topmenu

 

"ჯვრის ამაღლების" თემა ქართულ ხელოვნებაში - ნ.ალადაშვილი (ტრადიციები და სიმბოლიკა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები, სიმბოლიკა>>>

ნათელა ალადაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) - "ჯვრის ამაღლების" თემა ქართულ ხელოვნებაში - ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1969 წ., კრებული 17, გვ.7-13

შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა "ჯვრის ამაღლების" კომპოზიცია. როგორც ცნობილია, "ჯვრის ამაღლება“ სიმბოლურად გადმოსცემდა "ქრისტეს ამაღლების" სცენის შინაარსს და ამგვარად, ქრისტიანობის დიდების ზოგადი იდეის ხორცშესხმას წარმოადგენდა. ეს სცენა საქართველოში გვხვდება VI საუკუნიდან XVII საუკუნემდე, რელიეფებსა და კედლის მხატვრობაში. სცენის კომპოზიციურმა გადაწყვეტამ საუკუნეების მანძილზე განვითარება განიცადა.

"ჯვრის ამაღლების" ადრინდელი მაგალითები რელიეფური გამოსახულებანია, რომლებიც ადრეფეოდალური ხანის ეკლესიების კედლებს ამკობენ (მცხეთის ჯვრის ტაძარი, ანჩისხატის ბაზილიკა, თეთრი-წყაროს ეკლესია), ისინი გადმოსცემენ ამ სცენის ადრექრისტიანულ ხელოვნებაში ჩამოყალიბებულ და სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ იკონოგრაფიულ რედაქციას. მედალიონში ჩასმული ჯვრის ამაღლება ხდება ორი ანგელოზის მიერ, რომელთა მფრინავი ფიგურები სიმეტრიულადაა განლაგებული მედალიონის ორივე მხარეს. კომპოზიციაში ჩვეულებრივ ჰორიზონტალური მიმართულებაა ხაზგასმული. „ჯვრის ამაღლების" ამგვარი კომპოზიციური ტიპის მრავალი მაგალითი შეიძლება დასახელებულ იქნეს ადრექრისტიანულ ხანაში (IV–VI სს.), ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებთა შორის. სპილოს ძვლის ხუთნაწილიან დიპტიქონებზე იგი მოთავსებულია ზემოთა, წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ფირფიტაზე (დიპტიქონი მურანოდან, ეჩმიაძინის სახარების ყდა); ამ ტიპის კომპოზიციაა რავენის წმ.ვიტალეს ეკლესიის მოზაიკაზე, კოპურ ქსოვილზე ლონდონის მუზეუმიდან, სარკოფაგის კედლებზე, მილანის S.Ambrogio-ს ეკლესიის ხის კარებზე და სხვ. ადრეფეოდალური ხანის ქართულ ქანდაკებაშიაც ჰპოვა გავრცელება სცენის ზემოაღნიშნულმა იკონოგრაფიულმა სახემ. თბილისის ანჩისხატის ბაზილიკაზე, რომელიც თავისი თავდაპირველი სახით V – VI საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება, დასავლეთის ფასადზე შერჩენილია "ჯვრის ამაღლების“ რელიეფის ფრაგმენტი: მედალიონში ჩასმული ჯვარი და მარჯვენა მხარეს ანგელოზის ფიგურის ნაწილი. თეთრი წყაროს VI საუკუნის ეკლესიაში (თრიალეთი) "ჯვრის ამაღლება" მოთავსებულია სამხრეთ მინაშენიდან ეკლესიაში შესასვლელის თავზე. თეთრი წყაროს რელიეფში მედალიონი და მასში ჩახატული ჯვარი განსაკუთრებითაა ხაზგასმული თავისი ზომით, ანგელოზთა კატარა, პრიმიტიულ ფიგურებთან შედარებით, დასახელებული რელიეფების ხასიათი განსხვავებულია, მაგრამ საყურადღებოა, რომ ორივე შემთხვევაში ფიგურათა განლაგება, კომპოზიციის ჰორიზონტალური გადაწყვეტა შემუშავებულ ტიპს მიჰყვება. სულ სხვაა აღსანიშნავი მცხეთის ჯვრის ტაძრის (586/90 – 604/4 წწ.) შესანიშნავი რელიეფის მიმართ, რომელიც სამხრეთის შესასვლელის ტიმპანს ამკობს, ქართველმა მოქანდაკემ შემოქმედებითად გადაამუშავა ცნობილი სცენა, შეუფარდა იგი რელიეფისათვის განკუთვნილ არეს და მხატვრულად დასრულებული კომპოზიცია შექმნა. ანგელოზთა ფიგურებს იგი ირიბად ათავსებს, ხაზს უსვამს მათი სხეულის განლაგებაში დიაგონალურ მიმართულებას, ტიმპანის მომრგვალებული მოხაზულობის შესატყვისად. ფრთების მოხაზულობა და მათი მდებარეობა ამ ხაზს იმეორებს. თავისუფალი ადგილი მედალიონს ზემოთ ფრთების მეორე წყვილითაა მარჯვედ შევსებული, ხოლო ქვედა ნაწილში დიდრონი დეკორატიული ფოთლებია მოთავსებული, რომლებიც აყვავებული ჯვრის მოტივს გადმოსცემენ და დიდ როლს ასრულებენ კომპოზიციის საერთო დეკორატიულობაში. ანგელოზთა მსუბუქი მოძრაობა თავისუფალი ფრენის შთაბეჭდილებას ქმნის, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულია ტანისამოსის ნაოჭების აღმნიშვნელი, რბილად მომრგვალებული, ხაზების რიტმული დინებით. ანგელოზები თითქოს ნამდვილად მიაფრენენ ჯვარს, რაც სავსებით შესატყვისი განსახიერებაა „ჯვრის ამაღლების" სცენის შინაარსისა. ფიგურების შესრულება მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. მართალია, შუა საუკუნეების ხელოვნებაში კომპოზიციების სახეს განსაზღვრვდა შემუშავებული იკონოგრაფიული სქემები და მოტივები, მაგრამ ეს სრულიადაც არ გამორიცხავდა ცოცხალ შემოქმედებას. მცხეთის ჯვრის რელიეფის ავტორმა სწორედ ამგვარი შემოქმედებითი მიდგომა გამოამჟღავნა, როდესაც ცნობილ გამოსახულებას ხელახალი სიცოცხლე შთაბერა.

თავისებური კომპოზიციაა მოცემული ქაჩაგანის ქვის ჯვარზე (VII ს.) რომელიც, როგორც ეტყობა, სტელას აგვირგვინებდა. მის წინა მხარეზე წარმოდგენილია "ჯვრის ამაღლების" სცენა. ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას გამოსახულია ჯვარი მედალიონში, ხოლო ანგელოზთა ფიგურები ოთხივე მკლავის ზედაპირზე არიან განლაგებული. ამგვარად, ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი, სადაც ორი ანგელოზი სიმეტრიულადაა მოთავსებული მედალიონის ორივე მხარეს, გადმოსცემს გავრცელებულ კომპოზიციას. მაგრამ ვერტიკალურ მკლავებზე ოსტატი დამატებით ათავსებს კიდევ თითო-თითო ანგელოზს, რომელთა ფიგურებიც სხვადასხვა მხარესაა მიმართული, ამგვარად, ამ შემთხვევაში ანგელოზთა რიცხვი და მათი განწყობა ჯვრის ფორმითაა ნაკარნახევი და, მაშასადამე, ოსტატი ამ კომპოზიციის შექმნისას საგნის ტექტონიკიდან გამომდინარეობდა. ამრიგად, ადრეფეოდალური ხანის რელიეფების ოსტატები თუმცა ერთიდაიმავე იკონოგრაფიული რედაქციიდან გამომდინარეობდნენ, მაგრამ მის საფუძველზე თავისებური სახის კომპოზიციებს ქმნიდნენ. ჯვრის ამაღლების ადრექრისტიანული რედაქციის ცალკეული ნიმუშები უფრო გვიანდელ პერიოდშიაც გვხვდება. კერძოდ, დასავლეთ ევროპაში კაროლინგური ხანის სახარების სპილოს ძვლის ყდაზე (ლორშის სახარება, IX ს.) მოცემული სცენა ძველ პროტოტიპს გადმოსცემს, ხოლო თვით ყდა მთლიანად ადრექრისტიანული დიპტიქონის ფორმას იმეორებს. საქართველოში საფარის ცნობილი მონასტრის მიძინების ეკლესიის დასავლეთის მინაშენის დასავლეთის კედელში შემთხვევით ადგილას ჩადგმულია სარკმლის სათაურის ფილა ჯვრის ამაღლების გამოსახულებით, რომელიც კომპოზიციის საერთო სახით მცხეთის ჯვრის რელიეფს იმეორებს. საფარის რელიეფში გამეორებულია მცხეთის ჯვრის კომპოზიციის სქემა. ანგელოზთა ფიგურების დიაგონალური მდებარეობა. ფრთების განლაგება, ტანისამოსის ნაოჭების მიმართულება, აგრეთვე, ზოგიერთი დეტალი, მაგრამ გამოსახულება აქ გამარტივებულია. სახელდობრ, გამარტივებულია ჯვრის ფორმა. მხატვრული ხარისხით საფარის გამოსახულება ჩამორჩება მცხეთის ჯვრის რელიეფს, განსხვავებულია რელიეფების შესრულების ხასიათი. მცხეთის ჯვრის ტაძარი იმდენად სახელგანთქმული იყო, ისე ძლიერად იპყრობდა ყურადღებას, რომ მის ფასადზე გამოქანდაკებული რელიეფი უფრო გვიანდელი ხანის ქართველმა ოსტატმა ნიმუშადაც კი გამოიყენა. მაგრამ, საერთოდ, განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდში საქართველოში მონუმენტურ მხატვრობასა და სკულპტურაში გავრცელება მოიპოვა „ჯვრის ამაღლების" კომპოზიციის სახეებმა, განსხვავებულმა ამ სიუჟეტის ადრექრისტიანული რედაქციისაგან. კედლის მხატვრობაში "ჯვრის ამაღლება“ სპეციალურად გუმბათურ კომპოზიციას წარმოადგენდა და გუმბათის ნახევარსფეროს ავსებდა, როგორც ეს გვაქვს იშხნის, ხახულისა და მანგლისის XI საუკუნის მოხატულობებში.

უგუმბათო ძეგლებში იგი შენობის კამარაზეა მოცემული (ვარძია - მთავარი ეკლესიის სამხრეთის მინაშენი; დავით გარეჯის გამოქვაბულთა მხატვრობა - უდაბნო, ბერთუბანი). ყველა დასახელებული ძეგლი კომპოზიციის მსგავს სახეს გვიჩვენებს. მის ცენტრს შეადგენს მედალიონი, მასში ჩასმული დიდი ჯვრით, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მდიდრულად შემკული. მედალიონს ხელებით ეხება მის ირგვლივ განლაგებული ოთხი ანგელოზი, რომელთა სხეულის ღუნი და ფრთების მდებარეობა მწყობრი ფრენის შთაბეჭდილებას ქმნის. ერთგვარ გამონაკლისს მხოლოდ ბერთუბნის კომპოზიცია გვიჩვენებს, სადაც სამი ანგელოზია მოცემული, მაგრამ ეს განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ მოცემულ წაგრძელგბულ არეზე ოთხი ერთნაირი ზომის ფიგურა არ დაეტეოდა. "ჯვრის ამაღლების" აღნიშნული ტიპის კომპოზიცია გვიანფეოდალური ხანის კედლის მხატვრობაშიაც გვხვდება, მაგალითად, ნიკორწმინდის ტაძრის გუმბათში, რაც ძველ ქართულ ხელოვნებაში მის ფართოდ გავრცელებაზე მიგვითითებს. განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის სკულპტურის ძეგლებიდან „ჯვრის ამაღლების" მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ხახულის ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანის რელიეფი (X ს.), მოხსენებული ე.თაყაიშვილის მიერ. სამწუხაროდ, ექვთიმე თაყაიშვილის წიგნში მოყვანილი ფოტოანაბეჭდი არ გვაძლევს წარმოდგენას კომპოზიციის მთლიანი სახის შესახებ, რადგანაც მასზე ტიმპანის მხოლოდ ქვედა ნაწილი მოჩანს: ორი ანგელოზი, რომლებიც ხელებით ჯვრის ქვედა მკლავს ეხებიან. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სცენა ანგელოზის ოთხ ფიგურას შეიცავს, ხოლო ჯვარი არაა მეღალიონში მოთავსებული. ერთმანეთის მსგავსი კომპოზიციაა მოცემული კაცხისა და ნიკორწმინდის XI საუკუნის რელიეფებზე, მხოლოდ კაცხის ტაძარში იგი წრიული მოხაზულობის ორნამენტულ ჩარჩოშია მოქცეული, ხოლო ნიკორწმინდაში, ტიმპანის არეზეა გამოკვეთილი. ორივე რელიეფის ცენტრს წარმოადგენს დიდი ზომის ჯვარი (იგი არაა მედალიონში ჩაწერილი). ჯვრის პალმეტებით დამთავრებულ ბოლოებისათვის მოპირდაპირე მხარეს გაწვდილი ხელები შემოუვლია ოთხ, წყვილ-წყვილად განლაგებულ ანგელოზს, რომელთა მოხრილი სხეული მოშვილდულ ხაზს ქმნის და მოხერხებულად ავსებს ჯვრის მკლავებს შორის არეებს. ფიგურათა მდებარეობა, მათი ელასტიკური კონტური და მოძრავი შინაგანი ნახატი განსაზღვრავს რელიეფების საერთო დინამიკურობას. ორივე შემთხვევაში კომპოზიციათა ორგანული მთლიანობაა მიღწეული. მათი საერთო სახე ანალოგიურია, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ზოგიგრთ დეტალს, ხოლო განსხვავება ფიგურათა მდებარეობასა და ნახატში გამოწვეულია იმით, რომ კაცხის რელიეფი წრიულ მოხაზულობაშია ჩაწერილი, ხოლო ნიკორწმინდაში ოსტატმა კომპოზიცია, რომელიც თავდაპირველაღ, როგორც ჩანს, სწორედ წრიული კონფიგურაციისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ტიმპანის ქვემოთკენ გაფართოებულ არეს შეუფარდა. კაცხისა და ნიკორწმინდის რელიეფების მსგავსება ძალიან დიდია, იგი რელიეფების ჭრის ხერხებშიაც იჩენს თავს. ამდენად შესაძლებელია გამოითქვას მოსაზრება მათი შესრულების შესახებ ერთი ოსტატის, ან, ყოველ შემთხვევაში, ქვისმჭრელთა ერთი სახელოსნოს წარმომადგენელთა მიერ.

ამ კომპოზიციების შედარებისას ფრესკულ გამოსახულებებთან - თვალს ხვდება არსებითი განსხვავება მათ შორის. კედლის მხატვრობის "ჯვრის ამაღღების“ კომპოზიციებში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ეს გამოსახულება, როგორც გუმბათში ან კამარაზე მოთავსებული, ქვევიდან უნდა იქნეს. აღქმული მაყურებლის მიერ ამის შესატყვისად კომპოზიციაში არ არის დიფერენცირებული მისი ქვედა და ზემო ნაწილი. სხვა სურათი გვაქვს რელიეფურ გამოსახულებებში, სადაც მკაფიოდაა გამოყოფილი კომპოზიციის საფუძველი და მისი მწვერვალი, ხაზგასმულია ვერტიკალური ღერძი. ჯვარი აქ კვარცხლბეკზეა აღმართული, ხოლო ზემოთ, ვერტიკალურ ღერძის გასწვრივ, დეკორატიული დეტალია მოთავსებული (ალბათ ღრუბელს აღნიშნავს). ფრესკულ გამოსახულებათაგან განსხვავებით, ჯვარი არაა მედალიონში ჩასმული. ამასთანავე, ანგელოზთა ფიგურები იმგვარადაა წყვილ-წყვილად განლაგებული, რომ თავისი მდებარეობით ქვედა წყვილი ზედა წყვილისაგან მკაფიოდაა განსხვავებული. ამის გამო, საფიქრებელია, ამ რელიეფების კომპოზიციის პროტოტიპი კედლის მხატვრობის ძეგლებში კი არ ვეძებოთ, არამედ ისეთი სახის ნაწარმოებებში. სადაც ეს მომენტი აგრეთვე იქნებოდა მხედველობაში მიღებული. შესაძლებელია, რომ ამგვარი კომპოზიცია შედიოდა წრიული დისკოებისაგან შემდგარი რაიმე ჭედური ნაწარმოების შემადგენლობაში, როგორსაც. მაგალითად სამწერობელი წარმოადგენს. მაგრამ, რასაკვირველია, ეს მხოლოდ ვარაუდია. "ჯვრის ამაღლების" სცენა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებური ადრინდელი პერიოდის (IV–VII სს.) სხვადასხვა ქვეყნების ქრისტიანულ ხელოვნებაში, მომდევნო ხანაში აღარ გვხვდება არც აღმოსავლეთის ქვეყნების, ბიზანტიისა და არც დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ხელოვნებაში. მხოლოდ, როგორც ადრექრისტიანული ნიმუშის უშუალო გამოძახილი, იგი განმეორებულია IX საუკუნის კაროლინგური ხელოვნების მაგალითში, როგორც ზემოთდასახელებული სპილოს ძვლის რელიეფია. ვ.ლაზარევი აღნიშნავს, რომ "ჯვრის ამაღლების" კომპოზიცია უცხოა ბიზანტიის კედლის მხატვრობისათვის. საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ სცენის ერთადერთ მაგალითად იგი ასახელებს თეთრი მონასტრის მეთორმეტე საუკუნის მოხატულობას ეგვიპტეში. აქ სამხრეთის აფსიდის კონქში გამოსახულია დიდი ჯვარი მედალიონში, რომელიც ორ, ფრენის პოზაში წარმოდგენილ, ანგელოზს უკავია, ხოლო აქეთ - იქიდან დგანან ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ამრიგად, კომპოზიცია არაა მოცემული ქართულ მაგალითებისათვის ტიპიური სახით. ყველა ზემოდასახელებული მომენტის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ „ჯვრის ამაღლების“ კომპოზიციის ის სახეები, რომლებსაც განვითარებული შუასაუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა და რელიეფები წარმოგვიდგენენ, ადგილობრივი წარმოშობისაა და მათ ჩამოყალიბებას საქართველოში უნდა ჰქონოდა ადგილი. თუ ფრესკული კომპოზიციების მიმართ შეიძლება, ამასთანავე, დავუშვათ, რომ მათ ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი შეასრულეს ქრისტეს ამაღლების გუმბათურმა კომპოზიციებმა, რელიეფების კომპოზიცია სრულიად თავისებური სახისაა და ქართველი ოსტატის ორიგინალური შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს. ამგვარად, "ჯვრის ამაღლების" გამოსახულებათა მაგალითები ადასტურებენ, რომ შუა საუკუნეების ქართველი ოსტატები თვით ქმნიდნენ კომპოზიციათა ახალ იკონოგრაფიულ რედაქციებს და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წვლილშეპქონდათ შუა საუკუნეების ხელოვნების საერთო საგანძურში, ხოლო "ჯვრის ამაღლების" სცენის გავრცელების ხანგრძლივი ქრონოლოგიური საზღვრები (VI ს-დან XVII საუკუნემდე) მოწმობს ჯვრის კულტთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციების სიმტკიცეს საქართველოში.