topmenu

 

ოდიშის განძი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

თამარ აბრამიშვილი - ოდიშის განძი (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გამ "საბჭოთა საქართველო“, გვ.23 -25

საქართველოს ტერიტორიაზე ბიზანტიური მონეტების აღმოჩენა ხშირია. ცნობები ამ აღმოჩენათა შესახებ უკვე გასული საუკუნის 70-იან წლებიდან გვაქვს. ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიური მონეტების პოვნის შემთხვვებმა იმატა და დღეისათვის ცალკე ცალებისა და განძების აღმოჩენის სამ ასეულამდე შემთხვევაა აღრიცხული საქართველოს ტერიტორიის როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ნაწილში. ამ მონეტების შესწავლა და ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველოში უკვე ბიზანტიის პირველი კეისრის არკადის (395-408) დროის მონეტები შემოდიოდა. ისტორიულ წყაროთა ცნობით საქართველოსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობა სწორედ ამ დროიდან მომდინარეობს და მეტნაკლები სისრულით საკეისროს არსებობის მთელ მანძილზე გრძელდება. ბიზანტიურ მონეტებს, რომლებიც ქართულმა მიწამ შემოგვინახა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ზოგიერთი ნაკლებად შესწავლილი მოვლენის სათანადოდ გაანალიზება - დაზუსტების საქმეში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია. ამ რიგს მიეკუთვნება ოდიშში აღმოჩენილი ბიზანტიური ვერცხლის მონეტების განძიც. დასავლეთ საქართველო - ისტორიულ წარსულში ეგრისისა და ლაზიკის სახელით იყო ცნობილი, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოს გარკვეულმა ნაწილმა ოდიშის სახელწოდება მიიღო. სახელდობრ, როდის მოხდა ეს - ცნობილი არაა. წყაროებში ოდიში პირველად XII საუკუნეში გვხვდება. ოდიშს თამარის პირველი ისტორიკოსი იხსენიებს; ოდიში აგრეთვე მოხსენებულია სხვადასხვა დროის საბუთებში, კერძოდ, სასისხლო სიგელებში, შეწირულებათა წიგნებში და სხვა. დაახლოებით 1960 წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. ოდიშში, ყოფილი სასიმინდე ყანის, შემდეგ კი გაყამირებული ნაწილის ჩაის პლანტაციებისათვის ტრაქტორით მოხვნისა და მოსწორებისას ხანდახან ჩნდებოდა ვერცხლის ძველი მონეტები. რომლებიც შემდეგში დაკარგულა. 1966 წელს იმავე საყანე ადგილას კოლმეურნე ხუტა ბულია ბარვის დროდ წააწყდა შავი თიხის კოჭობის ძირს, რომელშიაც ვერცხლის 28 მონეტა აღმოჩნდა, მისი ნაწილიც დაკარგულია, გადარჩა მხოლოდ 13 ცალი. ამ აღმოჩენამ გვაფიქრებინა, რომ თავდაპირველად ტრაქტორმა ხვნის დროს გატეხა ის კოჭობი, რომლითაც განძი იყო ჩამარხული და შიგ მოთავსებული მონეტები იქვე მიმოფანტა. შემდეგ წლების განმავლობაში ამ მონეტებს პოულობდნენ პლანტაციაში მომუშავენი. გადარჩენილი 13 მონეტიდან წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს 12 მონეტა შემოწირა მპოვნელმა ხუტა ბულიამ, ხოლო 1-(მის მიერ გაჩუქებული) იური სართანიამ. როგორც ავღნიშნეთ, საქართველოში ბიზანტიური მონეტების აღმოჩენა ხშირია - ჩნდება როგორც ოქროსი, ისე ვერცხლისა და სპილენძის ფულები, მაგრამ ბიზანტიური ვერცხლის მონეტების განძის პოვნა პირველ შემთხვევას წარმოადგენს. საფიქრებელია განძში თავდაპირველად მეტი რაოდენობის მონეტები შედიოდა; ჩვენამდე მოღწეული მონეტები განეკუთვნება ბიზანტიის კეისრების ორ წარმომადგენელს: მავრიკის (582-602) 2 მილიარესი? და ირაკლისა და ირაკლი-კონსტანტინეს (610-641) 11 ჰეკსაგრამი. აქვე უნდა ითქვას, რომ მავრიკი კეისრის ვერცხლის მონეტები საკმაოდ იშვიათია. ოდიშის განძის აღმოჩენამდე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკურ კოლექციის ძირითად ფონდში, ერთადერთი ცალი იყო დაცული. (მავრიკის ვერცხლის მონეტების იშვიათობა სპეციალური ლიტერატურული ცნობებითაც დასტურდება). საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში მავრიკის ვერცხლის მონეტების აღმოჩენა ჯერჯერობით ფიქსირებული არ არის.

ვიძლევით ამ განძის სანიმუშო ცალების აღწერილობას.

1. მავრიკი კეისრის მონეტის წონა - 2,12 გრ. დიამ. 20-21 მმ. შუბლი - კეისრის ბიუსტი მარჯვნივ, საზეიმო მუზარადით, მხედრის წამოსასხამით, გარშემო ლათინური ზედწერილი. დომინუს ნოსტერ მავრიკიუს ავგუსტუს - ე.ი. ბატონი ჩვენი მავრიკი მუდამ აღზევებული. ირგვლივ ორმაგი წერტილოვანი რკალი. ზურგი - მოზრდილ სფეროზე აღმართული ჯვარი. ირგვლივ ორმაგი წერტილოვანი რკალი.

2. წონა - 1,15 გრ. დიამ. 18 - 20 მმ.

შუბლი - როგორც წინა, მხოლოდ თავსაბურავზე ზურგის შტამპია დაკრული, ამის გამო მუზარადი ნაწილობრივ დაფარულია. სამაგიეროდ. გარკვევით ჩანს ზურგის სიქის ჯვარი და მარცხენა მხარის პალმის ტოტი. მარჯვენა მხარეს - კი პალმის ტოტის პატარა მონაკვეთი, უფრო სწორედ - ორი ფოთოლი. შერჩენილი ლათინური ზედწერილი მავრიკის სახელზე მიგვითითებს. გარშემო ორმაგი წერტილოვანი რკალი.

ზურგი - ცენტრში ჯვარი, აქეთ-იქით პალმის თითო ტოტი, ირგვლივ ორმაგი წერტილოვანი რკალი.

3. ირაკლი კეისრის მონეტის წონა - 6,22 გრ. დიამ. 22 მმ.

შუბლი - სამეფო ტახტზე მჯდომარე მარცხნივ ირაკლი (წვერიანი), ხოლო მარჯვნივ ირაკლი - კონსტანტინე (უწვერო); ორივე ჯვრიანი გვირგვინით და გრძელი სამეფო სამოსელით, თითეულს მარჯვენა ხელში ჯვრიანი სფერო უპყრია, ზემოთ მათ შორის მომცრო ზომის ჯვარი, გარშემო ლათინური ზედწერილი; დომინი ნოსტრი ჰერაკლიუს ეტ ჰერაკლიუს - კონსტანტინუს - ბატონი ჩვენი ირაკლი და ირაკლი - კონსტანტინე, რკალი წერტილოვანი.

ზურგი - ჯვარი სფეროზე და სამსაფეხურიან გოლგოთზე აღმართული, გარშემო ლათინური ზედწერილი "დეუს ადიუტა რომანის"- ე.ი. ღმერთო, დაეხმარე რომაელებს, რკალი წერტილოვანი. როგორც აღწერილობიდან დავინახეთ, ჰეკსაგრამები მილიარესისაგან გარეგნულადაც განსხვავდებიან. მათ ზურგზე ჯვარი სფეროზე და გოლგოთაზეა აღმართული, მარჯვნივ და მარცხნივ პალმის ტოტის ნაცვლად, შემოწერილია -"დედა ადიუტა რომანის" – ე.ი. ღმერთო, დაეხმარე რომაელებს, რკალი წერტილოვანი. როგორც აღწერილობიდან დავინახეთ, ჰეკსაგრამები მილიარესისაგან გარეგანნულადაც განსხვავდებიან. მათ ზურგზე ჯვარი სფეროზე და გოლგოთაზეა აღმართული, მარჯვნივ და მარცხნივ პალმის ტოტის ნაცვლად, შმოწერილია - „დეუს ადიუტა რომანის“ - ასეთი წარწერა პირველად 615 წელს მოჭრილ ორმაგ მილიარესზე ანუ ჰეკსაგრამზე ჩნდება. ოდიშის განძი გადარჩენილი მონეტების მიხედვით, VII საუკუნის 20-იანი წლებით თარიღდება, მაგრამ შეიძლება ამ თარიღის მეტი დაზუსტებაც ვცადოთ და განძი 632 წლამდე ჩამარხულად ვივარაუდოთ, რადგან მასში ირაკლის, ირაკლი - კონსტანტინესი და ირაკლიონის სახელით მოჭრილი მონეტა (დაცული არაა), ამ უკანასკნელთა მოჭრა 632 წლის შემდეგ დაიწყო. იმ დროინდელ ვითარებით გამოწვეული ხანგრძლივი ომებისა და შინა კლასობრივი ბრძოლების წყალობით ბიზანტიის საკეისრო VII საუკუნეში მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმპერიის ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით ირაკლი კეისრის მიერ გატარებული რეფორმები საფინანსო სფეროსაც შეეხო, კერძოდ, მან მოაჭრევინა მძიმე წონის მონეტები - ჰეკსაგრამები. ამ ახალი ნომინალის მონეტები მილიარესზე უფრო მძიმეა ერთნახევარჯერ ან, ზოგჯერ, ორჯერაც. VI საუკუნის 90-იან წლებში ირანში სამეფო სასახლეში მომხდარ აჯანყების გამო ხოსრო II იძულებული გახდა ბიზანტიის საკეისროს შეფარებოდა. მან მალე მავრიკი კეისრის დახმარებით დაიბრუნა სამეფო ტახტი. VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის საკეისროც ისეთივე შეხლა-შემოხლამ და ძმათა ხოცვამ დააუძლურა. სწორედ ამით ისარგებლა ირანის შაჰმა, ხოსრო II-მ და ბიზანტიასთან ომი განაახლა, რომელიც მისივე გამარჯვებით დამთავრდა. ირაკლი კეისარმა თავისი გამჭრიახობის წყალობით, წესრიგის დამყარების მიზნით, რეფორმა გაატარა როგორც ჯარში, ისე საფინანსო საქმეში. ამით იმპერია თანდათან წელში გაიმართა, ირანში კი კვლავ შინაგანი წინააღმდეგობა გრძელდებოდა. ბიზანტიამ ისარგებლა ამ შემთხვევით და ირაკლი კეისრის მოთავეობით საქართველოზე გავლით შეიჭრა ირანში და გამარჯვებაც მოიპოვა. ბიზანტიისა და ირანის ხანგრძლივი ბრძოლა საქართველოს გამო ბიზანტიის გამარჯვებით დამთავრდა - ლაზიკა ისევ ბიზანტიის მფარველობის ქვეშ დარჩა... იბერიაც სპარსთა ბატონობას ხელიდან გამოაცალეს ბიზანტიელებმა (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, 1960, გვ.268 ). ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში სრულიად კანონზომიერია ჩვენში ბიზანტიური მონეტების შემოსვლა, გავრცელება და აქვე მათი განძად ქცევა, რომლის საილუსტრაციოდ ოდიშის განძი გამოგვადგება.