topmenu

 

თამარის ფული - ი.ჯალაღონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


თამარის ფული - ირინე ჯალაღანია - (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., გამ „საბჭოთა საქართველო“, კრებული 23, გვ.20 -22

1184 წ. გარდაიცვალა საქართველოს მეფე გიორგი III. მის ქალიშვილს თამარს მრავალეროვანი და ვრცელი სახელმწიფო დარჩა საგამგებლოდ. "საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაში და სხვათა ცხოვრებაშიც იშვიათი მოვლენა იყო იმ დროს, სხვაგანაც მაგალითი არ ყოფილა, რომ მეფედ და სახელმწიფოს მმართვერად ქალი გამხდარიყო" (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ.245, თბილისი, 1965 წ.). ეს მით უფრო ხაზგასასმელი მოვლენაა, რომ უკვე ამ დროს საქართველო ძლიერი, მრავალი ქვეყნის მფლობელი, სხვადასხვა მოდგმისა და სარწმუნოების ხალხთა ბატონი იყო. თამარის კურთხევისას მას წელზე ხმალიც შემოარტყეს, როგორც სამეფოს მეთაურსა და უზენაეს მთავარსარდალს. თამარის მეფობაში ფეოდალურმა საქართველომ პოლიტიკურ და სამხედრო ძლევამოსილების მწვერვალებს მიაღწია. მის წინაშე ქედს იხრიდა მრავალი მაჰმადიანი მთავარი - შაჰარმენი თუ რუმის სულტანი, დარუბანდისა და არზრუმის მბრძანებელი. მაჰმადიან ამირთ - ამირების ხელთ მყოფი სომეხთა მეფეების ყოფილი სამფლობელოებიც საქართველომ შემოიერთა. XII საუკუნის საქართველომ აქტიური პოლიტიკის წარმოებას მიჰყო ხელი და იმდროინდელი მცირე აზიის ცხოვრებაში პირველი ადგილი დაიჭირა, საერთაშორისო მნიშვნელოვან ძალად იქცა" (იქვე, გვ.296). თამარის მეფობაში საქართველომ არამარტო პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია. ქართული მიწების გაერთიანებამ, ფეოდალური მონარქიის ტერიტორიის გაზრდამ მის ეკონომიურ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოახდინა - უჩვეულო სისწრაფით დაიწყო ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარება, რასაც ხელს უწყობდა სახელმწიფოს მიერ გზების, ხიდებისა და ქარვასლების მშენებლობა. გაშენდა და გაძლიერდა ქართული ქალაქები. საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს ეკონომიური კავშირები მახლობელი და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან; არაბულ სამყაროსთან, ირანთან, ბიზანტიასთან, ეგვიპტესა, ჩინეთსა და სხვ. საქართველო ამ დროს აღმოსავლეთში ქრისტიანთა მფარველადაც გამოდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არასოდეს არ უბრძოლია მუსლიმანური სარწმუნოების წინააღმდეგ. პირიქით, სიმშვიდის დროს მათთან მჭიდრო ეკონომიური კავშირიც ჰქონდა და, ისტორიკოსთა მოწმობით, თვით თამარის სახელმწიფოში მაჰმადიანნი უკეთ გრძნობდნენ თავს, ვიდრე თავის ქვეყანაში. ეს თამარის სიბრძნესა და გამჭრიახობას მოწმობს.

თამარის მეფობის დროს საქართველოში, რასაკვირველია, საკუთარი ფულიც იჭრებოდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სპილენძისა. ეს ის დროა, როდესაც მთელი მახლობელი აღმოსავლეთი მოცულია ე.წ. "ვერცხლის კრიზისით". საყოველთაოდ იჭრება არასწორი ფორმისა და სხვადასხვა წონის სპილენძის მონეტები, რომელიც იძულებით ვერცხლის კურსით მიმოიქცევა ბაზარზე. ამ მხრივ არც საქართველო შეადგენდა გამონაკლისს. თამარის სახელი პირველად მეფე გიორგი ფულზე ჩანს (Д.Г. Капанадзе, Грузинская нумизматика, Москва, 1955г. გვ.63), თანამმართველად მისი გამოცხადების შემდეგ (1178 წ.).

მონეტა სპილენძისაა, სხვადასხვა ფორმისა და წონის.

შუბლი: წნული ხვეულების ვარდულში სხვადასხვაგვარად დაქარაგმებული ასომთავრული სახელი "თამარი" ვარდულის ბუდეებში, აგრეთვე ასომთავრულით "ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი", ირგვლივ ხაზოვანი რკალი.

ზურგი: წნული ხვეულების ვარდულის ცენტრში ასომთავრულად "გი" - "გიორგი" გარშემო ასომთავრულითვე: "ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე". ირგვლივ ხაზოვანი რკალი (Е.А.Пахомов, Монеты Грузии, ч.I, გვ.95-96, СПБ, 1910 г).

მონეტაზე თამარის სახელის მოხსენიება პოლიტიკური მნიშვნელობის ჟესტი იყო. გიორგი ხაზს უსვამდა ქალიშვილის კანონიერ უფლებებს ქვეყნის მმართველობის საქმეში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1184 წ. თამარი საქართველოს სრულუფლებიანი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. ამ დროიდან ფულიც მისი სახელით იჭრებოდა. ამ მონეტების ზედწერილები შესანიშნავად ასახავენ თვით თამარისა და ქვეყნის სიძლიერეს, მის მყარ პოლიტიკურ-ეკონომიურ მდგომარეობას. საყურადღებოა, რომ მეფის მედიდური ეპითეტები გადმოცემულია არაბულად, იმ ენაზი, რომელიც სახელმწიფო და საერთაშორისო იყო ქართველთა მეზობლებისათვის.

მონეტის გარეგნული სახე ასეთია: სპილენძი. სხვადასხვა ზომისა და წონის.

შუბლი: ცენტრში, მხედრული ანბანით, ვენზელის სახით მოცემულია თამარის სახელი. ირგვლივ ნასკვებიანი წნული, გარშემოვლებული ხაზოვანი რკალით, მის გარეთ, გარშემოწერილი ასომთავრულად. "სახელითა ღვთისათა იქნა ჭედაი ვეცხლისი ამის ქორონიკონსა ოთხასშვიდს" (=1187 წ.) (ან ოთხას ოცდაათს - 1210 წ.). ზედწერილს მოსდევს წერტილოვანი რკალი. („რაკი სპილენძის ფულს საქართველოს მთავრობა ვერცხლად აცხადებდა ამით უნდოდა აღენიშნა, რომ მის მოჭრილ სპილენძის ფულს ვერცხლის ფულის, ანუ დრამის ფასი ჰქონდა. მაშასადამე, ამით მთავრობას სპილენძის ფულისათვის სავალდებულო გადაკვეთილი ფასი დაუწესებიაა“ - ივ.ჯავახიშვილი, ქართული საფას -საზომთა მცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა - მეტროლოგია. გვ.49, თბ., 1925 წ.)

ზურგი: ცენტრში ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: „დედოფალი დიდებული მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარი ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი". გარშემო არაბულადვე; "განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი", და კვლავ წერტილოვანი რკალი (Е.А. Пахомов, მითით. ნაშრომი, გვ.99-199; თ.ლომოური, ფული შოთა რუსთველის ეპოქაში, კრ. „ შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა“, თბილისი, 1938 წ., გვ.288-289). როგორც დავინახეთ, ამგვარი სახის ფული ორი, ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული წლებით არის ხოლმე დათარიღებული 1187 და 1210 წწ. საფიქრებელია, რომ ასეთი ქრონოლოგიური დაშორება გამოწვეული უნდა იყოს თამარისა და დავით სოსლანის სახელით აღბეჭდილი მონეტების ემისიის შეწყვეტით, რაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. როგორც ჩანს, 1210 წ. თამარმა განაახლა ვენზელიანი მონეტების მოჭრა, მაგრამ მცირე ხნით, ვინაიდან სწორედ ამ წლითაა დათარიღებული ლაშა გიორგის ფულიც (Е.А. Пахомов, მითით. ნაშრომი, გვ.103). თამარ მეფის სახელით მოჭრილი აქამდე განხილული მონეტები ე.წ. "არაწესიერი ჭედისა" და სხვადასხვა წონისა იყო. თამარის და მისი მეორე ქმრის დავით სოსლანის სახელით 1200 წ. მოჭრილი ფული კი უკვე ჩვეულებრივი, "წესიერი" ფორმისაა. წონა 6-7,5 გრ. შორის მერყეობს.

შუბლი: ცენტრში ნიშანი, რომლის მნიშვნელობა ჯერჯერობით აუხსნელია. მის ორსავე მხარეს თამარისა და დავითის სახელები დაქარაგმებული მთავრულად: "თამარ", „დავით". კუთხეებში "ქორონიკონი 420 (=1200 წ.), ან მის გარეშე (რაც უფრო იშვიათია) ირგვლივ რკალი შერწყმული წერტილებისაგან. (თ.ლომოური, თამარის ფულების განძი, თბ. სახ. უნივერსიტეტის შრომები, I, თბილისი, 1936 წ., გვ.284).

ზურგი: არაბული, ოთხსტრიქონიანი ზედწერილი: "დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი", ირგვლივ რკალი შერწყმული წერტილებისაგან. (Е.А.Пахомов, მითით ნაშრ., გვ.103). საყურადღებოა, რომ თამარისა და დავითის მონეტის შუბლზე გაჩენილი ნიშანი, ქართულ ნუმიზმატიკაში უფრო გვიანაც ჩანს: ნაწილობრივ სახეშეცვლილა რუსუდან დედოფლის ვერცხლის ფულზე, შემდეგ დემეტრე II  სპილენძის მონეტაზე და ბოლოს 1310 წ. დავით დემეტრე II-ის ძის ფელსებზე. (Д.Г. Капанадзе, მითით. ნაშრ, გვ.66., მისივე, Родовой знак Багратионов на грузинских средневековых монетах, Сб., Г.И.М. посвящённый 100 летию со дна рождения Орешникова). 1210 წლიდან, გიორგი IV ლაშას გამეფებასთან ერთად იწყება ახალი სახის მონეტის მოჭრა, სადაც მეფე თავს უწოდებს "გიორგი ძე თამარისა".