topmenu

 

ზეთსახდელები ქვემო ქართლში
There are no translations available.

< უკან დაბრუნება < ხალხური ტრადიციები და სიმბოლიკა>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ლეილა მოლოდინი (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - ზეთსახდელები ქვემო ქართლში // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.20, გვ. 22 – 27

ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის საგანძურში ზეთსახდელი ერთ-ერთი საყურადღებო ელემენტია: ზეთსახდელი მცენარეული ზეთის საწარმოა, ხალხურ ყოფაში იგი "სახდელის" სახელითაა ცნობილი, ისტორიულ წყაროებით მას "საზეთე" შეესატყვისება. საქართველოში გავრცელებულ საზეთე მცენარეთაგან (სელი, კანაფი, ზეთისხილი, მზესუმზირა) ზეთისათვის საზეთე ნედლეულის ძირითად წყაროს სელი წარმოადგენდა. ქართული ზეთსახდელებიც მის ბაზაზე მოქმედებდა. ეს ზეთსახდელები ყურადღებას იმითაც იმსახურებენ, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან საქართველოს უძველეს სამიწათმოქმედო კულტურასთან - კოლხურ სელთან, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს, როგორც საბოჭკოე, ისე საზეთე მცენარეს. ცნობილია, რომ კოლხური სელის ნაწარმი ძველ მსოფლიოში საყოველთაოდ სახელმოხვეჭილი და განთქმული ყოფილა. საზეთე სელი, რომელიც საქართველოს მთიან და ზეგან ადგილებშია (ხევსურეთი, ფშავი,  თუშეთი, მესხეთი, ჯავახეთი, თრიალეთი) უმთავრესად გავრცელებული, ამ  კულტურის განვითარების ახალი ეტაპია, იგი ბიომორფოლოგიური ნიშნების მიხედვით მთის კლიმატის გავლენით, კოლხური სელის სახეცვლილებას  წარმოადგენს. (ა. გორგიძე, საქართველოს სელი, ბოტანიკური ინსტიტუტის შრომები, XIX, 1958, გვ.162). საქართველოში სელი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ყველგან მოჰყავდათ. იმის გამო, რომ მთის მკაცრი კლიმატის ზონაში უპირატესობა ცხოველურ ცხიმებს ენიჭება, საზეთე სელის ინტენსიური წარმოების რაიონად მესხეთ-ჯავახეთი და თრიალეთი გვევლინება. ამ ნიშნის მიხედვით ზეთსახდელების გავრცელების არე საზეთე სელის გავრცელების ზონაში ლოკალიზდება. თუმცა საზეთე წისქვილის გიგანტური დოლაბების - გელაზების ნაშთების მიხედვით ზეთსახდელების გავრცელება ადრე უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იგულისხმებოდა. ვახუშტი ბაგრატიონი სელის გავრცელებასა და მისგან ზეთის ხდაზე მიუთითებს ბერდუჯში, ტაშირსა, აბოცსა ანუ ყაიყულსა და თრიალეთში. (ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941 წ., გვ.30, 41, 86).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სელის წარმოება მთლიანად დაცემის გზას ადგება. ევროპული მანქანური ნაწარმი და მზესუმზირის კულტურა ძლიერ კონკურენციას უწევს ადგილობრივ შინამრეწველური წესით ნაწარმ სელის პროდუქციას, რასაც შედეგად მოჰყვა, როგორც საბოჭკოე, ისე საზეთე სელის ნათესების შემცირება და თანდათანი გაქრობა. სელის კულტურის გადაშენებასთან ერთად ზეთსახდელებიც კარგა ხნის წინათ დადუმებულან, თუმცა ბოლო ხანამდე მოქმედი ზეთსახდელების მიგნება მესხეთ -ჯავახეთისა, თუ თრიალეთის სოფლებში კიდევ იყო შესაძლებელი. აღნიშნული ზეთსახდელები ოციოდე წლის წინათ წიწიბოს (წიფელის ნაყოფი) ზეთის გამოსახდელადაც გამოუყენებიათ. ზეთსახდელი წარმოადგენს სელის ზეთის წარმოებისათვის განკუთვნილ  სპეციალურ ნაგებობას. იგი კლდის (ბაზალტის) ქვის ჰორიზონტალური წყობით ნაგები, დუღაბით შეკრული შენობაა, ოთხკუთხი მოყვანილობისა. ნაგებობა ერთ კონტიანი ბანითაა გადახურული. შენობის ის ადგილი, სადაც წნეხის ხრახნია აღმართული, ერთ კონტიანი ბანი ორ კონტიან გადახურვაზე გადადის. ზეთსახდელში ზეთის ხდის პროცესის შესაბამისად წარმოდგენილია სამი ძირითადი ელემენტი; ღუმელი, საზეთე წისქვილი და წნეხი. აქვეა ის ხელსაწყოები (საცრები, ქუმელისათვის ხახლები თუ "სალები", ხის თოხები, ცოცხი, ზეთისა და მარცვლის საწყაოები, წყლის ჭურჭელი და სხვა), რაც ზეთის ხდის საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ღუმელი ზეთსახდელში მარცვლის დახალვისთვისაა განკუთვნილი. იგი ბაზალტის თლილი ქვითაა ნაგები და ზეთსახდელის რომელიმე კედელთანაა მიშენებული. ღუმელში გამოიყოფა მარცვლის დასახალავი ღუმელის ზედაპირი და საწვავის მოსათავსებელი ნაწილი. თლილი ფიქალის ქვებით მოფენილი ღუმელის ზედაპირი ოთხკუთხაა. საწვავის მოსათავსებელი ნაწილის წინა კედელს ოთხკუთხოვანი კარების ჭრილი აქვს დატანებული, რომელსაც გახურების შემდეგ ოთხკუთხი ფიქალით ამოქოლავდნენ. ბოლი ღუმელიდან ზეთსახდელის კედელში დატანებული საკვამურიდან მიედინებოდა.

საზეთე წისქვილი ზეთსახდელში უმეტესად ნაგებობის ცენტრშია გამართული. საზეთე წისქვილი სალეწი და დასაგელაზებელი კალოსა, სალეწი და დასაგელაზებელი ქვის, ღოლაბის - გელაზისაგან შედგება. იგი ზეთსახდელში ამგვარადაა გამართული: წრიული, ბრტყელი ქვის გარშემო ტრაპეციის ფორმის ოთხკუთხი ქვის ფილებისაგან შედგენილი, ცენტრისაკენ დაქანებული ბორდურია შემოვლებული, ზოგ წისქვილს ბორდური ხისაც ჰქონია (წალკა, ს. ახალიკი). კალოს ცენტრში ხის ბოძია ჩადგმული, ბოძის თავზე დამაგრებულ ხის ბალიშში თავის მხრივ ღრმად რკინის სოლია ჩასმული. სოლზე  ჰორიზონტალურად ერთი თავით გრძელი ღერძია ჩამოგებული. ღერძის მეორე თავი ურმის თვალივით ვერტიკალურად მდგარ გელაზის ქვის გულშია გაყრილი. ხის ბოძზე, ან ღერძზე დამაგრებულ რკინის რგოლზე ჯაჭვით ხის უღელია გამობმული. როდესაც დახალულ სელს კალოზე დაჰყრიან გასალეწად, უღლის მეორე ბოლოში გამწევ ძალას შეაბამენ. უღლის ამ ბოლოს ღვედითვე გელაზში გაყრილ ღერძის ბოლოზე გამოაბამენ. საზეთე წისქვილის სამუშაო აპარატს წარმოადგენს გელაზის ქვა, რომლითაც კალოზე დაყრილი მოხალული მარცვალი გაილეწება, დაქუცმაცდება, შემდეგ კი იმავე ქვით წყალდასხმული მასა - ქუმელი დაიზილება და დაისრისება.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

წნეხი დასრესილი - დაგელაზებული სელის ქუმელისაგან ზეთის გამოსაწნეხი აპარატია. წნეხში გამოიყოფა ორი ნაწილი: საწნეხი ძელები ხრახნითურთ და დასაწნეხი ქუმელის მოსათავსებელი ჭურჭელი - "ავაზანა". ორ - ორად შეკრული ფიჭვის ხის ძელები ერთი თავით ზეთსახდელის კედელში დატანებული ნიშშია დამაგრებული. ძელებს შორის, მეორე მხარეს ამოტანებულია ვერტიკალურად ფიჭვის ხისავე სუფთად ნათალი ხრახნი. იგი ბოლოთი ღარიან "ლითონზეა" დაყრდნობილი და მასზე ბრუნავს. ის ადგილი, სადაც ხრახნია გამართული, ზეთსახდელის იატაკის დონეზე დაბალია. მას ხრახნზე ჩამოკიდებული ქვის სახელის მიხედვით "დაკიდული ქვის სახლი" ეწოდება. ხრახნზე იატაკიდან 40-50 სმ დაშორებითაა ეს დოლაბი ჩამოკიდებული. ხრახნზევე ძელების ზევიდან ხის მოგრძო კუნძი - "დათვია" ჩამოხრახნილი. ნიშადან 40 - 50 სმ დაშორებით, იატაკში, ძელების პირდაპირ დასაწნეხი ქუმელის. მოსათავსებელი "ავაზანაა" ჩადგმული. "ავაზანი"-ს ძირზე დატანებული სადინარით - ღარით ზეთი "ავაზანის" წინ ჩადგმულ ჭურჭელში ჩაედინება. აღსანიშნავია, რომ რაჭა - ლეჩხუმსა იმერეთ - სამეგრელო - გურიაში ამგვარი ტიპის, ოღონდ უფრო მცირე ზომის წნეხები ყურძნის ჭაჭის საწნეხად იყო გამოყენებული. ზეთსახდელი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. XIX ს-ის მეორე ნახევრისათვის კი ეს საწარმოო მარტივ, კაპიტალისტურ საწარმოს სახეს ატარებს, სადაც ერთ ჭერქვეშ გაერთიანებულ, დაქირავებულ მუშებს შორის შრომა დანაწილებულია, ხოლო პროდუქტი (ზეთი) შეკვეთით მზადდება.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ზეთის ხდა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ზეთის ხდის სეზონი დეკემბრიდან დაწყებული აპრილამდე გრძელდებოდა. ზეთსახდელში დღე - ღამეში ერთი შეგდება - ანუ 16 კოდი სელი მუშავდებოდა. ეს შეადგენდა ზეთსახდელის ზეთის გამოხდის ერთჯერად ნორმას. თვით ზეთის ხდა საგანგებო ცოდნას და დახელოვნებას მოითხოვდა. ამიტომ ზეთის ხდის ცალკეულ პროცესებს (დახალვა,  გაცრა, გალეწვა, დასრესა-დაგელაზება, დაწნეხვა და სხვა) მეღუმელე, მესაცრე, მეხრეები ასრულებდნენ. მათ საერთო ხელმძღვანელობას და მეთვალყურეობას უწევდა ოსტატი. სათანადო წესების დაცვით გამოხდილი სელის ზეთი ფართო მოხმარების პროდუქტს წარმოადგენდა. იგი იხმარებოდა ასანთებად, ტყავის დასამუშავებლად, სამკურნალოდ, სამხატვრო - სამღებრო საქმიანობაში, ქსოვილების დაჩითვის ტექნიკაში, რელიგიურ - სარწმუნოებრივ რიტუალებში, ყველაზე მეტი რაოდენობით კი საკვებ ცხიმად. ზეთის საკვები მოთხოვნილება განსაკუთრებით სამარხვო რეჟიმით იყო შეპირებული: მრავალმხრივი გამოყენების გამო ზეთის წარმოება საოჯახო მოხმარების ფარგლებს სცილდება. ზეთის წარმოების რაიონებში, ზეთს იყენებდნენ იმ ნაკლოვანების შესავსებად, რაც ადგილობრივი ბუნებრივი პირობების შედეგად იყო შექმნილი. თრიალეთური თქმულებების მიხედვით ირკვევა, რომ ზეთი ღვინოში იცვლებოდა. სელის ზეთის წარმოების დონე ზეთის ვაჭრობასა და აღებ - მიცემობას ისახავდა მიზნად. ამგვარად, ძველი საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებაში სელის ზეთს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, სელის ზეთის მოხმარების ფართო მასშტაბი კი უძველესი ტრადიციით მომდინარე ფაქტია. იგი ემყარება საქართველოში ძველთაგან საზეთე სელის კულტურისა და ზეთსახდელი იარაღების არსებობას. ამ უკანასკნელის ნაშთები ჯავახეთის ახალქალაქიდან, ფიის ნასოფლარიდან და დმანისიდან X - XI საუკუნეს განეკუთვნება. ზემოთ აღწერილი ზეთსახდელი იარაღების ანალოგიური ხელსაწყოები, ოღონდ კიდევ უფრო ადრინდელი ხანისა, დადასტურებულია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე,  არამედ პალესტინაში, ბირ-ელ-კუთის უდაბნოს, წმ.თედორეს ქართულ მონასტერში. ცნობილია, რომ აღნიშნული მონასტერი აშენებულია პეტრე იბერის მიერ 430-იან წლებში. ამ მონასტერთან არსებული საზეთეთი ქართული მონასტრის საქმიანობა განსხვავდებოდა იუდას უდაბნოს სხვა მონასტრებისაგან. მაშასადამე, ამავე ნიშნით აღნიშნული მონასტერში ქართული ტრადიციული დარგი ყოფილა წარმოდგენილი. ამრიგად, პალესტინის წმ.თედორეს მონასტერთან არსებული ზეთსახდელი ხელსაწყოები ქართული სამყაროსათვის გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი და მისი საწყისებიც უფრო შორეულ წარსულშია საძიებელი. ამგვარ ვითარებაში მეტად საინტერესოდ გამოიყურება  ჩვენში შემორჩენილი ზეთსახდელი ხელსაწყოები. სამწუხაროდ, აღნიშნული ზეთსახდელები ყველგან ნანგრევებადაა ქცეული. ან ნგრევის პირზეა მისული. ვფიქრობთ, მისი ღია ცისქვეშ მუზეუმის ფარგლებში ექსპონირება ერთ-ერთი გადაუდებელი და აუცილებელი ამოცანაა. იგი მომავალ თაობებს წარმოდგენას მისცემს ქართველი ხალხის როგორც სამიწათმოქმედო ყოფისა და კულტურის ისტორიულ თავისებურებებზე და საწარმოო მიღწევებზე მეურნეობის ამ სფეროში, ისე ქართული ტექნიკური აზრის განვითარების   შესახებაც.

Free Image Hosting at www.ImageShack.us