topmenu

 

თუშური ხალხური საფენები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება < (ტრადიციები და სიმბოლიკა) >

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ზაქარია მაისურაძე (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი)

ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.22, გვ. 18-20

 

ქართულ ხალხურ საფენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თუშური ხალხური საფენები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთა ასეთსავე ხალხურ ნაწარმიდან, როგორც შეფერილობით, ისე მხატვრულ სახეთა რაობითა და მხატვრული კომპოზიციური განაწილებით. თუშურ ხალხურ საფენების წარმოებას ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია გააჩნია. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხალხის ძირითად საარსებო, ეკონომიურ წინამძღვართან - მეცხვარეობასთან. ცხვრისაგან მიღებული მატყლის დამუშავებით და მისგან საშინაო მეურნეობისათვის საჭირო ქსოვილების მიღება და წარმოება თუში ქალის ერთ ძირითად საქმიანობას შეადგენდა ძველად და ნაწილობრივ ახლაც. თუშეთში ფართოდ იყო გავრცელებული შალის ქსოვა (ტანსაცმელი, სხვადასხვაგვარი წინდები, ხურჯინები, ყაჯრები, ჩითები და სხვა). განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფლასები, მუყაოს საგორავები და მხატვრული ქეჩის საფენების წარმოება. ფლასები და მეყის საგორავები იქსოვებოდა სპეციალურ საქსოვ დაზგებზე "აკაზმაზე", ხოლო ქეჩები ითელებოდა მატყლისაგან. თუმცა ქსოვილი საფენები თავის ზოგადი დანიშნულებით, როგორც კედელზე, ისე საწოლზე შეიძლება იყოს გაფენილი. ხშირად გვხვდება კონკრეტული დანიშნულების საფენები, რომლებიც მხოლოდ კედელზე, უფრო მეტიც - კუთხეში ან ფანჯრებს შორის უნდა იყოს ჩამოფენილი. ასევე თუშური გრძელი საწოლის - მეყის, რომელიც კედლიდან კედლამდეა გაკეთებული საფენად, ანდა მის გასწვრივ კედელზე ჩამოსაკიდად იხმარება „მეყის საგორავი“. იგი ვიწრო და გრძელი საფენია. მისი სიგანე მეტრამდე არც კი აღწევს, ხოლო სიგრძე 4-5 მეტრამდეა. ასევე მხოლოდ კედელზე ჩამოსაკიდად იხმარება ეგრეთწოდებული „ჯეჯიმები", რომლებსაც საყოველთაოდ ცნობილ ჯეჯიმთან საერთო არაფერი აქვს. აქ შავ ქსოვილზე ტალზე - კვანძური ტექნიკით შესრულებულია დეკორატული ფერადი მოტივები, რომლებიც ქსოვილის საერთო ფონზე უფრო მაღლებია და ზოგჯერ ფუნჯებივით ჰკიდია.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ყველაზე ფართოდ გავრცელებულია და მრავალმხრივი გამოყენება აქვს ფლასებს. ფლასი - ფალაზი წოვა-თუშურად, თითქმის კვადრატული ზომის საფენია. იგი ორი ნაჭრისაგან შედგება - შუაზეა გაკერილი და ასევე ცალ-ცალკე იქსოვება დაზგაზე. თუშ ქალებს თავისი შემოქმედებითი ფანტაზია ამ ფლასების მოქსოვაში ჩაუქსოვიათ. ფლასის ძირითად შავ ფონზე არაჩვეულებრივად დიდი ოსტატობით შეუქმნია გეომეტრიულ სახეთა მთელი წყება და ისეთი ორიგინალური კოლორიტის მქონე კომპოზიციები შეუქმნია, რომლის ბადალიც არა თუ ამიერკავკასიის ხალხებში, არამედ მეზობელ ახლო აღმოსავლეთის ხალხებსაც არ მოეპოვებათ. ეს არის ორიგინალური, თვითმყოფადი ხალხური ქართული ხელოვნება, რომელიც თუშმა ხალხმა დღემდე მოგვიტანა. როგორც წესი, ყველა ფლასს თეთრი ჩარჩო ევლება ოთხივ მხრივ, რომელიც თავის მხრივ, გეომეტრიული ორნამენტული სახითაა შემკული. ფერები მეტად ლაკონურია. თეთრ ფერზე შავი ორნამენტი, ალაგ-ალაგ წითელი ფერით ნაპკურები. შუაგული კი - ეს ის ფართია, სადაც საკმაოდ დიდი ზომის თეთრი ორნამენტები მოთავსებულია წვრილ გეომეტრიულ მრავალ ფერად ორნამენტებში.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თეთრი ორნამენტების შეხამება წვრილ ფერად სახეებთან მეტად მეტყველ და ამავე დროს ჰარმონიულ კომპოზიციებს იძლევა, რაც მაყურებელზე მეტად ღრმა და წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს. ძველად, XIX საუკუნეში და ჩვენი საუკუნის დასაწყისში ამ მხატვრულ სახეებს ყველას თავისი სახელწოდება გააჩნდა, მაგალითად, "ჭირკვანა'', „კბილანა“, „გრეხილ ნაპირონა", „ჯვრიანი თვალი", „სახიანი ჩადუნა", „მიხი“, „ჯვრიანი ჩადუნა“, „კბილანა ნაფოტა", „ჯარანა“ და სხვა, რომლებიც დღეისათვის სრულიად მივიწყებულია, ან თუ ახსოვთ, მათი მნიშვნელობა აღარ იციან. ასეთ ფლასებს აღარ ქსოვენ. აღარ არის მათზე მოთხოვნილება. დღევანდელმა ყოფამ თავისი ამოცანები დასახა და მოსახლეობაც თავისებურად პასუხობს მას. მაგალითად. ასეთ მაღალ ღირსების ფლასების გვერდით შეხვდებით ბუნების წიგნიდან აღებული ხვადი ლომების გამოსახულებას, „ცხოველთა სამყარო“, თუმცა იგი გადაკეთებულია, უფრო სწორედ ფლასის ქსოვის ტექნიკასთანაა მიახლოვებული. ანდა „მჯდომარე ირმის" გამოხატულება, რაც ქარხნულ ხალიჩიდანაა აღებული და სხვა. ყველა ზემოთქმული მიგვითითებს საქარხნო ნაწარმის გავლენაზე. იმის ცდაზე, რომ შინამრეწველებმა ნაწარმი დაამგვანონ „ქალაქურს" და ამით უფრო მეტი „ღირსება" მიანიჭონ მას. ნამდვილად კი საქმე გვაქვს ხალხური ტრადიციების სრულ უგულებელყოფასთან და მათ დაკარგვასთან. ამას ემატება აგრეთვე ხალხური მცენარეული საღებავების გამოყენების სრული დავიწყება და შეცვლა საქარხნო პროდუქციით ანალინის საღებავებით, რომელიც ასე ფართოდაა გავრცელებული ხალხში. ხალხური მცენარეული წარმოშობის საღებავები მეტად მდგარი და უხუნებლები არიან. მაშინ, როცა ანალინის საღებავები სწრაფად ხუნდებიან და ჰკარგავენ  თავიანთ პირვანდელ ფერს. ძველი ხალხური ფლასები კი დღესაც ფერთა ასეთივე ჟღერადობით გამოირჩევიან, როგორც ამ ასიოდე წლის წინათ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თუშური ფლასების კოლორიტის დამახასიათებელი ფერებია: თეთრი, შავი, შინდისფერი, წითელი, ყავისფერი, მწვანე (ბალახის ფერი), ყავისფერი (ირმისფერი), ყვითელი (ოქროსფერი), ლურჯი და ცისფერი. მათი ოსტატური და მაღალი გემოვნებით დალაგება ფლასს არაჩვეულებრივ მიმზიდველობას ანიჭებს. კვლავ აღდგება ასეთი ფლასების წარმოება, უნდა წახალისდნენ კოლმეურნეები ამ საინტერესო ხელობის აღსადგენად და ფართოდ გასავრცელებლად. ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს თუშური ქეჩის საფენები. ისინი ისეთი მაღალი ოსტატობით არ გამოირჩევიან, როგორც ფლასები, მაგრამ ხალისიანი ფერთა წყობა და მარტივი, ორნამენტული შემკულობა მათ მეტად მიმზიდველსა და სანდომიანსა ხდის. ძირითადად ქეჩის საფენები თეთრი ფერისაა. იშვიათად გვხვდება შავებიც. შავებს თეთრი შემკულობა აქვთ, ხოლო თეთრზე - გამოყენებულია წითელი, ყავისფერი, ლურჯი, შავი და ყვითელი ფერები. ამ ფერთა საშუალებით მიღებულია სხვადასხვა შეხამების მქონე, უბრალო, მარტივი კლაკნილი სახეები, ჯაჭვური წყება თვალური შემკულობისა, სხვადასხვა ურთიერთ გადამკვეთი ხაზების კომპოზიციები, სხვადასხვა რგოლები, შიგ წერტილები. ამ სახეების მთელი წყება იწვევს მიმზიდველ ფერთა თამაშს. ამათ გარდა არის სურათოვანი გამოსახულებებიც, როგორიც არის ცხვრის, ყვავილებისა - დიდრონ ლაქებად, კაცის გამოსახულება და სხვა. თვითეული ქეჩის კომპოზიცია თავის მხრივ დასრულებულია და მიუხედავად თავისი სიმარტივისა და გამოხატვის პრიმიტიულობისა მეტყველებითა და გამომსახველობით გამოირჩევა. ჩვენ გვჯერა, რომ თუშური ფლასებისა და ქეჩა-საფენების გამომზეურება, მათი ფართო მასების სამსახურში ჩაყენება არა მარტო აღადგენს ხალხური ხელოვნების ამ დარგს, არამედ საშუალება მიეცემა განვითარდეს იგი და შეიქმნას ეპოქის ღირსეული ნაწარმი. ეს კი დაამშვენებს ქართველი ხალხის თანამედროვე  ყოფას.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us