topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გელაზი

<უკან დაბრუნება ... <<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

გელაზი - გიორგი ჩიტაია (საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი)//ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.20, გვ.19-21

ვახუშტი ბაგრატიონი თავის "აღწერაში" (აღწერაი სამეფოისა საქართველოისა, თბილისი 1941) არაერთგზის აღნიშნავს, რომ ქვემო ქართლში "სელისაგან ხდიან ზეთსა მრავალსა". ამგვარივე ცნობა მოიპოვება მეტნაკლები სიმრავლით აღმოსავლეთ საქართველოს რიგი სხვა კუთხეების შესახებ. მაგრამ წერილობით წყაროსთან ერთად სელისაგან ზეთის გამოხდას ადასტურებენ ის მატერიალური კულტურის ძეგლები, რომლებიც ზეთის გამოხდასთან არიან დაკავშირებულნი. ერთ-ერთი ასეთი ძეგლია - გელაზი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბევრგანაა დამოწმებდლი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით (თბილისი 1966) "გელაზი - ზეთის სახდელი ქვა"-ა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ვერ გარკვეულა ძეგლის დანიშნულებაში და ზეთის სახდელი ქვა - წისქვილის ქვად მიუჩნევია. მაგალითად, აკად. მარი ბროსეს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო მიზნით მოგზაურობდა 1848-49 წწ. ყანჩაეთის მონასტრის გალავანში მდებარი ქვა-ბორბალი წისქვილის ქვად შეუცვნია. ასევე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში ბორჯომის პარკში მახლობელი რაიონიდან გადმოტანილი გელაზი (ძეგლების გადმოტანის ინიციატორი იყო ვინოგრადოვ-ნიკიტინი) - მიჩნეული იყო წისქვილის ქვად.

გელაზი სამთავისის ტაძრის ეზოში

ასეთივე ქვა-ბორბალი ამ რამოდენიმე წლის წინათ ჩვენვე ნახეთ უბისის ტაძრის გალავანში. ზემოთ ჩვენ მიერ ნახსენები და ბევრი სხვა ამგვარივე გელაზი არ არის არცაღრიცხული და არც დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმის მანიშნებელია, რომ იქ უწარმოებიათ ზეთის გამოხდა, უთესიათ სელი და ზეთის გამოხდის ტექნიკას გარკვეულ დონემდე მიუღწევია. სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულია, რომ სელი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელსაც მოსახლეობა სელის ჯიშის მიხედვით ან ქსოვილის დასამზადებლად ან კიდევ მისი მარცვლიდან ზეთის მისაღებად იყენებდა. ზემოთქმულს დავძენთ, რომ სელის კულტურის უძველეს კერად დასავლეთ საქართველო - კოლხეთი ითვლება. ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე აღნიშნავდა, რომ კოლხეთში დამზადებული სელის ქსოვილი დიდად იყო მოწონებული იმდროინდელ სამყაროში. ასევე X საუკუნის არაბი მოგზაური იბნ ჰაუკალის მიხედვით აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროს მცხოვრებნი განთქმული იყვნენ სელის ქსოვილით, რომელსაც ადგილობრივ ენაზე ეწოდებოდა ტალ. ეჭვმიუტანლად შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა "ტალ" ქართულ ტილოს-ს ენათესავება და შეიძლება კავშირში იყო ხევსურულ კილოში შემონახულ ტალ-ავ-არ-თანაც. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს მიწის წიაღში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის სელის ქსოვილის ნაშთები. ასევე ფართოდ იყო ჩვენში გამოყენებული სელის ის ჯიში, რომელიც ზეთის გამოსახდელად გამოიყენებოდა. საამისო ფაქტიურ მონაცემებს უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველო იძლევა, ხოლო განსაკუთრებით ზეგანი მხარეები - თრიალეთი და ჯავახეთი. როგორც თრიალეთში, ასევე ჯავახეთში ბოლო დრომდე იყო მოღწეული სელის ზეთის სახდელი სარეწაოები. ზეთის სარეწი სამი ნაწილისგან შედგებოდა, თითოეული მათგანი განკუთვნილი იყო ზეთის გამოხდის, სამი სხვადასხვა საფეხურისათვის: 1.მარცვლის მოხალვა, 2.მოხალულის დაწნეხვა და 3.დაწნეხილი მარცვლისგან ზეთის გამოწურვა. გელაზი ზეთის გამოხდის მეორე საფეხურთანაა დაკავშირებული.

იგი მთლიანი ქვისგან გამოთლილი ბორბალია, რომელსაც წისქვილის ზედა ქვის მსგავსად შუაში გამჭოლავი ნაჩვრეტი აქვს ამოჭრილი, ხოლო წისქვილის ქვისგან განსხვავებით ნაჩვრეტის ირგვლივ ოთხკუთხი მოყვანილობის ღარია დატანებული. ნაჩვრეტში გაყრილია უღლის ერთი ბოლო; ხოლო უღლის მეორე ბოლოში ტაბიკების შემწეობით ხარი ან კამეჩია შებმული. გამწევი ძალა ატრიალებს ფიქალი ქვებისგან აგებულ კალოზე ვერტიკალურად მდგარ გელაზს, რომელიც დაცერებული ძგიდის მეშვეობით წნეხავს ახალული სელის მარცვალს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ნახული გელაზები არც ერთი 1,5-2 მ ნაკლები დიამეტრისა არ ყოფილა, უფრო ხშირად კი ორისა და მეტი დიამეტრის მქონე გელაზების მნახველი ვართ. ერთი ასეთი გოლიათური ზომის გელაზი ჩამოვატანინეთ სოფ.გუნიაყალიდან 1938 წელს. ის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ფონდშია შესული, ხოლო მისი პირი ექსპონირებულია იმავე მუზეუმის ერთიან ეთნოგრაფიულ გამოფენაზე. ეს გელაზი წონით დაახლოებით ორი ტონაა. მას ამკობს ქართული მხედრული წარწერა, მასზე გამოსახულია გუთნეული, ბოლოთრია, ადამიანი, ჯვრები და ზოგი რამ სხვაც, რაც ჟამთა სრბოლის გამო წაბღალულია. ჩვენთვის ნათელია, რომ გელაზები თრიალეთსა და ჯავახეთში ძველი მოსახლეობის ნაკეთობაა. მათზე ადრე, სანამ XIX საუკუნის 30 წლებში აქ თურქეთიდან ჩამოყვანილი სომხები, ოვები, კროები და ურუმები დასახლდებოდნენ. XIX საუკუნის მანძილზე აქ არც ერთი გელაზი მოსულებს არ უკეთებიათ, ხოლო ძველად დამზადებული ზეთის სახდელი იარაღები კი გამოუყენებიათ. თავისთავად ცხადია, რა მასშტაბის მეურნეობა უნდა ყოფილიყო, თუ კი საჭირო იყო ასეთი ზომისა და წონის გელაზები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ისიც გვაგონდება, თუ რამდენად მასშტაბურია ქართული დიდი გუთანი, რომელშიც 8-10 უღელი ხარ-კამეჩი ებმოდა. გუთნისთვის საჭირო ღვედის დამზადებას ოთხი ხარისა და ორი კამეჩის ტყავი უნდებოდა, ხოლო სახნისი და საკვეთელი 20 კილოგრამ რკინას იწონიდა, თავი რომ დავანებოთ, გუთნეულისთვის საჭირო მუშა-ხელს (გუთნის-დედა, დღისა და ღამის მეხრეები, მჩეკელი) და სხვა. ასევე დიდი მასშტაბის მეურნეობის არსებობას გულისხმობს დიდი ქვევრები, რომელთაგან თითოეულში ორი მრეცხავი კიბის შემწეობით ჩადიოდა, ან საწნახელი, რომელშიც 4-6 კაცი ჩადგებოდა ყურძნის დასაწურად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გოლიათი გელაზი აღმოჩენილია დმანისის გათხრების დროს, რომელიც დათარიღებულია XI საუკუნით (არქეოლოგი ვ. ჯაფარიძე), აგრეთვე ისიც, რომ გელაზი ჩართულია იმ შესანიშნავ ხალხურ ბალადაში, რომელსაც თაფარავნელი ჭაბუკი ეწოდება. ჩვენი ვალია სელის ზეთის სახდელი სარეწი ნაგებობა გადმოტანილი და ექსპონირებული იქნეს თბილისის ღია ცისქვეშ მუზეუმში. დღემდე აქა-იქ კიდევ შემორჩენილი გელაზები კი აღირიცხოს და დაცული იყოს. ეს ხელს შეუწყობს სელთან დაკავშირებული მეურნეობის მასშტაბების გარკვევას. თუ ჩვენი მუზეუმები ცდილობენ დაიცვან გლეხის დარბაზის დედაბოძები, საჭიროა გელაზებსაც მიექცეს სათანადო ყურადღება.

გელაზები სამთავისის ტაძრის ეზოში, აღმოჩენილი გათხრების დროს.

ზეთის სახდელი ქვები ახალციხის მუზეუმის ეზოში



გელაზი ჩატანებული ახალსოფლის ეკლესიის გალავანში


გელაზი სოფელ თეჯისში (ფოტოს ავტორი თ.დუნდუა)