარბაზი არწივის ბუდესავით იყო გაკრული კლდეზე და ფხიზლად დარაჯობდა საკუთარ სამფლობელოს. კლდეკარი ბაღუაშთა ნასახლარიდან მცირე ფრაგმენტებია დარჩენილი. სადღაა ზვიად ბაღუაშთა სასახლეები. მათი მაგარი ციხე, რომლის აღებას ვერ ბედავდნენ? ესენი ისეთი ქედმაღლები იყვნენ, რომ მეფეებსაც არ ეპუებოდნენ. ამჟამად ზედა გასასვლელის გვერდით შემაღლებაზე რომელიღაც სიმაგრის უმნიშვნელო ნაწილია შერჩენილი. კლდეკარს მეტად რთული და მშფოთვარე ცხოვრება ჰქონია. აქ ციხის აგება, მთელი მისი არსებობა და დაქცევაც უშუალოდ ბაღუაშთა გვარის აღზევებასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა თუ მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ მათ ბრძოლასთანაა დაკავშირებული. კლდეკარის ციხის აგებაზე „მატიანე ქართლისას" ავტორი წერს, რომ "შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა". ეს ამბავი მომხდარა IX ს. 70-იან წლებში. კლდეკარის ერისთავები შემდეგში ძალიან ძლიერდებიან. მათთან ბრძოლების მრავალი შემთხვევიდან ჩვენ აქ ერთს მოვიყვანთ. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ მეფე ბაგრატ III -ს არ ემორჩილებოდა კლდეკარის ერისთავი რატი. მას კი ერთგვარად მფარველობდა დავით კურაპალატი. ძლიერი მამობილის წინააღმდეგ წასვლა კი ბაგრატს არ უნდოდა. როდესაც ერთი შემთხვევის შემდეგ დავითმა ნება დართო ბაგრატს ისე ემოქმედნა, როგორც თვითონ ამჯობინებდა, მან დასძრა ჯარი. ციხეში მყოფი რატის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. მეფემ პირდაპირ შეტევას ხერხით მოქმედება არჩია. იგი თრიალეთიდან ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო როდესაც ზამთარი დადგა, მთელი თავისი ჯარით მოულოდნელად თავზე წაადგა რატის. რატი მზად არ იყო დასახვედრად, ამიტომ უბრძოლველად დანებება არჩია. გამოვიდა ციხიდან, თან გამოიყვანა თავისი ძე ლიპარიტი და შეევედრა მეფეს პატიებას. მეფემ ციხე დაიკავა, რატი კი წავიდა არგვეთში. ბრძოლა მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის განსაკუთრებით XI ს. 20 - იანი წლების ბოლოს გამწვავდა. მან, გარდამავალი უპირატესობით, რამდენიმე ათეულ წელს გასტანა. პირველ ხანებში კლდეკარის მფლობელი, ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაგრატ IV -ის მხარეს იყო. როცა ბიზანტიის ცეისარმა, კონსტანტინემ, დაპყრობის მიზნით 1028 წელს საქართველოში სარდალი პარაკიმანოსი გამოაგზავნა ურიცხვი ლაშქრით, ლიპარიტმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარის ციხესთან მოსულ მტერს და აიძულა უკან გაბრუნებულიყო (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 277). მომდევნო წლებში კი ლიპარიტსა და ბაგრატს შორის განხეთქილება მოხდა. 50 - იანი წლების ბოლოს ლიპარიტი ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ბატონ - პატრონი გახდა, უფლისწულის აღზრდაც მიისაკუთრა და მცირეწლოვანი გიორგი მეფედ აკურთხა. კლდეკარის მფლობელ ლიპარიტის ბატონობა არაფრად მოსწონდა სხვა დიდებულებს და განიზრახეს მისი თავიდან მოცილება. სულა კალმახელმა სხვების დახმარებით შეიპყრო ლიპარიტი და მისი ძე ივანე და მეფეს მიჰგვარა. გახარებულმა მეფემ ურჩი ყმის შემპყრობნი დიდად დაასაჩუქრა. სულამ ლიპარიტს წაართვა ისეთი მაგარი ციხეები, როგორიც იყო არტანუჯი, უფლისციხე, ბირთვისი და ყველის ციხე, მაგრამ კლდეკარი თვით მეფის ჯარმაც კი ვერ აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფემ მეციხოვნეებს აღუთქვა, რომ ლიპარიტსა და ივანეს უვნებლად გაუშვებდა, ციხე დანებდა. მეფემ ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა, ლიპარიტი აიძულა ბერად აღკვეცილიყო, ივანეს კი არგვეთი დაუტოვა (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 304, 305). დავით აღმაშენებლის გამეფების პირველ ხანებში კლდეკარის ერისთავი ლიპარიტი მეფეს ერთგულებდა, მაგრამ შემდეგ მას ზურგი შეაქცია. 1094 წელს დავითმა ლიპარიტი შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საბერძნეთს გააძევა, კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა. ცხადია, კლდეკარის ციხეც ერთხან დაკარგავდა თავის ძველ ძლიერებას. იმავე ისტორიკოსის ცნობით, XII საუკუნის დასაწყისში თრიალეთი და კლდეკარი ჭყონდიდელის დისწულს, ვინმე თევდორეს ჭერია (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 324, 331). მეტად უსიამოვნო ფაქტის მოწმე გამხდარა კლდეკარის ციხე 1177 წელს. როგორც ცნობილია, გიორგი III - ს აუჯანყდა ძმისწული დემნა, რომელსაც ბევრმა დიდგვარიანმა დაუჭირა მხარი. მათ შორის მთავარ დასაყრდენს ორბელნი წარმოადგენდნენ. მეფემ დაამარცხა მოწინააღმდეგენი, ხოლო დემნას კი კლდეკარში თვალები ამოსწვეს. მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ერისთავები უკვე ნაკლებ როლს თამაშობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც კლდეკარი იშვიათად გვხვდება მატიანეთა ფურცლებზე.
ხულუტის ციხე მდებარეობს ხრამის (ქციის) ხეობაში, განთქმული ფიტარეთის მონასტრის მიდამოებში. ამ ადგილებში ხეობა მეტად ღრმაა, ტყით დაფარული და ლამაზი. ფიტარეთთან ცოტათი გაშლილია ხეობა, შემდეგ თანდათანობით ვიწროვდება და იქ სადაც ყელი იქმნება, აღმართულია ციხე. ეს ციხე ფაქტიურად ჰკეტავს ხეობას და აქ გავლა მის აუღებლად მტერს არ შეეძლო, ხოლო ციხე ისეთი მტკიცეა, რომ მისი აღება საკმაოდ ძნელი იქნებოდა. ეს მხარე უკანასკნელ საუკუნეებში ორბელიანების ერთ-ერთ შტოს, ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. ალ. ორბელიანის გადმოცემით, ხულუტის ციხე ყაფლან ორბელიანს აუგია XVII ს. პირველ მესამედში. ციხე ძირითადად ორ მონაკვეთადაა გაყოფილი და მათ აერთებს შუაში მდებარე ეზო. თითოეულ მონაკვეთს კოშკები განსაზღვრავს. ციხის კედლებში დიდი და პატარა ხუთი კოშკია ჩაქსოვილი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელია, შემდეგ უკვე თავდაცვითი. კოშკებში გამოირჩევა ჩრდილო - დასავლეთისა, ფაქტიურად იგი კოშკურად გადაწყვეტილი სასახლეა, რომელსაც მთელ სიმაღლეზე კედელი ჰყოფს თითოეული ნაწილი დაყოფილია სართულებად, მაგრამ რაკი შენობა ქანობზე დგას. მათი დონეებიც სხვადასხვაა. გამყოფ სქელ კედელში საფეხურებია მოწყობილი. კოშკის ჩრდილო ნაწილში ექვსი, სამხრეთ ნაწილში კი შვიდი საცხოვრებელი სართულია. ბოლო, ე.ი. მეშვიდე და მერვე სართულები საბრძოლოა, აღჭურვილია ნისკარტა ფორმის სალოდეებით. ზედა, საცხოვრებელ სართულებს დიდი, თითქმის კედღის სიგანის, ფანჯრები აქვს. როგორც წესი, სართული ნათდება ორ - ორი ფანჯრით, მაგრამ არის გამონაკლისი, სადაც იგი სამი ან ოთხიცაა. საჭიროების მიხედვით მოთავსებულია ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები. აღწერილ კოშკს სიდიდით ჩამორჩება სამხრეთ - აღმოსავლეთის კოშკი. იგი პატარაა, მაგრამ კოხტა. მისი ოთხი სართულიდან სამი საცხოვრებელია, მეოთხე კი - საბრძოლო. კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაო მაღალი კლდიდან, მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით, თვით გვირაბში კი ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომიდან, რომელიც რთულია და ეტყობა, განმანაწილებლის როლს ასრულებდა. აქედანვე შეიძლება მოხვდეთ ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში და სხვ. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი იყო, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული. იქვე, მარცხნივ არსებული, მესამე კოშკი კიდევ უფრო პატარაა. იგი ძირითადად აღმოსავლეთის კარის მისადგომებს იცავდა. აქვს პატარა კარი, კედლებში მოწყობილია სათოფეები, სარკმელი და ბუხარი. ჩრდილო - აღმოსავლეთის ცილინდრული კოშკიც ნაწილობრივ შესასვლელს იცავდა. ეზოს სივიწროვის გამო მასში მოხვედრა გაძნელებულია. სამივე სართულზე სათოფეებია განლაგებული, მეორე სართულზე კი სამი სალოდეცაა. ზემოთ სათოფეებით გაწყობილი ქონგურებიანი ბანია. ამ გალავნის საბრძოლო ბილიკებზე გასვლა კოშკის გვერდითა კარებიდან ხდებოდა. ციხის მეხუთე და უკანასკნელი კოშკი მდებარეობს სამხრეთ - დასავლეთის კუთხეში. ისიც ნაწილობრივ ციხის მეორე შესასვლელს იცავს. ორ სართულს კამაროვანი გადახურვა აქვს ზემოთ აქაც სალოდითა და სათოფეებით გაწყობილი ბანია. ციხე ნაგებია მტკიცედ, ადგილობრივი კლდის ქვით.
ქოლაგირის ციხე მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია. სწორედ ასეთ ადგილზე აშენებდნენ XVIII ს. შუა ხანებიდან დიდ ციხეებს, რომელსაც გალავანს ეძახოდნენ. ქართლ - კახეთში ლეკების თავდასხმა ისეთი ხშირი და მოულოდნელი იყო, რომ მოსახლეობა მთელი სარჩო-ს აბადებლით სწრაფად უნდა დახიზნულიყო. ამის გამო სახიზრად დიდი ტევადობის ციხეებს აგებდნენ შიგ სოფელში, ან სოფლებს შორის. ასეთ ციხეს ჭიშკარი ჰქონდა, რადგან ტრანსპორტს უნდა ემოძრავა. ციხე დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა, ამიტომ მას სპეციალური გარნიზონი არ ჰყავდა. ციხის დამცველები შეხიზნულთაგან შედგებოდა. ქართლ - კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ - ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788 – 1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. "ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. ამ გალავნის გეგმა კვადრატულია და ფართობი 2000 კვ. მ. აღემატება. ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, ხოლო მათ შორის ნახევარწრიული შვერილებია, რომ თავდასხმის დროს ირგვლივ "მკვდარი წერტილები" არ ყოფილიყო. ამათ გარდა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრებში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია მოწყობილი. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთნაირი გადაწყვეტისაა. სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვითია, სადაც განლაგებულია სათოფეები, სალოდეები და საზარბაზნეები. ქოლაგირის ციხეს ცოტა ხანს მოუხდა ქვეყნის სადარაჯოზე დგომა. XIX ს. დასაწყისიდან მან სხვა ციხეებთან ერთად დაჰკარგა თავისი ფუნქცია.
|