There are no translations available.
< უკან დაბრუნება <<<ტრადიციები - კერია>>>
თინა ოჩიაური (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - გარდამავალი ტიპის ნაგებობანი ქვემო და ზემო ქართლში // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ. 28-30
შორს, მდინარე ქვაბლიანის გაღმა, სოფელი უდე გამოჩნდა, ყვითლად გადატრუსულ ველებში ჩამჯდარი, მტკიცედ შეკრულ-შეჯგუფული, ბან-ამოზნექილი სახლებით, კარ-სარკმლებით დაცხრილული, როგორც მიწაში უხვად ნაკვეთი ერთად თავმოყრილი გამოქვაბულები. მხოლოდ მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაწოლილი მაძღარი სიმწვანე იტაცებდა თვალს. ხილის ბაღების უწყვეტი რიგი, მიწამდე დაზნექილი, დახუნძლული ვაშლის ტოტები. სოფელში შევედით. უღიმღამო მიწურების გვერდით, ნატიფად ნათალი ბანიანი ქვის სახლები და ორფერდა თუ ოთხფერდა სახურავიანი თანამედროვე ნაგებობანი ერთმანეთში იყო არეული. როდესაც ადგილობრივი მოსახლის, პეტრე მერაბიშვილის მიწურს მივადექი, მასპინძელმა შინ შემიპატიჟა. გავიარეთ გრძელი დერეფანი ე.წ. "ბაკები“ და გარედან უფერული მცირე მიწური უცებ გრანდიოზულ დარბაზად იქცა. უზარმაზარი მრავალწახნაგოვანი გუმბათი გვეხურა თავს, გუმბათის ცენტრში მოთავსებულ ერდოდან თანაბრად ეფინებოდა შუქი მთელ ოთახს. ნათელ, მყუდრო, ჰაერით სავსე, საოცრად დეკორატიულ. მანამდე არნახულ საცხოვრებელში ვიდექი. ძნელია, იმ გულში დაუტეველი განცდის გადმოცემა, რაც ამ დარბაზის ხილვამ მაგრძნობინა. მანამდე მხოლოდ ლიტერატურიდან მქონდა მასზე წარმოდგენა. მენახა ქართლური დედაბოძიანი, მაგრამ უკვე გვირგვინმოშლილი დარბაზები, საქართველოს მუზეუმში გამართული დარბაზიც, მაგრამ იმაზე წარმოდგენაც არ მქონდა, რაც სინამდვილეში შეიძლება არსებულიყო. სათუთად მოჩუქურთმებული ბუხრის ("ოჯახის") წინ მასპინძელმა ტაბლა დადგა, მიმიწვია. როდესაც ჩემი თანამგზავრები - მხატვარი თენგიზ მირზაშვილი და არქიტექტორი ნოდარ ჯობაძე მოგვიანებით დარბაზში შემოვიღნენ, მასპინძელმა დარბაისლურად მითხრა: თუ მასპინძელმა მუცელი არ გაიხეთქა, სტუმარი მშიერი დარჩებაო და მოსულებთან ერთად ისიც სუფრას მიუჯდა. დაჯდა და ამ ხეობაში მდებარე, ქართველებით დასახლებული სამი სოფლის დაარსების ლეგენდა გვიამბო: ერთი მონადირე თურმე ნადირობას შეჰყვა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ნაპარტახალ მიდამოს მიადგა. ნასახლარები, ჩაქცეული ტაძრის ნაშთები ბევრგან შენიშნა. რაკი ადგილი უკაცრიელი იყო, იფიქრა, გამოვცდი, ვნახავ როგორი მოსავალი მოვა და თუ იმედი გამიმართლდა, აქვე დავსახლდებიო. მოიტანა და თითო მუჭა ხორბალი სამ სხვადასხვა ადგილას ჩათესა. მოვიდა მოსავლის აღების დრო. პირველ ადგილზე იმდენი მოსულიყო, რომ მონადირემ თქვა. ამ ადგილს კიდევ უნდაო. აქედან წარმოიშვა სოფლის სახელი უდე (უნდა-უნდე-უდე). მეორეგან იმდენივე მოსულიყო, რამდენიც ჩათესა. დიდი მოსავალი არ არისო, - გაიფიქრა მონადირემ. აქედან მომდინარეობს სოფელ არალის სახელწოდება. მესამე ადგილას სულ არაფერი მოსულიყო და ის თესლი მიწას ვალად დადებოდა. ამიტომ ქვია სოფელს სახელად ვალეო,- დაამთაერა თხრობა მასპინძელმა. კარგა ხანს დავრჩით უდესა და არალში. ვსწავლობდით ძველსა და ახალ ნაგებობებს. ძველებური ერდოიანი მიწური ვეღარსად დავადასტურეთ, გვირგვინიანი დარბაზები და მიწური ოდა სახლები კი საკმაო რაოდენობით იყო შემორჩენილი. ვეცნობოდით ამ სახლებსა და ვცდილობდით დაგვედგინა მათი თანდათანობითი შეცვლის და ახლებური საცხოვრებლებად ჩამოყალიბების პროცესი. 1924 წელს პროფ. გ.ჩიტაიამ გამოაქვეყნა ნაშრომი ქვაბლიანის ხეობაში დადასტურებული დარბაზული საცხოვრებლის შესახებ. მან მიუთითა, რომ ეს სახლი ჰორიზონტალურ განზომილებაშია წარმოდგენილი და საცხოვრებელი დარბაზის გარდა, ერთ ჭერ ქვეშ ითავსებს სამეურნეო ნაგებობებს - სარძიეს, სათონეს, საკუჭნაოს, საბძელს, ახორს. მანვე გაუსვა ხაზი ამ ხეობის დარბაზთა მოგვირგვინების თავისებურებას. სახელდობრ იმას, რომ აქ გვირგვინი ყოველთვის "ოთახის კედლებიდან იწყება".
მესხეთ-ჯავახეთის სხვა რაიონებსა და წალკა-თრიალეთში გვირგვინის გამართვის ამ წესთან ერთად, დადასტურებულია კედლებიდან დაშორებულ დედაბოძებზე დაყრდნობილ თავხეებიდან გვირგვინის აყვანა. მესხურ-ჯავახური დარბაზის დამახასიათებელი ელემენტი ბუხარია, რომელიც საგანგებოდ იყო ნაჩუქურთმევი, წალკა-თრიალეთში კი - კერა. გვირგვინიანი დარბაზის გვერდით დადასტურებული მიწური ოდები, რომლებიც მეტ-ნაკლები სახე-სხვაობით გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთსა და წალკა-თრიალეთში, დარბაზთან შედარებით უფრო ახალი ჩანს. ოდას და დარბაზს კონსტრუქციულად, ერთი მხრივ, ანსხვავებს, ხოლო მეორე მხრივ აახლოვებს ჭერის მოწყობის პრინციპი. მართალია, ოდას გვირგვინი არ გააჩნია, მისი ერდო შუაგულიდან კედლის პირას არის გადატანილი და მოგრძო სარკმლის ფორმა აქვს. მაგრამ ისევე როგორც დარბაზის გვირგვინი ეყრდნობა კედლის პირას დადგმულ ბოძებსა და მასზე გადებულ ყოშადებს, ოდის ჭერიც კედლის პირას შეყენებულ სვეტებს ყოშადებსა და ტაბნებს უჭირავს. ასე, რომ ოდის ჭერიც უშუალოდ კედლიდან არის ამოყვანილი. ამასთან ერთად, საყურადღებოა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში დარბაზის გვირგვინი ნახევრად უკვე მოშლილია და შუაგულში მოწყობილ ერდოს ნაცვლად, გვერდებზე ოდური სარკმლები აქვს დატანებული. თვით ოდის ერდო, რომელიც ერთ ჩარჩოიან ვიწრო გრძელ სარკმელს წარმოადგენს და რომელიც ჯერ კედლის სიახლოვეს, ხოლო შემდეგ უშუალოდ კედლის გაგრძელებაზე კეთდება, ხომ არ არის ელემენტი, რომელიც ერდოდან ფანჯარაზე გადასვლამდე წარმოიქმნა, შემდეგ ნამდვილ ფანჯარად იქცა და უშუალოდ კედელში ჩაჯდა? მთხრობელთა გადმოცემებთან ერთად, რომელთა მიხედვითაც ოდა შედარებით გვიან წარმოშობილად ისახება, ჭერის მოწყობის პრინციპი, შესაძლებლობის ფარგლებში, დარბაზული სახლების ოდურად გადაკეთება, ე.ი. გვირგვინის წაკვეთა და ოდის ყაიდაზე სარკმლების მოწყობა, დარბაზთან ერთად ერთ საცხოვრებელში ოდური ოთახების თანაარსებობა შედარებით გვიან აგებულ სახლებში და ბოლოს, ერდოს გადატანა კედელთან და მისთვის სარკმლის ფორმის მიცემა, საფიქრებელს ხდის ოდური სახლების დარბაზზე გვიან გაჩენას. ამდენად სახლის ეს ტიპი დარბაზული საცხოვრებლის შეცვლის გარკვეულ საფეხურად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მოხუცთა გადმოცემით, ძველად ყველას ერდოიანი სახლები ჰქონდა, მესხეთ-ჯავახეთშიც, წალკა-თრიალეთშიც. ფანჯრიან სახლს ვინც გააკეთებდა, ამბობდნენ - გადასახადი მოუვაო, გვიამბობენ ხანდაზმული მესხები. ოდა ამ წესს ნაწილობრივ არ ემორჩილებოდა თავისი გრძელი, ერთჩარჩოიანი სარკმლით. ცხოვრება წინ მიდიოდა და ბინის შეცვლის საჭიროებაც თანდათან მთელი სიმძაფრით იჩენდა თავს. სათანადო დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა პირველ რიგში თავისი ძველებური სახლის შიგნით ცდილობდა რეკონსტრუქციის მოხდენას და შესაძლებლობის ფარგლებში ძველი საცხოვრებლის კეთილმოწყობას. ეს ცვალებადობა თანდათანობით მიმდინარეობს საცხოვრებლად განკუთვნილი ფართობის შეკეთება - შელამაზებისა და გასუფთავების ხარჯზე, ჯერ თვით ძველებური საცხოვრებელი სახლის შიგნით. ძნელია უცებ ზურგი აქციო იმას, რაც ძველთაგანვე მომდინარეობს, რასაც ადამიანი შეგუებულია, რაც მისი ცხოვრების პირობებსა და მოთხოვნილებას პასუხობს. ამიტომაა, რომ თანდათანობით, ნაკლებ შესამჩნევად გაჩნდა ძველებურ საცხოვრებელში ახალი ელემენტი, შეერწყო მას, ტრადიცია არ დაარღვია. ასეთი იყო ძველებურ საცხოვრებელ სახლში ახლებური, ფანჯრიანი ოთახის გაჩენა, რომელიც ძველი სახლის შიდა გეგმას არ არღვევს. ნაწილობრივ იცვლება მხოლოდ ფასადი. ასეთი ოთახები სასტუმროდაა განკუთვნილი და საგანგებოდ მოვლილ-მორთული. მთელი სახლი ყველა თავისი საცხოვრისითა და სათავსოთი ჰორიზონტალურ განზომილებაში, ერთჭერ ქვეშაა მოქცეული. ამდაგვარი შერწყმული სახლების გვერდით, ჩნდება სრულიად ახალი ტიპის სახლები, რომლებიც განსხვავდებიან ძველისაგან, როგორც ფორმით, ისე შიდა გეგმით. ეს სახლები სწორედ ე.წ. "ფანჯრიანი სახლებია", რომლებიც გადახურვის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველ ჯგუფში ექცევა ერთსართულიანი მიწურბანიანი სახლები, რომლებშიც ადამიანის საცხოვრისი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი ერთ ჭერქვეშაა, მაგრამ ერთმანეთისგან გამიჯნულია. ამ სახლებში ოთახები სავსებით ახალი ტიპისაა, სუფთა და ნათელი. ორსართულიანი სახლები, რომელთა სახურავი ორ ან ოთხფერდაა, ძირითადად, საცხოვრებლადაა განკუთვნილი. თუ გლეხს საშუალება აქვს ახალი სახლი ძველის დაუნგრევლად ააგოს, მაშინ ძველი სახლი ასრულებს ახორისა და სხვა სამეურნეო ნაგებობათა დანიშნულებას. თუ არა, სახლის პირველი სართული ითავსებს მათ. საცხოვრებლის გვერდით ეწყობა, ძირითადად, სამზარეულო. ტენდენცია, რომ საცხოვრებელი და საქონლის სადგომი მკვეთრად გამოეყოს ერთმანეთც, შეინიშნება არა მხოლოდ წალკა-თრიალეთსა თუ მესხეთ-ჯავახეთში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, სადაც მესაქონლეობას მისდევდნენ. ადგილობრივ მეურნეობის დარგებთან დაკავშირებული ნაგებობანი თუ სათავსოები, მეტ-ნაკლებად შეცვლილი სახით ახალ სახლს ახლავს, ოღონდ ისინი სავსებით გამოცალკევებული არიან საცხოვრებლისგან. აქვე დავძენთ, რომ მეურნეობის დარგებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, მოცულობასა თუ ფორმას იცვლის სათანადო სათავსო-ნაგებობებიც, ანდა სრულიად ქრება,
|