topmenu

 

ფიჭვნარის იმპორტული კერამიკა - ა.კახიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები // ქართული კერამიკა>>>

ფიჭვნარის იმპორტული კერამიკა - ამირან კახიძე (ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) - ძეგლის მეგობარი, თბ., 1970 წ. კრ. 23, გვ.54 - 58

ძველი კოლხეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების შესწავლისათვის მეტად მდიდარ და მრავალფეროვან მასალებს იძლევა ფიჭვნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარის გათხრები. ფიჭვნარი მდებარეობს ქოპულეთის ჩრდილოეთით, საქალაქო ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავთან. საქართველოს ზღვისპირეთის სხვა თანადროულ ძეგლებთან შედარებით ფიჭვნარში უკეთაა შემონახული წინაანტიკური, კლასიკური, ელინისტური და ადრეფეოდალური ხანის კულტურული ფენები, სახელოსნო უბნები და საკულტო ადგილები; მიკვლეულია ნაქალაქართან უშუალოდ დაკავშირებული ადგილობრივი, კოლხური მოსახლეობის ადრეანტიკური, ძვ.წ. V ს. ბერძენ მოახალშენეთა, ძვ.წ. IV ს. და ადრეელინისტური ხანის ვრცელი სამაროვნები. ფიჭვნარის მრავალრიცხოვან მონაპოვარში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს უცხოური, შემოტანილი კერამიკული ნაწარმი, რომელიც უძვირფასეს ისტორიულ წყაროს წარმოადგენს ძველი კოლხეთის ანტიკური სამყაროს სხვადასხვა ადრე დაწინაურებულ ცენტრებთან სავაჭრო - ეკონომიური და კულტურულ ურთიერთობათა შესწავლისათვის. ფიჭვნარსა და საქართველოს სხვა პუნქტებში ბოლო წლებში აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით დასტურდება, რომ ღრმა ისტორიული ფესვების მქონე ძველი კოლხეთისა და ბერძნული სამყაროს ურთიერთობას შედარებით ორგანიზებული, სისტემატიური ხასიათი ძვ.წ. VI ს. II ნახევრიდან მიუღია.

პირველ ხანებში ჩვენში უპირატესად გავრცელებულია საბერძნეთის იონურ ცენტრებში დამზადებული ე.წ. სადა ზოლებიანი როდოსულ - იონური კერამიკული ნაწარმი. ბათუმის ციხის, ფიჭვნარისა და ფოთის მიდამოებში წარმოებული გათხრებისას აღმოჩენილია მათი საკმაოდ ადრეული ნიმუშებიც (ძვ.წ. VI ს. I ნახევარი), მაგრამ ამათი რიცხვი საკმაოდ მცირეა, ამიტომაც ამ პერიოდისათვის იონური ნაწარმის ინტენსიურ იმპორტზე საუბარი ნაადრევი იქნებოდა: სამაგიეროდ ძვ.წ. VI ს. შუა წლებიდან ამათი რიცხვი საკმაოდ მრავლდება: ზოგჯერ სადა ზოლებიანი იონური კერამიკული ნაწარმის  მთლიანი ნიმუშები ფიჭვნარის ძვ.წ. V ს. ბერძენ მოახალშენეთა სამარხეულ კომპლექსებში გვხვდება. ესენია საღვინე თასები, სკიფოსები, ენოხოის ტიპის ჭურჭლები, ამფორისკები, ლეკითოსები და ა.შ. ისინი დამზადებულია სუფთა, კარგად განლექილი თიხისაგან. გამოწვა ღია მოვარდისფრო, მოწითალო ან ყავისფერია. ზოგჯერ შერეულია მოთეთრო ნაწილაკები ან ქარსი. ჭურჭლას ზედაპირი კარგადაა მოპრიალებული. ლაკი, რომლითაც ჩვეულებრივ ზოლებია მოხატული ან ჭურჭლის ზედაპირია დაფარული, ყავისფერია. ადრეული ნიმუშების (ძვ.წ. VI ს.) საღებავი უფრო მკვრივი და სქელია, გვიანდელების  თხევადი და ცუდად დაცული. ფიჭვნარის მონაპოვარმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ერთობ მწირი ცნობები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საბერძნეთის მატერიკულ ცენტრ -ათენთან ურთიერთობის შესახებ. სახეზეა საკმაოდ უტყუარი ნივთიერი მასალები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან თვალი გავადევნოთ ამ ურთიერთობათა ხასიათს მთელს კლასიკურ ხანაში.

მსგავსად იონურისა, ატიკური შავლაკიანი კერამიკული ნაწარმი ფიჭვნარში აღმოჩენილია როგორც კულტურულ ფენებში, აგრეთვე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამაროვნების გათხრებისას. როგორც ცნობილია, მშვენიერი გემოვნებით დამზადებული მაღალმხატვრული ატიკური კერამიკული ნაწარმი ძვ.წ. VI ს. II ნახევრიდან თანდათანობით იპყრობს საერთაშორისო ბაზარს. სწორედ ამ საუკუნის ბოლოდან ფიჭვნარის და საერთოდ, კოლხური მოსახლეობა ებმება ათენთან სავაჭრო - ეკონომიურ ურთიერთობაში. ფიჭვნარის გვიანარქაულ ფენებში (ძვ.წ. VI ს. ბოლო - V საუკუნის დამდეგი) არაერთგზისაა აღმოჩენილი ატიკური მოხატული შავფიგურიანი თუ სადა შავლაკიანი საღვინე ჭურჭლების - კილიკების, თასებისა თუ სხვათა ნატეხები. ესენი დაფარულია საუკეთესო ხარისხის ზეთისხილისებრ მოლივლივე შავი ლაკით. ძვ.წ. V ს. I მეოთხედისათვის ფიჭვნარში ატიკური იმპორტი შედარებით მკრთალადაა წარმოდგენილი. ცნობილია ცილინდრისებური მოყვანილობის ლეკითოსების, სკიფოსებისა და კილიკების რამდენიმე ნიმუში. როგორც ჩანს, იმპორტის ინტენსიურობაზე გარკვეული გავლენა იქონია ბერძენ - სპარსელთა ომებმა. სამაგიეროდ მკვეთრად იცვლება სურათი მომდევნო ეპოქებისათვის: ძვ.წ. V ს. II მეოთხედიდან, განსაკუთრებით კი ამ საუკუნის შუა წლებიდან, ატიკურ იმპორტს ფიჭვნარის მონაპოვარში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია, ათენის ჰეგემონია უცვლელი ჩანს ადრეელინისტურ ხანამდე.

ბერძნული კერამიკული ნაწარმის შესანიშნავი ნიმუშები მოგვცა ძვ.წ. V ს. ბერძენ მოახალშენეთა სამაროვნის გათხრებმა, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი საღვინე, სუფრაზე მისახმარი, ზეთისა თუ სანელსაცხებლე და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლები. ესენია: კილიკები, სკიფოსები, კრატერები, კანთაროსები, ენიხოია, ლეკითოსები, ამფორისკები, ასკები, გუტუსები, ლეკანები, ლანგრები, სამარილეები, სათევზე ჭურჭლები და ა.შ. ბევრი მათგანი შემკულია დიდი სიზუსტით შესრულებული ნაკვეთი და ნატვიფრი სახეებით. საკმაოდ გამრავლდა მოხატული წითელფიგურიანი ვაზები, რომლებიც ერთ - ერთ საპატიო ადგილს იკავებენ ბერძნულ ვაზათმოხატულობის ისტორიაში. ამათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ზომის წითელფიგურიანი კრატერი, რომელიც წარმოადგენს ბერძნული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს. მასზე მოხატულია სცენები ბერძნული მითოლოგიიდან და საგმირო ეპოსიდან (აპოლონი, დემეტრა, პერსეფონა, ტრიპტოლემი და ა.შ..), რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. ანალოგიური მასალების მიხედვით ჩვენს მიერ გამოცნობილი იქნა ამ ჭურჭლის მხატვრული - ე.წ. "ნიობიდების მხატვარი", რომელიც აღიარებულია მონუმენტური მხატვრობის ერთ - ერთ ფუძემდებლად ბერძნულ ვაზათმოხატულობაში; ასევე მაღალი ოსტატობითაა შესრულებული სხვა წითელფიგურიანი ლარნაკებიც - ლეკითოსები, ასკები, გუტუსები და სხვ. ძვ.წ. V ს. ბოლოსა და IV ს. I ნახევრისათვის ფიჭვნარელთა შორის უცხოური კერამიკული ნაწარმის მოხმარებას საკმაოდ ფართო, მასიური ხასიათი მიუღია. ისინი მისაწვდომი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის ფართო წრისათვის. ძვ.წ. IV ს. II ნახევრის ატიკური ნაწარმი საკმაოდ მდარე ხარისხისაა ლაკი მქრქალი, მურა - მოშავო, არათანაბრად წასმული, ფორმებიც არაპროპორციული და უხეში. იონური და ატიკური შავლაკიანი კერამიკის მსგავსად, ადრეელინისტური ხანისათვის ცალკე, დამოუკიდებელ ჯგუფს ქმნის ე.წ. ყავისფერლაკიანი ჭურჭლის ნატეხები. ამათი რიცხვი არც თუ ისე დიდია (თასები, კილიკები და სხვ.) ფიჭვნარის მსგავსი ყავისფერლაკიანი ჭურჭლიბის დამზადების ცენტრად მიჩნეულია პერგამი. ფიჭვნარში მოპოვებულია ელინისტური ხანის მცირეაზიული შავლაკიანი კერამიკის, უმეტესად სათევზე ჭურჭლის ნატეხებიც. იონურ, ატიკურ შავლაკიანი და ყავისფერლაკიან კერამიკასთან ერთად მეტად საინტერესო სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა ფიჭვნარში აღმოჩენილი უცხოური კერამიკული ტარის - ამფორების შესწავლა.

ფიჭვნარში წარმოდგენილია ანტიკური სამყაროს ბევრი საწარმოო - სახელოსნო ცენტრის კერამიკული ტარა, რომელთა უბრალო ჩამოთვლაც კი, ვფიქრობთ, ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის ფიჭვნარის როლზე საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა სფეროში. ესენია; ქიოსური (ძვ.წ. VI – IV სს.), ლესბოსური (ძვ.წ. VI ს. ბოლო - V ს. დამდეგი), პროტოთაზოსური (ძვ.წ. V ს.), თაზოსის წრის ამფორები, თაზოსური (ძვ.წ. V - IV სს.), სინოპური (ძვ.წ. IV - III სს.), ჰერაკლეას (ძვ.წ. IV - III სს.), პანტიკაპეის (ძვ.წ. IV - III სს.) და სხვა სახის ამფორათა ნაშთები, რომელთა დამზადების ცენტრი ჯერ კიდევ არაა განსაზღვრული. როგორც ვხედავთ, ანტიკურ ხანაში ფიჭვნარი წარმოადგენს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ - ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო - სახელოსნო ცენტრს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა სფეროში.