topmenu

 

კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი - ვ.დოლიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე <<<ეკლესია -მონასტრები>>>

ვახტანგ დოლიძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) - კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი//ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ.4- 8

ქვემო ქართლის ერთი უმთავრეს ნაწილთაგანი დღევანდელი ბოლნისის რაიონი მდიდარია ქართული ხუროთმოძღვრების ნაირსახეობის ნაგებობებით. თვალსაჩინო ძეგლებითაა ცნობილი ეს რაიონი სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ ბოლო წლებში საკვლევი მუშაობა ჩატარდა კაზრეთის ხეობაშიც, რომელიც მდინარე მაშავრის შუა წელშია, მის მარჯვენა ნაპირზე. არქეოლოგებმა კაზრეთის ველ - მინდვრებზე ძველი სამთო საქმისა და რკინის მეტალურგიის ნაშთები გამოავლინეს. გაითხარა რკინის მეტალურგიული ქურა-სახელოსნოს ნაშთები, რომელსაც განვითარებულ შუასაუკუნეებს XI - XIV სს. მიაკუთვნებენ (ექსპედიციების ხელმძღვანელი ი.გრძელიშვილი). მრეწველობის ოდესღაც მდიდარმა მხარემ უკანასკნელ წლებში ახალი ცხოვრება დაიწყო. აქ შენდება საქართველოს სამთამადნო მრეწველობის საწარმოთა კომპლექსი და ფერადი მეტალურგიის ქალაქი - მადნეული. გასულ, 1968 წ. გაიხსნა თბილის-მარნეულ-კაზრეთის მარშრუტით ელექტრომატარებლების რეგულარული მოძრაობა. მადნეულში დიდი სამუშაოები წარმოებს ბუნების სიმდიდრეთა კარიერების მოსამზადებლად. სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის აშენებისთანავე, მზად იქნება კარიერებიც და წიაღისეულ სიმდიდრეთა გადამუშავებასაც შეუდგებიან. ამ მნიშვნელოვანი ობიექტის პირველი რიგის ამუშავება გათვალისწინებულია 1970 წლის მეოთხე კვარტალში. კაზრეთის ხეობაში მრავლადაა შემორჩენილი ძველი ნასოფლარები და ეკლესიის ნანგრევები, რაც მოწმობს, რომ თავის დროზე ეს კუთხე მჭიდროდ იყო დასახლებული. ნაგებობებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების სხვადასხვა ეტაპის ორი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამ ხეობაში - სათხისა და კაზრეთის ეკლესიები, ორივე ობიექტი თლილი ქვით ნაგები, დიდი ზომის დარბაზული ეკლესიებია მინაშენებით. სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, და ბოლოს, ეკლესია ერთი იმ იშვიათი ძეგლთაგანია, რომლის ლაპიდარულ წარწერებში ნაგებობის "გალატოზის“ (ხუროთმოძღვრის) სახელიც მოიხსენიება.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

პირველი ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ - ორბელიანის ჩანაწერებში (1846 წ.), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1951წ. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს მ. ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მ. ბროსეს გამოცემაში (1854 წ.). უფრო მნიშვნელოვანია ექვთიმე თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ (სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, თბ., 1951 წ;) ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ   შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წ. გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები. როგორც ავტორი შენიშნავს, ეს პირველი შემთხვევა იყო ამგვარი ძეგლის მუზეუმში ჩამოტანისა. თვით ეკლესიის აღწერილობაში განსაკუთრებით საყურადღებოა ავტორის ზოგიერთი შენიშვნა იმ ნაწილებზე, რომელნიც ახლა დაღუპულია. ავტორი ეკლესიის სახელწოდებითაც დაინტერესებულა. გადმოცემით, ამ ადგილებში ხშირად ჩამოდიოდნენ და თავს იფარავდნენ გარეული თხებიო. როგორც ჩანს, "სათხის" სახელწოდება იმ ქართულ ტოპონიმთა ჯგუფში უნდა შედიოდეს, რომელიც გავრცელებულია ქვემო ქართლში -სამტრედო, კატავეთი, სახუნდარი (ნადირთ მოსავალი ადგილი - საბა) და სხვ. სათხის ეკლესია განმარტოებულ ნასოფლარის შემაღლებულ ადგილზეა დამალული მჭიდროდ გარსშემოხვეულ მაღალ ხეებს შორის. ძეგლი პირველად მხოლოდ ახლოს მისვლისას წარმოუდგება მნახველს ჩრდილო-დასავლეთიდან, საიდანაც ერთადერთი მისადგომი აყვება მცირედ დაქანებულ ფერდობს. სამხრეთით და აღმოსავლეთით რელიეფი მკვეთრად დაფერდებულია და ტერასებად ეშვება ხრამისაკენ. ზემოთა ტერასაზე, ეკლესიის ირგვლივ და უფრო მეტად დასავლეთით, განაშენიანების კვალი ჩანს. გასუფთავების გარეშე მეუძლებელია განაშენიანების მეტნაკლებად სწორი წარმოდგენა, რადგან ნანგრევების ქაოსური არეულობაა ხშირ მცენარეულობაში.

ეკლესიის მცირე სიფართოვის ეზო-შემოსავლელს გალავანი ფარგლავდა, რომლის მონაკვეთი შედარებით კარგად ჩანს ჩრდილო-დასავლეთის გაყოლებით. იგი მშრალადაა ნაწყობი მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული, ურთიერთ კარგად შერჩეული ქვებისაგან და გარკვეულად სიძველის შთაბეჭდილებას სტოვებს. გალავნის შესასვლელი ახლა არ ჩანს. ეკლესიისათვის შერჩეული ადგილის რელიეფისა და მისადგომი გზის ნაკვალევის მიხედვით, სავარაუდებელია, რომ გალავანში შესასვლელი დასავლეთის მხრიდან იყო გაკეთებული. თვით ეკლესია წარმოადგენს დიდი ზომის (15X6,7 მ) ერთნავიან შენობას, რომელსაც გარს ეკვრის დამატებითი სადგომები, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ყველა ერთად გართულებული მოხაზულობის გეგმას იძლევა. მთავარი, შუა კორპუსის სწორკუთხედის აღმოსავლეთი ნაწილი გამოწეულია გვერდითი სადგომების მიმართ, დასავლეთით კი მათი კედლები ერთ ხაზზეა. დასავლეთ სადგომი, რომლისგანაც ჩვენამდე ნაწილია შემორჩენილი, გადაბმული წყობით ერთვის სამხრეთის მინაშენს (სტოას). ნაგებობის გარეგანი, ზოგადად დამახასიათებელი ასახულობა სამხრეთ - დასავლეთიდან წარმოგვიდგება: ესაა უგუმბათო ნაგებობა, რომლის მთავარი წაგრძელებული კორპუსის მოცულობას სამხრეთით საფეხურად ეკვრის სტოა, შუაში გამოყოფილი შემაღლებული კარიბჭით, ხოლო დასავლეთით - სტოასთან კუთხით ორგანულად დაკავშირებული ფრონტონიანი სადგომი. ყველა სადგომს კამარა ჩაქცეული აქვს. სიძველისაგან ჟანგმოკიდებული კედლებიც არაა სრულად მოღწეული ჩვენამდე, მაგრამ არც შეკეთება-გადაკეთების კვალია სადმე (გამონაკლისს ჩრდილო ეკვდერი წარმოადგენს).

(+)

ნაირსახეობის მოცულობათაგან შემდგარი ნაგებობის კომპოზიცია, მასათა კონსტრუქციული ორგანიზაცია, ინტერიერისა და ფასადების გადაწყვეტაში სადგომების მკვეთრი განსხვავება ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რთულ ნაგებობასთან, რომელიც ერთდროულად არ ყოფილა ჩამოყალიბებული. სადგომთა შორის უძველეს ნაშთებს (და გვიანდელ გადაკეთებათა ნაკვალევსაც) ჩრდილოეთის ეკვდერი შეიცავს. შემდეგაა აშენებული მთავარი კორპუსი, რომელსაც ჩრდილო კედლის შემადგენელ ნაწილად ჩაურთეს ადრინდელი მცირე ზომის ეკლესიის სამხრეთი კედელი. შემდეგ მთავარ კორპუსს ერთდროულად მიაშენეს სტოა სამხრეთით და დამატებითი სადგომი დასავლეთით. უფრო გვიან კი ჩრდილო - დასავლეთის კუთხის მინაშენია აგებული. ამრიგად, სათხის ეკლესიის გეგმის ბირთვს დარბაზული ეკლესიის გეგმა წარმოადგენს, ე.ი. ცალნავიანი სადგომი, რომელიც გადახურული იყო ცილინდრული კამარითა და მასზე დაგებული ორფერდა სახურავით საქართველოს მრავალრიცხოვან დარბაზულ ეკლესიებთან შედარებით სათხეში სპეციფიურია საკურთხევლის კომპოზიციური გადაწყვეტა - გვერდითი სადგომები აბსიდის ორსავე მხარეს კედლის სისქეში (სამკვეთლო და სადიაკვნე). მსგავსი მაგალითები X-XI სს ძეგლთა ერთ ჯგუფშია დამოწმებული. მათ შორისაა სათხეც. ამასთანავე, მისი გეგმა, როგორც ზოგადი პროპორციებით, ასევე ნავის დანაწევრების რიტმის მიხედვით ყველაზე ახლოს ზემო ყარაბულახის (Xს. მეორე ნახ.) ეკლესიის გეგმასთანაა. ეპოქისათვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს ინტერიერის არქიტექტურული გაფორმებაც. შინაგანი სივრცე მშვიდი და გაწონასწორებულია. ნავის სიგანის შეფარდება სიმაღლესთან ახლოს დგას IX და X საუკუნის ძეგლების ინტერიერის პროპორციულ გადაწყვეტასთან. სათხის ეკლესიის ინტერიერის უდიდესი ნაწილი ორგანულად მთლიანის შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ მის შემადგენელ ნაწილს, როგორც გეგმის გარჩევაში აღინიშნა, სხვა (უფრო ადრინდელი) შენობის ჩართული კედელიც წარმოადგენს ჩრდილოეთის მხარეს. პირაპირ მიშენების ხაზები სავსებით გარკვევით გამოყოფს ნავის კედელზე ადრე არსებული ნაგებობის საფასადო სიბრტყის წყობას შესასვლელით. კედლებზე შელესილობის მცირე ნარჩენები ჩანს ბევრგან, მაგრამ მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ აბსიდის სამხრეთ ნაწილშია შემორჩენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ქვის დამუშავებისა და მოპირკეთების უნაკლო ტექნიკა, არქიტექტურული ელემენტების მოხაზულობის სიმკვეთრე, ფარგლისებური სიზუსტით შემოხაზული თაღები, აბსიდის კონქის მშვენიერი წყობა, კამარის შემორჩენილ ნაწილთა სუფთად გათლილი კვადრები და ბოლოს მოორნამენტებული იმპოსტები, გარკვევით წყვეტს ფრესკისა და ნაგებობის არათანადროულობის საკითხს. ცხადია, მშენებელი არ ითვალისწინებდა კედლების მოხატვას. იგი გაფორმების სხვა საშუალებას მიმართავდა. ეპოქის დამახასიათებელ თვისებას შეადგენს შენობის შიგნით ქვაზე გამოკვეთილი შემკულობის ხმარება. იგი ადრინდელი პერიოდის ხუროთმოძღვრებიდან მომდინარეობს და IX-X საუკუნეებში ფართოდ გავრცელებულია. მაგრამ X ს. მეორე ნახევრიდან სხვაგვარი მხატვრული ამოცანის შესაბამისად ქართველი ხუროთმოძღვარი მხედველობაში ღებულობს (გამონაკლისის გარდა) ეკლესიაში კედლების მთლიანად შელესვას და ფრესკული მხატვრობით დაფარვას. ამიტომ, XI საუკუნეში ინტერიერის მორთვა ქვაზე გამოკვეთილი ორნამენტაციით მივიწყებულია. სათხის ინტერიერში იმპოსტების შემკულობას ჩამწკრივებული მედალიონები, ფესტონები და სამკუთხედები შეადგენს. მათ შორის განსაკუთრებით დამახასიათებელია სამკუთხედებად დაკბილული მოტივი. როგორც მოტივის, ასევე შესრულების მანერის მიხედვით (ქვის ზედაპირზე სიბრტყობრივი ფიგურების დალაგება) სათხის იმპოსტების შემკულობა ანალოგიებს X ს. მეორე ნახევრის ძეგლთა წრეში პოულობს. გარედან მთავარი კორპუსი ტუფბრექჩიისა და ტუფქვიშაქვის სუფთად გათლილი, მოყავისფრო კვადრებითაა მოპირკეთებული. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი კედლების მშვენიერი წყობითა და საერთოდ, შესრულების ხარისხით, რომელიც მის ყოველ ნაწილში ჩანს. მთავარი კორპუსის ფასადებზე ეკლესიის აშენების თანამედროვე ასომთავრული წარწერებია შემონახული. ყველა წარწერა თითქმის დაუზიანებლადაა ჩვენამდე მოღწეული. წარწერებში არაა აღნიშნული არც ერთი ისტორიულად ცნობილი პირი. მ.ბროსე და ე.თაყაიშვილი მართებულად შენიშნავენ, რომ "წარწერები იხსენიებს მუშებს, რომელთაც უშენებიათ ეკლესია“. მშენებლობას უთუოდ ხელმძღვანელობდა ხუროთმოძღვარი (გალატოზი), რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხის ქვაზეა მოხსენებული; "ქრისტე შეიწყალე კვირიკე გალატოზი, ამინ." საინტერესოა წარწერების პალეოგრაფიული მხარე. ასოთა მოხაზულობაში შეინიშნება "კიდურტყუბწვეტოვანი" დაწერილობა, რომელიც ფართოდ გავრცელდა X ს. დამლევსა და XI ს. ნახევრის პერიოდში. მაგრამ სათხის წარწერების ეპიგრაფიკის ანალიზი X - XI სს. მიჯნაზე მიგვანიშნებს. ფასადებიდან ტრადიციულად შეუმკობლად ჩრდილოეთისაა დატოვებული. დანარჩენი ფასადების გაფორმებაში სრული მხატვრული მთლიანობაა არა მარტო ზოგადი მიდგომის მხრივ, არამედ მორთულობის სქემისა და ორნამენტული რეპერტუარის შერჩევის მხრივაც. ფასადის გაფორმების სისტემა თვალსაჩინოდ გამოყოფს თვით კედლის სიბრტყეს, მორთულობა კი ხაზს უსვამს ცალკეულ არქიტექტურულ ელემენტებს (კარნიზი, სარკმლები). სათხე ამ შემთხვევაში გამონაკლისს არ წარმოადგენს: ესაა ეპოქის ნიშანი. ძეგლი კანონზომიერად ჯერ არ შეიცავს შენობის მთელი ტანის მომცველ დეკორატიულ ბადეს, რომელსაც X და XI საუკუნეების ძეგლებზე ვხედავთ. სათხე ფასადების გადაწყვეტით ისევე, როგორც მრავალი ძეგლი (ერედვი 906 წ., კუმურდო 964 წ. შეპიაკი, დარკვეთი, ზემო კრიხი, ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია და სხვ.), X ს. ხუროთმოძღვრების ზოგადი მხატვრულ - სტილისტიკური თვისების მატარებელია. ამასვე შეესაბამება სათხის სარკმლების გაფორმებაც. იგი X საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლთა ნიშანდობლივი სახითაა წარმოდგენილი: სათაური და საპირე თანაბარი ყურადღებითაა დამუშავებული, ამასთანავე სარკმლის თაღოვანი ნაწილის მიმართ კონცენტრულად შემოხაზული სათაურის რკალი საკმაო მანძილით გამიჯნულია საპირისაგან. XI საუკუნის დასაწყისიდან ამ კომპოზიციაში ცვლილება შემოდის: ან ირღვევა მკაცრი კონცენტრული შემოყოლება სათაურისა სარკმლის თაღოვანი ნაწილის მიმართ. (ხცისი, ბაგრატის ტაძარი), ან სათაური მჭიდროდ აზის საპირეს (იშხანის მცირე ეკლესია, ხოზიტა მაირამი, ნიკორწმინდა და სხვ.). ამრიგად, სათხის სარკმლის მორთულობის კომპოზიციური გადაწყვეტა ქრონოლოგიურად სთიშავს ძეგლს XI საუკუნის დასაწყისიდან და მას აყენებს X საუკუნის ისეთ ძეგლთა წრეში, როგორიცაა - კუმურდო, ოშკი, მუშევანი (ბოლნისის რ-ნი) და სხვ. თვით ორნამენტაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც სიბრტყობრივ - გრაფიკული. იგი არაა გათვალისწინებული შუქ - ჩრდილით შესაქმნელ ცხოველხატულ ეფექტებისათვის. ცალკეულ ორნამენტულ მოტივთაგან განსაკუთრებით საგულისხმოა სათხის მთავარი კორპუსის ყველა სარკმლის საპირეში გამოყენებული ერთადერთი მოტივი - XI საუკუნის ქართულ ორნამენტაციაში გავრცელებული ეგრეთწოდებული შ-ებრი ორნამენტის წინამორბედი ფორმა (კონცენტრულად დაღარული რგოლი ოთხი მუხლის ჩანასახით). ძეგლებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სათხის სარკმელთა საპირის ორნამენტი არ არის ჯერ იმ საფეხურზე, რომელზედაც XI ს. დასაწყისის ძეგლების ორნამენტია, არც ნახატისა და არც პლასტიკის  განვითარების თვალსაზრისით, რის გამოც სათხის ორნამენტის ქრონოლოგიური ადგილი ბუნებრივად X საუკუნის მიწურულია, ხოლო მისი უახლოესი პარალელებია ზემო ყარაბულახისა და მუშევანის სარკმლების ორნამენტაცია. სათხის მხატვრულად დასრულებულ სარკმელთა კომპოზიციებისა და მოჩუქურთმებული კარნიზის საწინააღმდეგოდ გლუვი, მძლავრი არქიტრავით გადახურული, მოურთველი შესასვლელები გარდამავალი პერიოდის გადმონაშთია, რომლის გავრცელება X საუკუნეს არ სცილდება. ან XI ს. პირველწლებიდანვე  შესასვლელის დეკორატიული გაფორმება ისევე აუცილებელი ჩანს, როგორც სარკმლისა. ეს გარემოებაც განამტკიცებს სათხის მთავარი კორპუსის აგების თარიღის განსაზღვრას Xს. მიწურულით. ოსტატურად ნაგებსა და თავისი დროის მხატვრული ღირსებების შემცველ კვირიკე გალატოზის ხუროთმოძღვრულ ნაგებობას უეჭველად თვალსაჩინო ადგილი მიეკუთვნება ქვემო ქართლის დარბაზულ ძეგლთა შორის. როგორც სათხის ძეგლის ანალიზი გვიჩვენებს, იგი ორგანულად დაკავშირებულია X ს. მეორე ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრებასთან, მკაფიოდ ასახავს სტილის ევოლუციის გარკვეულ საფეხურს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე აყვავებას XI საუკუნეში.

სამხრეთ - დასავლეთის მინაშენი. სათხის მშენებლობის შემდგომ ეტაპს ეკლესიის სამხრეთით მიშენებული სტოა და მისგან განივი კედლით გამიჯნული დასავლეთის სადგომი (ეკვდერი) მიეკუთვნება. სადგომის სრული მოხაზულობისა და ეკლესიასთან მისი დამოკიდებულების დასადგენად გათხრა - გასუფთავების ჩატარებაა საჭირო, რომელიც ჯერ - ჯერობით ვერ მოხერხდა. რაც შეეხება სტოას, ისიც მნიშვნელოვნად დანგრეულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ყველა არქიტექტურული ელემენტის ფრაგმენტები, რომელნიც მინაშენის სრული გრაფიკული აღდგენის საფუძველს გვაძლევს. იგი მომწიფებულ შუასაუკუნეებში გავრცელებული სტოის ტიპისაა, მხოლოდ იმ ინდივიდური განსხვავებით, რომ სტოის გარდა აქ დამატებითი სადგომიც გვაქვს დასავლეთის ეკვდრის სახით, რომელიც გარედან (სამხრეთის მხრიდან) სტოასთან ერთიან მთელს ჰქმნის საერთოა ცოკოლი და საფასადო სიბრტყე, კედლის წყობისა და სარკმელთა გაფორმების სისტემა, საერთოა კარნიზიც. და მხოლოდ საკუთარი ორფერდა სახურავი მინაშენის დასავლეთ ნაწილში ამჟღავნებს ეკვდერს. სტოის მშენებელი საკმაოდ დახელოვნებული უნდა ყოფილიყო - მან თავისი  წინამორბედის კვირიკე გალატოზის ნაწარმოებს ღირსეულად დაგეგმარებული და გაფორმებული მინაშენი დაუმატა. მთლიანად სტოის დეკორატიული გაფორმება დაპირისპირებასა და კონტრასტებზეა აგებული. კარიბჭის სამსაფეხურიანი მოჩარჩოებით ხაზგასმული და დამატებითი ლილვით შემოფარგლული ფართო, შეისრულთაღიანი შესასვლელი ერთადერთი დიდი ღიობია მთელ ფასადზე. შეწყვილებული ლილვებით შემოფარგლული, მოჩუქურთმებული სარკმლები და ღრმა წრეთარგიანი კარნიზი ფასადის გლუვ სიბრტყეს უპირისპირდება. ასევე დიდი მოჩუქურთმებული, სარკმლიანი ჯვარი ცხოველხატულ ლაქადაა დასმული კარიბჭის ფრონტონზე. მთელი ორნამენტაციაც, როგორც მოტივებით, ასევე შესრულების სტილითაც მკვეთრად განსხვავდება საკუთრივ ეკლესიის მორთულობისაგან. თუ X საუკუნის მთავარი კორპუსის მორთულობაში მხოლოდ გეომეტრიული სახის ორნამენტი იყო გამოყენებული, აქ მინაშენზე თითქმის თანაბრადაა წარმოდგენილი. როგორც წმინდა ლენტოვანი წნული, ასევე შერეული ორნამენტიც, სადაც მცენარეული მოტივი და ლენტოვანი წნულია შერწყმული. ამასთანავე თვით შესრულების ტექნიკაც კარდინალურად შეცვლილია - სიბრტყობრივ გრაფიკულობის ნაცვლად იგი პლასტიკური ფორმის გადმოცემას ითვალისწინებს. მსგავსი საფასადო გაფორმება და ორნამენტაციის ხასიათი ზოგადად მეორდება XI-XIII საუკუნეთა ბევრ ძეგლში, მაგრამ სათხის სტოის (სამხრეთის მინაშენის) ყველა მონაცემის შედარებითი ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ მინაშენს ქრონოლოგიურად შუალედი ადგილი უკავია მაღალაანთ ეკლესიის სტოასა (XII -XIII მიჯნა) და რკონის მცირე ეკლესიას (XIII ს. მესამე  მეოთხედი) შორის. ამასთანავე, მაღალაანთ ეკლესიასთან სიახლოვე (გეგმა, კარნიზი, კარიბჭის ცილინდრული კამარით გადახურვა და სხვ.) შესაძლებლობას იძლევა სათხის მინაშენის აგების დრო XIII ს. პირველი მეოთხედით შემოიფარგლოს. რაც შეეხება ჩრდილო-დასავლეთის სადგომს, უნდა აღინიშნოს, რომ აქ კედლის წყობის მხოლოდ ქვემოთა რამდენიმე რიგია შემორჩენილი. ქვების დამუშავებითა და წყობის ხასიათით სადგომი სტოას ემსგავსება, მაგრამ შესასვლელის შიგნითკენ დაცერებული საპირის მშრალი, გეომეტრიული ორნამენტის მიხედვით მისი აგება სტოას მიშენების შემდეგაა სავარაუდებელი. ნანგრევებს არ გააჩნია საკმაო მონაცემები უფრო ზუსტი დათარიღებისათვის. ძეგლის უძველეს ფენას ჩრდილო - აღმოსავლეთის აფსიდიანი ეკვდერი წარმოადგენს. მისი სამხრეთის კედელი, როგორც დასაწყისში აღინიშნა, ეკლესიის ჩრდილო კედელშია ჩართული. ამ სადგომს არსებითი და თანაც არაერთგზის გადაკეთება განუცდია, რის გამოც მისი თავდაპირველი სახისაგან ცოტა რამ არის ჩვენამდე მოღწეული. კედლების წყობის ქვემოთა ორ-სამ რიგში ქვები თავისი სიდიდითა და ფერით გამოირჩევა. უფრო ზემოთ წყობა არეულია; მცირე ზომის, შემთხვევითი ფორმის ქვებს შორის ზოგჯერ წესიერად გათლილი სწორკუთხა ქვაც ურევია. ინტერიერსაც დაკარგული აქვს ორგანული მთლიანობა. აფსიდის მხრები ჩვეულებრივი წყობის ნაცვლად მთლიანი სტელებითაა გამოყვანილი. გარკვეულ სიმაღლეზე ოსტატურად შესრულებული ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ანალოგიური მორთულობის მქონე სტელები ჩართულია გარედან სამხრეთის კედელში და აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ; სტელის ფრაგმენტები თავისი გამოსახულებებითა და შესრულების მიდგომით არსებითად განსხვავდებიან სათხის ყველა სადგომთა მხატვრულ-სტილისტიკური ნიშნებისაგან და დიდ მსგავსებას იჩენენ ადრეფეოდალური პერიოდის სტელებთან. ეკვდერის აღმოსავლეთ ფასადზე წარწერიანი ქვაა შემორჩენილი. წარწერა შესრულებულია მდარე ხელით, მხედრული დამწერლობით, მეტად დაუდევრად. იგი წარმოადგენს იმ წარწერის ბოლო ნაწილს (ქორონიკონით), რომელიც სრულად ყოფილა შემორჩენილი ე.თაყაიშვილის დროს. წარწერა შესრულებული ყოფილა ქორონიკონსა ტნ (1662 წ.) ა (პირველ) აპრილს, და აღნიშნავს ზურა გაშვილის მიერ ამ სადგომის საფუძვლიან შეკეთებას ან გადაკეთებას, რასაც გულისხმობს გამოთქმა "მეორედ აღვაშენე“.

კაზრეთის სამების ეკლესია - ამავე ხეობის მეორე მნიშვნელოვანი ძეგლი - სამების ეკლესია სოფ. კაზრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა 2 – 2,5 კმ მანძილზე ხშირტყიან ხევში. ამ ადგილს ძველად "ისპიანს“ უწოდებდნენ. ამ ბოლო წლებში ახალ სამრეწველო ბაზაზე აღმოცენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით კეთილმოწყობილი საავტომობილო გზაა გაყვანილი მაშავრის ხიდიდან. გზის ახალი მონაკვეთი ჩვენი ძეგლის ტერიტორიაზედაც გადის და შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთით მიემართება ბარიტის კარიერებისაკენ. მომსვლელს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება ძველ მოსახვევიდან ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული ნამონასტრალი.

(+)

იგი გაშენებულია მთის ფერდობზე, მდ.მაშავრის შენაკადის - პატარა მდინარე "კაზრეთის წყლის" მარჯვენა ნაპირზე, რომელიც ხრამისკენ ეშვება ტერასებად. ძეგლთან მისადგომი ჩრდილო-დასავლეთითაა, საითკენაც კუთხის ბურჯებით გაძლიერებული დიდგალავნის შესასვლელია წინ წამოწეული. გალავანში მოქცეულია შუა ადგილზე დიდი ზომის დარბაზული ეკლესია, მისგან ჩრდილოეთით თხუთმეტიოდე მეტრის მანძილზე სატრაპეზოს ნანგრევებია, ხოლო ეკლესიის სამხრეთით - საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი (ახლა გზის გაფართოების შედეგად მიწაყრილის ქვეშაა მოქცეული 1963 წლიდან). მცენარეულობით დაბურულ ადგილებში - სატრაპეზოს სამხრეთ - აღმოსავლეთით, გზის გადაღმა და საცხოვრებელი ნაგებობის ახლოს, რაღაც სადგომთა კედლის ცალკეული მონაკვეთებია შესამჩნევი. როგორც შემორჩენილი ობიექტების ნაშთი მოწმობს, აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო დასახლება უნდა ყოფილიყო. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა  დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ ჩატარებული იქნა 1956 წ. კაზრეთის კომპლექსის ნაწილობრივი გასუფთავება. შემოწმენდილი იქნა გარედან და შიგნით ეკლესია, რომელიც ცოკოლიდან მეტრზე მეტ სიმაღლეზე იყო ჩამალული მიწაში. ამასთანავე გამომზეურდა სამხრეთის გვიანდელი მინაშენი და საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთი. გასუფთავებამ გამოავლინა აგრეთვე ეკლესიის ჩამოქცეული სამხრეთის ფასადის მორთულობის ფრაგმენტები. მაშინვე ჩატარდა კომპლექსის ხუროთმოძღვრული აზომვა, რომელიც შეასრულეს სარესტავრაციო სახელოსნოს არქიტექტორებმა - ა.გოგელიამ, გ.ჭეიშვილმა და გ.ჯაფარიძემ.

(+)

ჩვენამდე რეალურად შემორჩენილ ობიექტებს შორის გაცილებით უკეთესადაა შემონახული ეკლესია, დანარჩენები კი ნანგრევებადაა ქცეული. თავის ადგილმდებარეობითა და მხატვრული გადაწყვეტით სამების ეკლესია მთელი კომპლექსის ხუროთმოძღვრული დომინანტია, რომელიც მხოლოდ ახლოს მისვლისას წარმოუდგება მნახველს ჯერ გალავნის გასასვლელის ფარგლებში, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთის კუთხით მთლიანად. მაღალი, უგუმბათო ეკლესია თავისი ხალისიანი ფერადოვნებით, ფაქიზად დამუშავებული ქვის წყობის ხასიათით, მდიდრული დეკორის კომპოზიციებით, პირველ ნახვისთანავე უეჭველს ხდის, რომ ეს ძეგლი შექმნილია ქართული არქიტექტურის მეორე აყვავების ხანაში, რომელიც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს განმტკიცებისა და სიძლიერის ეპოქას ემთხვევა. ნაგებობა წარმოადგენს დიდი ზომის ცალნავიანი ტიპის ეკლესიას, რომელსაც სხვადასხვადროინდელი მინაშენების ნაშთიც შემორჩა ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. თვით ეკლესიის გეგმა წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრით შემოფარგლული ძალიან ღრმა აფსიდი და პორტალებით შემკული ორი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით და დასავლეთით. მათ შორის მთავარია ჩრდილოეთისა. მთავარი შესასვლელის მოწყობა ჩრდილოეთ კედელში და არა ტრადიციულად სამხრეთ მხარეს ძალიან იშვიათია ქართული ხუროთმოძღვრების, როგორც გუმბათოვანი, ასევე (უფრო იშვიათად) ცალნავიანი ტიპის ეკლესიებში. ასეთი გადაწყვეტა ყოველ ცალკე შემთხვევაში ადგილობრივი მიზეზებით უნდა აიხსნას ხოლმე. კაზრეთის ეკლესიასთან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილო - დასავლეთიდანაა.

(+)

ამდენად აქაც ჩრდილოეთ შესასვლელის მოწყობა სავსებით ლოგიკური, პრაქტიკული საჭიროებით იყო ნაკარნახევი. გეგმის მეორე თავისებურება იმაშია, რომ აქ ახლებურადაა გადაწყვეტილი აღმოსავლეთის ნაწილი - აფსიდის კედელში ორი გვერდითი სადგომის ნაცვლად მოწყობილია - ერთი, ჩრდილოეთის მხარეს. ამასთანავე, სამხრეთით, აფსიდის კედელში დატოვებული ცრუ კარი წარმოგვიდგება, როგორც წინამავალ ეპოქაში ჩამოყალიბებულ სამნაწილედი საკურთხევლის (მაგ. ახლომდებარე სათხის) რუდიმენტული გადმონაშთი. შენობის ინტერიერს არ მოუღწევია ჩვენამდე თავისი თავდაპირველი სახით, ჩამონგრეულია კამარა და სამხრეთის კედელი. დასავლეთის კედელი გაძლიერებულია დამატებათი კედლიც წყობით მთელ სიმაღლეზე. ინტერიერის შემორჩენილი უდიდესი ნაწილი მაინც საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევა ნაგებობის შინაგანი სივრცის გადაწყვეტაზე. საზეიმო, წარმოსადეგი შთაბეჭდილება იქმნებოდა არა მარტო ძლიერი, სამსაფეხურიანი პილასტრების ატყორცნილობითა და ნავის საერთო აზიდული ფორმებით, არამედ განსაკუთრებით მისი კედლების მოხატულობითაც, რომლისგან აფსიდში შემორჩენილია ინტენსიურ ულტრამარინის ფონზე გაშლილი ეკლესიის მამათა მწკრივი პირველ რეგისტრში. მეორე რეგისტრში ჟღერად, მკაფიო ტონებშია გამოსახული მოციქულთა მოძრავი ფიგურები. მათი წაგრძელებული გამოსახულებანი შეთანხმებული და ორგანულად შერწყმულია შინაგან სივრცის პროპორციებთან და არქიტექტურასთან. დამახასიათებელია ფიგურების განლაგებაში წონასწორობა და მთელი კომპოზიციის შეკავშირება რიტმული მოძრაობით სიმეტრიის ღერძისაკენ, რომელზედაც ზემოთ კონქში, სუსტი კვალის მიხედვით, ალბათ ღვთისმშობელი იყო გამოსახული, ხოლო სარკმლის ქვემოთ - ქრისტეა ჯვარული შარავანდედით. თვით სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია წმინდანები - კოზმან და დამიანე. ეკლესია მთლიანად იყო მოხატული, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩრდილო კედელზე აქა-იქ უმნიშვნელო კვალი და შესასვლელების თაღზე ორნამენტული მოტივები გაირჩევა.

(+)

ინტერიერის მსგავსი გადაწყვეტის დროს, როდესაც იმთავითვეა გათვალისწინებული მოხატულობა, ხუროთმოძღვრულ ელემენტების მნიშვნელობა თვით სივრცის გაფორმებაში მცირდება. ამიტომ ხუროთმოძღვრის მხატვრულ ჩანაფიქრში უპირატესი მნიშვნელობა ნაგებობის გარეგან სახეს ენიჭება. ასეა კაზრეთის ძეგლშიც; ფაქიზად გათლილი ქვის სამოსელის ზოგადი მოყვითალო ელფერი და მასთან დაპირისპირებული ბაცი მომწვანო ზოლი წყობის ქვემოთა რიგში ჟღერადი  ფერადოვანი ლაქებივით ავსებს ძეგლის ცხოველხატულ გარემოცვას. ფასადები მდიდრულადაა მორთული სარკმლების დეკორატიული მოჩარჩოებით, შეწყვილებულ სარკმლებს შორის მოთავსებული ჯვრით, მოჩუქურთმებული კარნიზით; შესასვლელები რთულ პროფილიანი მოჩუქურთმებული პორტალებითაა ხაზგასმული. პორტალებსა და სარკმლების აგებულებაში დაცულია ის დამახასიათებელი ნიშნები, რომელნიც ფასადების გაფორმების ზოგად პრინციპთან ერთად კაზრეთის ძეგლს XIII სპირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებას უკავშირებენ. როგორც პორტალების შეპირისპირება კოჯრის, კაბენისა და ახტალის; (XIII ს. პირვ. მეოთხედი), ასევე ორნამენტული რეპერტუარის სტილისტიკური ნიშნები გვიჩვენებენ, რომ კაზრეთის ეკლესიის აგების დრო XIII ს. პირველი მეოთხედით შეიძლება შემოიფარგლოს. კაზრეთის ხეობის ორივე ძეგლის - სათხისა და კაზრეთის სამების ეკლესიების მნიშვნელობა ამ ხეობის კულტურულ -ისტორიული საკითხებისათვისაც უეჭველად თვალსაჩინოა. მათი დაცვისათვის დროა შესაფერისი ღონისძიებების ჩატარება ნაგებობის გადასარჩენად შემდგომი ნგრევისაგან.