topmenu

 

ათონის ივერთა მონასტერი - ბ. კანდელაკი

< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე <ქართული კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ

ბორის კანდელაკი (საქ. კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების კალინინის რაისაბჭოს პრეზიდიუმის წევრი) - ათონის ივერთა მონასტერი // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ. 22, გვ. 53 – 60

ათონი ბერძნული სახელია გიგანტი კაცისა, რომელიც გადმოცემით ღმერთს ებრძოდა და რომელსაც ამ ბრძოლის დროს თესალიიდან მთა მოუწყვეტია და გადმოუსროლია ეგეოსის ზღვაში. ამ მთისათვის ათონის მთა უწოდებიათ. სტეფანე ბიზანტიელისა და ვარინის აზრით მთის სახელი ათონი ბერძნების ღმერთის პოსეიდონის და როდოპი სტრიმონსკელის შვილის სახელს - ათოსს უკავშირდება. რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის თქმით, ათონი სამყაროს ჭიპია - უმცირესი სამყარო სამყაროსი, რომელიც რამდენიმე ათასეული წელია არსებობს.

ათონი წარმოადგენს მთის მასივს, სიგრძით 50 კმ, სიგანით 5-10 კმ ქალკიდონის ნახევარკუნძულზე, მაკედონიაში, რომელიც ვიწრო ყელით ზღვას უერთდება. პტოლუმაიოსის გაანგარიშებით, ათონი დევს 51’ 41’ 10’’ და 1600 კვადრატული კილომეტრი ფართობი უჭირავს. ზღვის დონიდან ათონის უმაღლესი წერტილია 1935 მეტრი. ათონის მთის მიდამოები დამშვენებულია  ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, ირგვლივ კი ნაირფერი ფოთლოვანი ტყე აკრავს. მთა ლამაზია, თბილი და ჯანსაღი ჰავა კიდევ უფრო მიმზიდველსა ხდის მის მიდამოს. ათონზე იყო ზევსის კერპთა სამლოცველო, სადაც მიდიოდნენ კერპთაყვანისმცემლები ყოველი მხრიდან თავიანთი ბედის შესახებ პასუხის მისაღებად. ათონს ბერების რესპუბლიკას ეძახიან. მთაზე 21 დიდი მონასტერია, 11 სავანე, 250 სენაკი და 150 დიდი დასახლება. სხვადასხვა ეროვნების ხალხს აქვს აქ მონასტრები: ქართველებს, რუსებს, სერბებს, ბულგარელებს, ბერძნებს, მცირე აზიის ხალხებს. ამ ბერთა რესპუბლიკაში 8000 ბერია, თითოეულ სავანეში 60-მდე სახლია, ხოლო თითოეულში 4-5 ბერი ცხოვრობს. ათონის ბიბლიოთეკებში 13000-ზე მეტი საინტერესო  ხელნაწერია. 680 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით (მე-18 და 42-ე მუხ. ძალით) საბერძნეთის არქიპელაგზე, სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ბერები შეკრიბეს და მისცეს საცხოვრებლად ათონის ნახევარკუნძული. იმპერატორმა კონსტანტინემ დაამტკიცა მსოფლიო კრების დადგენილება, გაათავისუფლა ბერები პატრიარქისაგან და მეფეებს დაუმორჩილა. პირველი მცხოვრები ათონზე იყო წმ.პეტრე ათონელი. ქართველები ათონზე 787 წელს მივიდნენ, კონსტანტინეს და ირინეს მეფობის დროს, ააშენეს ათონზე საერთო საცხოვრებელი, სავანე - ახლანდელი ივერიის მონასტრის პირველი შენობა. ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებელი და ორგანიზატორი იყო ტაო-კლარჯეთის მკვიდრი, დიდი ოჯახის შვილი იოანე (ერისკაცობაში ვარაზ ვაჩე) ჩორჩანელი - ხურსიძე, რომელსაც ეხმარებოდნენ მისი შვილი ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელი. ადრე სამივენი ტაო - კლარჯეთის სავანეთა მოღვაწენი იყვნენ. სამცხელი იოანე გამოჩენილი მხედართმთავარი იყო მეფე დავით კურაპალატის დროს. იოანეს მიუტოვებია სახლი, დიდება, სიმდიდრე, ნათესავები და ჩუმად წასულა, ბერად აღკვეცილა, შემდეგ მცირე აზიაში ულუმბოს მთაზე გადასახლებულა, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენ. იქიდან კი ათონის მთაზე დამკვიდრებულა ათანასე დიდის ლავრაში. ცოტა ხნის შემდეგ მასთან მივიდა ცნობილი თორნიკე (ერისთავი), მას მიჰყვნენ სხვებიც. ათანასეს ლავრამ ვერ დაიტია მრავალრიცხოვანი ქართველი ბერები და ქართველ ძმათათვის ლავრის მახლობლად იოანე მახარობლის ეკლესია და სენაკები ააშენეს. ათონის ივერთა მონასტერი აშენებულია 980-983 წწ. მონასტრის მთავარი შენობის აშენებასა და კეთილმოწყობას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამ, საბერძნეთის ახალგაზრდა იმპერატორებმა ბასილმა და კონსტანტინემ სთხოვეს დავით კურაპალატს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. დ.კურაპალატმა 12.000 ქართველთა ჯარი გაუგზავნა დასახმარებლად, რომელსაც ყოფილი მთავარსარდალი და იმჟამად ბერი თორნიკე სარდლობდა. გამარჯვებულმა ქართველებმა დამარცხებული ქვეყნიდან წამოღებული დიდძალი ქონება ნადავლის სახით თორნიკეს მიაკუთვნეს. თორნიკემ კი მთელი ქონება ათონზე წაიღო, რითაც ქართველებისათვის საგანგებო მონასტერი ააშენეს, მშვენიერი, ჰაეროვანი, რომლის მსგავსი იქ არ მოიპოვებოდა. თავისი სიდიდითა და სიმდიდრით, მთელ ათონზე იგი მესამე ადგილზეა.

ათონის ქართველთა მონასტერს სამი მხრიდან ტყე აკრავს, მეოთხე მხარეს - ფართო სათიბები აქვს. მონასტრის კედლები მარმარილოსია, კანკელი და საკურთხეველი მოოქროვილია. ასევეა წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. მონასტერს გარედან მაღალი ქვის კედელი აქვს. შიგ კი არის ტაძრები: მიძინების, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზისა, წმ.ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა და 16 სხვა პატარა ეკლესია. 1955 წელს კიდევ იყო ათონის ქართველთა მონასტერში ორი ქართველი ბერი - გაბრიელი და გიორგი. ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთს არ ემორჩილებოდა. იგი ქართველი მეფეებისა იყო და მათი შეწირულებით არსებობდა. 200-ზე მეტი კომლი გლეხი ჰყავდა შეწირული თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით, რომელიც აღნიშნულია (1874 წლის 28/ IX  №2697) საგარეო  საქმეთა სამინისტროს უწყისში. ქუთაისიდან, ასკანიდან, გორიდან, ცხინვალიდან, დიდ და პატარა საქობოდან, ნუკრიანიდან და სხვ. თავიანთი სახნავ-სათესი მიწებით, ვენახებით, ხილის ბაღებით, წისქვილებით. მარტო სიღნაღში 246 ნაკვეთი ბაღი ჰქონდათ. შემოსავალი განსაზღვრული იყო, როგორც ფულადი რაოდენობით, ისე ნატურით: ღვინო, პური, სიმინდი, ლობიო; თაფლი და სხვ. გარდა ამისა, ათონის მახლობლად ქართველებმა შეიძინეს ადგილები 42 კომლი ქართველისათვის, რომელიც ივერიის მონასტერს და ღვთისმეტყველ სკოლას მოემსახურებოდა. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით: „ქართველთა შემოქმედებითი ენერგია იმდენად გაიზარდა, რომ ტაო-კლარჯეთის საზღვრებში ვერ დაეტია, გადალახა ეს საზღვრები, გამოვიდა თავის კალაპოტიდან, ფართო ნაკადით გადავიდა მცირე აზიის სხვა პუნქტებში და მერე ათონის ნახევარკუნძულზე შექმნა ჩეენი მწერლობის ახალი ცენტრი - ივერიის მონასტრის სახით. ათონის სამონასტრო და სალიტერატურო წრე თავდაპირველად წარმოადგენდა ვეებერთელა ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ხის ერთ შტოს. ივერიის მონასტერი პირველ ხანებში იკვებებოდა ტაო-კლარჯეთიდან გადმოტანილი ტრადიციებით". ათონის მონასტერი მისი მესვეურების წყალობით, სამწერლობო - სამეცნიერო დაწესებულებებად იქცა. ათონში სამწერლობო მოღვაწეობას დიდი პატივი ედო  და ღვთისმსახურებას სჭარბობდა კიდეც. ათონის წესდებიდანაც ჩანს, თუ რამდენად ხელშემწყობი პირობები იყო ათონში სწავლულთათვის. მხოლოდ სწავლულთ შეეძლოთ ზეთის ყიდვა კანდელის ასანთებად, წასაკითხად და საწერად; მთელი მონასტერი ღამღამობით წყვდიადით იყო მოცული. ღამის მყუდროება და სიჩუმე სუფევდა მონასტერში, მხოლოდ აქა -იქ მკრთალი სინათლეები სენაკებში მოწმობდნენ, რომ ამ მონასტერში ჩუმი, მაგრამ დაუღალავი, თავგანწირული გონებრივი მუშაობა იყო გაჩაღებული; მონასტერში მოღვაწეობდნენ დიდი პატრიოტები, სამშობლოს ღრმა და გულწრფელი სიყვარულით აღფრთოვანებულნი საქართველოს მნათობნი. გამოჩენილი მეცნიერი ბერები. მთელ თავისუფალ დროს კეთილშობილურ სამწერლობო მოღვაწეობას ანდომებდნენ. იჭირვებდნენ, ღამეს ათევდნენ და უმეტესი მათი ნაშრომები ღამით სინათლეზე შეუქმნიათ. ექვთიმე ათონელი ამბობს: დავამთავრე ესე ნუსხა და ვინც წაიკითხოთ მაპატიეთ, წერის ზომისათვის შემინდევით: „უცოლო ვიყავ და უფროისი ღამით მიწერიაო". მონასტერიც განმსჭვალული იყო ამგვარი მისწრაფებით. როცა ათონელი ბერები დარწმუნდნენ, რომ ექვთიმე მამასახლისობისა და სამონასტრო საქმეების გამო წიგნების თარგმნას ვერ ასწრებდა, ბერებმა ურჩიეს, წინამძღვრობისათვის თავი დაენებებინა. წიგნის თარგმნას ათონელ ბერთა შეხედულებით, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მონასტრის გამგეობასა და მამასახლისობას, იმიტომ, რომ მაშინ მთარგმნელობა უფრო საჭირო იყო სამშობლოსათვის. ამ კეთილშობილურ საქმეს სამასი ბერი ემსახურებოდა. მთარგმნელთა შორის იყვნენ გამოჩენილი მოღვაწეები; იოანე გრძელიძე, იოანე - მამა წმ.ექვთიმესი, წმ.არსენი - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, ღირსი იოანე ხახულელი - ქართველ ოქროპირად წოდებული, ზაქარია მირდათის ძე, არსენი (მხოლოდ არა იყალთოელი და კათალიკოსი, არამედ სხვა კალიპოდან), გიორგი მესვეტე - გიორგი მთაწმინდლის მოძღვარი, ილარიონ დიდი თულალელი - მასწავლებელი და მოძღვარი წმ.ექვთიმესი, წმ.გიორგი მთაწმინდელი, იოანე - ყოფილი პატრიკი, სტეფანე გიორგი ოლთისარი, ბაგრატ მეფის შვილი - ვასილი, იოანე ფილოსოფოსი - ცნობილი პეტრიწონელი, ნეტარი ეფრემ მცირე, ღირსი თეოფილე, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭის ძე და სხვები. ათონის ივერთა მონასტერს ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა. მასში მრავალი ათეული ათასი წიგნი და ხელნაწერი იყო. ათონის ივერთა მონასტერი წარმოადგენდა არა ფანატიკოს ბერთა საკრებულოს, არამედ ფეოდალური ეპოქის უდიდეს სამეცნიერო-კულტურულ ცენტრს, რომლის მთავარი საქმიანობა იყო ბერძნულ-ქართული საურთიერთო თარგმანები და ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა და გადაწერა. აკად. სიმონ ყაუხჩიშვილი წერილში "ივერთა მონასტერი და ათონის მთის ქართველთა როლი", რომელიც 1969 წ. №3 ცისკარში გამოქვეყნდა, ფრიად საინტერესო ცნობას გვაწვდის ათონელთა შესახებ. ცნობილმა მეცნიერმა, საერთაშორისო მასშტაბის ბიზანტიოლოგიური ორგანოს ფრანგული "ბიზანსიონის" რედაქტორმა, (რომელიც დღიდან მისი დაარსებისა, 1925 წ. ვიდრე 1964 წ. გარდაცვალებამდე რედაქტორობდა ორგანოს) - ანრი გრეგუარმა 1963 წელს ბერძნულ ჟურნალში "ბიზანტინოლოგიური საზოგადოების წელიწდეული" მოათავსა ნარკვევი, რომელიც ეხება "ბალავარიანის" წარმომავლობას და დაბეჯითებით და დიდის მხურვალებით, სათანადო საბუთების მოტანით, ამტკიცებს, რომ ბერძნული „ბალავარიანის" ავტორი არის ექვთიმე მთაწმინდელი. საყურადღებოა, რომ ანრი გრეგუარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ივერთა მონასტერს ათონზე, რომელსაც ბერძნული „ბალავარიანის" სხვა ენებზე, კერძოდ, ლათინურ ენაზე გადათარგმნის საქმეში  დიდი როლი მიეკუთვნება. უკანასკნელ მოვიხსენიებთ იმასაც, რომ ანრი გრეგუარის აზრით, "ბალავარიანი" მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია და იგი ღირსია ნობელის პრემიისა. მრავალი ასეთი ნაწარმოები დაწერილა და თარგმნილა ათონის ივერთა მონასტერში, სადაც ამ კეთილშობილ საქმეს 300 - ზე მეტი ბერი ემსახურებოდა.

ათონი დღეს

როგორც ქართველი ტურისტები გადმოგვცემენ, ამჟამად ათონის მონასტერი ასე გამოიყურება: ზღვიდან იგი გამაგრებულ ციხე - სიმაგრეს ჰგავს, კომპლექსს მთლიანად ხშირი ტყე ფარავს. ნავსადგურიდან მარჯვნივ მაღალი კოშკია, მარცხნივ კი - მეორე, უფრო დიდი სიმაგრე. მასაც, როგორც ყველა ქართულ მონასტერს, ბაღ-ბოსტნები აკრავს, აქვს ვენახებიც.

მონასტრის ვრცელი ეზოს შუაგულში ეკლესია დგას. ამ კომპლექსის ნაგებობები ოთხკუთხ მოედანს ქმნიან; აქ განლაგებულია ბერთა სენაკები, კელიები და სტუმრებისათვის მისაღები დარბაზები. პირველ დარბაზში წმ.ნინოს სურათია, მასზე გამოსახულია მარჯვნივ  წმ.ნინო და ხალხი, მარცხნივ - მუხლმოდრეკილი მირიან მეფე თავისი დიდებულებითა და ლაშქრით. სურათს აქვს პატარა წარწერა "საბინინი". აქვეა ამავე მხატვრის მიერ შესრულებული „მცხეთის სვეტიცხოველი“. მონასტრის გარეთ შენობებია მეურნე მუშებისათვის. აქვეა წყარო, აუზი ნაკურთხი წყლით, გადახურული ფანჩატური, ფუტკრის სკები. ქართული მონასტრის შენობები ფერითაც გამოირჩევიან. ჭარბობს წითელი, იისფერი, მარწყვისფერი და ლურჯი. ყველა მონასტერს აქვს მაღალი სამრეკლო, საიდანაც ზარის ხმა იშვიათად მოისმის. მის მაგივრობას ასრულებს ქსილომანდრონი - ეს არის გრძელი დაფა, რომელზედაც ბერი ხის ჩაქუჩით ურტყამს და  მისი ხმა შორს გაისმის. ყოველ ღამე, ორ საათზე, მოისმის ეს ყრუ ხმა. ამ დროც კელიებში ინთება სანთლები და ბერთა შავი აჩრდილები ეკლესიისკენ მიიჩქარიან. გარეთ სიწყნარეა, ხოლო მონასტერში გაისმის ბერთა გალობა. ერთი საათის შემდეგ ბერები უკან ბრუნდებიან. მაგრამ გათენებამდე ისევ გაისმის ზარის ხმა და ისევ იწყება ლოცვა, შუადღემდე ორი წირვაა; საღამომდე კიდევ ერთი წირვა და ასე დაუსრულებლივ. დიდ დღესასწაულებზე კი გამუდმებული წირვა - ლოცვაა. დღის 2-დან 4 საათამდე ათონზე ყველას ძინავს, ბერებსაც და მუშებსაც. რაც შეეხება სამწერლობო, სამეცნიერო-კულტურულ საქმიანობას, ათონზე კარგა ხანია ამისათვის თავს არავინ იწუხებს. დღეს მონასტრის დანიშნულება მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა - შენახვაა. ჯერ კიდევ 1880 წელს ქართველი მოგზაური ბარკალაია ყოფილა ათონზე და უნახავს, რომ ქართულ ხელნაწერთა ფურცლებს ბერძენი ბერები ბოთლების დასაცობად ხმარობდნენ. მასვე უნახავს კონსტანტინეპოლში ბაზარზე ათონის მთიდან გამოტანილი ქართული ხელნაწერები. დღეს ათონზე ქართულ ხელნაწერთა განყოფილებაში ბლეიკისა და დუმენილის შედგენილი ორი კატალოგია. ყველა ხელნაწერს თავისი ნომერი აქვს, ყდაში ჩასმულია და მათი უმრავლესობა პერგამენტზეა გადაწერილი. ქართულ ბიბლიას (ხუცური) აქვს წარწერა მხედრულით ,,წავიკითხე და განვიხილე წიგნი ესე აქა მთასა წმინდასა ყოფნას ჩემისა. პლატონ იოსელიანი". აქვეა 987 ოშკის ბიბლიის უძვირფასესი ხელნაწერი, ლ. მენაბდის ცნობით, 1849 წ. პლატონ იოსელიანს იგი ათონიდან თბილისში ჩამოუტანია და ორ ცალად გადაუწერია; ერთი - სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანისთვის უბოძებია, მეორე - თბილისის სიონის ტაძრისთვის. შემდეგ ეს ბიბლია ისევ ათონზე დაუბრუნებიათ. ათონზეა 913 წ. ოპიზის სახარება. აქვეა ტაო -კლარჯეთის ქართულ მონასტრებიდან წაღებული ქართული ხელნაწერები. (მე-16 ს. ეს მხარე ოსმალებმა დაიპყრეს. იქაურ ბერებმა თავიანთი ხელნაწერებით ათონს მიაშურეს). ივერთა მონასტრის ზემო სართულში ნაბეჭდი წიგნების განყოფილებაა, დერეფანში კი ვიტრინები - ქართული ხელნაწერებით. მონასტრის მაღალი კოშკები წინათ სამეთვალყურო მოვალეობას ასრულებდნენ, დღეს კი - ზოგში ბიბლიოთეკაა, ზოგი კი უბრალოდ სამეურნეო სათავსოებადაა გამოყენებღლი. უკანასკნელი ქართველი ბერი ათონზე, ტიხონ ფაღავა 1956 წ. გარდაცვლილა, 90 წლის ასაკში. სიკვდილის წინ, ეკლესიის კედელზე ამოუჭრია გვარი - ფაღავა, ქართულ ენაზე. ამჟამად ათონის ივერთა მონასტერს ათანასე ბერი განაგებს. (ეროვნებით ბერძენი, თბილისში ყოფილა 1960 წ. სიონში). 1927 წ. ბერძნული კონსტიტუციის ძალით ათონის ნახევარკუნძულზე საბერძნეთის უზენაესობაა გამოცხადებული, მაგრამ ათონის შინაგან მმართველობაში საბერძნეთი ვერ ჩაერევა, ასე რომ, ათონი არსებითად თეოკრატულ რესპუბლიკას წარმოადგენს, მას ოთხი ბერი განაგებს. ისინი ყოველწლიურად იცვლებიან. ყოველ ოფიციალურ ქაღალდზე, ან დადგენილებაზე ოთხი მონასტრის ბეჭედი უნდა იყოს დასმული. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელი, გუბერნატორი კარიესში იმყოფება. 1912 წელს ათონზე კიდევ იყო 7000 ბერი, 1962 წლისათვის ეს რიცხვი 1000 -მდე დავიდა. ბერად რომ შედგეს, ახალგაზრდამ სამი წელიწადი მიწაზე უნდა იმუშაოს მუშად, ზეთისხილის ბაღებში, შემდეგ სამი წელი სკოლაში ისწავლოს და მხოლოდ 6 წლის შემდეგ, (თუ დაიმსახურებს) შეიძლება მიღებულ იქნას ბერად. ათონის მთაზე არამც თუ ქალებს, მდედრობითი სქესის ცხოველსაც კი არ აჭაჭანებენ, სამუშაოდ ჯორებს იყენებენ! თურმე იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე, ცნობილი თეოდორა, ძვირფასი ძღვნით დატვირთული ესტუმრა ათონის მთას, მაგრამ ბერებმა არ შეუშვეს და გაწბილებული დედოფალი უკანვე გამოაბრუნეს, იმ ადგილზე კი, სადაც მან ფეხი დაადგა, ბერებმა კირი მოასხეს და ჯვარი აღმართესო - გადმოგვცემს ლეგენდა. ათონზე ცივილიზაციის მიღწევები არ არის. ცხოვრება შუა საუკუნეების დონეზეა გაყინული. ბერებმა ამერიკელების მიერ შეწირულ საბარგო ავტომანქანებზეც უარი თქვეს. ერთადერთი პროგრესი ტელეფონია. ისიც - მონასტრებს შორის სატელეფონო კავშირი არ არსებობს. მხოლოდ გუბერნატორს შეუძლია მათთან უშუალოდ დაკავშირება. ელექტროენერგიაც არ არის გამოყენებული, სანთლებსა და ნავთის სანათურებს ხმარობენ.