topmenu

 

ფეოდალური ხანის მხატვრული ქსოვილები
There are no translations available.

<< უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მზისთვალა კეცხოველი  (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) ფეოდალური ხანის მხატვრული ქსოვილები //ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრ. 17, გვ 13- 17

განვითარებული ფეოდალური საქართველოს მატერიალური კულტურის შესწავლისათვის ისეთ ძეგლებთან ერთად, როგორიცაა მაღალმხატვრული ღირსების არქიტექტურა და კედლის მხატვრობა, ჭედური ხელოვნება, ხეზე კვეთა, წიგნის მხატვრობა და სხვა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საფეიქრო წარმოების მხატვრულ ნაწარმს - ქსოვილებს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ქსოვილები ჩვენამდე ფრაგმენტების სახით შემოინახა. მხატვრული საფეიქრო ნაწარმი თავისი ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. ქსოვილების მხატვრული და ტექნიკური შესრულების მაღალი დონე წარმოადგენს X - XI საუკუნეების ფეოდალური სამყაროს კულტურის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. ამ ხანის ქსოვილების ქსოვის ტექნიკა, მასალა, მხატვრული სახე გვაფიქრებინებს, რომ ეს ქსოვილები მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა, მათი მოხმარების საგანი იყო. ქსოვილები მეტწილად აბრეშუმისაა. აბრეშუმი, როგორც ძვირფასი სამოსელის მასალა, სხვა ნაწარმთა შორის პირველ ადგილს იკავებს და წარმოადგენს, როგორც საერო დიდებულთა, ისე საეკლესიო დიდებულ მოძღვართა საზეიმო სამოსელს. ეს ქსოვილები შემკული იყო სხვადასხვა, როგორც რეალური ისე ფანტასტიკური ცხოველების და ფრინველების გამოსახულებებით. ქსოვილზე გამოსახული იყო ლომები, სპილოები, ფასკუნჯები, არწივები და სხვ. ეს გამოსახულებები შემოვლებულია მედალიონჟბით, სხვადასხვა ფორმის ჩარჩოებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყოველგვარი ჩარჩოს გარეშეა. ქსოვილზე გამოსახული ნახატი სხვადასხვა სიდიდისა იყო, მცირე ზომის ორნამენტებით შემკული ქსოვილები საერო დიდებულთა და საეკლესიო მსახურთა ტანისამოსისათვის იყო ხოლმე გამოყენებული. აბრეშუმის ქსოვილებს რომ მხოლოდ დიდებულნი ხმარობდნენ, ამას ეფრემ ასურის ნაწარმოები "სიტყუაი მოღუაწებითი სრულყოფისათვის მონაზონთა" მოგვითხრობს.  ავტორის მიერ ხაზგასმულია აბრეშუმის საზოგადოებრივი კუთვნილება; "მდიდრაი მოიღებენ ჭიჭნაურსა, ხოლო ქურივნი მატყლსა შეღებულსა“. ამასვე გვიდასტურებს, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარეთ შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები და ისტორიული საბუთები. ოშკის ეკლესიის (X ს-ის შუა წლები) სამხრეთის ფასადზე გამოსახული არიან ადარნასე I კურაპალატის ვაჟები ბაგრატ ერისთავთ - ერისთავი და დავით მაგისტროსი. ტიტულების განსხვავებისდა მიუხედავად, ორივე ძმას, ბაგრატს და დავითს, ერთნაირი ტანისამოსი აცვია. მათ ტანისამოსზე, როგორც შიგნითა კაბაზე, ისე გარეთა წამოსასხამზე ყვავილოვანი ორნამენტით შემკული მედალიონებია გამოსახული. ამგვარი, ე. ი. მედალიონიანი ქსოვილებით არიან შემოსილნი რკონის ბაზილიკის სადიაკვნოს ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული მანდილოსნები, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. კედლის მხატვრობა თარიღდება XII საუკუნის მეორე ნახევრით. აშოტ კუხის წამოსასხამის ზედაპირი ტბეთის (რელიეფზე) მორთულია ჭადრაკულად განლაგებული ლომებით. იერუსალიმის სომხურ მინიატურაში (1029 - 1080) გამოსახულ გაგიკს, მის ცოლსა და ქალიშვილს ასეთივე ტანასამოსი აცვიათ, და ა. შ. როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, ასეთივე დიდებულ ქსოვილებს ღვთისმსახურნიც ხმარობდნენ, რასაც XI საუკუნის 20-30 წლების დიპლომატიკის ძეგლიც გვიდასტურებს. ბიზანტიის მმართველმა რომანოზმა და ბაგრატ კურაპალატმა მელქისედეკ კათალიკოზს ძღვნად სხვა ნივთებთან ერთად გაუგზავნეს. ,,... შესამოსელი სამღდუელთმოძღვროი ოქსინო, უღლითა ანაფორითა, ხატოვანითა, ოქროვანითა და ყოველივე სრული". რაც მთავარია, საერო და საეკლესიო ქსოვილთა სიუჟეტებში განსხვავება არ არსებობდა. ამ ქსოვილებზეც, ე. ი. საეკლესიო ქსოვილზე, გამოსახული იყო სპილოები, ლომები, გრიფონები და სხვ. ქსოვილები, უფრო დიდი ზომის ასეთივე გამოსახულებით იხმარებოდა როგორც ფარდებად, დეკორატიულ მიჩიგდანებად (ფარდა საწოლისა), გადასაფარებლებად, ისევე სასახლის დარბაზებში სვეტებს შორის დარჩენილ არეთა შესამკობელად და სხვ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამ ქსოვილებით იყო შემკული მეფეთა დარბაზები მიღების დროს, ვერცხლეულსა და მინანქრიან ჭურჭელთან ერთად ისინი შეადგენდნენ უმთავრეს სანახაობას. ეკლესიებისადმი შეწირულ ქსოვილებს იყენებდნენ რელიკვიების, ხატების  უკანა მხარის, საკურთხევლის წინ აღმართულ ჯვრების, წიგნების ყდების და სხვათა შესამკობლად. ამის დასამტკიცებლად ქართულ სინამდვილეში მოგვეპოვება ისტორიული საბუთები. მაგ.,გიორგი მთაწმინდელი ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში აღნიშნავს; "ოთხთავი სტავრა შესამოსელი ვერცხლის ღილ-კილოთა და ჯუართა". როგორც ცნობილია, ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლები დაცულია  არა მარტო მუზეუმებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, არამედ, ნაწილობრივ, ეკლესიებშიაც. ასეთია, მაგალითად, ბრეთის სახარება, რომლის ყდის შიდა მხარეს დარჩენილია მედალიონიანი ქსოვილის ნაშთი; უშგულის თემის ჩაჟაშის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის უკანა მხარეს გადაკრულია მედალიონებიანი ქსოვილი. მედალიონებში გამოსახულია ფანტასტიკური ცხოველები; ლომის ოთხ ტანს თითო თავი აბია. ხატი XII საუკუნისაა. ჩაჟაშის ორი  საკურთხევლის წინა ჯვარი, სიუფის ფარის საკურთხევლის წინა ჯვარი აგრეთვე ქსოვილებითაა შემკული. ეს იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ იმ შემთხვევაში, როცა არ ჰქონიათ ქსოვილები, ხატების უკანა მხარეს ფერწერით ამშვენებდნენ. ფხოტრერში დაცულია XI საუკუნის ხატი, რომლის უკანა მხარეს მოხატვა ქსოვილის იმიტაციას წარმოადგენს. ეს ქსოვილები იმდენად ეფექტური და ლამაზი იყო, რომ მათ ხშირად ეკლესიების მოხატვის დროსაც იყენებდნენ. მაგ. ბერთუბნის სატრაპეზოს მთავარ ნიშაში დიდ, ერთმანეთთან გადახლართულ, მედალიონებში ფრთოსანი ლომებია (XII - XIII სს. გადატეხის პერიოდი). ზემო სვანეთის იფრარის ეკლესიის კანკელის მოხატულობაში (1096), ერთმანეთთან გადახლართულ მედალიონებში ყვავილოვანი ორნამენტია მოთავსებული. ასეთი მაგალითები გვხვდება სომხეთსა და რუსეთშიაც. ამგვარი ძვირფასი ქსოვილები, როგორც აღვნიშნეთ, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ; მათი წყალობით ქსოვილები ხვდება ეკლესია - მონასტრებში, სადაც შემდეგ მათ რელიკვიების შესამოსელად ხმარობდნენ.

Free Image Hosting at www.ImageShack.us