topmenu

 

კოლხური თეთრი - გ.დუნდუა

<უკან დაბრუნება

კოლხური თეთრი - გიორგი დუნდუა (ისტორიულ მეცნერებათა კანდიდატი) //ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.11 -14

საქართველო - სამონეტო ცივილიზაციის უძველესი კერაა. უკვე ძვ.წ. VI ს-ში კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრება ვერცხლის მონეტები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში "კოლხური თეთრის" სახელითაა ცნობილი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კოლხური თეთრი მოჭრის ტექნიკითა და შესრულების მხატვრული დონით არაფრით ჩამოუვარდება ბერძნული სამყაროს თანადროულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს. კოლხური თეთრის მნიშვნელობა მეტად დიდია, საქართველოს ისტორიის ერთ - ერთი ყველაზე რთულ და წერილობით წყაროებით ნაკლებად გაშუქებულ პერიოდის შესწავლის თვალსაზრისით.

საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი ერთ - ერთი ძირითადი საყრდენია ძვ.წ. VI ს-ში თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სამეფოს არსებობის დასამტკიცებლად. გარდა ამისა, კოლხური თეთრი პირველხარისხოვანი მასალაა ძველი ქართული პანთეონის შესასწავლად. კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხგრამიანი მონეტა). მისი აღწერილობა ასეთია:

შუბლი - იშვიათი ხელოვნებით შესრულებული დაღრენილი ლომის თავის გამოსახულება - მარცხნივ. ზურგი - ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებული ფრთოსანი რაშის პროტომა (წინა ნაწილი) მარჯვნივ. წონა 13; 10,40; 12,72 გრ. (სურ.1).

მსოფლიოში სულ სამი ასეთი მონეტაა ცნობილი. დაცულია ჰააგის, ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში. სამივე მონეტა უპასპორტოა (უცნობია მათი აღმოჩენის დრო, ადგილი და ვითარება), მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი მსგავსება დანარჩენ კოლხურ მონეტებთან იმდენად აშკარაა, რომ სპეციალისტების მიერ თითქმის ერთხმად მიჩნეულია კოლხურ ნუმიზმატიკურ ძეგლებად.

თარიღდება ეს მონეტა ძვ.წ. VI ს. შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი. ყველაზე ადრეული მათ შორის ძვ.წ. VI ს-ის უკანასკნელი მეოთხედით თარიღდება და, ძირითადად, ასეთი სახე აქვს: შუბლი - მწოლიარე ლომის გამოსახლება - მარჯვნივ, რომელსაც დაღრენილი თავი მარცხნივ აქვს მობრუნებული. ზურგი - ჩაჭდეულ სწორკუთხედში მოთავსებული მუხლმოდრეკილი ხარის თავიანი ადამიანის ფიგურა მარჯვნივ.

(დიდრაქმების წონა 8-11 გრამის ფარგლებში მერყეობს). სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილი მონეტა I ტიპის კოლხური დიდრაქმის სახელწოდებით აღინიშნება. ისიც საკმაოდ იშვიათია. სამი ცალი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ორი - ერმიტაჟში, თითო-თითო ცალი ქუთაისის, ბრიტანეთის, ბერლინისა და ბოსტონის მუზეუმებში. აქედან - ოთხი დას. საქართველოს ფარგლებშია აღმოჩენილი (ფოთს და ზუგდიდის რ-ნის სოფ. ახალსოფელში ს. (მაკალათია, ახალი ტიპის კოლხური მონეტების აღმოჩენა, საქ. სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XIV, 1947, გვ.425-428)), რაც ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლებისადმი მათი მიკუთვნების მტკიცე საფუძველს ჰქმნის. (სურ.2). ასევე იშვიათია II ტიპის კოლხური დიდრაქმა, რომლის შუბლზე გამოსახულია ხაზოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავის პროფილი მარჯვნივ, ხოლო ზურგზე ერთმანეთის საპირისპიროდ ადამიანის ორი ისეთივე თავი, როგორიც მონეტის შუბლზეა გამოსახული. II ტიპის დიდრაქმაც რამდენჯერმეა ნაპოვნი ძველი კოლხეთის მიწა - წყალზე (ფოთი, ახალსოფელი). მას ძვ.წ. V ს-ით ათარიღებენ (სურ.3). III ტიპის კოლხურ დიდრაქმას ჩვენამდე არ მოუღწევია. იგი სხვა კოლხურ მონეტებთან ერთად აღმოჩენილა 1910 წ. ფოთში და თავის დროზე ხელთ ჩავარდნია ჩეხ მეცნიერს, ე.პოხიტონოვს. ამჟამად ეს მონეტა დაკარგულია.

საბედნიეროდ, ე.პოხიტონოვს დარჩენია მისი ჩანახატი, რომელიც გამოაქვეყნა კიდეც. II ტიპის დიდრაქმისაგან იგი იმით განსხვავდება, რომ ზურგზე ადამიანია თავების ნაცვლად ერთმანეთს დაპირისპირებული ხარის თავებია გამოსახული (კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, 1969, გვ.28). ეს მონეტა II ტიპის დიდრაქმის სინქრონულია. ძვ.წ. V ს-ით თარიღდება აგრეთვე ქუთაისის მუზეუმში დაცული უნიკალური მონეტა, რომელიც, მართალია, უპასპორტოა, მაგრამ ტიპოლოგიური, სტილისტური და ფაქტურული ნიშნებით იმდენად ახლოა სხვა კოლხურ მონეტებთან, რომ ის გამოჩენილმა საბჭოთა ნუმიზმატმა ა.ზოგრაფმა უყოყმანოდ მიაკუთვნა კოლხურ მონეტათა რიცხვს. ამ მონეტის შუბლზე გამოსახულია ლომის თავი პირდაპირ, ზურგზე კი, ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებულია ხარის თავი - მარჯვნივ.

გარდა მსხვილი ნომინალებისა, იჭრებოდა აგრეთვე კოლხური თეთრის მცირე ნომინალებიც, კერძოდ, ნახევარდრაქმები ანუ ტრიობოლები. კოლხური ტრიობოლები ორი ტიპითაა ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი. I ტიპის ნახევარდრაქმები ძალიან იშვიათია. მათი მსოფლიო მარაგი ოთხი ცალით განისაზღვრება. ამასთანავე ყველა მათგანი საქართველოშია მიკვლეული (ახალსოფელსა (5) და ქობულეთში (6)). მას ასეთი სახე აქვს: შუბლი - დაღრენილი ლომის თავის მარჯვენა პროფილი. ზურგი - ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებული მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. წონა: 2,21 – 2,61 გრ. (სურ.4).

კოლხურ მონეტებიდან ყველაზე გავრცელებულ სახეობას II ტიპის ნახევარდრაქმა წარმოადგენს. იგი ათასობითაა აღმოჩენილი დას.საქართველოს ტერიტორიაზე. ტერმინი ”კოლხური თეთრი" (რუსულად "колхидки") თავდაპირველად სწორედ ამ მონეტებს აღნიშნავდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ მათთან ერთობლივი აღმოჩენის ფაქტებმა და მსგავსებამ დიდად შეუწყეს ხელი დანარჩენი ტიპების გენეზისის ახსნას. ამ მონეტების საშუალო წონა 2 გრ-ია. შუბლზე გამოსახულია ხაზოვან ან წერტილოვან რკალში ჩასმული მარჯვნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - ასევე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი (სურ.5).

ამ ეტაპზე I ტიპის ნახევარდრაქმებს ძვ.წ. V, ხოლო II ტიპის ტრიობოლებს ძვ.წ. V -IV სს. ათარიღებენ. სამწუხაროდ, კოლხური თეთრის საიდუმლოება ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ საკმაოდ მრავალრიცხოვანი შრომები არსებობს, არ შეიძლება ითქვას, კოლხურ თეთრის პრობლემასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი საბოლოოდ იყოს გადაჭრილი. ეს ეხება როგორც ამ სამონეტო ჯგუფის გენეზისს, ისე დათარიღებასა და, განსაკუთრებით, მათზე ამოტვიფრულ, გამოსახულებათა ინტერპრეტაციას. სრულებით გაუგებარია, მაგ. I ტიპის კოლხურ დიდრაქმის ზურგზე გამოსახული დაჩოქილი ხარისთავიანი ფანტასტიკური არსების სემანტიკური მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა პროფ. ს.მაკალათიას მოსაზრება, რომ ეს ფიგურა მინოტავრის არქაულ სახეს წარმოადგენს (7), მაგრამ ამ დებულებას დასაბუთება აკლია. ასევე არაა სათანადოდ არგუმენტირებული II ტიპის დიდრაქმასა და ნახევარდრაქმაზე გამოსახული ადამიანის თავის დაკავშირება ჰერასთან, დალისთან, რეა კიბელასა და მთვარის კულტთან.

აუხსნელია მცირერიცხოვან კოლხურ ტრიობოლებზე ამოტვიფრული ბერძნული ასოების (Ф.А. МОКО) მნიშვნელობა, დასადგენია მისი ზუსტი ქრონოლოგია და ა.შ. ეს გარემოება, უპირველეს ყოვლისა, კოლხეთში სამონეტო საქმის შესახებ პირდაპირი ცნობების უქონლობითა და ამ მონეტების აბსოლუტური უმრავლესობის ან ეპიგრაფიული ხასიათითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მეცნიერების განკარგულებაში ჯერ კიდევ არა საკმარისი მასალაა მტკიცე დასკვნების გამოსატანად. განსაკუთრებით ეს კოლხური თეთრის მსხვილი ნომინალების შესახებ ითქმის. ზემოთქმული განაპირობებს კოლხური თეთრის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებათა ჰიპოთეტურ ხასიათს.

ბიბლიოგრაფია:

1. Е.А.Пахомов, Монетные клады Азеобайджана и других республик, краёв и областей Кавказа, Баку, 1926, вып.I, стр.37, №9

2. ს.მაკალათია, ახალი ტიპის კოლხური მონეტების აღმოჩენა, საქ. სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XIV, 1947, გვ. 425-428

3. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, 1969, გვ.28

4. А. Н. Зограф, Распространение находок античных монет на Кавказе, ТОНГЭ, 1945, I, стр.36

5. ს.მაკალათია, მითით, ნაშრომი, გვ.426

6. დ.კაპანაძე, მითით. ნაშრომი, გვ.29

7. ს.მაკალათია, მითით ნაშრომი, გვ.427

8. «Нумизматический сборник», т. I,стр. 65;  В.М. Скуднова, Находки колхидских монет и пифосов в Нимфее, ВДИ, 1952, №2, стр. 239

9. ს.მაკალათია, კოლხური დიდრაქმა, საქ.სახელმწ. მუზეუმის მოამბე, VII, 1933, გვ.202

10. Ш.Амиранашвили, История грузинского искусства, Москва, 1960, стр.80

11. Д.Г.Капанадзе и И.Г.Шенгелия, Триморфная геката с колхидской дидрахмы V в. До. н.э. Сб. «Аптичная история и культура Средиземноморья и Причерноморья»б Ленинград, 1968, стр.154-162

გამოყენებული წყარო: კოლხური თეთრი