topmenu

 

საკურთხევლისწინა ჯვარი ზემო სვანეთიდან

< უკან დაბრუნება << (საინტერესო სტატიები)<<

 

ნათელა ალადაშვილი, ანელი ვოლსკაია (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფრ. მეცნიერ თანამშრომლები)

ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.22, გვ. 3 -11

Free Image Hosting at www.ImageShack.us

უძველესი დროიდან საქართველოში მიღებული იყო დიდი ზომის ჯვრების აღმართვა ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში, კანკელის წინ, საკურთხეველში შესასვლელის - აღსავლის კარების პირისპირ. ეს ე. წ. საკურთხევლიაწინა ჯვრები სპეციალურ კვარცხლბეკზე იდგმებოდა. ჯვრები ხისგან იყო გაკეთებული და დაფარული ჭედური ფირფიტებით. მათზე წარმოდგენილი იყო როგორც სცენათა მთლიანი, დასრულებული ციკლები (საღვთო წერილის სცენები, სცენები წმ. გიორგის ცხოვრებიდან), ისე ცალკეული ფიგურები (ქრისტე, სხვადასხვა წმინდანები). ზემოდან ჯვარს აგვირგვინებდა კონუსის ფორმის „ქუდი", შემკული ორნამენტული მოტივებით. ჩვეულება დიდი ზომის ჯვრების აღმართვისა ეკლესიის ინტერიერში საკურთხევლის წინ, როგორც აკად. გ.ჩუბინაშვილი აღნიშნავს, საქართველოს გარდა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც იყო გავრცელებული. ამრიგად, საკურთხევლისწინა ჯვრები შუასაუკუნეების ხელოვნებაში უნიკალურ ჯგუფს ქმნიან. ჯვრები თაყვანისცემის, ლოცვის ობიექტს წარმოადგენდნენ და მათ წინ, როგორც ჩანს, სპეციალური საეკლესიო მსახურება წარმოებდა. საკურთხევლისწინა ჯვრებმა ჩვენ დრომდე მოაღწიეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში (ამჟამად მუზეუმებშია გადატანილი), მაგრამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისინი სვანეთის ეკლესიებშია დაცული; სვანეთის 27 ეკლესიაში 63-მდე საკურთხევლისწინა ჯვარი იყო რეგისტრირებული. ჯვრები სხვადასხვა ზომისაა, მათი სიმაღლე საშუალოდ 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე აღწევს. ზემო სვანეთის ზოგიერთ ეკლესიაში, მაგალითად, კვირიკესა და ივლიტას  ეკლესიაში (ლაგურკა), სოფ. ადიშის მაცხოვრის ეკლესიაში ახლაც შეიძლება ვნახოთ თავდაპირველ ადგილზე მოთავსებული საკურთხევლისწინა ჯვრები. ეკლესიის ცენტრში აღმართული უზარმაზარი ჯვრები ინტერიერში მხატვრული დომინანტის შთაბეჭდილებას ახდენენ. ზოგიერთ შემთხვევაში ჯვრებს დგამდნენ კანკელის გვერდითი ღიადების წინ სპეციალურ კვარცხლბეკზე, ანდა კანკელის კედლით შექმნილ თაროზე. საკურთხევლისწინა ჯვრების რიცხვს ეკუთვნის დიდი ზომის ჯვარი (2,95X1,5 მ.), რომელიც ზემო სვანეთის სოფ. წვირმის მაცხოვრის ეკლესიაში ინახება (კედელთანაა მიყუდებული). იგი განსხვავდება ამავე ტიპის სხვა სვანური ჯვრებისაგან; ჯვრის ხის საფუძველზე გადაჭიმულია მსხვილმარცვლოვანი ტილო, რომელზედაც გამოსახულება ფერებითაა შესრულებული. ამ მაგალითის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ სვანეთში ჭედური ჯვრების გვერდით, ფერწერულიც არსებობდა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

წვირმის ჯვრის პრიმიტიული ხასიათის მხატვრობა ყურადღებას იპყრობს გამოსახულებათა უშუალო გამომხატველობითა და სიუჟეტის - ქრისტეს  ჯვარცმა - ემოციური გადმოცემით. ჯვარი და მასთან ჯვარცმის სიუჟეტის დაკავშირება საერთოდ ფართოდაა გავრცელებული შუასაუკუნეების ხელოვნებაში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რომანული ხანის (XII –XIII სს.) გრანდიოზული საკურთხევლისწინა ჯვრები ჩვეულებრივ ჯვარცმის სცენის პლასტიკურ გამოსახულებას წარმოგვიდგენს. დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში გვხვდება ჯვრები ჯვარცმის სცენის ფერწერული გამოსახულებით (ჯვრები არეცოში, ფლორენციის პიტის გალერეაში - XII ს. და სხვა). საქართველოში გავრცელებული იყო ე. წ. საწინამძღვრო ჯვრების, ე. ი. საპროცესიო -გამოსასვენებელი ჯვრების შემკობა ჯვარცმის ჭედური გამოსახულებებით. დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ჯვრის ფორმები, მრავალფეროვანია თვით სიუჟეტის გადმოცემაც. ამ თვალსაზრისითაც წვირმის საკურთხევლისწინა ფერწერული ჯვარი განსაზღვრულ ინტერესს იწვევს. ჯვარი მარტივი ფორმისაა, სწორი მკლავებით. ფერწერით დაფარულია მისი წინა მხარე და ნაწილობრივ გვერდითი წახნაგებიც. წინა მხარეზე, რომელიც მლოცველებისაკენ იყო მიმართული, მხატვარი იძლევა შემცირებული ზომით ჯვრის ფერწერულ გამოსახულებას, რომლის გარდიგარდმო და ზედა მკლავების ბოლოებში სწორკუთხოვანი მოხაზულობის ფიცრებია მოცემული. ამ ჯვარზე ჯვარცმული ქრისტეს ფიგურაა გამოსახული. თავი მას მარჯვენა მკლავზე აქვს ძლიერად დახრილი, თვალები დახუჭული, იდაყვში მოხრილი ხელები ძირს ჩამოშვებული, ფეხები ერთმანეთის პარალელურად განლაგებული. ქრისტეს დიდი ზომის ფიგურა საკურთხევლისწინა ჯვრის ძირითად არეს ავსებს, იგი წარმოადგენს კომპოზიციის ცენტრს, რომლის გარშემოც დარჩენილ ზედაპირზე თავსდებიან სცენის დანარჩენი პერსონაჟები. ზედა ნაწილში ერთმანეთის ზემოთ ორი ნახევარფიგურაა - მთავარანგელოზი და მაცხოვარი, რომელიც მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში სახარება უჭირავს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ჯვრის მკლავების ბოლოებს ავსებენ მხრებამდე წარმოდგენილი გამოსახულებანი, სამ-მეოთხედ მობრუნებაში ცენტრისაკენ. მარცხენა მკლავზე გამოსახულია იოანე, რომელსაც მარჯვენა ხელი ლოყაზე აქვს მიდებული, რაც მწუხარების აღმნიშვნელ ჟესტს წარმოადგენს, და მის უკან ნახევარფიგურა (მოსჩანს ზემოთ აწეული ხელი, სახე დაზიანებულია). მწუხარების ჟესტს იმეორებს მარჯვენა მკლავზე წარმოდგენილი ღვთისმშობელი, რომლის უკან ქალის სახე გაირჩევა. ფერწერული ჯვრის მკლავებს ზემოთ მზე და მთვარეა აღნიშნული. მზე ოსტატმა  გამოსახა, როგორც ადამიანის მრგვალი სახე, გარშემოვლებული კუთხოვანი ზიგზაგებით, ხოლო მთვარის სრული დისკოს შიგნით ნახევარმთვარის მოხაზულობა ჩასწერა. მზისა და მთვარის ამგვარი გადმოცემა გვხვდება შუასაუკუნეების ხელოვნების ძეგლებში და, კერძოდ, ჯვარცმის სცენაში. ჯვრის წახნაგებს კიდეში, წინა პირის საზღვარზე მისდევს ორნამენტული ზოლი: ნაცრისფერი წრეები წერტილით შუაში. შესაძლებელია, აქ გამეორებულია ჭედური ჯვრების მორთულობაში გავრცელებული ორნამენტი. როგორც ჩანს, კომპოზიცია ჯერ ტილოზე დაუწერიათ და შემდეგ ტილო ხის ჯვარზე გადაუჭიმიათ, ამიტომაა, რომ ზოგიერთ ადგილას გამოსახულება ჯვრის ნაპირით იკვეთება. ამრიგად, საკურთხევლისწინა ჯვრის ზედაპირი, ქვედა ნაწილის გამოკლებით, მჭიდროდაა შევსებული გამოსახულებებით, რომელთა შორის მხოლოდ ზოგან მოსჩანს ნაცრისფერი ფონი. ძირითად აქცენტს ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა წარმოადგენს. ფიგურებს არავითარი განმარტებითი წარწერები არ ახლავს. გამოსახულებათა შერჩევასა და მათ განლაგებაში ჯვრის ზედაპირზე წვირმის ოსტატი, როგორც ჩანს, მიყვებოდა შუასაუკუნეებში გავრცელებულ იკონოგრაფიულ სქემას.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სწორედ ჯვრების დეკორში ვხვდებით ჯვარცმის სცენაში, ზედა ნაწილში მთავარანგელოზისა და მაცხოვრის ფიგურათა მოთავსებას.  გ. მილეს კლასიფიკაციის მიხედვით, ჯვარცმის სცენა, სადაც ღვთისმშობლისა და იოანეს ჟესტიკულაცია მწუხარებას აღნიშნავს, ე.წ. კაპადოკიურ ტიპს ეკუთვნის. მაგრამ იყენებდა რა გარკვეულ ნიმუშს, რომელმაც განაპირობა ფიგურათა განლაგების სქემა და სცენის იკონოგრაფიული ტიპი, წვირმის ჯვრის ოსტატმა შექმნა კომპოზიცია, რომელიც თავისებური გამომხატველობით გამოირჩევა. იგი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ემოციურ მომენტს ღვთისმშობლისა და იოანეს სახეებში: დიდი თვალები, შუბლთან შეყრილი, მკვეთრად გადატეხილი წარბები სახეს მწუხარე გამომეტყველებას ანიჭებს. მაგრამ ემოციურია ის სახეებიც, რომელთა გამომეტყველებაში მწუხარება არაა ხაზგასმული, მაგალითად, მთავარანგელოზის სახე. ფართოდ გახელილი, მაყურებლისაკენ მიმართული თვალების მზერა განსაზღვრავს მათ გამომხატველობას. ნაწარმოების ემოციურ გააზრებაში დიდ როლს ასრულებს ხალხური, გაუწაფავი ოსტატის უშუალო დამოკიდებულება გადმოცემულ ამბისადმი. მასზე პირველ რიგში ზემოქმედებას ახდენს სიუჟეტის დრამატულობა, იგი ცდილობს თვალსაჩინოდ და კონკრეტულად მიიტანოს ეს მხარე მორწმუნისადმი და ამიტომაც ხაზს უსვამს სახეთა ემოციურობას, მათზე მწუხარებას აღბეჭდავს. გამოსახულებებს უშუალო, რამდენადმე  გულუბრყვილო გამომხატველობა ახასიათებს, რაც მარტივი ხერხებით, პრიმიტიული ხასიათის ნახატითაა მიღწეული.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

აღნიშნული მომენტები შუასაუკნეების ხანის ხალხური შემოქმედების სხვა ნაწარმოებებისთვისაცაა დამახასიათებელი, სახელდობრ, სვანეთის კედლის მხატვრობის რიგი ძეგლებისათვის; როგორიცაა: უშგულში სოფ. მურყმელის მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობა (XI ს.), თანღილის ეკლესიის მხატვრობა (XII- XIII სს.). ისინი ყურადღებას იპყრობენ გამოსახულებათა უშუალო, პრიმიტიული გამომხატველობით. ჯვარცმის სიუჟეტის გადმოცემაში სწორედ სახეთა ემოციურობაა ხაზგასმული. შეიძლება ანალოგიური მაგალითი მოვიყვანოთ  ევროპის ქვეყნების შუასაუკუნეების ხელოვნებიდან -პრიმიტიული ხასიათის ფერწერული ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით დალმაციიდან (XII ს.). წვირმის ჯვრის კომპოზიცია მსხვილი ფიგურებისაგან შედგება და მკაფიოდაა აგებული. იგრძნობა, რომ ოსტატი მონუმენტალური მხატვრობის ტრადიციებზეა აღზრდილი. ძუნწი ფერადოვანი გამა ნაცრისფერისა (ფონი, ტანსაცმელი), თბილი მოყვითალო ოქრის (ჯვარცმის ჯვარი, შარავანდები, ტანსაცმლის დეტალები) და ყავისფერის (ტანსაცმელი) სხვადასხვა ტონების თავდაჭერილ შეხამებას გვიჩვენებს. ამგვარი კოლორიტი დამახასიათებელია სვანეთის მხატვრობისათვის და ადგილობრივ ტრადიციებზე მიუთითებს. ჯვრის მხატვრობის დათარიღება სიძნელეებთანაა დაკავშირებული, მისი პრიმიტიული ხასიათის გამო, მაგრამ მთელი რიგი ნიშნებისა მის შესრულებას განვითარებული შუსაუკუნეების ხანასთან, კერძოდ, XII- XIII საუკუნეებთან აკავშირებს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამ პერიოდზე მიუთითებს მთლიანად ჯვრის კომპოზიციის ნათელი და მონუმენტალური წყობა, კომპოზიციის შიგნით მხატვრული აქცენტის მკაფიო გამოყოფით, მხატვრობის კოლორიტის ღრმა და თბილი ტონები, განსაკუთრებით კი ნახატის დინამიკური და ცოცხალი ხასიათი, რომელიც პრიმიტიულობის მიუხედავად, მოქნილობით ხასიათდება (იხ. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა). მხატვრობის სტილი პრიმიტიულია. ეს იგრძნობა, როგორც ფიგურათა გადმოცემაში, ისე სახეთა ნაკვთების ნახატში, თუმცა მათში გამომხატველობაა მიღწეული. ქრისტეს ფიგურა არაა პროპორციულად აგებული: მას დიდი თავი აქვს და სხეულთან შედარებით წვრილი ფეხები. ასევე სხეულთან შედარებით დიდი თავები აქვთ დანარჩენ ნახევარფიგურებს. თავისებურია სახის ტიპი დიდი ნუშისებრი მოხაზულობის თვალებითა და ლოყების დიდი სიბრტყეებით: პირი მარტივი ნახატითაა აღნიშნული - სამი პარალელური ხაზის სახით, შტრიხის მხოლოდ ოდნავი გამსხვილებით ზოგიერთ ადგილას. მარტივადაა აღნიშნული ტანისამოსის ნაოჭები; მაგალითად, ქრისტეს არდაგზე მხოლოდ რამოდენიმე ნაოჭია მოცემული; წელზე ისინი ორ ნახევარრკალს ქმნიან, ხოლო შუაში რამოდენიმე პარალელურ ხაზად ეშვებიან ძირს. წერის ტექნიკა გამარტივებულია; ფერი მთლიან ტონადაა ზედაპირზე დადებული და ამ ძირითადი ტონის დამუშავება ჩრდილ - სინათლით ე.ი. დაჩრდილვითა და გაღიადფერებით რთულ გადასვლებს არ ქმნის. სახის ძირითად ტონზე მოყავისფრო ჩრდილები მთლიან ლაქებადაა აღნიშნული ცხვირის გასწვრივ, წარბებს ქვემოთ და ა. შ. ასევე მარტივადაა დადებული გამოთეთრებანი; ლოყები ოდნავ იყო გაცოცხლებული წითელი ფერით. წერის ეს გამარტივებული, არსებითად სიბრტყობრივ-გრაფიკული ხასიათის მანერა შეიძლება აღინიშნოს ზემო სვანეთის მხატვრობის მთელ რიგ ნაწარმოებებში, როგორც კედლის მხატვრობის, ისე ფერწერული ხატების შესრულებაში. კედლის მხატვრობისა - მურყმელისა და თანღილის ეკლესიებში, ხოლო ფერწერული ხატებისა - იფრარის მთავარანგელოზის ხატი (XII ს.), ღვთისმშობლის ხატი მესტიის მუზეუმში (XII ს.) და სხვა. ამ ნაწარმოებებს ერთმანეთთან აერთიანებს უშუალო, რამდენადმე გულუბრყვილო გამომხატველობა,  რომელიც ლაკონური ხერხებით - პრიმიტიული, მაგრამ მეტყველი ნახატით და წერის გამარტივებული, სიბრტყობრივი მანერითაა მიღწეული. მსგავსია თვით სახის ტიპი და ცალკეული ნაკვთების ნახატი (მაგ. ტუჩების ნახატი).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ეს პროვინციული, ხალხური ოსტატების მიერ შესრულებული ნაწარმოებები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ სწორედ აღქმის უშუალობითა და ცოცხალი გამომხატველობით, ისინი დიდ ემოციურ ეფექტს აღწევენ. საერთოდ, ზემო სვანეთის მხატვრობის ძეგლები გარკვეული ერთიანობით ხასიათდებიან, რის საფუძველზედაც შესაძლებელია ლაპარაკი მხატვრობის სვანური სკოლის არსებობის შესახებ. ამასთანავე, მკაფიოდ გამოყოფილი ერთიანი ხასიათის ფარგლებში სვანეთის მხატვრობა მრავალფეროვნების სურათს გვიჩვენებს. რიგი სვანური მხატვრობის ძეგლებისა მაღალი პროფესიული დახელოვნებითა და დასრულებული ოსტატობით გამოირჩევა, რაც მოწმობს მათი ავტორების მაღალკვალიფიციურ მხატვრულ განათლებაზე. მათ გვერდით, ერთიდაიმავე პერიოდში, გამოიყოფა მხატვრობის სხვა ჯგუფიც, რომელთა შემსრულებელი ხალხური ოსტატებიც არ იყვნენ დაუფლებულნი მაღალკვალიფიციურ მხატვრულ ოსტატობასა და მხატვრობის კლასიკურ ნორმებსა და კანონებს. მაგრამ მათ ნაწარმოებებში მხატვრული ხერხებისა და ფორმების უშუალობითა  და პრიმიტიულობით დიდი გამომხატველობაა მიღწეული. წვირმის ფერწერული ჯვარი ინტერესს იწვევს, როგორც ხალხური ოსტატის ნამუშევარი. ჯვრის მხატვრობა საბოლოო დაღუპვისაგან რომ გადავარჩინოთ, მისი გამაგრება და გაწმენდაა საჭირო.