topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო - ი.გომელაური

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ინა გომელაური - ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო //ძეგლის მეგობარი 1969 წ., კრ.17, გვ.27-34

საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით გურიაში ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლები მცირე რაოდენობითაა შემონახული. ამის გამო სოფელ ლიხაურის ეკლესია და სამრეკლო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ, როგორც უშუალოდ ამ კუთხის, ისე საერთოდ ძველი ქართული არქიტექტურის შესწავლის თვალსაზრისით. ეს შენობები დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგნად, თუმცა ლიტერატურაში ლიხაური არაერთხელ იხსენიება უკვე XIX საუკუნეში. ეკლესიას და სამრეკლოს ამ ძეგლებში დაცულ სიძველეებთან და წარწერებთან დაკავშირებით ეხებიან დიუბუა, ბროსე, კონდაკოვი, ბაქრაძე, თაყაიშვილი.

ლიხაურის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, რომელმაც ჩვენს დრომდე  ძალზე გადაკეთებული სახით მოაღწია. შენობას არ გააჩნია სამშენებლო წარწერა, მისი შესწავლის საფუძველს ხუროთმოძღვრებისა და დეკორატიული მორთულობის ანალიზი წარმოადგენს, ამ ანალიზის საფუძველზე ძეგლი XIII ს. II ნახევარს უნდა მიეკუთვნოს. სამრეკლო, რომელიც ამ წერილის საგანს შეადგენს, თვით ეკლესიაზე უფრო გვიანდელი უნდა იყოს. სამრეკლოს დასავლეთის ფასადზე მოთავსებული ასომთავრული წარწერის ქორონიკონის თანახმად, იგი აგებული ჩანს XV ს. I ნახევარში. წარწერის შინაარსი ასეთია; "ქორონიკონსა 110 (=1422) ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო რეხოელისაო შეიწყალე გრიგოლ გურიელი და დედოფალი ელენე ამინ და კირილეისონ". აქ როგორ ვხედავთ, არ არის უშუალოდ ლაპარაკი სამრეკლოს აგებაზე, არ ჩანს აგრეთვე ისიც, რომ ამშენებელნი წარწერაში მოხსენებული პირები იყვნენ, მაგრამ შენობა თავისი სტილისტიკური მონაცემებით გარკვევით სწორედ გვიანდელი პერიოდის (XV-XVI სს) ნიმუშებს უკავშირდება. ეს კი საფუძველს გვაძლევს წარწერაში მოცემული ქორონიკონი სამრეკლოს აშენების თარიღად, ხოლო თვით წარწერა სამშენებლო წარწერად მივიჩნიოთ.

ჩვენს დრომდე ლიხაურის სამრეკლომ მნიშვნელოვნად დაზიანებულმა მოაღწია. გადანგრეულია მისი მეორე სართულის მთელი ზედა ნაწილი. აღარც ის გვიანდელი გადახურვაა შემონახული, რომელიც კარგად ჩანს როინაშვილის მიერ გადაღებულ ძველ ფოტოსურათებზე, და აღნიშნულია ხუროთმოძღვარ წილოსანის მიერ შესრულებულ ნახაზებზეც. აღარ არსებობს მეორე სართულზე ასასვლელი გვიანდელი ხის კიბეც. სამრეკლოს ქვედა სართული, რომელმაც მთლიანად თავდაპირველი სახე შეინარჩუნა, ოთხი მხრიდან კედლებით შემოზღუდული, საკმაოდ მაღალი სათავსოა, გეგმაში ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხა ფორმისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილი გასასვლელებით. ამათგან დასავლეთისა რამდენადმე ვიწროა, გარედან მას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს, შიგნით კი თაღოვანი. აღმოსავლეთის გასასვლელი მთლიანად თაღოვანია უწესო, წაგრძელებული მოხაზულობისა. სამრეკლოს კედლების შიგა პირი, ისევე როგორც ფასადები, მოპირკეთებულია თლილი ქვით. ინტერიერში ქვის დამუშავება რამდენადმე უფრო უხეშია, ვიდრე გარედან. სამრეკლოს შიდა სივრცის ერთადერთი სამკაული კუთხეებში მოთავსებული კრონშტეინების სპეციალურად დამუშავებული გოფრირებული ზედაპირებია, რაც თითქოს ეკლესიის კარიბჭის კრონშტეინის მოხაზულობის გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს. რვა ასეთ კრონშტეინზე გვიანდელი რემონტის შედეგად გადაყვანილია აგურის თაღები "ტრომპები", რომელთა შიგნით ბუნდოვნად ჩანს რაღაცა ძველი კონსტრუქციის ელემენტები - ტრომპების მსგავსი, მაგრამ ახლა უკვე ძნელი გასარკვევი. ნატეხი ქვის უხეში ბრტყელი კამარა - სამრეკლოს I სართულის დღევანდელი გადახურვა - აგრეთვე გვიანდელი რემონტის შედეგია.

სამრეკლოს პირველი სართულის კედლების მოპირკეთების გარეთა პერანგი მთლიანადაა დაცული. საშენ მასალას აქ ბაცი ნაცრისფერი, ნაკლებფოროვანი, მაგარი ქვა წარმოადგენს. შენობა ასეთივე ქვით შედგენილ სწორკუთხა საფეხურიან ცოკოლზე დგას. პირველი სართულის კუბი ხაზგასმულია სადა, მარტივპროფილიანი კარნიზით - წრეთარგი ლილვისა და თაროს შორის. სამრეკლოს მეორე სართულის ფრაგმენტები გვიჩვენებს, რომ ეს ღია თაღებით შექმნილი, ოვალური გეგმის რვამალიანი ფანჩატური იყო. ლიხაურის სამრეკლოს მთელი მორთულობა პირველ სართულზეა თავმოყრილი, აღმოსავლეთით ეს ცხვრის თავების სკულპტურული გამოსახულებებია. (ასეთი თავები გვხვდება მომწიფებული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში მაგ. ეხვევში - XI ს. დასაწყისში, მღვიმევის მონასტრის მცირე ეკლესიის მორთულობაში XIII ს. დასასრული), და გასასვლელის თაღის პროფილირებული. იმპოსტები, დასავლეთით კი გასასვლელს ზემოთ გამოკვეთილი მარტივი დეკორატიული ჯვარი და წარწერიანი ქვა, რომელსაც ფოთლოვანი ჩუქურთმის არშია უვლის". სამრეკლოს მეორე იარუსის ბოძები არავითარ დეკორატიულ ელემენტებს არ შეიცავს, გარდა შიგნითა პირის დამუშავებისა ლილვოვანი სალტით, რომლის ქვედა მხარე ღრმადაა შეჭრილი კედლის სისქეში. როგორც ცნობილია, სამრეკლოს თემა ქართულ ხუროთმოძღვრებაში XIII საუკუნეში დამკვიდრდა, ისევე როგორც საერთოდ აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში და თავისი არსებობის მანძილზე განვითარების საინტერესო გზა განვლო.

ლიხაურის სამრეკლოს შედარება შესწავლილ და დათარიღებუღ ქართულ სამრეკლოებთან გვიჩვენებს, რომ იგი შენობის განსახილველი ტიპის განვითარების უფრო მოგვიანო ეტაპს უკავშირდება, სახელდობრ, XV- XVI სს. სამრეკლოს ხუროთმოძღვრული ფორმები და მორთულობა თავისი ხასიათით აგრეთვე ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების აღნიშნულ გვიანდელ პერიოდზევე მიგვითითებს. საწინააღმდეგოდ ადრინდელი ნიმუშებისა (გუდარეხის სამრეკლო 1278 წლისა - ყველაზე ადრინდელი დათარიღებული ნიმუში ქართულ სამრეკლოთა შორის, ზარზმისა XIV ს. დასაწყისში აშენებული და სხვა, რომლებშიც ქვედა სართული ფართო გასასვლელებითაა გახსნილი, აქ პირველი სართულის მოცულობა კედლებით შემოზღუდულ, დახურულ სივრცეს შეადგენს;  მას მხოლოდ აღმოსავლეთითა და დასავლეთით აქვს დატანებული ვიწრო გასასვლელები. ამოცანის ასეთი გადაწყვეტა ადრინდელ ნიმუშებშიც გვხვდება; ღია თაღებთან პარალელურად საფარის სამრეკლო XIII –XIV სს. მიჯნისა, იჯარეთი XIII ს. შუა წლებისა - მაგრამ შემდეგ, როგორც ძეგლები, მათ შორის ლიხაურიც გვიჩვენებს, ფართოდ სწორედ ასეთი სამრეკლოები გავრცელდა: XV- XVI სს.  სამრეკლოებში - ხეოთში, ჩითახევში, ლიკანში და სხვა მრავალ ძეგლში - ქვედა სართული მთლიან დახურულ სადგომს წარმოადგენს.

რაც შეეხება სამრეკლოს მეორე სართულს - ჩვენს შემთხვევაში რვამალიან ფანჩატურს - იგი ტრადიციულ სახეს იმეორებს. ყველა ზემოთდასახელებულ ძეგლში სწორედ ასეთი ღია ფანჩატურის თემაა გამოყენებული. განსხვავება ძირითადად მხოლოდ მალების რაოდენობასა და დეტალების დამუშავებაშია. საერთო აღნაგობის მსგავსებასთან ერთად, აღნიშნული ჯგუფის ძეგლებს ლიხაური უკავშირდება აგრეთვე სამშენებლო ხერხების ერთობლიობით და სამშენებლო მასალად თლილი ქვის გამოყენებით (უფრო გვიან, როგორც ცნობილია თლილ ქვას აგური სცვლის), იგივე ითქმის დეკორატიული მორთულობის  ხასიათის შესახებაც. თუ ადრინდელ სამრეკლოებში მორთულობის სისტემა მკვრივი და მნიშვნელოვანია (კარ - სარკმელდა დეკორატიული როზეტები, ჯვრები და სხვა სამკაულები). გვიანდელი ნიმუშები ამ მხრივ გამარტივებისა და სისადავის ტენდენციის მაჩვენებელია. ლიხაურის სამრეკლო სწორეთ ასეთ ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება და ამ მხრივ კიდევ უფრო შორსაც მიდის. მორთულობის ელემენტები აქ მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგ; ფანჩატური საფუძველთან მოკლებულია იმ ლილვოვან სალტეს, რომელიც ყველა სხვა ძეგლის მორთულობის თითქმის აუცილებელი ელემენტია. ლიხაურში არც ბოძების წიბოებია დამუშავებული ჩვეულებისამებრ ლილვების კონით.

უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა სამკაულები ძეგლში ძუნწადაა გამოყენებულია მათ განლაგებაში გარკვეული მიზანდასახულება მაინც იგრძნობა. საწინააღმდეგოდ ისეთი ნიმუშებისა, როგორიცაა ხეოთის, შორეთის და ლიკანის სამრეკლოები, სადაც არავითარი საერთო ჩანაფიქრი არ ჩანს, ლიხაურში შეიძლება ლაპარაკი ფასადების გარკვეულ დეკორატიულ გააზრებაზე. სამრეკლოს აღმოსავლეთის კედელი თავისი მორთულობით სიმეტრიის პრინციპს ემყარება - იმპოსტებით ხაზგასმული თაღოვანი შესასვლელი ფასადის ღერძზე და მის ორსავ მხარეს, მაღლა მოთავსებული მშვენიერი სკულპტურული გამოსახულებანი ცხვრის თავებისა, დასავლეთის ფასადზე, პირიქით, ასიმეტრიულ მახვილს სვამს წარწერიანი ქვა, რომელიც ფასადის ღერძზე გაჭრილი სწორკუთხა კარისა და დეკორატიული ჯვრის გვერდზე მარცხნივაა მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ წარწერიანი ქვის მორთულობაში ჩართული საწინამძღვრო ჯვრისა და კარის ზემოთ მოთავსებული ჩვეულებრივი დეკორატიული ჯვრის გამოსახულების ზოგადი მსგავსება, თავისებურად აერთიანებს, მთლიანობას ანიჭებს ფასადის ამ თუნდაც სრულიად მარტივ დეკორატიულ კომპოზიციას. ცალკეული ხუროთმოძღვრული ფორმებიდან ლიხაურში ყურადღებას იპყრობს კარნიზი, რომელიც თავისი ხასიათით სწორედ განვითარების გვიანდელ პერიოდს უკავშირდება. კარნიზის პროფილს ძეგლში უკვე სრულიად დაკარგული აქვს შვერილობა, უფრო მეტიც - აქ კარნიზის წრეთარგი კედლის სიბრტყესთან შედარებით ღრმადაც კია შეჭრილი. სწორედ ასეთი, შვერილის მოკლებული პროფილი ახასიათებს XIV–XV სს. მიჯნის და XV ს. ნახევრის ნაბახტევის ეკლესიის კარნიზს. ასეთივეა გერგეტის სამრეკლოს კარნიზის პროფილიც (XIV ს.). განვითარების გვიანდელი პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს ლიხაურის სამრეკლოს კედლის წყობაც. გარკვეული დონე ოსტატობისა აქ კვლავ საგრძნობია - მოსაპირკეთებელი კვადრები კარგადაა გათლილი, ნაკერები მორგებულია და სუფთაა, ზუსტია წიბოები, მაგრამ მთლიანად წყობის ხასიათი უკვე დიდად განსხვავდება XII-XIII სს. ძეგლების კედლის წყობისაგან. დასასრულ, რამდენიმე სიტყვა დასავლეთის ფასადის წარწერიანი ქვის მორთულობის შესახებ, რომელშიც დროისათვის დამახასიათებელი სტილისტიკური ნიშნები აგრეთვე მკაფიოდ ჩანს. უკვე მთელი კომპოზიცია ამ ზომითაც მცირე ქვისა, აგების უკიდურესად პრიმიტიული სქემით გამოირჩევა.

შეკუმშული და დაწვრილმანებული, შესახედავად უმნიშვნელო, იგი ფასადის მთლიანობაში თითქმის შეუმჩნეველ ლაქად რჩება. ამოცანისადმი ამგვარი მიდგომა სრულიად განსხვავდება წინანდელისაგან; ადრინდელ ძეგლებში ასეთი აქცენტები უმთავრესად სწორედ სიმკვეთრითა და მნიშვნელობით ხასიათდებოდა. აღნიშნული გვიანდელი ხანის სხვა ძეგლებთან ერთად, ლიხაურის სამრეკლოს ორნამენტულ მორთულობაში გარკვევით იჩენს თავს ჩუქურთმის ჭრის საუკუნოვანი ტრადიციების რღვევის ტენდენცია. ოვალური მოყვანილობის წრეები, რომელთა ხლართშიც ჩართულია გულდასმით ნაკვეთი მრავალნაწილიანი ფოთლები, ლიხაურში ერთმანეთს წნვით აღარ უკავშირდება. ურთიერთგადაკვეთის ადგილებზე აქ ტრადიციული კვანძის მაგიერ რუდიმენტული ხასიათის წერტილებიღაა დასმული, რომლებიც მხოლოდ მოგვაგონებს ამ კვანძებს. წრეების ხლართით შექმნილ სამკუთხა არეების ამოსავსებად, აქ წრეების გარეთა კონტურებზე მექანიკურად მიდგმულია უხეში ფოთლოვანი ყლორტებია. ვერტიკალური მონაკვეთები, პირდაპირ, ნახატის ყოველგვარი გადაბმისა და შეთანხმების გარეშე ებჯინება არშიის ჰორიზონტალურ მონაკვეთებს. ჭრის სიღრმე წარწერიანი ქვის მთელ ზედაპირზე მცირეა, რის გამოც იგი მთლიანად ბრტყელია, პლასტიკურობას მოკლებული. ამრიგად, ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო აგებულია მომწიფებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გვიანდელ ეტაპზე. ატარებს რა გარკვეული დროისათვის დამახასიათებელ მკაფიო სტილისტიკურ ნიშნებს, ძეგლი გარკვეულ მასალას გვაწვდის, როგორც უშუალოდ ამ ტიპის შენობათა შესწავლისათვის, ისე საერთოდ, აღნიშნული ხანის, ძეგლებით არც თუ ისე მდიდარი, ხუროთმოძღვრების მთლიანი სურათის აღდგენისათვის. გურიის ერთ-ერთ სოფელში, ლიხაურში აგებული სამრეკლოს განხილვა გარკვევით გვიჩვენებს იმასაც, რომ ამ კუთხის ხუროთმოძღვრება ორგანულად დაკავშირებული იყო ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების საერთო, ძირითად ხაზთან.