topmenu

 

სათხე

<უკან დაბრუნება

სათხის ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის სამხრეთით 4-5 კმ-ში. სათხის ეკლესია მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს ფრესკების ფრაგმენტები. სათხის ეკლესიის კანკელი ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალ.ვახტანგის ძე ჯანბაკურ ორბელიანის ჩანაწერებში (1846 წ), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1951 წელს. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს ნ.ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მ.ბროსეს გამოცემაში 1854 წელს. უფრო მნიშვნელოვანია ე.თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ („სომხით - საორბელოს ძეგლების წარწერები“, თბ. 1951). ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები. ეკლესია წარმოადგენს დიდი ზომის (15X6.7მ) ერთნავიან შენობას, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ფასადებზე ასომთავრული წარწერებია შემონახული. წარწერებში არაა აღნიშნული არც ერთი ისტორიულად ცნობილი პირი. მარი ბროსე და ე.თაყაიშვილი მართებულად შენიშნავენ, რომ „წარწერები იხსენიებს მუშებს, რომელთაც აუშენებიათ ეკლესია“. მშენებლობას უთუოდ ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვარი, რომელიც სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ კუთხის ქვაზეა მოხსენებული - „ქრისტე შეიწყალე კვირიკე გალატოზი ამინ“. წარწერის ეპიგრაფიკის ანალიზი X-XI საუკუნეებზე მიგვანიშნებს. როგორც გვამცნობს აღმოსავლეთ ფასადის ლაპიდარული წარწერა, ეკლესია „მეორედ აღუშენებიათ” 1662 წელს, სადაც მოხსენიებულია ვინმე ზურაბაშვილი.

 

 

 

 

**************************************************************************************

ვ.დოლიძე  - კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ.4-18

ქვემო ქართლის ერთი უმთავრეს ნაწილთაგანი დღევანდელი ბოლნისის რაიონი მდიდარია ქართული ხუროთმოძღვრების ნაირსახეობის ნაგებობებით. თვალსაჩინო ძეგლებითაა ცნობილი ეს რაიონი სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ ბოლო წლებში საკვლევი მუშაობა ჩატარდა კაზრეთის ხეობაშიც, რომელიც მდინარე მაშავრის შუა წელშია, მის მარჯვენა ნაპირზე...<<ტექსტი სრულად აქ...<<