There are no translations available.
< უკან დაბრუნება <<<ტრადიციები და სიმბოლიკა, ქართული სამუშაო იარაღი>>>
გიორგი ჯალაბაძე (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მეზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - ჭივჭაველი გუთნისდედა //ძეგლის მეგობარი 1970 წ., კრ.20., გვ.31-35
ახლა ჭივჭავას სახელწოდებით ქვემო ქართლში დასახლებული სოფელი აღარ არსებობს. ჭივჭავას სახელი პატარა მდინარეს შერჩა, რომელიც ბედენის მთას გამოუდის და სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ამ მდინარის პირას იყო გაშენებული ძველისძველი სოფელი ჭივჭავა. როგორც 1948-1954 წლებში აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადჰყო, სოფელ ჭივჭავას XVI საუკუნის ბოლოს შეუწყვეტია ცხოვრება. მას შემდეგ ჭივჭავა ნაჭივჭავებად მოიხსენიება ხალხში და სამეცნიერო ლიტერატურაში. ჭივჭავას ნამოსახლარი მიდამო მეტად საინტერესო სურათს იძლევა. პირველ რიგში აქ ყველაზე გამოკვეთილად ნაკალოვარი ადგილებია შემორჩენილი. მნახველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს 3 საუკუნის წინ კი არა, რაღაც 20-ოდე წლის წინ იყო მიტოვებული. ნაკალოვარი ადგილები მრგვლად არის მოსწორებული, ირგვლივ ზოგს ცოტა მობეგებული შემაღლება აქვს და ტაფობს მიაგავს. ზოგიერთ კალოს ირგვლივ ქვები აქვს შემორიგებული, რომ პურის ლეწვის დროს ხარს გარეთ არ ეწია და ბზე და ხვავი კალოს გარეთ არ გადაბნეულიყო. ჭივჭავას ცოტა ზემოთ ნადარბაზევის ახლოსაც არის ერთი მიტოვებული ნასოფლარი. აქაც იგივე სურათი მეორდება. ნაკალოვარი ადგილების გვერდით მოზრდილ ფართობიანი მშრალი წყობით ნაგები შენობის კვალი შეიმჩნევა. ეტყობა, ეს საბძლები უნდა იყოს. ქვემო ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში ხომ საბძლების დიდი კულტურა არსებობდა, პირუტყვის საკვებად ბზის დიდი ოდენობით დაუნჯებას სათანადო ყურადღება ექცეოდა: ხალხური გადმოცემით, საბძელში როცა გარკვეული რაოდენობის ბზეს ჩაყრიდნენ, შემდეგ შიგ ღამის თევით კამეჩებს შერეკავდნენ, რომ ზედ დგომითა და წოლით ბზე მაგრა დაეძეკნათ და მეტი რაოდენობით მოეთავსებინათ. ნაჭივჭავების ტერიტორია არქეოლოგიური კვლევის ობიექტი 1949 წლიდან გახდა. უფრო ადრე ამ მიდამოებში ახლო სოფლის განძის მაძიებლებს უწარმოებიათ თხრა. განძის მაძიებელთა დაინტერესება, როგორც სოფ.ვარხუნოელმა დარჩო აღალოს ძე ახიჯანოვმა (70 წლისა, 1953 წ.) გადმოგვცა, შემდეგ გარემოებას მოჰყოლია.
ერთ ვარხუნოელ კაცს თბილისში ქარვასლა ჰქონია. ამ ქარვასლაში ერთხელ ასე 60 წლის წინ (მასალა 1953 წელშია ჩაწერილი) გაჩერებულა ერთი კახელი მოხუცი კაცი, მას თან ჰყოლია თავისი შვილებიც. ქარვასლის პატრონისთვის სადაურობა უკითხავს, მას ჭივჭავა დაუსახელებია. აღსანიშნავია, რომ ვარხუნოელები დღესაც ჭივჭაველობას იტყვიან, ვიდრე ვარხუნოელობას, თუმცა ვარხუნოც ისეთივე ძველი სოფელია, როგორც ჭივჭავა. 1706 წლის საბუთიდან ჩანს, რომ ვარხუნოელი გლეხი საკმაოდ მოძლიერებულია. მაგ: ვარხუნოელ ერთ საკვამლო ნურალაშვილს გააჩნდა თავისი მამული, მიწა-წყალი, მთა, ბარი, სახნავ, უხნავი, სახლ-კარი, ჭურ-მარანი, წისქვილი, ტყე და ველი (დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ.I, გვ. 131). ანალოგიური მდგომარეობა იყო ჭივჭავაში. არც ჭივჭავაში და არც ვარხუნოში ვენახი არა გვარობს, მაგრამ საბუთში ჭურ-მარანი მაინც მოიხსენიება. საბუთში მოხსენებული მამულიც ვენახს უნდა გულისხმობდეს და შესაძლებელია ეს მამული ვარხუნოელ და ჭივჭაველებს ასევე სხვა სოფლებსაც დაბლა ბარში გააჩნდათ. ძირითადი, რაც ჭივჭაველების სამეურნეო ცხოვრებას განსაზღვრავდა, როგორც ჩანს, მაინც მემინდვრეობა იყო. ამას ნათლად ადასტურებს ჭივჭავას ნასოფლარის არქეოლოგიური მასალები და მიწის ზედა ძეგლები, რომლის შესახებ ვარხუნოელი მექარვასლესათვის იმ მოხუც კახელს უამბნია; "ჩვენი წინაპრები ჭივჭავადან არიან კახეთში გაქცეულები. მანდ ჩვენ ძალიან დიდი სიმდიდრე დაგვრჩა და თუ შევიძელი უნდა წავიდე მოვიძიოვო", მაგრამ ეს კაცი ისე ყოფილა დაუძლურებული, რომ ქალაქშივე გარდაცვლილა და შვილებს ჭივჭავასთვის აღარ მიუკითხია, მექარვასლე კი შესდგომია ჭივჭავას ნასოფლარის თხრას და ძიებას, რომელსაც შემდეგ სხვა ვარხუნოელებმაც თურმე მიბაძეს. მოხალისე "არქეოლოგებმა" ალბათ ბევრი რამ იმსხვერპლეს, მაგრამ გადარჩა რამდენიმე მიწის ზედა ნაშთი, რომელთაგან აღსანიშნავია "გუთნის დედის" საფლავის ქვა. გუთნის დედობა იმთავითვე საპატიო ხელობად იყო აღიარებული და გარდაცვალების შემდეგ მისდამი პატივისცემა საფლავის ქვის მხატვრობაშიც გამოუხატავთ. ჭივჭავას საფლავის ქვებიდან ერთი "გუთნისდედაა" მხოლოდ შემორჩენილი. ერთი ქვა, რომელზედაც ექვსუღლიანი სახვნელი ყოფილა გამოხატული გუთნისდედით, ხელი მანჭაზე ეკიდა და ფეხი კბილაზე ჰქონდა თურმე დადგმული. ის თეთრწყაროელ ქვის მოხელეებს წაუღიათ და საამშენებლო დანიშნულებით გაუთლიათ. (სამწუხაროდ, ამ გზით და ამ მიზნით ქვემო ქართლში არაერთი ძეგლი ნადგურდება. ნადარბაზევის ნაგებობის პერანგი სავალალოდ არის შემოძარცული). ჭივჭაველი გუთნისდედის სამახსოვრო ქვა საკმაოდ დიდი ზომისაა 1,43X1,93 სმ-ზე. ქვაზე ადამიანის ორი ფიგურაა ამოკვეთილი. გულზე ჯვარედინათ ხელებდაკრეფილ მდგომარეობაში. ნაოჭებიანი ჩასაცმელი წელთან ბოლოვდება, ქვედა კიდურები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შიშველ მდგომარეობაშია გამოხატული, საგანგებოდ არის გამოყოფილი მუხლის კვირისტავები. მარცხნივ და მარჯვნივ მოკლე, წელში გახრილი სატევარებია გამოხატული, რომლებიც თავის ფორმით სამთავროს IX- X საუკუნის არქეოლოგიურ სატევრებს წააგავს. მარჯვენა ფიგურის გვერდში სახვნელია გამოხატული. რომელიც გარდაცვალებულის გუთნიდედობაზე მეტყველებს. ჭივჭავას საფლავის ქვაზე გამოხატული სახვნელი იარაღი ფამფალაკიანია. რომელსაც ტოლი გოგრები გააჩნია. სახვნელის აგებულებაში არა ჩანს ფრთა და საკვეთელი. სახნისი კი კარგად არის გამოყვანილი. მხატვრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. ქვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ჯილღა სახვნელი. საფლავის ქვებზე სახვნელები გამოხატვისას ხელოსნები ხშირად აკლებდნენ ხოლმე რომელიმე დეტალს. მაგრამ ძირითად დეტალებს მაინც ისეთს ტოვებდნენ. რომელთა საშუალებითაც სახვნელის რაობას მნახველი შეიცნობდა. ასეა უსაკვეთლოდ გამოხატული სახვნელი სოფელ ზველის საფლავის ქვაზე (გიორგობის ეკლესიასთან ცხვრის ქანდაკის მარჯვენა გვერდზე), რომელიც აგრეთვე ჯილღა სახვნელს წარმოადგენს სოფელ ხიზაბავრის საფლავის ქვაზედაც უსაკვეთლო სახვნელია წარმოდგენილი; ასევეა ბარალეთის ზოგიერთი ქვის მხატვრობაში. სოფელ ზემო ნიჩბისში შაქრო კანდელაკიშვილის საფლავის ქვის (გარდ. 1919 წ.) მხატვრობაში სახვნელს ფრთა არ გააჩნია, მაგრამ მის აღნაგობაში მსხლის ფორმით შეერთებული მანჭების გამოხატვით ხელოსანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ფრთიანი დიდი გუთანი წარმოადგინა. ჭივჭავას საფლავის ქვაზე რომ ჯილღა სახვნელია წარმოდგენილი. ეს კარგად ჩანს გამწევი ძალისათვის გამოხატულ უღელთა რაოდენობიდანაც სახელდობრ, მასში ოთხი უღელია გაბმული. რაც ჯილღა სახვნელისათვის საკმარის გამწევ ძალად ითვლებოდა. ჯილღა სახვნელი, როგორც შუასაუკუნეების საქართველოში, ისე გვიან დროისათვისაც ქვემო ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში საკმაოდ გავრცელებულ იარაღს წარმოადგენდა. სახვნელის ეს სახეობა სხვებისაგან იმით გამოირჩევა, რომ იგი ზეგანის მიწათმოქმედების საანეულო სისტემასთან არის დაკავშირებული, რომელიც ბარის საანეულო სისტემისაგან მრავალი ნიშნით გამო ირჩეოდა. სახელდობრ, ნიადაგის მრავალგზისი გადახვნა, ნიადაგის მსხვრევით ნაცვლად ფრთიანი სახვნელით უწყვეტ ლენტად მიწის გადაბრუნებისა, - იწვევდა მზის სხივების ნიადაგში უხვად და მრავალგზის შეღწევას, რაც ზეგანის გრილი ნიადაგებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ჯავახეთში ამბობდნენ; "მიწას ერთხელ მოხნავ - ერთ მოსავალს მოგცემს, ორჯერ მოხნავ - ორ მოსავალსო“. ეს პირობა ქვემო ქართლსა და მესხეთ - ჯავახეთში საუკუნოვანი ტრადიციებით იყო განმტკიცებული. ქვემო ქართლის მემინდვრეობაში ფართოდ იყო გამოყენებული ფორჩხი, რომელიც საანეულო სისტემის აუცილებელ იარაღს წარმოადგენს. ფორჩხის სიკეთე მემინდვრეობაში იმდენად დიდი იყო და იმდენად ძველი იარაღი ყოფილა რომ იგი მეზობელ სომხებსაც გადაუღიათ და ქართული სახელითვე მიუღიათ. ფოჩხი და ჯილღა სახვნელი ერთი სამინდვრო საანეულო სისტემის განუყრელი იარაღებია და მათი გავრცელება საქართველოს გარდა სომხეთშიც დასტურდება. ისე როგორც ფორჩხი, სახელი ჯილღაც სომხურში ქართულიდან არის ამ იარაღთან ერთად შესული და არა მარტო ეს იარაღები, ამ იარაღებთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის სახელიც "მოდგამი" საქართველოდან გავრცელდა სომხეთსა და აზერბაიჯანის დასავლეთ და ჩრდილო დასავლეთ რაიონებში და ანატოლიაში. საქართველოში გავრცელებული სახვნელი იარაღი ჯილღა სომხეთში გავრცელებულ ჯილღისაგან იმით განსხვავდება, რომ ქართულ ჯილღას ფრთები არ გააჩნია. სომხურ ჯილღას კი ორივე მხარეზე აქვს ფრთები გაკრული და ხმალაზე არის წინა წვერით ჩაბმულის სახვნელ იარაღებში წარმოდგენილი ეს დეტალი არც ისე უმნიშვნელო ნაწილია, რომელზედაც სომეხ მკვლევარს ვ.ბდოიანს ყურადღება არ გაემახვილებინა. მაგრამ იმის გამო, რომ მესხეთ-ჯავახეთში 1830 წლიდან პასკევიჩის მცდელობით ერზერუმელი და ალაშკერტელი სომხები დასახლდნენ და ისინი გვიანდლამდე ჯილღა სახვნელს იყენებდნენ. მას მიაჩნია, რომ ეს სახვნელი თან უნდა მოეტანათ და დაენერგათ. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ და სომხურ ჯილღას შორის გარკვეული სხვაობაა. ჯავახელი სომხები ქართულ ჯილღას იყენებდნენ, ასე რომ ვ.ბდოიანი ამაოდ აიგივებს ერზერუმის კლიმატურ-გეოგრაფიულ გარემოს მესხეთ-ჯავახეთის კლიმატურ გეოგრაფიულ გარემოსთან. თვით მესხეთ-ჯავახეთი არა ჰგავს კლიმატურ გეოგრაფიული გარემოთი ერთი მეორეს და საოცარია ეს ორივე კუთხე ერზერუმის კლიმატურ გეოგრაფიულ გარემოს ისე როგორ დაემთხვა, რომ იქაურმა სომხებმა თავისი სამეურნეო იარაღი აქაურ გარემოს მოარგეს. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ სამიწათმოქმედო იარაღების მორგება ახალი გარემოსათვის და ახალი გარემოს სამიწათმოქმედო დანიშნულებით ათვისებას საუკუნეების პრაქტიკული ცოდნა სჭირდება. მოსული ხალხი ვერ დაუცდიდა ახალ გარემოში საუკუნოვანი ახალი პრაქტიკის მიღებას მემინდვრეობის საქმიანობაში. მას ადგილზე არც თუ ისე ცუდი გარემო დახვდა. ქვემო ქართლი და მესხეთ-ჯავახეთი საქართველოს პურის ბეღელს წარმოადგენდა. აქ მემინდვრეობის მაღალი კულტურა იყო დასადგურებული, ჯერ კიდევ ენეოლითის ხანიდან. აქ ამ კულტურის ისტორიას კვლავ მტკიცედ დარაჯობენ საუკუნეების წინ ქვადქცეული გუთნისდედები, "ძუძუს ქვები", "გომარელი ქვაკაცი" და "მამიდა ქვები", რომელთა დაცვა-მოვლა ჩვენი ერის ღვიძლი საქმეა.
|