(საქართველოს დაცული ტერიტორიები)
თუ ვიტყვით, რომ თუშეთი საქართველოს ის ნაწილია, რომელიც მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული, ალბათ შთაბეჭდილებას მოვახდენთ. თუ ვიტყვით, რომ თუშეთის ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია, ხოლო აქედან 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში მოიპოვება, ამით თქვენს შთაბეჭდილებას კიდევ უფრო გავზრდით. თუ იმასაც დავამატებთ, რომ ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა, ხოლო მათ მეზობლად კავკასიის მეორე ენდემები – კავკასიური შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში კი კავკასიური როჭო ცხოვრობს, და ეს კლდეები ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია, აქვე ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი - შევარდენიც ბინადრობს, ნებისმიერი თქვენგანი სიამაყეს იგრძნობს და კავკასიონის მთებისაკენ ოცნებით გაიხედავს. მაგრამ ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც თუშეთის ნახვისას იგრძნობთ.
საქართველოში ერთადერთი დაცული ლანდშაფტი ფუნქციონირებს და ეს თუშეთის ლანდშაფტია, რომლის შექმნაც ამ უნიკალური სოფლების ტრადიციული იერსახის შენარჩუნებამ განაპირობა. თუშეთის ხიბლი ძველი სოფლები და ნასოფლარებია, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, რასაც ემატება თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესი და საზაფხულო ხატობა-დღეობები - ათინგენობები, ნაბად-ფარდაგები, სიმღერები, ლექსები...
თუშეთის შეცნობა გზიდან იწყება, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის - აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. მის შესახებ ექსტრემის მოყვარულები ამბობენ, რომ მსგავს შეგძრნებებს დიდხანს ეძებდნენ, რიგითი ადამიანები კი თვალზე ხელს იფარებენ და ღმერთს მინდობილნი კანკალით ისმენენ უფსკრულებში გაფრენილი მანქანებისა და მგზავრების ისტორიებს. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ადგილობრივები მის გადავლას ივლის-აგვისტოში გვირჩევენ.
თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნიან, წოვათას წყლის აუზში მდებარე სოფლები წოვათას თემს შეადგენენ, ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი - ომალოც ამ თემს მიეკუთვნება.
ჭონთიო, ჰეღო, ნაკუდართა, ინდურთა, წარო, ეთელთა, საგირთა, შავწყალა ის სოფლებია, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს დაიცალა და ისტორიული იერი დაკონსერვებული სახით შემოინახა.
ომალოში ჩასულებმა სურვილისა და განწყობის მიხედვით შეგიძლიათ აგეურთა-დიკლო-შენაქოს მხარეს წახვიდეთ, ალპური მდელოებით დიკლოს მთისკენ გაუყვეთ და დაღესტინის სასაზღვრო გალავნის –ბაცი-ბუცის ქედს გახედოთ. თუ გზას სონეხის მთისკენაც გააგრძელებთ, მისი წვერიდან თუშეთის ოთხივე ხეობას და 14 სოფელს დაინახვთ. ომალოდან შეგიძლიათ ხოშანეს ხევს გაუყვეთ, ოღონეს მეცხვარეთა სადგომი გაიაროთ და ორეთში მწვანედ მოხასხასე ტბა `უძირო~ ნახოთ. ორეთიდან კი მთელ თუშეთს გადახედოთ: მწვერვალ თებულოდან დიკლოს მთამდე.
ომალოდან პირიქითის გზას თუ დაადგებით, სალოცავ "სახეოდან" ბილიკი ულამაზეს სოფელ დოჭუმდე მიგიყვანთ და თუშური არქიტექტურის შედევრებს იხილავთ: სამსართულიან სახლებს, დარბაზებსა და საქვაბეს. თუ დართლოსკენ წახვალთ, ჯერ თუშეთის სავიზიტო ბარათად ქცეული ეს სოფელი გაგაოცებთ და მოგხიბლავთ, პირამიდას ფორმით რომ შეფენილა მთაზე, მერე მის თავზე წამომართული კვავლო, მერე შემოგხვდებათ ჭეშო, ფარსმა და თუ ნაყაიჩოს უღელტეხილს გადაივლით, გომეწრის ხეობაში გადახვალთ, აქ შეიგძილიათ სოფელ ვერხოვანში გაჩერდეთ, ან გზა წოვათას ნასოფლარებისკენ გააგრძელოთ. ფარსმადან გირევისკენ თუ წახვალთ, ნაკუდართა, ჰეღო, დაქიურთა და ბოლოს სასაზღვრო სოფელი ჭონთიოც შემოგხვდებათ.
და როცა ამ ყველაფერს ნახავთ და განიცდით, მიხვდებით, რატომ ვერ უძლებენ მისი სტუმრები "გათუშების" ცდუნებას, ან ერთხელ ასულები რატომ მიისწრაფიან კვლავ და კვლავ მისკენ.
ბელა ჩეკურიშვილი
|