topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მთის საერო ხუროთმოძღვრული ძეგლები

<უკან დაბრუნება (ციხე ქალაქები, ხიდები და კოშკები)

მთის საერო ხუროთმოძღვრული ძეგლები- ვახტანგ დოლიძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) //ძეგლის მეგობარი, გამ. „საბჭოთა საქართველო“, 1970, კრ.22

ქართული შუასაუკუნეების არქიტექტურის მრავალფეროვან ძეგლთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მაღალმთიანი რაიონების საცხოვრებელ სახლებსა და სათავდაცვო ნაგებობებს. მთის საცხოვრებელი კომპლექსებისა და ციხე-კოშკების არქიტექტურა გაპირობებული იყო თემური წეს-წყობილების გადმონაშთური ფორმების ხანგრძლივი შენარჩუნებით მთაში და აქედან გამომდინარე დიდი ოჯახის თავდაცვის საჭიროებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მთიელთა მეურნეობრივი საქმიანობაც, რომელშიც მესაქონლეობა წამყვანი დარგი იყო. თემურ შუღლსა და შინაბრძოლას უფრო გვიან დაერთო ფეოდალების გამოლაშქრება დამოუკიდებელ მთიელების დასაპყრობად. ფეოდალების მოძალებას ხელს უწყობდა საქართველოს სამეფოს შესუსტება XV-XVI საუკუნეებში, როდესაც მისი მთლიანობა დაირღვა. ამიტომ მთიანი სოფლების დასახლებისა და ნაგებობების ფორმებში თავდაცვის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგალითად; ისტორიული პროვინციის - ხევის ტერიტორიაზე შემორჩენილია, როგორც ძველი ორსართულიანი ბანიანი სახლები, ასევე საცხოვრებელი კოშკები და ციხე-სახლები.

საბრძოლო კოშკი გამოიყენებოდა, როგორც ცალკე საცხოვრებლის დაცვა-გამაგრებისათვის, აგრეთვე სათემო თავდაცვის საერთო სისტემაშიც. ამ მხრივ საყურადღებოა საბრძოლო კოშკებისა და ციხეების განლაგება, რომლის საშუალებით სოფლები მტრის შემოსევასერთი მეორეს ატყობინებდნენ კოშკის სათავეზე ცეცხლის დანთებით. ამასთანავე ცენტრალური ადგილი არშის ციხეს ეკავა, რომელიც თავისი მდებარეობით ყველა დანარჩენ ციხეებს აერთებდა ვიზუალური კავშირით. ურთიერთდაკავშირებული საგუშაგო კოშკების სისტემა კავკასიაში თითქმის ყველგან გვხვდება. ხევის მეზობელ სამხრეთ - ოსეთის ტერიტორიაზედაც შემორჩენილია მსგავსი ციხე-სახლები და კოშკები, მაგრამ ამასთანავე აქ ფრიად საინტერესო ისაა, რომ საქართველოს საცხოვრებლის ორი უძველესი ტიპი თანაარსებობს: ციხე-სახლისა და საცხოვრებელი კოშკის გვერდით შეიძლება „დარბაზის" ტიპის ნაგებობასაც შევხვდეთ, რომელსაც აქ "ერდოიანი სახლი" ეწოდება. განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა სვანეთის არქიტექტურა. სვანეთის სოფელი შორიდან ხშირად ქვის მთლიან არქიტექტურულ ანსამბლად წარმოგვიდგება, სადაც თითქოს შერწყმულია სახლები და ცადაზიდული კოშკები, რომელნიც ჰარმონიულ კავშირშია გარემომცველი მთის მწვერვალებთან. სვანური არქიტიტექტურის სხვადასხვა ფორმები დღეს ყველაზე უფრო ზემო-სვანეთში, უშგულშია შემორჩენილი, ამიტომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. უშგულის ხეობა ჩრდილოეთით შემოფარგლულია ზვიადი შხარის მთის დათოვლილი ფერდობებით, რომლის ძირში სათავეს ღებულობს მდინარე ენგური. ხევის დასახლებული ტერიტორია მდინარის გასწვრივაა განლაგებული, მარცხენა ნაპირის ბუნებრივ ტერასებზე. უკანა პლანზე ლამარიას ეკლესია და კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი მოჩანს. უფრო ქვემოთ ოთხი სოფელია გაშენებული ერთი მეორის მიყოლებით; ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჟაში და მურყმელი. უშგული წარმოადგენს სვანური ხევის დასახლების ტიპიურ სურათს. ასევეა განლაგებული მესტია, მულახი და სხვა. დამახასიათებელია ტერიტორიული ერთობლიობაც; დასახლების ხაზს გარეთ გაშლილი სახნავ-სათესი და სათიბ - საძოვრების ძირითადი ფონდი კომპაქტური სახითაა მოქცეული ხევის ბუნებრივ საზღვრებში. უშგულის სოფლებიდან უფრო საინტერესოა ჩაჟაში, რომელიც მდ.ქვიშირის ენგურთან შერთვის ადგილთანაა განლაგებული. სოფლის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებდნენ ე.წ. ჩაჟაშის ზემოციხე და ქვემოციხე. ქვემოციხე უკანა პლანზე გამოიყოფა თავისი მუქი სილუეტით შემაღლებულ გორაკზე. ზემოციხე ჩაჟაშის მარჯვნივ აზიდული მაღალი მთის თხემზეა აღმართული. თავისი ადგილმდებარეობით ზემოციხეს ცხენის წყლის სათავეებიდან გამოყვანილი გზები და გადმოსავალი უნდა დაეცვა. ქვემოციხე კი სოფელს ჩრდილოეთიდან კეტავს და თითქმის მიუვალს ხდის მას, ვინაიდან ყველა სხვა მხრიდან სოფელი მდინარეებითაა შემოფარგლული.

ტიპიური სვანური საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენლობაშია - ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანი) სახლი, კოშკი, დამხმარე ნაგებობები (კალო, ფარდულები და სხვ.) და მათი გამაერთიანებელი ეზო. მთელი ეს მიწის ნაკვეთი ქვის ღობითაა შემოსაზღვრული. კომპლექსის ბირთვი სახლი და კოშკია, რომლის ვერტიკალური მოცულობა კომპლექსის განაშენიანების დომინანტს წარმოადგენს. სახლის პირველ სართულს მაჩვიბი ეწოდება. იგი განკუთვნილია ადამიანის ბინად და საქონლის სადგომად, ხოლო მეორე სართული გამოყენებულია ადამიანის სარჩოს შესანახად და აგრეთგე საქონლის საკვების მარაგისათვის. დარბაზს ზოგჯერ საცხოვრებლადაც იყენებდნენ ზაფხულში. მაჩვიბი ვრცელ სადგომს წარმოადგენს, რომლის ფართობი ზოგჯერ 100 კვ.მ. აღწევს. აქ მთელი ოჯახია მოთავსებული და ორი ან სამი კედლის გაყოლებაზე საქონლის სამყოფია გამოყოფილი, მის წინა მხარეზე ხის მაღალი ტიხარი აქვს მოწყობილი. ტიხარში თაღოვანი ხვრელებია გაჭრილი საქონლის თავის გამოსაყოფად ბაგასთან. არის ორიარუსიანი საქონლის სადგომიც. ამ შემთხვევაში ქვემოთ მოთავსებულია მსხვილფეხა საქონელი და მეორე იარუსზე - თხები და ცხვრები. მაჩვიბის შუაში კერაა მოწყობილი, სადაც სპეციალურ ქვის ან რკინის ოთხფეხზე ფიქალის ფილაა დადებული პურის ცხობისათვის. კერის თავზე ჯაჭვია ქვაბისათვის, ჭერთან გადებულ სპეციალურ კოჭებზე საგანგებოდ მოწყობილი ჩარჩოა, რომელზედაც ფართო ფიქალის ფილაა დაფარებული ჭერის ხანძრისაგან დასაცავად. ამ კონსტრუქციის ელემენტები ხშირად მოჩუქურთმებულია და ძელების ბოლოები ცხენის თავის ქანდაკებითაა მორთული. მაჩვიბში ჩვეულებრივად ბევრი მოჩუქურთმებული ავეჯია. გარდა ამისა, საქონლის სადგომის გადამღობი ტიხარიც გეომეტრიული სახის ჩუქურთმითაა მორთული. საცხოვრებელი კომპლექსის მეორე მნიშვნელოვანი ნაჯებობა კოშკია, რომელიც საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა თავდასხმის შემთხვევაში.ამ ძირითად ფუნქციას უპასუხებდა მისი აგებულება. კოშკი ჩვეულებრივად ახლოს დგას სახლთან და მასთან დაკავშირებულია საჰაერო გადასასვლელით, რომელიც სახლის მეორე სართულიდანაა გადებული. გავრცელებული იყო ოთხი ან ხუთსართულიანი კოშკები. როგორც წესი, პირველი სართული ქვის წყობითაა ამოვსებული - სიმტკიცისათვის და შესასვლელის მაღლა მოწყობისათვის. სართულები ერთმანეთს უკავშირდება ასაძრომთან მიდგმული ხის კიბის საშუალებით. კოშკის ფორმა გეგმაში კვადრატულია; მისი გვერდის ზომა საფუძველთან 4-5 მეტრს აღწევს, ზემოთკენ კი ოდნავ ვიწროვდება. მისი სრული სიმაღლე 25-30 მეტრია. ორქანობიანი სახურავით დასრულებულ ზემოთა სართულის გარშემო სალოდეებია მოწყობილი, საიდანაც ქვებს დააყრიდენ ხოლმე მომდგარ მტერს. დაკბილულ - თაღებიანი სალოდეები მოხდენილად აგვირგვინებენ სვანურ კოშკს. საერთოდ კოშკის მთლიან სახეს დიდი გამომსახველობა ახასიათებს. მონუმენტური კოშკის ფორმების სიმარტივე და ლაკონიურობა ნაგებობის სათავდაცვო დანიშნულებას უპასუხებს. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს კოშკების ანსამბლი. შედარებით მცირე ფართობზე თავმოყრილი კოშკების დიდი რაოდენობა სრულიად თავისებურ, მრისხანე იერს ანიჭებს სვანეთის ძველ სოფელს. კოშკის არქიტექტურული გადაწყვეტის იშვიათი მაგალითიც უშგულში გვაქვს; მაჩვიბის მოცულობასთან აზიდული კოშკი გაორკეცებული სახითაა აგებული - გაზრდილი, დიდი ოჯახის პირობებში საჭირო გამხდარა შეწყვილებული კოშკის აშენება. ჩაჟაშში შემორჩენილია უფრო ძველი ტიპის საცხოვრებელი - საინტერესო ციხე-სახლი, რომელიც ერთ შენობაში აერთიანებდა კოშკისა და საცხოვრებელი სადგომის ფუნქციებს.

ციხე-სახლი სამსართულიანი ნაგებობაა, სადაც კამარით გადახურული პირველი სართული ჩვეულებრივი სვანური მაჩვიბია შუაში კერით და ამავე ოთახში გადატიხრული ადგილით საქონლისათვის. მეორე სართული სვანურივე სახლის დარბაზია - საზაფხულო სამყოფი, სადაც ზამთარში თივის მარაგს ინახავდნენ. ორქანობიანი სახურავით გადახურულ მესამე სართულს მხოლოდ საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და ამიტომ გარშემო სალოდეები აქვს მოწყობილი. გარეგნულად ციხე-სახლი ემსგავსება ჩვეულებრივ სვანურ კოშკს, რომელიც თითქოს დაადაბლეს და გააგანიერეს. სალოდეების არქიტექტურული დამუშავებაც იმავე ხასიათისაა, როგორიც კოშკებში ვნახეთ. მთიანი რაიონების არქიტექტურაში ბევრი მსგავსებაა. მაგრამ ამასთანავე საერთო თემებისა და ცალკეულ ელემენტების გადაწყვეტის ადგილობრივი, დამახასიათებელი ვარიანტებიც ბევრია. მაგალითად, ტიპიური თუშური ციხე-სახლი სვანურს ემსგავსება მრავალსართულიანობით, ორქანობიანი სახურავით, გამოყენებული საშენი მასალითა და სართულშუა გადახურვის კონსტრუქციით (მაგრამ სვანეთში კამარაც იყო გამოყენებული პირველ სართულში). სართულები აქაც გადასატანი კიბით უკავშირდება ერთიმეორეს. უფრო არსებითია განსხვავება თუშეთის (და სხვა მთიანი ადგილების) ციხე-სახლში საქონლისათვის გამოყოფილია ქვედა სართული (გომური) და, ამრიგად, სვანურ მაჩვიბისაგან განსხვავებით, საქონელი იზოლირებულია ოჯახის სამყოფო ოთახისაგან. განსხვავებულია სალოდეების კონსტრუქციაც. თუშურ ციხე-სახლს ზემოთ კედლის შუა ადგილზე მცირე აივანივით გამოშვერილი თითო სალოდე აქვს ოთხივე მხარეს. ეს ელემენტი უფრო განვითარებულია სვანურ ციხე-სახლსა და კოშკებში, სადაც ზემოთა ნაწილი თაღიანი სალოდეებითაა გარშემოკრული. განსხვავებულია ციხე-სახლების ზოგადი აგების სისტემაც.

თუ სვანურ ციხე-სახლს ოდნავი შევიწროება ემჩნევა ზემოთა ნაწილში, თუშურ-ხევსურული ციხე-სახლისა თუ კოშკის კედლები დახრილია შიგნითკენ მთელ სიმაღლეზე. ზოგადი აგებულების სისტემების განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ნახაზზე, სადაც წარმოდგენილია მარცხნივ კოშკის ტიპი, რომელიც გავრცელებულია თუშეთში, ხევსურეთში და ჩრდილოეთ-კავკასიის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. (არაგვის ხეობაში შემორჩენილია ერთადერთი ანანურში). ეს კოშკი სვანურთან შედარებით მთელ სიმაღლეზე მნიშვნელოვნად ვიწროვდება, რაც მსუბუქ, ატყორცნილ ასახულობას აძლევს ნაგებობას. მისი ზემოთა სართული შიგნით შეკრული კამარითაა გადახურული და გარედან პირამიდისებრსაფეხურებიანი სახურავითაა დაგვირგვინებული. მის გვერდით გამოსახული სვანური კოშკი ოდნავ ვიწროვდება ზემოთა ნახევარში და მთლიანად უფრო მძლავრი და მონუმენტური ჩანს. თუშურ - ხევსურული კოშკის კარგად შემონახული ნიმუში ახლაც დგას პირიქითი ხევსურეთის სოფელ ლებაისკართან, რომელიც შატილში მიმავალ  გზაზეა. პირიქითი ხევსურეთის სოფლები ისტორიულად არასოდეს არ ყოფილან უზრუნველყოფილნი მტრულად განწყობილი ჩრდილო მეზობლების თავდასხმისაგან. ამიტომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიხედვით განაპირა სასაზღვრო სოფლებს - მუცოს (არდოტის ხეობაში) და შატილს (არღუნის ხეობაში) საქართველოს ჩრდილო ავანპოსტების დანიშნულება ჰქონდათ. მუცო - თავისი ციხე-კოშკებითა და საცხოვრებელი კომპლექსებით ისე აგვირგვინებს კლდოვანი მთის მწვერვალს, რომ მთელი განაშენიანება მთიდან ამოზრდილის შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ასევე მიუვალი იყო მტრისათვის შატილიც. იგი ისეა მომწყვდეული ახლო მდებარე მთების რკალში, რომ მხოლოდ ახლოს მისვლისას წარმოუდგება მნახველს კლდოვან კონცხიდან აღმართული ციხე-სიმაგრე. კონცხი წინწამოწეულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იქ, სადაც, მდინარე არღუნს მუდამ ანკარა, პატარა მითხურის წყალი ერთვის. კონცხის განაშენიანება იმგვარადაა გადაწყვეტილი, რომ კიდეებზე მოთავსებული ციხე - სახლები მიჯრითაა აგებული და ამის შედეგად ერთიანი დამცველი მიუვალი კედელია შექმნილი. იგი კონცხის მოხაზულობას გასდევს და მთლიანად კეტავს შატილის ანსამბლს. გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ვიწრო გზა არღუნის ხეობას მიჰყვება. შატილის ძირითადი მასივი ხასიათდება შენობათა მჭიდრო შეჯგუფებულობითა და საფეხუროვანი განლაგებით, რელიეფის შესაბამისად. სოფლის განაშენიანების ძირითად ელემენტებს ბრტყელსახურავიანი ციხე - სახლი და კოშკური საცხოვრებელი წარმოადგენს. რამდენიმე პირამიდული, წვერმოშლილი კოშკიც გამოირჩევა. შიგ სოფელში ვიწრო ქვა-კიბე გზა შენობებს შორის მიემართება სულ ზემოთ სოფლის ჩრდილო კიდემდე. ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილია ძელებისაგან შედგენილი ფიცარნაგი-გადასასვლელები, რომელთა საშუალებით განგაშის შემთხვევაში შატილიონებს შეეძლოთ მთელი შატილის შემოვლა ქუჩაში გამოუსვლელად. ციხე-სახლებისა და კოშკური კომპლექსების სართულიანობა აქ სამიდან ხუთამდე აღწევს. მთლიანად შატილის განუმეორებელი განაშენიანება, რომელიც საუკუნეების მანძილზე საიმედოდ დარაჯობდა საქართველოს ჩრდილო გადმოსასვლელებს, ქართული ხალხური სამშენებლო ხელოვნების ერთ - ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.

ფოტოების ავტორი ბესო ჩიქვინიძე

http://www.karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=274521&sid=9804362564f7139a4cac11932037bbb9

ფოტოს გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე