topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1969 წელს ჩატარებული მუშაობის შედეგები

<უკან დაბრუნება

ვანი. 1969 წ. ოქროს დიადემა ქალის მდიდრული სამარხიდან. (ძვ.წ. აღ. - მე-5 ს.)

ოთარ ლორთქიფანიძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი), რუსუდან ფუთურიძე (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი) - ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1969 წელს ჩატარებული მუშაობის შედეგები // ძეგლის მეგობარი, თბ., გამ. „საბჭოთა საქართველო“, 1970 წ., კრ.23, გვ.33 - 40

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია 1969 წელს ველზე მუშაობდა 12 ივნისიდან 15 სექტემბრამდე შემდეგი შემადგენლობით: ხელმძღვანელი - ოთ.ლორთქიფანიძე, მოადგილე - რ.ფუთურიძე, არქიტექტორი გ.ლეჟავა, მხატვარი გ.მჭედლიშვილი; მეცნიერი თანამშრომლები: გ.ლორთქიფანიძე, ვ.თოლორდავა, ა.ჭყონია, მ.მიწიშვილი, ნ.მათიაშვილი, ნ.გიგოლაშვილი, ნ.კიღურაძე, თ.ფარცვანია, ი.ცუხიშვილი, ასპირანტები: ზ.აგრბა, დ.კაჭარავა, სტუდენტები: მ.ფირცხალავა, ო.ლანჩავა. ნ.აფციაური, ტექნიკოს - კონსტრუქტორი - თ.ჯავახიშვილი, ოპერატორი - ფოტოგრაფი გ.ავალიანი.

ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარის არქეოლოგიური შესწავლა წარმატებით გრძელდებოდა 1969 წლის ზაფხულშიც. როგორც უკვე კარგად არის ცნობილი, ვანში კარგა ხანია ითხრება ნაშთები საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქისა, რომელიც, როგორც არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, ძვ.წ. V ს-ში უკვე არსებობდა, ხოლო ძვ.წ. საუკუნეში ბრძოლაში დაიღუპა და ცეცხლში დაიწვა. გასულ წელს, წინა წლებში გამოვლენილი სამლოცველოს აღმოსავლეთით გაიწმინდა საძირკველი ნაგებობისა, რომელიც ძვ.წ. I ს-ში დანგრეულა და რომელსაც სხვადასხვაფრად შეღებილი კედლები პქონია. გადარჩენილია შავად, ლურჯად, ყვითლად და წითლად შეღებილი ბათქაშის ნატეხები. ამ ნაგებობას თავის დროზე დაუზიანებია ადრეანტიკური ხანის კულტურული ფენა, რომელიც მრავლად შეიცავს კოლხური თიხის ჭურჭლის ნატეხებს. ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე, სადაც აღმოჩენილია ძვ.წ. III - I სს. ნაგებობანი და ქალაქის გალავნის კედლები. აქ თითქმის მთლიანად დასრულდა წინა წლებში ნაწილობრივ გამოვლენილი "მრგვალი ტაძრის" არქეოლოგიური შესწავლა. გამოირკვა, რომ თავდაპირველად (ძვ.წ. IV ს - ის დასასრული, III ს. დასაწყისი) ნაგებობა იყო სწორკუთხა (11მ X 10მ) და ამოყვანილი იყო შესანიშნავად გათლილი და დამუშავებული სწორკუთხა ფილებით, უფრო გვიან (ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევარში) სწორკუთხა შენობის საძირკველზე ამოუყვანიათ მრგვალი შენობა - ტაძარი.

 

ეს ნაგებობა რომ ტაძარია, ამაზე მეტყველებს აქვე ნაპოვნი სამსხვერპლო ქვაც. ტაძარს დასაწყისში დასავლეთი მხრიდან თირის ქვებით მოგებული მისასვლელი ჰქონია, რომელიც ძვ.წ. II- I სს. მოზაიკური იატაკით შეუცვლიათ. მრგვალი ტაძარი ძვ.წ. I ს. შუა ხანებშია დანგრეული, მის ნანგრევებზე მიწა დაუყრიათ და შემდეგ სასწრაფოდ აუგიათ გალავნის კედელი, რომელიც აგრეთვე სულ მალე დანგრეულა (ძვ.წ. I სს. შუა ხანებში). განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს სამი ხელუხლებელი სამარხის აღმოჩენა, რომელთაგანაც ორი - ძვ.წ. IV ს. ეკუთვნის, ერთი კი - ძვ.წ. V საუკუნეს. პირველი სამარხი, რომელსაც ჩვენ მეომრის სამარხს ვუწოდებთ, აღმოჩნდა უფრო გვიანდელი (ძვ.წ. II ს.) ნაგებობის აღმოსავლეთი კედლის საძირკვლის ქვეშ. სამარხი ორმო (მისი ზომებია 4 მ X 2 მ) ამოკვეთილია დედა ქანში, რომელიც აქ თირის რბილ კლდეს წარმოადგენს. მიცვალებული შესაძლოა ხის სარკოფაგში იყო ჩასვენებული, მის არსებობას გვავარაუდებინებს სამარხში ბლომად აღმოჩენილი რკინის ლურსმნები.

სამარხი ზემოდან გადახურული ყოფილა მიწითა და ქვაყრილით. მეომარი დაკრძალულია თავით ჩრდილოეთისაკენ ზურგზე მწოლარე. თავის ქალა გადაგორებული იყო მარჯვნივ, ჩონჩხიდან ოდნავ დაცილებით, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მიცვალებული სარეცელზე ესვენდა ამ უკანასკნელის ჩაქცევის შემდეგ მოხდა თავის გადაგორება. სამარხი სამი მხრიდან შემორაგული იყო სხვადასხვა ზომის მასრიანი რკინის შუბისპირებიც (მათი საერთო რაოდენობა 50 აღწევს), აქვე აღმოჩნდა, აგრეთვე რკინის მახვილი და სატევარი. მეომრის ქვედა კიდურებს ფარავდა ბრინჯაოს ჯავშანი - საწვივე და საბარკული. მდიდრულია მეომრის სამკაულიც. თავსაბურავი, როგორც ჩანს შედგებოდა ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული ცხენოსნისა და მასზე მირჩილული ორი ფრინველის ფიგურისაგან. ასეთი საგანი სულ 12 ცალია აღმოჩენილი თავის ქალაზე. ყელზე შებმული ჰქონია ოქროს მთვარისებური საკიდები, რომლებიც გავარსითაა ლამაზად შემკული.

მაჯებზე ეკეთა ოქროს, ბრინჯაოსი და ვერცხლის სამაჯურები. წელის არეში აღმოჩნდა სალესი ქვა, რომელსაც ოქროს ყუნწი ჰქონდა ქამარზე ჩამოსაკიდად. მეომარს ოქროს ცალი საყურე უტარებია  და ოთხი ბეჭედი - ორი ოქროსი და ორიც ვერცხლის. ოთხივე ბეჭედი ფარაკიანია და ზედ გამოსახულებებია ამოკვეთილი: ერთ ოქროს ბეჭედზე ცხენოსანი, მეორეზე ღვთაება და ნეგატივურად ამოკვეთილი სახელია - დედატოსი - ბერძნული ასოებით. ერთ ვერცხლის ბეჭედზე - ორი ფრინველი, ხოლო მეორეზე - ორი ცხოველის შერკინება. მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა, აგრეთვე ფილიპე მეორე მაკედონელის (ალექსანდრე მაკედონელის მამის) ოქროს მონეტა (ძვ.წ. 359-336 წწ.) ეს საქართველოში ამ მონეტის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. აქვე იყო ბრინჯაოს ლანგარი, ატიკური შავლაკიანი სასმისი, კოლხური თიხის ჯამი, წითელი საღებავით მოხატული მეტად მოხდენილი თიხის დოქი და ამფორა - მოზრდილი ძირვიწრო ორყურა ჭურჭელი, რომელიც მოყვანილობის მიხედვით მიეკუთვნება სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში სოლოხა I ტიპის სახელით ცნობილ ამფორათა ჯგუფს. ტომრის ფერხთით დასვენებული იყო კიდევ ორი ჩონჩხი ქალისა და მამაკაცისა. საფიქრებელია, რომ ისინი იყვნენ წარჩინებული მეომრის მსახურნი თუ ტყვე - მონები. (ისინი თითქმის ყოველგვარი სამკაულის გარეშე იყვნენ ძაღლის ჩონჩხზე დასვენებული). სამარხის სამხრეთ - დასავლეთ კუთხეში იდგა კიდევ ხუთი ამფორა, რომელთაგანაც ორი - სოლოხა I ტიპისა იყო, ორი - კოლხურ და ერთიც - ქალაქ სინოპეში დამზადებული. ამ უკანასკნელს ყურზე აქვს დამღა, რომელიც შეიცავს ემბლემას - დელფინზე დაფრენილ არწივს, ფაბრიკანტ ჰისტიაიოსისა და ასტინომი კიროსის სახელს. ამ დამღის მიხედვით ამფორა კარგად თარიღდება ძვ.წ. IV ს-ის მესამე მეოთხედით. ამავე თარიღზე მიუთითებს ფილიპე მაკედონელის მონეტაცა და ატიკური შავლაკიანი სასმისიც. რამდენადმე უფრო გვიანდელი უნდა იყოს იქვე ახლოს აღმოჩენილი მეორე სამარხი, ბავშვის სამარხად მიჩნეული. ისიც თირშია ამოკვეთილი, სამარხი ორმოს ზომებია - 1,4X0,8 მ. სამარხში ნაპოვნია ოქროს სასაფეთქლე რგოლები, ოქროსა და ვერცხლის პატარა სამაჯურები, ვერცხლის ფარაკიანი ბეჭდები, (მცირე ზომისა), პასტის მძივსაკიდები, კოლხური მონეტის სამი წვრილი ნომინალი და თიხის რამდენიმე ჭურჭელი. ლეგად გამომწვარი და გაპრიალებული ყელმაღალი კოლხური დოქი, ცალყურა ქოთნები, წითლად მოხატული დოქი (მეომრის სამარხში ნაპოვნის ანალოგიური) და მუცელგამობერილი პატარა სანელსაცხებლე.

განსაკუთრებით მდიდრული იყო მესამე სამარხი, რომელიც პირველი ორისაგან სამხრეთით აღმოჩნდა ორმოციოდე მეტრის დაშორებით. სამარხი ორმო, რომლის ზომებია 7X6 მ, აგრეთვე კლდოვან დედაქანშია ამოკვეთილი. აქაც რკინის ლურსმნების მწკრივი მიუთითებს ხის სარკოფაგის არსებობაზე. მის გარეთ აღმოჩნდა საკმაოდ კარგად შენახული ცხენის ჩონჩხი, აგრეთვე რკინის ლაგამის ძლიერ დაჟანგული ნაშთები. სამარხში ოთხი ადამიანის ჩონჩხის ნაშთები აღმოჩნდა. მათგან ერთი ძალზე მდიდრულად დაკრძალული ქალისაა.

მიცვალებულის თავთან, სამარხის აღმოსავლეთი კედლის გასწვრივ, ელაგა იმპორტული (ბერძნული) ბრინჯაოს ენოხოია და პატერა, რომლის ტარი ჭაბუკის ტანს გამოსახავს. ეს ორივე ჭურჭელი საზეიმო შემთხვევაში ხელის დასაბანად  არის განკუთვნილი. იქვე იყო თიხის ორყურა სანელსაცხებლე, ვერცხლის სფერული ჭურჭელი, რომლის ტანი შემკულია ენების ორნამენტით და ფანტასტურ არსებათა გრავირებულგამოსახულებიანი სარტყელით; კოლხური ბრინჯაოს მცირე ზომის სიტულის ფორმის ჭურჭელი, რომლის ძირი სვასტიკის, ხოლო სახურავი ცხოველთა გრავირებული გამოსახულებებითაა შემკული, აგრეთვე ბერძნული ვერცხლის სარწყულა, რომლის ყური ფრთოსანი ლომის, ხოლო მის ქვემო ორი ვერძის სკულპტურული გამოსახულებითაა მორთული; ატიკური ვერცხლის მაღალფეხიანი სასმისები (კილიკები) ორი ცალი, ფინიკიური მინის ორი თასი და ტალღოვანი ორნამენტით შემკული მოზრდილი, შავპრიალა კოლხური დოქი. სამარხის სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხეში ოთხ კოლხურ თიხის ჯამსა და ერთ ატიკურ მაღალფეხიან შავლაკიან კილიკზე ელაგა საქონლისა და ფრინველის ძვლები - მიცვალებულისათვის გატანებული საგზლის ნაშთი. ხოლო სამარხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ეწყო დიდი ზომის ბრინჯაოს კოლხური სიტულები, ერთი მათგანის ძირზე სვასტიკაა გამოსახული.

ქალის სამკაული თითქმის მთლიანად ოქროსა და ვერცხლისაა. მიცვალებულს თავს უმკობდა ოქროს დიადემა, რომლის გრეხილი რკალი რომბისებური ფირფიტებითა და შესაკრავი კავებითაა დაბოლოვებული. ამ ფირფიტებზე ამოტვიფრულია ორ რიგად განლაგებული ცხოველთა ბრძოლის სცენები - ერთზე ლომები ჰფლეთენ ზურგზე განრთხმულ ხარს, ხოლო მეორეზე კი ასეთივე ლომები თავს ესხმიან წინა ფეხებზე წაჩოქილ ჯიხვს. თავის არეში აღმოჩნდა და თავსამკაულის ნაწილებს წარმოადგენს მსხლისებური მოყვანილობის ოქროს საკიდები. აქვე იყო ოქროს სხივანა სასაფეთქლეები, რომლის რგოლს ვარდულა ამკობა, ხოლო სხივებს კი ცვარათი შედგენილი პირამიდები და ჩიტის მინიატურული გამოსახულებანი და ე.წ. ჭვირულბურთულიანი ოქროს საყურეები. მიცვალებულს ჩატანებული ჰქონია ხუთი სხვადასხვაგვარი ყელსაბამი: ერთი მათგანი შედგება ოქროს კუს გამოსახულებებიანი საკიდებისა და სადა სფერული მძივებისაგან, მეორე - ჩიტის გამოსახულებიანი საკიდებისა და წვრილი, ტანდაღარული მძივებისაგან, მესამე - ვერძის თავის გამოსახულებიანი საკიდებისა და წვრილი, ტანდაღარული მძივებისაგან,

მეოთხე - სიმინდის ტაროსებური საკიდებისა და წვრილი და საშუალო ზომის ტანდაღარული მძივებისაგან, მეხუთე - დოლისებური საკიდებისა და მსხვილი ტანდაღარული მძივებისაგან. დოლისებური საკიდები შემკულია ცვარათი გამოყვანილი სვასტიკებითა და სხვა გეომეტრიული სახეებით. შესაძლოა ამავე ყელსაბამს ეკუთვნოდა მასთან ახლოს აღმოჩენილი ქარვის სწორკუთხა მძივები. ურიცხვი რაოდენობით აღმოჩნდა სამარხში ვერცხლის მილაკები და მძივები, მათგან ზოგი ცვარათია შემკული. მიცვალებულის მაჯებთან აღმოჩნდა ოქროს სამაჯურები, მათგან ერთი წყვილი ტახის გამოსახულებებით ბოლოვდება, ხოლო მეორე - ვერძის თავის გამოსახულებებით. სამაჯურებთან ერთად, როგორც ჩანს, მკლავებს ამკობდა ოქროსა და სარდიონის მძივები. იქვეა ნაპოვნი ოქროს ხუთი ბეჭედი, მათგან ერთი ფარაკიანია და საბეჭდავს წარმოადგენს, ოთხი კი - სპირალური ხვიებით არის შემკული.

სარტყლის მოსართავს უნდა წარმოადგენდეს არწივის ორი ოქროს გამოსახულება, რომელთაც უთუოდ ჰერალდიკური მნიშვნელობა ჰქონდათ. მიცვალებულს, როგორც ჩანს, ეფარა სუდარა, რომელიც ოქროს ღილაკებითა და მილაკზე ასხმული სამკუთხა ორნამენტირებული ფირფიტებით იყო გაწყობილი. სამარხში აღმოჩენილი ეს მრავალრიცხოვანი ოქროს სამკაული ხასიათდება მკაცრი სტილისტური ერთიანობით, ამასთან მხოლოდ საქართველოსათვის ჩვეული ფორმები (რომბულ ფირფიტებიანი დიადემა, სხივანა სასაფეთქლეები, ჭვირულბურთულიანი საყურეები და სხვ.) და მხატვრულ - სტილისტური თვალსაზრისით გენეტიკური კავშირი უფრო ადრე ვანშივე ნაპოვნ შედარებით გვიანდელ სამკაულებთან, სრულიად უცილობელს ხდის მათ ადგილობრივ წარმოშობას. მიცვალებულის ჩონჩხის ქვეშ და მის გვერდით სამარხის ორმოს ძირის დონეზე აღმოჩნდა ძლიერ დამსხვრეული თიხის ჭურჭელი, რომელთაგანაც ამჟამად ყველა აღდგენილია. მათ შორისაა დიდი ზომის ორყურა ბრტყელძირიანი, წნეხვით გამოყვანილი პრიალა ზოლებით შემკული ორი ჭურჭელი, სხვადასხვა ზომის ნატიფი, ბიკონუსური ფორმის ცალყურა და უყურო შავპრიალა ჭურჭელი, ყურმილიანი დოქი და სხვა.

ზოგიერთი მათგანის სახით პირველად ვეცნობით ძვ.წ. V საუკუნის კოლხური ჭურჭლის ფორმებს, რადგანაც აქამდის არქეოლოგიურ მასალაში ისინი მხოლოდ მცირე ზომის ნატეხებით იყვნენ წარმოდგენილი. აქ აღმოჩენილი მრავალფეროვანი ინვენტარით სამარხი მეტად საიმედოდ თარიღდება ძვ.წ. V საუკუნის პირველი ნახევრით, ხოლო ამ ინვენტარის თვითეული ნივთი, როგორც უცხოეთიდან შემოტანილი, ისე ადგილობრივ დამზადებული იმდენად დახვეწილი და მაღალმხატვრულია, რომ ნათლად მეტყველებს დაკრძალული ქალის წარჩინებულობასა და მაღალ კულტურულ დონეზე საზოგადოებრივი ფენისა, რომელსაც იგი ეკუთვნოდა. ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრა - შესწავლა გრძელდება და ეჭვი არ არის, რომ მისი მონაპოვარი კიდევ არაერთ ძვირფას ცნობას შესძენს საქათველოს შორეულ წარსულს.