topmenu

 

თირის მონასტერი - ნ.ანდღულაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

ნუგზარ ანდღულაძე (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი) - თირის მონასტერი (რეკონსტრუქციის პროექტი) //ძეგლის მეგობარი - 1970, კრ. 22, გვ. 21 -29

თირის მონასტერი ისტორიულ შიდა ქართლში მდებარეობს, ქ. ცხინვალის მახლობლად (ამჟამად სოფელს მონასტერი ეწოდება). იგი წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსს, რომელშიაც სხვადასხვა დროის საკულტო და საცხოვრებელ-სამეურნეო ხასიათის რამდენიმე ნაგებობაა გაერთიანებული. ჩვენ მიერ ჩატარებული ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ სამონასტრო კომპლექსი ერთდროულად არ შექმნილა. მოღწეულ შენობათაგან ყველაზე ადრეულია "ღვთისმშთბლის" ეკლესია, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი სენაკები, "საიკონომოსოი" (ნედლეულის საწყობი), კოშკი და გალავნის ერთი მონაკვეთი. ეს ნაგებობები XIII საუკუნის დასასრულით თარიღდება. ხუროთმოძღვრული ანალიზით, აგრეთვე წარწერებისა და ისტორიული დოკუმენტების შეჯერების შედეგად, დადგინდა, რომ სამრეკლო და სამხრეთის მინაშენი კარიბჭით, ეკუთვნის XIV - XV საუკუნეების მშენებლობას.

ეკლესიის ჩრდილო მინაშენი, წარწერის მიხედვით, XVII საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება. თირის სამონასტრო კომპლექსის ყველა ამ ნაგებობამ ჩვენამდე თავდაპირველი სახით ვერ მოაღწია. ზოგიერთ მათგანს ჟამთა სიავემ თავისი დაღი დაამჩნია. ეკლესიას ბზარები გაუჩნდა, სატრაპეზო, კოშკი, "საიკონომოსოი", სენაკები, გალავანი, სამხრეთ მინაშენის კარიბჭე ნაწილობრივ ან თითქმის დანგრეულია. ეკლესიის ინტერიერში მდებარე კანკელი, რომელიც ძეგლის თანადროულია, ხელმეორედაა აწყობილი, უსისტემოდ. ძეგლის კვლევის და მისი რეკონსტრუქციის საკითხები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს კომპლექსის მშენებლობის საფეხურების დადგენა და მათი თავდაპირველი სახით წარმოდგენა, მივმართავთ გრაფიკული რესტავრაციის ხერხს. ჩვენდა საბედნიეროდ, გადაკეთებულ თუ დანგრეულ შენობებს ისეთი არქიტექტურული ელემენტები და ნიშნები შემორჩენია, რომ შესაძლებელი ხდება მათი თავდაპირველი სახის აღდგენა. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ კომპლექსის ძირითადი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის თავდაპირველი ასახულობა, რომელიც გვიანდელი მინაშენებით მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ეკლესიის გეგმა ამ მინაშენების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ. ამ მხრივ სამხრეთის მინაშენი ხელს არ გვიშლის, რადგან იგი უშუალოდ არ არის ეკლესიასთან დაკავშირებული, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენის გამოცალკევება რამდენადმე გართულებულია, ვინაიდან იგი შეჭრილია ეკლესიის ჩრდ. კედლის არეში. ძეგლის ამ მონაკვეთის დეტალურმა ანალიზმა გვიჩვენა: ა)თავდაპირველად ეკლესია წარმოადგენდა დარბაზული ტიპის ცალნავიან ნაგებობას, ყოველგვარი მინაშენების გარეშე;

ბ)ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში ეკლესიას ჰქონდა კედლის მასივში გამოღებული მცირე ზომის სათავსო, რომელიც სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებდა და რომელიც ბემაში გაჭრილი კარით იყო დაკავშირებული საკურთხეველთან; გ)ამ სადგომის გამოა, რომ ჩრდილოეთის კედელი აღმოსავლეთით გასქელებულია; დ)ჩრდილოეთ კედელში აღმოსავლეთით გაჭრილი მრგვალი სარკმელი ამ სათავსოს აშუქებდა; ე)ეკლესიის ჩრდილოეთ კედელსა და კლდეს შორის მოთავსებული იყო ვიწრო დერეფანი, საიდანაც შეიძლებოდა გასვლა მონასტრის აღმოსავლგთ ნაწილში, კლდეში ნაკვეთ სენაკთან და კოშკთან; ვ)ჩრდილოეთ ეკვდერის არქიტექტორმა სამკვეთლოს ჩრდილოეთ კედელი მოარღვია (არ არის გამორიცხული, რომ ეს კედელი ამ დროისათვის გამონგრეული ყოფილიყო) და სამკვეთლოს კამარასთან მინაშენის კამარის დასაბჯენად განიერი თაღი ჩასვა კედელში; ზ)სამკვეთლოს დასავლეთ კედელთან მან კარი გაჭრა და ეკვდერი დაუკავშირა ეკლესიის ნავს; თ)ამგვარად, ეკლესიის ჩრდ. სათავსო მოექცა მინაშენის სივრცეში. მაშასადამე, თავდაპირველად ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენდა, ჩრდ.კედელში განთავისუფლებული პატარა სათავსოთი. ასევე შეგვიძლია აღვადგინოთ ეკლესიის სამხრეთ ფასადის თავდაპირველი სურათი, ე.ი. ის მონაკვეთი, რომელსაც ამჟამად მინაშენი ფარავს. ეკლესიის სამხრეთის ფასადი ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრით გააზრებული იყო, როგორც ერთიანი სიბრტყე. ფასადის აღდგენა გაადვილებულია იმით, რომ სამხრეთ მინაშენის ჩრდილოეთ კედლის მაგივრობას ეკლესიის სამხრეთ ფასადი ასრულებს. ფასადის ამ მონაკვეთში სამი სარკმელია მოთავსებული. პირველი და მესამე სარკმლის საპირედან სამმაგი ლილვია ჩამოშვებული.

ლილვები ორნამენტირებულ ბაზისებს ებჯინება და გაფორმებულია "კონებითა" და ბურთულებით. მინაშენიდან შესაძლებელი გახდა დაგვედგინა სარკმელთა დონე. ისინი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობენ. განსხვავებულია მათი თაღების სიმაღლეც; ჩამოშვებული ლილვებიდან შუა ლილვი დანარჩენებზე დიდია და იგი უფრო მეტადაა სიბრტყიდან ამოზიდული. მინაშენის სახურავის მდებარეობა არ იძლევა საშუალებას დავადგინოთ თუ როგორაა განხორციელებული ლილვების გადაბმა სარკმლის მომჩარჩოებელ ლილვებთან, მაგრამ ამგვარი სარკმლების ტიპი კარგადაა ცნობილი ქართულ ხუროთმოძღვრებაში და, უნდა ვიფიქროთ, აქაც ანალოგიური სურათია; კიდურა ლილვები სარკმლის გარე ლილვს ებმის, შუა კი-შიდა ლილვს. სარკმელთა მომჩარჩოებელ ლილვებიდან სწორედ შიდა ლილვია ამოზიდულ, და გადაბმაც ორგანული გამოდის. აღმოსავლეთით მდებარე სარკმლიდან ჩამოშვებული ლილვები უფრო მოკლეა, ვიდრე მესამე სარკმლისა, ხოლო მათ შორის მდებარე სარკმელს ამგვარი ლილვები საერთოდ არ გააჩნია. სამხრეთის მინაშენმა ნაწილობრივ დაფარა კუთხის მომჩარჩოებელი ლილვაკების ბაზისის წინაპარი. ფასადსა და მინაშენს შორის ამ ადგილას დარჩენილია ნაპრალი, საიდანაც მოჩანს ბაზისის მომრთველი ორნამენტის სქემა. ლილვაკების ბაზისი აქაც ისევეა გაფორმებული, როგორც დანარჩენ ფასადებზე. ეკლესიის სამს. ფასადზე ყველაზე მეტად დაზიანებულია მთავარი პორტალის გარე მომჩარჩოებელი ლილვები და იმპოსტები (მხოლოდ მარჯვენა იმპოსტის ნაწილია გადარჩენილი). ლილვებს თაღთან ჰქონიათ ორნამენტიანი იმპოსტები (შემორჩენილი იმპოსტის ნაწილზე ორნამენტი იმდენად მცირეა, რომ სქემის მთლიანად აღდგენა შეუძლებელია, ხოლო მარცხენა იმპოსტი საერთოდ აღარ არსებობს). პორტალის ზემოთ ჩასმული ყვითელი ქვიშა-ქვის კვადრები გვიანდელი შეკეთების შედეგია, (ადრეულ ფოტოსურათებზე მოჩანს ამოცვენილი ქვების ბუდეები). პორტალის თავზე მოთავსებული ყოფილა ისეთივე ნიჟარა, როგორც ამავე ფასადის მეორე პორტალს აზის (ქედის სამხრეთ კალთაზე ვიპოვნეთ ნიჟარის დაზიანებული ნახევარი. აღნიშნული ელემენტი რომ ნამდვილად ამ პორტალს ეკუთვნოდა იქიდან ჩანს, რომ ფასადებზე ყოველ ერთეულს, იქნება ეს სარკმელი თუ პორტალი, თან ახლავს რაიმე დამატებითი სამკაული, მხოლოდ მთავარი პორტალია დატოვებული ასეთი - გაფორმების გარეშე, თანაც პორტალის ზემოთ კედელი შეკეთებულია. ეჭვი არაა, რომ ნიჟარა სწორედ მთავარ შესასვლელს ამკობდა. XV საუკუნეში ეკლესიის მთავარ პორტალს მიადგეს კარიბჭე, რომელიც დღეს აღარ არსებობს; მაგრამ მინაშენის დასავლეთის კედელზე და ეკლესიის სამხ. ფასადზე შემორჩენილი არქიტექტურული დეტალები და მთელი რიგი ნიშნები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ კარიბჭის კონსტრუქციული ფორმები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერკვეთ იმ ფაქტიურ მასალაში, რასაც ჩვენამდე მოუღწევია;

1. მინაშენის დას.კედელზე შემორჩენილია თაღი (შესასელელის ზემოთ) და დაბალი კედელი, რომელიც გვიჩვენებს კარიბჭის კამარის ქუსლის დონეს. ასეთივე თაღი იქნებოდა კარიბჭის დას. კედელთან. აღმოსავლეთით თაღის ქუსლები ემყარება მრავალნაწევრიან კაპიტელს, რომელსაც ემყარებოდა გრძივი (OW - მიმართულებით) თაღები. მინაშენის სამს. დასავლეთ კუთხესთან შემორჩენილია ამ გრძივი თაღის ქუსლის ერთი კვადრი.

2. ეკლესიის სამხ.ფასადთან მოთავსებულია პილასტრის ნაწილი, რომლის წინ გალავნის წყობაში ჩასმულია კედლიდან ოდნავ გამოწეული ასეთივე ფორმის მეორე პილასტრის ნაწილი. ეს ელემენტები კარიბჭის პილასტრები იყო. ისინი თავდაპირველ ადგილზე დგანან და გვიჩვენებენ კარიბჭის გეგმის ზუსტ ზომებს.

3. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე პორტალის ზემოთ კედლის სიბრტყეში ამოკვეთილია ტოლფერდა ღარი, რომელიც კარიბჭის სახურავის ჩასამაგრებლად გაუკეთებიათ. აღნიშნული ღარი გვიჩვენებს კარიბჭის გადახურვის სიმაღლესა და ფორმას.

4. პორტალის თავზე შემორჩენილია ღია ფერის ხსნარის ზოლი, რომელიც კარიბჭის ჩრდილოეთ თაღის მოხაზულობას გვიჩვენებს (თაღის ჩამოქცევის შემდეგ კედელზე დარჩა მისი მონახაზი). თაღის სიმაღლე შეესიტყვება აღმოსავლეთით შემორჩენილი თაღის სიმაღლეს. როგორც ჩანს, ასეთივე მოხაზულობა ჰქონია თაღს სამხრეთითაც.

5. გალავნის წყობაში და ქედის ფერდზე ვიპოვეთ პროფილირებული კაპიტელები, რომლებიც ეჭვი არაა, კარიბჭის დასავლეთ პილასტრებზე იქნებოდა მოთავსებული.

6. შემორჩენილია პროფილირებული ორნამენტით მორთული კარნიზის ქვები (სამი გალავნის წყობაში, ერთი - ეკლესიის დას. სათავსოში). საფიქრებელია, რომ ეს ქვები კარიბჭის დასავლეთის ფასადს აგვირგვინებდა.

ზემოთ აღნიშნული ელემენტები და ნიშნები საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ კარიბჭის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. ამ დეტალების ზომებისა და ფორმის თანხვედრა გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ერთი ნაგებობის ელემენტებთან. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია გრაფიკულად ავაგოთ პილასტრები, მოვათავსოთ მათზე კაპიტელები, გადავიყვანოთ თაღები, ჩავსვათ კარნიზის ქვები ადგილზე და ზემოდან ნაგებობა გადავხუროთ ორფერდა სახურავით (საბურავი აქაც ლორფინისა იქნებოდა, როგორც მინაშენზეა).

ეკლესიის კანკელი, როგორც ითქვა, გვიანაა აწყობილი, თავდაპირველი ნაწილების გამოყენებით. ადგილზე არსებული ფაქტიური მასალა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ კანკელის თავდაპირველი სტრუქტურული აგებულება. აღდგენისას ვეყრდნობით იმ კანკელებს, რომლებსაც დროისა და სტილის თვალსაზრისით ემსგავსება ჩვენი კანკელი. ცნობილია, რომ ქართული კანკელის სტრუქტურულმა აგებულებამ საუკუნეების მანძილზე უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა. ყველაზე ადრეული ნიმუში, რომელზედაც ეს ცვლილებები გამოჩნდა, 1152 წლით დათარიღებული საორბისის ეკლესიის კანკელია. XII-XIV სს. ქართული კანკელები სწორედ ამ სისტემის მიხედვითაა აგებული და ყოველი მათგანი, მათი მხატვრული გაფორმებისას, ოსტატთა ინდივიდუალურ მიდგომას გვიჩვენებს. ჩვენთვის საინტერესო XIII საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება). თირის კანკელის შემადგენელ ელემენტთა თანაფარდობის შემოწმების შედეგად თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ხუთმალიან თაღედს ცენტრში თავიდან ბოლომდე გახსნილი აღსავლის კარით, საიდანაც შეიძლებოდა საკურთხეველში მოხვედრა. კანკელის კედელს ქმნის ოთხი ფილა (68X70,7X71), რომელთა წინაპარი მთლიანად შევსებულია ორნამენტით, ხოლო კიდეებთან ორმაგი გრეხილი ლილვი ევლება. ფილებს შორის, როგორც ამას XII- XIV საუკუნეთა კანკელების აგებულება გვიჩვენებს, მოთავსებული იქნებოდა თავ-ბოლო სამკაულიანი ნახევარსვეტები. ისინი ჩვენ აღვადგინეთ პროფილების მიხედვით: გვაქვს ორმაგ და სამმაგლილვიანი გრეხილები და გრეხილებს შორის მოქცეული ორნამენტიანი არშიები. ერთ -ერთი მათგანი კანკელის ცოკოლად გამოვიყენეთ. შემორჩენილია ანტაბლემენტის ნაწილებიც. გრეხილები თავსა და ბოლოში გაფორმებულია იმპოსტებით, ბაზისებით, ბურთულებით, "კონებითა" და "სამაჯურებით". ეკლესიაში კანკელი ამჟამად ირიბად დგას. თავდაპირველად კი იგი სწორად იდგა. სატრაპეზო, რომელიც ეკლესიის დასავლეთით მდებარეობს, ძლიერაა დანგრეული: კამარა, სამხრეთი კედელი მთლიანად და აღმოსავლეთისა ნახევრად დაქცეულია. მაგრამ გადარჩენილი კედლები და დეტალები შესაძლებლობას გვაძლევს თავდაპირველი აგებულების წარმოსადგენად. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებთან მდებარე საბჯენი თაღის ქვები გვიჩვენებს ნაგებობის სიმაღლეს, კამარის მოხაზულობას, გადახურვას. ირკვევა, რომ ნაგებობა გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომელიც ოთხ საბჯენ თაღს ემყარებოდა (ორი საბჯენი თაღის ქუსლის დასაწყისი შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელზე). თაღები ისეთსავე კრონშტეინებზე იქნებოდა დამყარებული სამხრეთით, როგორიც ჩრდილოეთითაა შემონახული. ზემოდან ნაგებობას ორკალთიანი სახურავი ჰქონია ლორფინებით დაბურული (კრამიტი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ახლომახლო კრამიტის ნატეხებიც კი ვერ ვიპოვეთ, ხოლო ერთი წახნაგიანი ქვა, რომელიც სატრაპეზოში დევს და ჰგავს ეკლესიის კეხის გაყოლებით მდებარე ქვებს, სატრაპეზოსი უნდა იყოს). შესასვლელი კარის ხვრელობი გადახურული ყოფილა არქიტრავის მოზრდილი ქვით (არქიტრავის მეორე ნახევარი იქვე დევს შესასვლელთან).

შემორჩენილ კედლებზე არსად ჩანს სარკმელთა ნაკვალევი, ხოლო ასეთი ზომის დარბაზისათვის (1040X526 სმ.), მხოლოდ კარიდან შემოსული შუქი, ცხადია, არ იქნებოდა საკმაო. სარკმლები, როგორც ჩანს, მოთავსებული ყოფილა სამხრითის ფასადზე. ვფიქრობთ, ორზე ნაკლები სარკმელი არ უნდა ყოფილიყო. ასეთივე ხერხით შეგვეძლო აღგვედგინა ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დაქცეული სათავსოც, მაგრამ იგი იმდენად უსახურია არქიტექტურის თვალსაზრისით, რომ კომპლექსის მხატვრულ სახეს არაფერს მატებს. რაც შეეხება ეკლესიის აღმოსავლეთით შემორჩენილი კოშკის ნანგრევს, იგი იმდენადაა დაზიანებული, რომ არა თუ მისი აღდგენა, გეგმის ჩვენებაც კი არ ხერხდება. ამჟამად კომპლექსის ზოგიერთი ნაგებობა სავალალო მდგომარეობაშია და მოითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას:

1. ეკლესიის საკურთხეველში შემორჩენილი XIV- XV საუკუნეების მხატვრობა თანდათან იშლება. საჭიროა ნალესობის გამაგრება. გარდა ამისა. კარგი იქნებოდა ფრესკების გაწმენდა, ვინაიდან ზედაპირი დამტვერილი და გამჭვარტლულია (გაწმენდის შედეგად სცენები, რომლებიც ამჟამად აღარ იკითხება, მკვლევარს ბევრ საინტერესო მასალას მისცემდა).

2. მონასტრის გალავანი თითქმის დაშლილია; ასევეა სამრეკლოზე ასასვლელი ქვის კიბეც. მართალია, გალავანიცა და კიბეც შეუკეთებიათ, მაგრამ იმდენად უხარისხოდ, რომ ქვები ოდნავი შეხებითაც კი ცვივა.

3. ეკლესიის ჩრდილო მინაშენში წყალი ჩამოდის და კედლები გაჟღენთილია სინესტით. ასეთსავე მდგომარეობაშია დანარჩენი ნაგებობებიც (კონსერვაციის მიზნით ზოგან კედლების თავზე ცემენტის ხსნარი გადაუსვიათ, მაგრამ ბევრგან ნალესობა დაშლილია) აღნიშნული სამუშაოები დიდ სახსრებს არ მოითხოვს და თუ დროზე იქნება მიღებული ზომები, ძეგლი განადგურებას გადაურჩება.