<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები>>>
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
კაზრეთი - დაბა ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას ხეობაში. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, ბოლნისიდან 18 კმ-ზე. 1970-1976 წლებში კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩნდა არქეოლოგიური ძეგლები (ხელმძღვანელი მ.სინაურიძე):
1) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნები (ძვ.წ. VII-VI სს.) რკინიგზის სადგურთან ე.წ. „ველებზე“. სამარხები ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები იწვნენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდიდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვადასხვა მასალის მძივები.
2) ანტიკური ხანის (I-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენოხოია, რომელზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები. მინისა და თიხის ჭურჭელი.
3) ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კაზრეთის კარიერ „ბუჩურიანში“. აღმოჩნდა VI-VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI-XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართული ასომთავრული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები.
4) მდინარე კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V-VII საუკუნეების სტელები, ჯვრები და XVI-XVII საუკუნეების სამაროვანი.
5) წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდალური ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ.ბალიჭში (ხელმძღვანელი ვ.ჯაფარიძე). გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძი და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდილოეთით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები იწვნენ გულაღმა უინვენტაროდ. სარკოფის დასავლეთით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V-VII საუკუნეების მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკის ნაშთები. სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI-XIII საუკუნეების კერამიკა.
6) სოფლის აღმოსავლეთით ადგილ „სიპქვიებზე“ გამოვლინდა (ხელმძღვანელი მ.სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი) სამარხები, რომელშიც შავპრიალა კერამიკა აღმოჩნდა.
7) ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევები ადგილ „სამტრედოში“ გამოვლინდა სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია. აგრეთვე XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.
8) კაზრეთში არის XIII საუკუნის I მეოთხედის ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი, სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა ნაგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმოსავლეთით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და დასავლეთით - პორტალებიანი ორი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრეთიდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდილოეთით შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილოეთ-დასავლეთიდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის ჩრდილოეთ მხარეს. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორატიული ჩარჩოები, პორტალებს - რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კაზრეთის მიდამოებშია ეკლესია სათხე (განვით. შუა სს.).
გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/კაზრეთი
****************************************************************************************
ვ.დოლიძე - კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი//ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ.4-8
ქვემო ქართლის ერთი უმთავრეს ნაწილთაგანი დღევანდელი ბოლნისის რაიონი მდიდარია ქართული ხუროთმოძღვრების ნაირსახეობის ნაგებობებით. თვალსაჩინო ძეგლებითაა ცნობილი ეს რაიონი სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ ბოლო წლებში საკვლევი მუშაობა ჩატარდა კაზრეთის ხეობაშიც, რომელიც მდინარე მაშავრის შუა წელშია, მის მარჯვენა ნაპირზე. არქეოლოგებმა კაზრეთის ველ - მინდვრებზე ძველი სამთო საქმისა და რკინის მეტალურგიის ნაშთები გამოავლინეს. გაითხარა რკინის მეტალურგიული ქურა-სახელოსნოს ნაშთები, რომელსაც განვითარებულ შუასაუკუნეებს XI - XIV სს. მიაკუთვნებენ (ექსპედიციების ხელმძღვანელი ი.გრძელიშვილი)...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***************************************************************************************
გ. სინაურიძე, თ. ბერიძე - კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები // ძეგლის მეგობარი, 1971, N27-28, გვ.46-49.
ქვემო ქართლი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით. ბოლნისის, დმანიის, სათხის, უკანგორის და სხვ. ეკლესიები და ნასახლარები აშკარად მეტყველებენ, რომ ხრამის, მაშავრის, ფოლადაურის ხეობები ძველად მჭიდროდ დასახლებული იყო. მოძალებულმა მტერმა ეს მხარე იავარჰყო. მტრისაგან დანგრეული და ქართველი მოსახლეობისაგან მიტოვებული ქართული კულტურის მრავალი ძეგლი მიწამ დაფარა. შარშან შემოდგომის დამდეგს, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის სამუშაოებმა შემთხვევით დააზიანა ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის რამდენიმე ძეგლი: „ბუჩურიანის“ ეკლესია და ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ნასახლარი ეკლესიითა და სამაროვნით....<<ტექსტი სრულად აქ...<<
|