topmenu

 

ყველაზე მტირალა მთა

 

 

ეს ყველაზე ნალექიანი და მტირალა ადგილია ჩვენს ქვეყანაში. ამბობენ, აჭარის მთები ზღვის ტენიან ჰავას აკავებენ და ნალექების სიუხვესაც ეს ქმნისო. მტირალას მთაზე წლის მანძილზე იმდენი ნალექი მოდის, რაც არათუ აჭარის, მთელი საქართველოს მაჩვენებელსაც აჭარბებს. და ეს ნისლმოხვეული მთა და მისი შემოგარენი დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი ენდემური და რელიქტური სახეობების თავშესაფრად. თითქმის ხელუხლებელი კოლხური ტყე კი უნიკალური მერქნიანი მცენარეებით, მტირალას პარკის გლობალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს და მას პრიორიტეტს ანიჭებს ევროპის დაცულ ტერიტორიათა შორის.

ნისლში ჩაკარგულ ბილიკებს ელფების სამყაროში შეყავხართ, მიუყვებით მდინარე ჩაქვისთავის მარცხენა სანაპიროს და გზად გხვდებათ წითელ წიგნში შეტანილი ქართულ ნიგოზი, კოლხური თხილი, უნგერნისა და პონტოს შქერი. სულ ადვილას შესაძლოა მურა დათვს, კვერნას, მელას, მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვსა და მტრედს გადაეყაროთ... დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ, თუ სამხრეთ-დასავლეთით გადაუხვევთ, ბილიკი კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერამდე მიგიყვანთ, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება. ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით კი, კლდეებს შორის მიედინება მდინარე, რომელიც იქვე გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად იქცევა. მის ახლოს საპიკნიკე, საცეცხლე და საკარვე ადგილებია და ზღაპარიც იწყება...

ბელა ჩეკურიშვილი