There are no translations available.
< უკან დაბრუნება
რამინ რამიშვილი ( ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი)
ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ. 23, გვ. 59 - 63)
1962 წელს ივრის სიონში ჩვენს მიერ გათხრილ და შესწავლილ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შირიმით ნაგები დიდი აკლდამა და ჩუქურთმიანი სამარხი. ივრის სიონის აკლდამა, როგორც ქართული ადრეფეოდალური ხანის თვალსაჩინო ხუროთმოძღვრული ძეგლი, სიონის ბაზილიკასთან ერთად ამჟამად თბილისის ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმშია გადმოტანილი და თავდაპირველი სახითაა აღდგენილი. რაც შეეხება ჩუქურთმიან სამარხს, მისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. ჩუქურთმიანი სამარხი მდებარეობდა ეკლესიის აბსიდის აღმოსავლეთით ათიოდე მეტრზე და ჩადგმული იყო სქელ თიხნარ ფენაში, აკლდამის შესასვლელის ოდნავ სამხრეთით.
ნაგები იყო, მოყვითალო, ადვილად ფხვნადი ქვიშაქვის უზარმაზარი ფილებით (ქვიშაქვას, რომელიც მესამე სამარხის ასაგებადაა გამოყენებული, ადგილობრივი მოსახლეობა ქასურს- უწოდებს. მისი სამტეხლო სიონის მიდამოებში არ მოიპოვება), შედგებოდა ორი, სრულიად თანაბარი სიდიდის განყოფილებისაგან; რომელთაგან ჩრდილოეთით მდებარე, არქეოლოგიური კვლევა - ძიების დაწყებამდე შემთხვევით დაუზიანებიათ და მონგრეული კუთხდან პირწმინდად გამოუსუფთავებიათ; რაც შეეხება მეორე, სამხრეთით მდებარე განყოფილებას, იგი ხელუხლებლად იყო გადარჩენილი. აღნაგობით, შენების ხელოვნებით და შემკულობით ეს სამარხი განცალკევებით დგას არა მარტო საკუთრივ სიონში შესწავლილ სხვა 100 სამარხს შორის, არამედ მას შესატყვისი არაფერი მოეძებნება უფრო შორსაც. სამარხის კედლები და სახურავი ნაგები იყო მთლიანი ქვებით, რომლებსაც, შიგნითა პირი საგულდაგულოდ აქვთ მოსწორებულ - დამუშავებული, ხოლო გარეთა ამობურცული ზედაპირი - უხეშად ნაჩორკნი. ასევე მთლიანი ქვებისაგან უნდა ყოფილიყო შედგენილი თავის დროზე სამარხის ორივე განყოფილების სახურავებიც, მაგრამ ეტყობა სამარხის მრავალგზისი გამოყენების გამო სახურავის მონოლითური ქვები დაზიანდნენ. სახურავის ქვების მოცილების შემდგომ გამოირკვა, რომ სამარხის ორივე განყოფილებას ჰქონდა ერთი საერთო ტიხარი. სწორედ ეს შუათანა ქვა წარმოადგენდა სამარხის ყველაზე უფრო სრულყოფილად დამუშავებულ ნაწილს. ტიხარის ქვას, ისევე როგორც ორ დანარჩენ გვერდითს, თავსა და ბოლოებში ამოჭრილი ჰქონდათ ნარიმანდები, რომლებშიც თავკედლების მონოლითური ქვები ჯდებოდა. სამარხს ჰქონდა ისეთივე ქვისაგან ნაკეთები, კარგად დამუშავებული, მთლიანი იატაკი. სამარხის გვერდები ამ იატაკზე იყო დაფუძნებული.
უკვე ამ სამარხის სიდიდე, გამოყენებული მასალის ხარისხი და მშენებლობის მაღალი კულტურა იმის აშკარა საბუთია, რომ მისი შემკვეთი ოჯახი არ უნდა ყოფილიყო სოციალურად რიგითი. მაგრამ ჩუქურთმიანი სამარხის განსაკუთრებული ღირებულება ამით როდი ამოიწურება. ამ მოზრდილ საგვარეულო განსასვენებელს, შიგნიდან, ორივე განყოფილების კედლების ზედა ნაწილში შემოუყვება 15 სმ სიგანის ჩუქურთმიანი ფრიზი, რომელზედაც ამოკვეთილია ადრეფეოდალური საქართველოს ხუროთმოძღვრებაში ფართოდ გავრცელებული გეომეტრიული ორნამენტი. ეს არის წრეებში ჩასმული, ფოთლისებრი მოყვანილობის ჯვარედინი ნაჭდევები. ორნამენტის ამ სახეს ხალხური (ხევსურული) მასალების მიხედვით "ოთხკუთხაი ხუთანი" ეწოდება (ვ.ბარდაველიძე და გ.ჩიტაია, ქართული ხალხური ორნამენტი, I, ხევსურული, 1939, თბ. VIII). მსგავსი მოტივები ცნობილია საეკლესიო ხუროთმოძღვრების ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებზე, როგორიცაა ბოლნისის ტაძარი, სვეტიცხოვლის უძველესი ფენა, აკვანება, წრომი, ივრის სიონის ბაზილიკა, წოფის ეკლესია და სხვა მრავალი. ასეთი შემკულობა ქართულ არქიტექტურაში ხანგრძლივ გამოიყენებოდა, მაგრამ მისი ყველაზე უფრო ინტენსიური გავრცელება ადრეფეოდალურ ხანაზე მოდის. ივრის სიონის ჩუქურთმიან სამარხის ხელუხლებელ განყოფილებაში აღმოჩნდა სხვადასხვა დროს ჩასვენებული 14 მიცვალებულის ნაშთი და პირამდე იყო სავსე ძვლებით. სამარხში მოპოვებული თიხისა და მინის ჭურჭლების და აგრეთვე სამკაულების შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი გამოყენებელი ყოფილა XII – XIII საუკუნეებამდე. მაგრამ მისი მშენებლობის თარიღის გარკვევა არქეოლოგიურად არ მოხერხდა. სამარხის ქვედა ფენები ძალზე არეული და შუაფეოდალურ ხანაში გადაჩხრეკილი ჩანდა. ივრის სიონის ჩუქურთმიანი სამარხის მშენებლობის დროის განსაზღვრაში გარკვეული დახმარების გაწევა შეუძლია მისსავე ჩუქურთმიან ფრიზს. მიუხედავად იმისა, რომ ჩუქურთმიანი ფრიზი დამუშავებულია დიდი სიზუსტით, ყველა ნაწილში სიმეტრიულია და გამოცდილი ოსტატის ხელითაა ნაკვეთი, მაინც ბოლნისის, სვეტიცხოვლის ძველი ნაგებობის, აკვანების და სხვა მსგავსსავე ორნამენტებთან შედარებით იგი რამდენადმე ზედაპირული და მშრალი ჩანს. ნაკვეთობას აკლია ის სიღრმე, რაც ადრეფეოდალური ხანის შედარებით ადრეული ჩუქურთმებისთვისაა დამახასიათებელი და რაც შუქჩრდილების ესოდენ ეფექტურ შეხამებას იძლევა. ამ ნიშნით სიონის ჩუქურთმიანი სამარხის სამკაული ბოლნურ, მცხეთურ და სხვა შესატყვისებთან შედარებით რამდენიმამდე გვიანდელი ჩანს და როგორც ჩუქურთმა, ასევე თვით სამარხიც, ვფიქრობთ, VIII-IX საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. სამარხთა ხანგრძლივი გამოყენება და დაკრძალულთა მრავალფენიანობა აღმ.საქართველოს ფეოდალური ხანის სამაროვნებისათვის უცხო არ ყოფილა და ამ ნიშნით ჩუქურთმიანი სამარხიც ტიპიურ სამარხთა რიგში უნდა გაერთიანდეს, მაგრამ მისი აღნაგობა და, რაც მთავარია, შიდა სამკაული - სიონის ამ სამარხს სრულიად განცალკევებით აყენებს და იგი, როგორც სრულიად უნიკალური, სპეციალური შესწავლის ღირსია.
სამარხის გარეგანი ზომები: სიგრძე - 2,40 მ., ორივე განყოფილების საერთო სიგანე-2,05 მ., სიმაღლე - 1,05 მ.
შინაგანი ზომები: ჩრდილო განყოფილების სიგრძე - 1,99მ სიგანე აღმ. ნაწილში - 0,59 მ., დასავლეთ ნაწილში - 0,60 მ., სიღრმე - 0,78 მ., სამხრეთ განყოფილების სიგრძე - 2,02 მ., სიგანე აღმ. ბოლოს -1,5 მ. ხოლო დასავლეთ ნაწილში - 0,63 მ., სიღრმე - 0,78 მ., ჩრდილო გრძელი კედლის სისქე - 0,25 მ., - 0,27 მ. შუათანა კედლისა - 0,275 მ., სამხრეთი კედლისა - 0,26 - 0,28 მ.
სახურავის ქვების საშუალო სისქე - 22-25 სმ. იმის გამო, რომ ჩუქურთმიანმა სამარხმა უაღრესად დიდი ინტერესი გამოიწვია, მეთოდური საბჭოს დადგენილებით გადაწყდა მისი თბილისში გადმოტანა, და სიონის დანარჩენ ძეგლებთან ერთად აღდგენა. მაგრამ იმის გამო, რომ სამარხის ქვები ძალზე იოლად ფხვნადი და საკმაოდ დაზიანებული იყო, აკად. ს.ჯანაშიას სახ. მუზეუმმა სიონს მიავლინა ქიმიკოს -რესტავრატორთა ექსპედიცია (ხელმძღვანელი რ.ბახტაძი), რომელმაც ცალკეული ქვები სათანადოდ გაამაგრა, თაბაშირი გადააკრა და სპეციალური ყუთებით თბილისში გადმოგზავნა (იმავე 1962 წელს). თბილისის ღია ცის ქვეშა მუზეუმის ორგანიზაციამდე ჩუქურთმიანი სამარხის ცალკეული ქვები მოთავსდა არმაზის ბაზაში, ამასობაში ღია მუზეუმში თავისი ადგილი დაიმკვიდრა სიონის ბაზილიკამ, მიწისქვეშა აკლდამამ და კიდევ სხვა მრავალმა ძეგლმა, მაგრამ ჩუქურთმიანი სამარხი რატომღაც ყურადღების გარეშეა დატოვებული, ჩვენ ამ ხნის მანძილზე არა ერთხელ მივმართეთ (სიტყვიერად და წერილობით) მეთოდურ საბჭოს და სათანადო დაწესებულებებს, რათა მიეღოთ საჭირო ზომები ძეგლის აღდგენის დაჩქარების მიზნით, მაგრამ ამაოდ. ამჟამად ამ უნიკალური სამარხის ქვები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არმაზის ბაზის ეზოში, ღია ცის ქვეშ ჰყრია. ხის ყუთები, რომლებშიაც ცალკეული ფილები იყო ჩასმული დალპა და დაიშალა, ხოლო თაბაშირი კი შემოეფხვნა. ასე, რომ გაგრძელდეს ღვთის ანაბრად მიტოვებული ჩუქურთმიანი სამარხისაგან ალბათ სულ მოკლე ხანში აღარაფერი დაგვრჩება. ამჟამად ძეგლის დაცვას და აღდგენას ის უშლის ხელს, რომ მას „პატრონი" არ ჰყავს. მუზეუმის ხელმძღვანელობა იმის მოლოდინში, რომ ჩუქურთმიანი სამარხი ღია მუზეუმში უნდა იქნეს გადატანილი ხელს არ ჰკიდებს მის აღდგენას, ხოლო ძეგლთა დაცვის სამმართველოს კი იმის გამო, რომ იგი სატიტულო სიაში არ უზის, ვერ მოუხერხდა სათანადო სახსრების გამონახვა, რათა საქმეს გონივრულად მოევლოს. ამასობაში თვით ძეგლი ხელიდან გვეცლება. და ეს სრულიად მოუტევებელია. სხვა რომ არა იყოს რა ძალზე დასანანია ის უზარმაზარი შრომა და სოლიდური ფულადი სახსრები, რაც სამარხის ცალკეულ ქვების თბილისში გადმოსატანად დაიხარჯა. ახლა, როდესაც ჩუქურთმიანი სამარხის აღმოჩენიდან 8 წელი გავიდა, იქნებ "ძეგლის მეგობრის" მეშვეობით მაინც მოგვარდეს ამ უნიკალური ისტორიული ძეგლის დაცვა და კარგად წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
|