topmenu

 

რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე - ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა
There are no translations available.

< უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

რუსუდან გვერდწითელი, თამარ ნემსაძე (არქიტექტორები) - ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა - ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრ.17, გვ. 50- 56

როგორც ცნობილია, ატენის სიონი (VII ს.) არა მარტო ეკუთვნის "ჯვარის“ ტიპის არქიტექტურულ ძეგლების ჯგუფს, არამედ მცხეთის ჯვარის პირსაც კი  წარმოადგენს. ბოლო დრომდე ატენის სიონს ჰქონდა გვიან შუა საუკუნეებში მოწყობილი, უკვე ძალიან დაზიანებული, სახურავი. 1957-1960 წწ. სახურავის ყველა ქანობი, გარდა გუმბათისა, ხელახლად გადაიხურა ლორფინით. 1967 წ. დადგა გუმბათის სახურავის გამოცვლის ჯერიც. რადგან "ჯვარის" ტიპის არც ერთ ნაგებობას გუმბათი არა აქვს შერჩენილი პირვანდელი სახით, ატენის სიონის გუმბათის სახურავის გახსნას და მისი პირვანდელი ფორმის დადგენას დიდი მნიშვნელობა პქონდა ამ ჯგუფის ყველა ძეგლისათვის. ჩვეულებრივად ყოველი ასეთი გამოკვლევა წინ უნდა უსწრებდეს და საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს.  მაგრამ ატენის სიონზე ჩვენ შემდეგი მდგომარეობა გვქონდა; კარგი ხარისხის  სპეციალური კრამიტის უქონლობა გვაიძულებდა გვეხმარა სახურავის მასალად  ქვა, რაც გამორიცხავდა გუმბათის ზედა ნაწილის მომრგვალებას მცხეთის ჯვარის მაგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახურავის ასეთივე ფორმა დადასტურდებოდა ატენშიც. გარდა ამისა, არსებულ ნახაზებთან გაცნობამ და ადგილზე მათმა შემოწმებამ დაგვანახა, რომ ყოველი ცდა ატენის გუმბათის სახურავის ქანობის შეცვლისა აუცილებლად გამოიწვევღა ისეთ სამუშაოთა შესრულებას, რომელთა მეცნიერული დასაბუთება ამჟამად გაძნელდებოდა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ სადღეისოდ ატენის გუმბათის პირვანდეღი ფორმის დადგენას გამოყენებითი ხასიათი არ ჰქონდა. ამიტომ უფრო ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნებოდა ამ სამუშაოს შესრულება დაუჩქარებლად, გუმბათის გამაგრებისა და სახურავის გამოცვლის პროცესში, რადგან იგი მოითხოვდა დროს, სიფრთხილეს და ძეგლის დიდი მასშტაბით გახსნას.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ლორფინების მოხსნის შემდეგ გამოჩნდა გუმბათის დაზიანების სრული სურათი. მის სამხრეთის ნახევრის ხუთივე ქანობს ჰქონდა ბზარები, რომლებიც იწყებოდა კარნიზის ფარგლებში და კარგად ჩანდა სახურავის გახსნამდე. მათი სიგანე 0,3 - დან 4 სანტიმეტრამდე აღწევდა. დასავლეთის ქანობის და სამხრეთ-დასავლეთის წიბოს ბზარებს აქვთ ჰორიზონტული განშტოებანი. სამხრეთ-დასავლეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კანობების ბზარებს ასეთი განშტოება არა აქვთ, სამხრეთის ქანობის ჰორიზონტული ბზარის მაგვარი ნაპრალი სინამდვილეში წარმოადგენს ბუდეს ძველად ხსნარში ჩაფლულ კოჭისა (10X12 სმ), რომლის დამპალი ნაწილები ჯერ კიდევ შენახულია ადგილზე, გუმბათის გასამაგრებლად მიღებული იქნა საჭირო ზომები; კარნიზის დონეზე გაკეთებული რკინა-ბეტონის სარტყელი, რომელიც გარედან არ ჩანს, საიმედოდ იცავს მას შემდგომი დეფორმაციისაგან. ლორფინების მოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გუმბათის პირამიდის ზედაპირსა ჰქმნის მოყვითალო ფერის კირის ხსნარი, რომელშიც ინერტულ მასალად ნახმარია მსხვილი მოგრძო კენჭები (15 - 18 მმ). თვითონ კირის მასა კი თითქოს თმისებრი ნაპრალებითაა დასერილი. მიუხედავად ამისა, კირხსნარი ძალიან მაღალი ხარისხისაა. ქანობების დაზიანებულ უბნებში მოჩანდა გაფხვიერებული  და მიწასთან არეული ცემენტის ხსნარიც. ეს იყო კვალი ცემენტის ხსნარის ინექციის საშუალებით, სახურავის გამაგრების უშედეგო ცდისა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ ჩატარდა. ცემენტის უვარგისი ხსნარის მოშორების შემდეგ, დასავლეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქანობების დაახლოებით შუა მესამედის ფარგლებში, დაზიანებულ უბნების სიღრმეში, აღმოჩნდა მეორე ხსნარი, რომელიც, ბუნებრივია, აგრეთვე კირისა იყო. მაგრამ მასში ინერტულ მასალად ნახმარი წმინდა ქვიშა მას მოთეთრო ფერსა და უაღრესად წვრილმარცვლოვან სტრუქტურას ანიჭებდა. ეს ხსნარიც ძალიან მაღალი ხარისხისა იყო. რკინა-ბეტონის სარტყელისათვის ბუდეების ამოღების დროს ჩვენ საშუალება მოგვეცა დაგვედგინა ამ ორი ხსნარის განლაგება გუმბათის პირამიდის ქვედა ნაწილის ფარგლებში. გამოირკვა, რომ ხსნარი, რომელიც ქანობების ზედაპირსა ჰქმნის, ავსებს მთელ სივრცეს კარნიზისა და გუმბათის ნახევარსფეროს წყობას შორის. მასში დიდი რაოდენობითაა ნახმარი კრამიტისა და მუქი ნაცრისფერი და მწვანე ქვის ნატეხები. თვით გუმბათის ნახევარსფეროს წყობაში კი ნახმარია მოთეთრო ფერის ხსნარი. ვინაიდან ატენის სიონის ინტერიერის წყობა თითქმის ხელუხლებლადაა შენახული VII საუკუნიდან, ხსნარი № 1 იმავე დროისა უნდა ყოფილიყო. ამაში რომ დავრწმუნებულიყავით, შემოწმებულ იქნა ხსნარი ეკლესიის ინტერიერის წყობის დაზიანებულ ადგილებში; საკურთხევლის აფსიდის საფეხურებისა და იატაკის ამაღლების, ჩრდილოეთის აფსიდის, სამხრეთ - დასავლეთის კამერისა და აგრეთვე ფასადების უძველეს ნაწილების ფარგლებში; ყველგან ნაპოვნი იქნა  ზუსტად ისეთივე ხსნარი, როგორიც სახურავის პირამიდის სიღრმეში.

ამრიგად, დადასტურდა, რომ გუმბათის პირამიდის ქვედა ნაწილში მხოლოდ ორი სახის კირის ხსნარია, რომლებიც ორ სხვადასხვა სამშენებლო ფენას  შეესაბამება;

ა) VII საუკუნის ფენა, წარმოდგენილი  № 1 ხსნარით,

ბ) გვიანი შუა საუკუნეების ფენა, წარმოდგენილი № 3 ხსნარით.

გუმბათის ჭრილის ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ გუმბათის პირამიდის ქვედა ნაწილში VII ს. სახურავიდან აღარაფერია დარჩენილი, მისი კვალი მოისპო გუმბათის ყელის მოპირკეთების, ახალ კარნიზისა და ქვის სახურავის მოწყობის დროს. ყველგან, სადაც კი გახსნილი იქნა ხსნარი № 1, მისი ზედაპირული ფენა, რომელზედაც თავის დროზე დამაგრებული იყო სახურავის კრამიტები, აღარ არსებობდა. ამის შემღგგ, ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა უძველესი სახურავის ნაშთი გუმბათის პირამიდის ზედა ნაწილში. აქ ქანობების დათვალიერების დროს, ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი კირის ხსნარი, რომელიც მასში არეულ შავი კენჭების  წყალობით, ერთი შეხედვით ისე ჰგავდა № 3 ხსნარს, რომ დასაწყისში მისთვის ჯეროვანი ყურადღება არ მიგვიქცევია. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ეს კენჭები უფრო პატარები იყო, ხსნარს დამატებული ჰქონდა აგრეთვე დიდი რაოდენობით მსხვილი შავი ქვიშა, რაც მას მუქ ფერს აძლევდა. სამხრეთის ქანობზე იგი იწყებოდა დაზიანებულ უბნის ზედა ნაწილში, № 1 ხსნარის ზევით, კარნიზიდან დაახლოებით 420 სმ-ის დაშორებით. დამატებითმა გახსნამ გამოამჟღავნა ამ ხსნარის გლუვი ზედაპირი, რომელზედაც აღბეჭდილი იყო სამი ბრტყელი კრამიტის მეტნაკლებად სრული კვალი. ამავე სიმაღლეზე, აღმოსავლეთის ქანობზე, № 3 ხსნარის თხელი ფენის ქვეშ, აღმოჩნდა კრამიტის სახურავის მთელი უბანი, დაგებული ამ ახლად ნაპოვნ ხსნარზე, მას შერჩენოდა 6 მთელი და ერთი გატეხილი ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტი და 4 ასეთივე კრამიტის კვალი, მკაფიოდ აღბეჭდილი ხსნარზე. გარდა ამისა, ორ ზედა კრამიტს შორის ხსნარზე ჩანდა ღარიანი კრამიტის კვალიც, ხოლო ერთი მთელი, შებრუნებულად დაღებული, ღარიანი კრამიტი გახსნილი იქნა კრამიტის სახურავის უბნის ზევით. ბრტყელ კრამიტებს სწორკუთხა მოყვანილობა და აკეცილი გვერდები აქვთ. მათი ქვედა ბოლო ორივე მხრიდან 3-3 სანტიმეტრით ვიწროვდება. ზედა ბოლოს სიგანე უდრის 22, ხოლო ქვედასი კი 16 სანტიმეტრს. სიგრძე 44-45 სმ. კრამიტს შუაში გასდევს ორმაგი ტალღისებრი ზოლი, ჩაჭდეული ჯერ კიდევ გამოუმწვარ თიხაში. ასეთივე ტიპის, მაგრამ სხვადასხვა სიგანის კრამიტების ნატეხები ნახმარი იყო № 3 ხსნარში ქვის ნატეხებთან ერთად. ორი ასეთივე ტიპის, 28 სმ. სიგანის, კრამიტი მეორედაა ნახმარი სიონზე სამალავის მოსაპირკეთებლად."

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ამ ახალ სამშენებლო ფენის დადგენის შემდეგ, საჭირო იყო გამოგვერკვია, თუ რა ურთიერთობაში იყო ის დანარჩენ ფენებთან. ამისათვის აღმოსავლეთის ქანობზე გახბნილი № 1 ხსნარის უბნიდან კრამიტის სახურავის მიმართულებით, № 3 ხსნარში გავჭერით ღარი. აღმოჩნდა, რომ იმავე სიმაღლეზე, როგორც სამხრეთის ქანობზე იყო, ე. ი. დაახლოებით 420 სმ. მანძილზე კარნიზიდან, იწყება № 2 ხსნარის ფენა. ხსნარი № 1 კი შედის № 2 ხსნარის ქვეშ და განაგრძობს ნახევარსფეროს მრუდის მოხაზვას. დაახლოებით 450 სმ მანძილზე კარნიზიდან. № 1 ხსნარის ზევით, გამოჩნდა კიბისებურად დადებული აგურები, რომლებიც სახურავის პირამიდის ზედა ნაწილის კონსტრუქციის ჩონჩხს ქმნის. ყველაფერს ზევიდან № 3 ხსნარას ფენა ადევს. ამრიგად, № 2 ხსნარით წარმოდგენილ სამშენებლო ფენას შუალედი ადგილი უკავია VII საუკუნისა და გვიანფეოდალურ სამშენებლო ფენებს შორის. ბუნებრივი იქნებოდა გვეფიქრა, რომ № 2 ხსნარზე სახურავი უნდა დაეგოთ ბაგრატ IV (1027 – 1072) დროს, როდესაც ატენში დიდი მშენებლობა მიმდინარეობდა. ყოველ შემთხვევაში, სახურავი უნდა დაემთავრებინათ სიონის მოხატვის წინ. აღმოსავლეთის ქანობზე გახსნილი XI ს. კრამიტის სახურავის ეს უბანი საკმარისი აღმოჩნდა იმდროინდელი სახურავის ფორმის, ქანობისა და კარნიზის დონის დასადგენად. გამოირკვა, რომ ამ სახურავს შეწვეტებული ზედა ნაწილი ჰქონდა, რისთვისაც VII ს. გუმბათის წყობაზე აგურის საგანგებო კონსტრუქციის ამოყვანა დასჭირებიათ. მისი ქანობი ნაკლები ყოფილა, ვიდრე ამჟამად არსებულ სახურავისა, ხოლო კარნიზი დაახლოებით 60 სმ-ით უფრო მაღლა მდებარეობდა. საფიქრებელია და მოსალოდნელიც, რომ ეს უნდა ყოფილიყო აგრეთვე VII ს. კარნიზის დონეც, რადგან ასეთი აწეული კარნიზით ატენის სიონის გუმბათის პროპორციები ძალიან უახლოვდება მცხეთის ჯვარის გუმბათის პროპორციებს. ამრიგად, ატენის სიონის გუმბათის პირამიდის ზედა ნაწილში დადგენილ იქნა სამი სხვადასხვა სამშენებლო ფენა:

I - VII საუკუნის ფენა,

II - XI საუკუნის ფენა,

III -  გვიანი შუასაუკუნეების ფენა.

მათ შორის უკანასკნელმა ფენამ ქვის სახურავის სახით მოაღწია ჩვენ დრომდე და კარგადაა ცნობილი ძეგლის გახსნამ მოგვცა საკმაოდ სრული წარმოდგენა XI საუკუნის სახურავის ფორმაზე, ქანობზე, სახურავ მასალაზე, ხსნარზე და კარნიზის დონეზე. რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან VII საუკუნის ფენას, გახსნის შედეგად მიღებული ფაქტიური მასალა მეტად უმნიშვნელო აღმოჩნდა, რადგან იმ დროინდელი გუმბათის ყოველი კვალი უნდა მოსპობილიყო სახურავის ორგზის აღდგენის დროს. მაგრამ, იმ ლოგიკურ დასკვნებს, რომელთა გაკეთება შესაძლებელი გახდა ძეგლის გახსნის შედეგად შეძენილი მასალის საფუძველზე, VII ს. კარნიზის დონისა და გუმბათის პირამიდისზედა შეწვეტებულ კონსტრუქციის გვიანი წარმოშობის შესახებ, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ატენის სიონის გუმბათის პირვანდელი ფორმის აღდგენისათვის.