topmenu

 

სამადლოში მოპოვებული მოხატული ჭურჭელი

<უკან დაბრუნება ...<<<ექსპონატები>>>


იულონ გაგოშიძე (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი) - სამადლოში მოპოვებული მოხატული ჭურჭელი // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23., გვ. 41 -46

წალკის რაიონში 1947 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების განხილვისას, ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფ. ბ.კუფტინმა განსაკუთრებით გამოჰყო ანტიკური ხანის ორი წითლად მოხატული ხელადა, რომელთა მსგავსი მას სხვაგან საქართველოში არსად არაფერი ეგულებოდა, და რომლებმაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქოსდა შემოინახეს თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე კულტურის მოხატული კერამიკის ტრადიციები. შემდგომში წალკური ჭურჭლების ანალოგიური ხელადები და მათი ნატეხები სხვაგანაც აღმოჩნდა; თბილისში, ურბნისში, უფლისციხეში, ითხვისში.. და მაინც მიუხედავად ამისა, მოხატული კერამიკა კიდევ დიდ ხანს ითვლებოდა უჩვეულო, შემთხვევით მოვლენად ანტიკური ხანის საქართველოსათვის. მკვლევარებს საამისო საბუთები ჰქონდათ კიდეც. ანტიკური ხანის სამაროვნები, რომლებიც საკმაო რაოდენობით გაითხარა საქართველოს ტერიტორიაზე, მასობრივად იძლეოდა სადა, უსახო თიხის ჭურჭელს, რომლის ფონზე წალკაში აღმოჩენილი ხელადები მართლაც უცხოდ გამოიყურებოდა. სპეციალურ ლიტერატურაში მომწიფდა აზრი, თითქოს ანტიკური ხანის საქაათველოში საერთოდ დაეცა მხატვრული კერამიკის წარმოება, რასაც ზოგმა სათანადო ახსნაც კი გამოუძებნა. მაგრამ უახლესმა აღმოჩენებმა ცხადჰყვეს ამ აზრის უსაფუძვლობა. ირკვევა, რომ მხატვრული ჭურჭელი, მათ შორის მოხატულიც, შემთხვევითი და იშვიათი სრულებითაც არა ყოფილა ანტიკური ხანის საქართველოში.

კიდევ მეტი, ამ ხანის ერთ-ერთ მონაკვეთში, კერძოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-I საუკუნეებში, ე.წ. ელინისტურ ხანაში, თიხის მხატვრული ჭურჭლის წარმოება საქართველოში ისეთ მაღალ დონეს აღწევს, რომ ამ პერიოდს ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს "მოხატული კერამიკის ხანა". ელინისტური ხანის მეტად საყურადღებო არქეოლოგიური მასალა მოგვცა სამადლოს ნამოსახლარმა, რომელზედაც მეხუთე წელია გათხრებს აწარმოება ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია. სამადლოს ნამოსახლარი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირას რკინიგზის სადგურ ქსნის პირდაპირ, იქ სადაც თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოება და სარკინეთის ქედი ვიწროებსა ქმნის. სამადლო დასავლეთიდან ჰკეტავს სარკინეთ - ძეგვის ნაყოფიერ ქვაბულს, ხოლო მის დასავლეთით ნიჩბისის ფართო ველია გაშლილი. ოდესღაც აქ, მტკვრის გასწვრივ გზა გადიოდა; სამადლოს პატარა ხევზე დღემდე შემორჩა შუასაუკუნეების თაღიანი ხიდი. როგორც ჩანს, ამ გზას სწორედ სამადლოსთან კვეთდა მერიდიანული მიმართულების მეორე გზა, რომელიც ქსნის ხეობასა და მუხრან -ნასტაგისის ველებს ნიჩბურას ხევით თრიალეთთან აკავშირებდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV- II საუკუნეებში სამადლოს გორაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გაბაგრებული სამოსახლო მდგარა. სამწუხაროდ, დღეს ნამოსახლარის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი-ღა გადარჩა: ორმოცდაათ წელზე მეტი ხანია, რაც სამადლოს გორაზე თიხას იღებენ ქსნის აგურ-კრამიტის ქარხნისათვის. სამადლოს ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრებიც არსებითად იმისთვის დაიწყო, რომ ეს მცირეოდენი ნაწილი მაინც გადარჩენილიყო მეცნიერებისა და შთამომავლობისათვის. ნამოსახლარი ისე უწყალოდ განადგურებული ჩანდა, რომ განსაკუთრებული აღმოჩენების იმედი არავის ჰქონდა, თუმცა აქედან მუზეუმში ადრევე იყო შემოსული ქალის მდიდრული სამარხის ინვენტარი, რომელიც მარტო ხუთასზე მეტ ოქროს ნივთს შეიცავს. საბედნიეროდ, პროგნოზები არ გამართლდა: საველე მუშაობის პირველივე სეზონმა ცხადჰყო, მიუხედავად დაზიანებისა, სამადლოს სახით მეტად მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლთან გვაქვს საქმე.

სამადლოს გათხრებმა მთელი თავისი მრავალმხრივობით წარმოგვიჩინა ელინისტური ხანის ქართლის ცხოვრება. მარტო ის რად ღირს, რომ სამადლოზე ითხრება აღმოსავლეთ საქართველოში უძველესი კრამიტით დახურული შენობები. სამადლოზე აღმოჩენილი სამარხეული მასალები ავსებს ახალგორის ტიპის ადრეანტიკური ხანის ძეგლებსა და არმაზისხევის სამარხთა შორის არსებულ ლაკუნას. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რაც სამადლომ მოგვცა, ესაა კერამიკა - სხვადასხვა დანიშნულების, მრავალგვარი და მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი - დაწყებული შედარებით უხეში სამზადი ქოთნებითა და გათავებული ვირტუოზულად დამუშავებული სარიტუალო ჭურჭლით და ტექნიკურად უზადო თხელკედლიანი საღვინე ქვევრებით. უმთავრესი კი მაინც მოხატული კერამიკაა, რომელიც სამადლოზე, მართლაც, რომ გულუხვადაა წარმოდგენილი. თანაც ირკვევა, რომ მოხატული კერამიკა ძალიან ფეხმოკიდებული ყოფილა ყოფაში, როგორც საზოგადოების ზედა ფენებში, ისე შედარებით ღარიბთა შორისაც. და ახლა, როცა მარტო სამადლოს გარშემო, 10 - 12 კილომეტრის რადიუსში მიკვლეულია ამავე ხანის სულ ცოტა სამი ძეგლი მაინც, რომლებზედაც ასევე უხვად ჩანს მოხატული კერამიკა, გაბედულად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ საქართველოში ყველგან, სადაც კი გაითხრება ელინისტური, განსაკუთრებით კი ადრეელინისტური ხანის ძეგლი, მოსალოდნელია მოხატული კერამიკის აღმოჩენაც. საქართველოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში  - ირანის ზეგანზე და ანატოლიაში მოხატული კერამიკის წარმოების უწყვეტი ტრადიცია უძველესი დროიდან ცოცხლობდა, მაგრამ ასე არაა საქართველოში, სადაც შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანული კულტურის დასრულებასთან ერთად პირწმინდად გაქრა მოხატული თიხის ჭურჭელიც. გვიანბრინჯაოსი და ადრერკინის ხანა საქართველოში შავი და რუხი კერამიკის განუყოფელი ბატონობის ხანაა და სრულიად არ იცნობს მოხატულ კერამიკას: ძვ.წ. XV საუკუნიდან მოკიდებული V საუკუნემდე - მთელი ათასწლეულის მანძილზე აქ, როგორც ჩანს, სრულებით არ უწარმოებიათ იგი. და ამის შემდეგ, მართლაც მოულოდნელია მოხატული კერამიკის ის უეცარი მოზღვავება, რაც დაიწყო ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. ძალაუნებურად იბადება კითხვა, ხომ არ შეიძლება დაუკავშირდეს ეს მოვლენა სამხრეთულ გავლენებს, მით უმეტეს. რომ სწორედ ელინისტურ ხანაში მოხატული კერამიკის წარმოება საყოველთაო აღმავლობას განიცდის მთელ წინააზიაში. ასეთივე ვითარება დასტურდება საქართველოს უშუალო მეზობლებთანაც - სომხეთსა და ალბანეთში. ძველი საქართველო მრავალი ძაფით მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთელ დანარჩენ კულტურულ სამყაროსთან და ამდენად იგი ვერაფრით ვერ დარჩებოდა განზე ისეთი მოვლენებიდან, რომელთაც მართლაც საერთაშორისო ხასიათი ჰქონდათ.

მაგრამ თუ დაბეჯითებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ წითლად გამომწვარი კერამიკის სამხრეთული პროტოტიპების შესახებ, რაც ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოს შემოდის საქართველოში და თანდათანობით ენაცვლება ადრერკინის ხანის ადგილობრივ რუხ კერამიკას, ჯერჯერობით ასე იოლად ვერ გადაწყდება ელინისტური ხანის ქართული ჭურჭლის გენეზისის საკითხი. საქმე ისაა, რომ ზემოაღნიშნულ წითლადგამომწვარ კერამიკასთან ერთად საქართველოში ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოდანვე ვრცელდება თიხის ჭურჭლის წერნაქით - წითელი ანგობით დაფარვის წესი, ხოლო წერნაქით შეღებვიდან ჭურჭლის მოხატვაზე გადასვლა თითქოსდა შეუძლებელი არ უნდა ჩანდეს. ყოველ შემთხვევაში ელინისტური ხანის ქართულ მოხატულ კერამიკას, მიუხედავად მოხატულობის სახეებისა და მოტივების ერთგვარი მსგავსებისა, ბევრი სხვადასხვა კუთხის თანადროული კერამიკის მოხატულობასთან, ისეთი თავისებური ნიშნები გააჩნია, რომ ჯერჯერობით ძნელია პირდაპირი სესხებისა და მითუმეტეს, იმპორტის შესახებ საუბარი. მაგრამ ერთი რამ დღესაც შეიძლება ითქვას: თუ ელინისტური ხანის საქართველოში მოხატული კერამიკის წარმოების აღმავლობა რაიმე გარეშე გავლენისაგანაა დამოკიდებული. ეს გავლენა ყველაზი მეტად შეიძლება იყოს აღმოსავლეთ ანატოლიური, კერძოდ ფრიგიული. თუ რაიმეს ჰგავს ელინისტური ხანის ქართული მოხატული კერამიკა, უპირველეს ყოვლისა, ისევ ფრიგიულს, განსაკუთრებით კი მის ბოლო ვარიანტს, ე.წ. გვიანფრიგიული სტილის კერამიკას, რომლის უგვიანესი ნიმუშები (სინოპში აღმოჩენილი), ცნობილი თურქი არქეოლოგის ე.აკურგალის თანახმად, ელინისტური ხანით თარიღდება. ელინისტური ხანის საქართველოში გავრცელებული შავპრიალა კერამიკისა და თიხის ფიგურული ჭურჭლის ფრიგიულ კერამიკასთან მსგავსების შესახებ საუბრის შესაძლებლობა ჩვენ ადრეც გვქონდა, საერთოდ კი საქართველო - მცირე აზიის მჭიდრო ურთერთკავშირი საყოველთაოდ ცნობილია. ანტიკური ხანის ქართული მოხატული კერამიკის უმთავრესი თავისებურება  და ეს ნათლად ჩანს სამადლოს მასალებშიც - მისი მონოქრომულობაა: მოხატულობა, როგორც წესი, შესრულებულია ღია ფერის, მოყვითალო ან მოწითალო ფონზე, უმეტესად, წითელი ან მოყავისფრო საღებავით. მოხატულობა განლაგებულია ფრიზებად და უმეტეს წილად ამკობს ჭურჭლის ზედა ნაწილს, თუმცა მთლიანად მოხატული ჭურჭლებიც გვხვდება. აშკარად ჭარბობს გეომეტრიული მოტივები - წერტილები, ზოლები, ზიგზაგები, შევრონები, შევსებული სამკუთხედების სისტემები, რომბები და ე.წ. თევზიფხური სახეები, იშვიათია. მაგრამ მაინც გვხვდება, ვოლუტები. მოხატულობით ამკობდნენ მრავალგვარ ჭურჭელს - ჯამებს, ხელადებს, დოქებს, დერგებს, ქვევრებს და ა.შ. თანაც თითოეული სახის ჭურჭლის მოხატულობა თავისებურ ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მოხატული ჭურჭლის ერთი ჯგუფი, რომელზედაც გეომეტრიული სახეების გვერდით სიუჟეტური მოხატულობაც გვხვდება. ეს უმეტესად დიდი და ძალიან დიდი ზომის პირგაშლილი, ძირბრტყელი ორყურა ჭურჭლებია, რომელთა სიმაღლე 0,80 მ, ხოლო პირის დიამეტრი 1,5 მ აღწევს. ფორმით ისინი მოგვაგონებენ ძველბერძნულ ე.წ. ზარისებურ კრატერებს და უფრო კი ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულ ისარნას, რომელშიც საწნახლიდან გამომდინარე ტკბილს აგროვებენ ხოლმე. სამადლოზე აღმოჩენილი ისარნისებური ჭურჭელიც აშკარად ღვინოსთან არის დაკავშირებული: ორი მათგანი აღმოჩნდა ერთ სათავსოში ოთხ თუ ხუთ საღვინე ქვევრთან ერთად. სამაღლოზე აღმოჩნდა ფრაგმენტები ათამდე ამგვარი ჭურჭლისა. ასეთივე ჭურჭლის ნატეხები ნაპოვნია საქართველოს სხვა პუნქტებშიც, ისე რომ, იგი მარტო სამადლოს თავისებურებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთ სამადლოურ "ისარნაზე", რომლის ნახევარზე მეტის აღდგენა მოხერხდა, გამოხატულია ფერხულში ჩაბმული მოცეკვავე მამაკაცების ფიგურები. ფიგურების სიმაღლე 0,25 მ-ია.

ნახატში გაწაფული ოსტატის ხელი იგრძნობა, მას გაბედული შტრიხებით, ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე, განზოგადოებული, მაგრამ სიცოცხლით და მოძრაობით სავსე სილუეტები გამოუსახავს. ასეთივე მანერითაა შესრულებული და არანაკლებ შთამბეჭდავია მოხატულობა მეორე ჭურჭელზეც, რომლისაგანაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებიღა შემოგვრჩა. მასზე გამოსახული ყოფილა მხედრებისა და ქვეითთა ბრძოლის სცენა. ერთ ფრაგმენტზე შემორჩა ცხენოსანი, რომელიც შუბს სტყორცნის მოწინააღმდეგე მხედარს, მეორე ფრაგმენტზე - ცხენის ფლოქვებს ქვეშ დაცემული დისკოთი შეიარაღებული მებრძოლი და ა.შ. ასეთი კომპოზიციების განხილვისას თავისთავად იბადება სურვილი გაიხსნას მათი შინაარსი. პირველი კომპოზიციის ახსნა შედარებით იოლია. ფერხულის სცენას უამრავი ანალოგიები ეძებნება თითქმის ყველა ქვეყანაში და ყველა დროში და ყველგან, სადაც კი ეს გამოსახულება გვხვდება. მას ნაყოფიერების კულტს უკავშირებენ. შორეულ ანალოგიებს რომ არ გამოვედევნოთ, საკმარისია გავიხსენოთ ქართველი მთიელების საწესო ფერხული - "ფერხისაი" ან "ქორ - ბეღელა", რომელიც სრულდებოდა ხატობას, ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიმართული მეტისმეტად არქაული სასიმღეროს თანხლებით (პროფ. ვ.ბარდაველიძე). სამადლოური "ისარნაც" ფერხულის გამოსახულებით დაკავშირებულია ვაზთან, ყურძენთან, ღვინოსთან, რომლებიც იმ დროსაც ნაყოფიერების ღვთაების ატრიბუტები იყვნენ. ამგვარი ახსნის სასარგებლოდ ლაპარაკობს საღვინე ჭურჭლის სიუხვე სამადლოზე და, განსაკუთრებით კი, ომფალოსიანი ფიალების აღმოჩენა, რომლებიც ანტიკურ სამყაროში სწორედ ღვინის საწესო სმის დროს გამოიყენებოდნენ. გაცილებით უფრო რთულია მეორე- ბრძოლის სცენის განმარტება. ამგვარი მრავალფიგურიანი კომპოზიციების აღმოჩენა, ჩვეულებრივ, უნდა მიუთითებდეს რაღაც მითოლოგიურ სიუჟეტზე. ჯერჯერობით, ქართული მითოლოგიის შესწავლის დღევანდელ დონეზე, მხოლოდ ამ განმარტებით უნდა დავკმაყოფილდეთ და დაველოდოთ ჭურჭლის დანარჩენი ნატეხების აღმოჩენას. დასასრულ, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი თავისებური ჯგუფი მოხატული ჭურჭლისა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით აღმოჩნდა სამადლოზე, თუმცა მკვეთრად განსხვავდება თავისი იერით სამადლოს დანარჩენი კერამიკისაგან. ესაა თითქმის ერთნაირი თხელკედლიანი დოქები და დერგები, დამზადებული ღია მოყვითალო ფერის კარგად გამომწვარი თიხისაგან და მოხატული თეთრი ანგობის პარალელური ზოლებით. ამგვარი ჭურჭლის ფრაგმენტები ურბნისშიც აღმოჩნდა, მაგრამ იგი განსაკუთრებით დამახასიათებელია კახეთისათვის, სადაც სწორედ ეს კერამიკაა წამყვანი ელინისტურ ხანაში, როგორც ჩანს, ალაზან - იალოილუ - თაფას ტიპის კერამიკის გავრცელებამდე. თეთრი ანგობით მოხატული ჭურჭელი სამადლოზე აშკარად მოტანილი უნდა იყოს კახეთის რომელიღაც სამეთუნეო ცენტრიდან. ამჟამად თეთრი ანგობით მოხატულ თიხის ჭურჭელს ამზადებენ ბალხარელები დაღისტანში.