topmenu

 

ი.სურგულაძე - ცეცხლთან და კერასთან დაკავშირებული უძველესი წარმოდგენები ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით - 2
There are no translations available.

<უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვედრზე... <<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

ი. სურგულაძე  ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა // საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, - გამ."სამშობლო", თბილისი 1993 წ., გვ.35–61

...გაგრძელება...                                   .               .                                          << დასაწყისი .. <<

ეს ვითარება ცხადყოფს, რომ ეპიზოდი მობილურია, მას რამდენადმე უნივერსალური, სიმბოლური, ფართო მნიშვნელობის მქონე აქციად განიხილავენ, რომელსაც გააჩნია განსხვავებული იდეოლოგიური პოზიციის არეკლვის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საერთოდ გაქრებოდა. აქ მოტანილი საკმაოდ ვრცელი შესადარებელი მასალა არც ერთი ვარიანტის მაგალითზე არ გვაძლევს რაიმე განმარტებას ცხოველის შეჭმის საკრალური აქტის მიზეზისა და მიზნის თაობაზე. იგი სიუჟეტებში სასწაულად განიხილება; არ მოეპოვება მითოსური ახსნა, მითოსური დასაბამი, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი ზეპირსიტყვიერების ამ პლასტში უფრო ძველი ინერციითაა შემოსული. ჩვენის აზრით, ეპიზოდის საკრალური "ინერცია" გამომუშავებულია გვაროვნულ საზოგადოებაში, რომლის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, ერთად პურობა საერთო კერასთან, ეგზოგამიურობა, სტუმარ-მასპინძლობის წესების მკაცრი დაცვა, ძვლისა და ტყავის უცვლელი მნიშვნელობა ცხოველის გაცოცხლებისათვის, ყველა ვარიანტშია დაცული. ეს მოტივი ძალზე გავრცელებულია და დამოწმებულია მსოფლიოს მრავალი ხალხის რიტუალსა და სიტყვიერებაში. ასეთი უნივერსალობა შეიძლება აიხსნას მისი არქაული, სპონტანური წარმოშობით. ამ წარმოდგენის თანახმად ძვალი და ტყავი შეადგენენ ერთგვარ სასიცოცხლო მინიმუმს, რაც აუცილებელია სიცოცხლის (ცხოველის) აღსადგენად. ანალოგიური ვითარება გვაქვს მაწვნის, პურის, ღვინის და ა.შ. "დედებთან" დაკავშირებით, რადგან მათ საკრალურ გააზრებაზე მიგვანიშნებს ტერმინი "დედა". პრაქტიკულთან ერთდროულად, პურის, ღვინის, მაწვნის და სხვ. დამზადება მაგიური აქტი იყო, რომელშიაც მონაწილეობდა რაღაც, ძველი ხალხების თვალსაზრისით ირრეალური ძალა, რომელზედაც იყო დამოკიდებული აფუება, ამჟავება და ყველა სხვა ანალოგიური პროცესი. ამ ძალას ეწოდება "დედა", რითაც გამოხატულია მისი შესაძლებლობები და ირრეალური ბუნება. ამ სახელწოდებით იგი უკვე საკრალური ობიექტია. ანალოგიურად გვეჩვენება ტყავისა და ძვლის როლი ხსენებულ რიტუალებში. მათი სახით მოცემული გვაქვს დვრიტა, რომლის არსებობა განაპირობებს ცხოველის აღდგენის შესაძლებლობას. შესაძლოა ეს გააზრება ედოს საფუძვლად ქართულ გამოთქმას "ძვალი და ტყავი". თუ გავითვალისწინებით ტყავის იდეის განვითარებას მცირე აზიაში, ლეგენდას საწმისის შესახებ და ტყავთან დაკავშირებულ ახალ მოსაზრებას (თ.გამყრელიძე) ასევე რიტუალურ მასალას, სადაც ტყავს სრულიად გამოკვეთილი სივრცული მიმართება აქვს, ეს მოსაზრება უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს. ტყავისა და მისი სიმბოლიკის საკითხებზე ჩვენ შემდგომაც გვექნება საუბარი.

ახლა მხოლოდ ამას აღვნიშნავთ, რომ ტყავსა და ძვალს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ავსტრალიელთა ტოტემურ დღესასწაულებზე. ტოტემის გამრავლების დღესასწაულზე (ინტიჩიუმა) იკრიბება მხოლოდ ამ გვარისა და ამ ტოტემის ხალხი, და ეს წესი უმკაცრესად იცვება. ესაა ერთადერთი დღე წლის მანძილზე, როცა ტოტემის მოკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ საკრალური პრაქტიკისათვის. იხსნიან ვენას და სისხლით რწყავენ ტოტემურ ობიექტებს; ხატავენ ტოტემს (მაგ.კენგურუს), ე.ი. მის ძვლებს და ტყავს, თეთრსა და ჟანგისფერ ზოლებს, რაც აუცილებელია ტოტემის აღორძინებისათვის. ცხოველთა ჩონჩხისა და საფიქრებელია, ტყავისადმი რიტუალური დამოკიდებულების ნიშნები დამოწმებულია პალეოლითურ მასალაში, კერძოდ ჩანს კვალი ისეთი მოქმედებისა, რომლის მსგავსი პროცესები აღწერილია ამჟამად ჩვენთვის საინტერესო სიუჟეტში. შესაძლოა, რომ აღნიშნულ სიუჟეტებში, მათ შორის კავკასიურ ვარიანტებში, შემორჩენილა ინერცია ე.წ. ზოოფაგიური დღესასწაულებისა, რომელთა არსებობის დამადასტურებელ მასალას ჯერ კიდევ მუსტიეს ხანაში ხედავს ი.სემიონოვი. იგი ამ თვალსაზრისით განიხილავს ისეთ ცნობილ ძეგლს, როგორიც არის დრახენლოხის გამოქვაბული (შვეიცარია), რომელიც გაითხარა 1917-1920 წლებში და მკვლევართა დიდი ინტერესი დაიმსახურა. გამოქვაბული დრახენლოხი სამი კამერისაგან შესდგება, აქედან ორ უკანასკნელში ნაპოვნია კულტურული ფენები. გამოქვაბულის კედლიდან 40-60 სმ-ის დაშორებით ამოყვანილია ქვის 80 სმ-ის სიმაღლის ყორე, რომლის უკან ჩაწყობილია დათვის ძვლები, ძირითადად მთელი თავის ქალები. მათ შორის არის დამტვრეულიც. ორ ქალას ახლდა ხერხემლის ორი პირველი მალა, რაც სპეციალისტების აზრით მიგვანიშნებს შემდეგ გარემოებაზე: დახოცილ დათვებს თავები მოჭრეს მოკვლისთანავე და მაშინვე შეინახეს ამ საცავში დაუნაწევრებელი სახით. მთელი ძვლოვანი მასალა დალაგებულია გარკვეული წესის მიხედვით. თავის ქალებთან ერთად აღმოჩენილია კიდურების გრძელი ძვლები. მესამე კამერის შესასვლელში ნაპოვნია ფიქალით დახურული ქვის ყუთი, რომელშიაც ასევე შვიდი თავის ქალა და კიდურების ძვლები ეწყო. აქვე, იატაკზე, ნაპოვნია დათვის თავის ქალა, რომელსაც ირგვლივ ქვები ჰქონდა შემოწყობილი. ანალოგიური მასალა აღმოჩნდა გერმანიაში, გამოქვაბულ პიტერსჰოლში, სადაც დათვის თავის ქალები, კიდურების ძვლებთან ერთად, ეწყო საგანგებოდ ამოთხრილ ღრმულებში. მათ გვერდით, კედელში გამოთხრლ ნიშებში, ისევ დათვების თავის ქალები ეწყო, ყველაზე დიდ ნიშში ხუთი თავის ქალა და კიდურების ძვლები აღმოჩნდა. ამ აღმოჩენების შესახებ ბევრი რამ დაიწერა და ყველაფერი ორი ძირითადი შეხედულების სახით ჩამოყალიბდა. მეცნიერთა ერთი ჯგუფი, დრახენლოხის გამთხრელთა მეთაურობით, აქ ხედავდა ცხოველთა მიმართ შესრულებული რიტუალის ნაკვალევს, ხოლო მეორე ჯგუფის აზრით, გამოქვაბულებში ნეანდერტალელებს მოწყობილი ჰქონდაო ხორცის მარაგის საცავი. რადგან ეს მეორე მოსაზრება საბოლოოდ უარყოფილია მეცნიერთა უმრავლესობის მიერ, ჩვენს მომავალ მსჯელობაში მას აღარ გავითვალისწინებთ. ანალოგიური ფაქტები დადასტურებულია მრავალ ადგილას, მაგალითად გამოქვაბულ სხულში (პალესტინა), სადაც ხარის თავია დაკრძალული, გამოქვაბულ კლიუნიში (საფრანგეთი), სადაც დათვის თავები წრიულად განლაგებულ პოსტამენტებზე იყო შემოდებული; ავსტრიაში. გამოქვაბულ ზალცოფენში, ნიშებში შედგმული იყო დათვის თავები; გამოქვაბულ ილსკაიაში ნაპოვნია ბიზონის თავი და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესოა ნორბერ დე კასტერეს მიერ აღმოჩენილი დათვის უთავო ქანდაკება გამოქვაბულ მონტესპანში, სამხრეთ საფრანგეთში, სადაც, როგორც ჩანს საგანგებო რიტუალები იმართებოდა დათვის ქანდაკების წინ. რიტუალის შესრულებისას დათვის ფიგურას ადგამდნენ ნამდვილ თავს, რასაც მოწმობს იქვე ნაპოვნი დათვის თავის ქალის ნაშთები. ფიქრობენ, რომ მას ახურავდნენ ტყავსაც.

"ისინი ხატავდნენ ცხოველებს, რომლებზედაც აპირებდნენ ნადირობას, შემდეგ ნახატზე აღნიშნავდნენ ჭრილობებს, ე.ი. ისინი თითქოს გამოსახულებებს კლავდნენ, იმისათვის, რომ ნადირობის დროს უზრუნველეყოთ წარმატება... ცხოველი ნაჩვენებია ხაფანგში, ან ქვებით ჩაქოლილი... დაზიანების ასეთ ინტერპრეტაციას ადასტურებს ახალგაზრდა დათვის თავის ქალა, რომელიც უთავო ქანდაკების ფეხებთან დევს... ქანდაკებას მეტი მსგავსება რომ ჰქონოდა ცოცხალ ცხოველთან, მადლენელმა ჯადოქრებმა ქანდაკებას ახლადმოკლული დათვის თავი მიამაგრეს" - წერს კასტერე, რომელმაც ამ რიტუალურ მოქმედებებში მხოლოდ სანადირო მაგია ამოიცნო. არქეოლოგიური მასალის ანალიზის საფუძველზე ი.სემიონოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რიტუალი სრულდებოდა არა მხოლოდ დათვის მიმართ, არამედ კულტის ობიექტი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ცხოველი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძეგლები ერთ ჯგუფად განხილული არ არის. ი.სემიონოვმა სცადა ამ დიდი სამუშაოს ჩატარება. მან მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში გავრცელებული შესაბამისი მონაცემების საფუძველზე, გამოავლინა ამ დღესასწაულთა პრინციპული მსგავსება, სტრუქტურული ადექვატურობა და რაც მთავარია, დაადგინა მონაწილეთათვის ყველგან სავალდებულო წესი: დღესასწაულში აუცილებელია მთელი სოციალური ჯგუფის მონაწილეობა, რაც მას არქაულ ნიშნად მიაჩნია. დღესასწაულის ძირითადი ელემენტია საგანგებოდ დაჭერილი, ან სახლში გაზრდილი დათვის მოკვლა და ცხოველის ხორცის კოლექტიური შეჭმა. რიტუალის ცენტრალური ფიგურა იყო დათვის თავი, ტყავისაგან განუცალკევებლად. რომელიც წინა თათებს შორის იდო და განასახიერებდა მწოლარე დათვს, რომლის წინაც მიმდინარეობდა მთელი დღესასწაული. დღესასწაული მთავრდებოდა იმით, დათვის თავსა და თათებს სპეციალურ შენობაში ინახავდნენ. ი.სემიონოვი დრახენლოხის მონაცემებსა და ამ დღესასწაულს შორის, რომელიც ციმბირელ ნივხებში იმართება, პირდაპირ მსგავსებას ხედავს. ანალოგიური დღესასწაულები სხვადასხვა მეცნიერებს დამოწმებული აქვთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. მრავალ ადგილას შემორჩენილია ძვლები დაცვის წესი, მაგრამ აღარ ახსოვთ დღესასწაული, რაც მას გვიანდელ დანაკარგად მიაჩნია. რადგან დათვი არ არის ერთადერთი ცხოველი, რომლის სახელობაზეც იმართება მსგავსი დღესასწაულები, ამიტომ სემიონოვს შემოაქვს "ზოოფაგიური დღესასწაულების" მცნება. ყველა ამ ღღესასწაულს, როგორც წესი, ახლდა საკულტო ცხოველის შეჭმის შემდეგ თავისა და კიდურების რიტუალური დაცვა. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ირმის თავებისა და რქების შენახვა მონადირეთა სადგომების მახლობლად. ირმის რქიან თავებს ამაგრებდნენ საცხოვრებლის სახურავებზე. ყველა ეს წესი ი.სემიონოვს "ზოოფაგიური დღესასწაულის" გადმონაშთად მიაჩნია.

წინამდებარე მოსაზრებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასკვნა, რომელიც "ზოოფაგიური დღესასწაულების" ძირითად ეპიზოდებად მიიჩნევს ცხოველის რიტუალური, კოლექტიური შეჭმის შემდეგ თავის და მთელი ჩონჩხის, თუ მისი ნაწილის სავალდებულო დაცვას. დადასტურებულია, რომ ეს წესი სრულდებოდა არა მხოლოდ ისეთი ცხოველების მიმართ, რომელთაც საკვებად იყენებდნენ. ი.სემიონოვი დრასენლოხისა და მისი ტიპის ძეგლებში ასეთი დღესასწაულების ჩანასახობრივ ფორმას ხედავს. ამ ტიპის მონაცემები ფართოდაა ცნობილი ზედა პალეოლითის ძეგლებიდან, რაც სემიონოვის აზრით, გენეტიკურად უკავშირდება მუსტიეს ხანის შესაბამის მონაცემებს. სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა, "ზოოფაგიურ დღესასწაულებს" უკავშირებს ტოტემიზმს, რადგან დათვის დღესასწაულების მიმდევარი ხალხი ამ უკანასკნელს მიიჩნევს წინაპრად და ნათესავად. ამასთანავე ერთად, აღნიშნული დღესასწაული კოლექტიური, გვაროვნული ბუნებისაა, რაც ცხოველთან ნათესაობის იდეითაც დასტურდება. მიუხედავად საგრძნობი გარეგნული განსხვავებისა, ეს დღესასწაული იდეაში ავსტრალიური დღესასწაულის, ინტიჩიუმას იდენტური მოვლენაა, რომელიც სრულდება ტოტემური ცხოველის, თუ მცენარის გამრავლების მიზნით. აქაც ხდება ტოტემის კოლექტიური, სავალდებულო რიტუალური შეჭმა, რასაც მოსდევს რიგი მოქმედებებისა, რომელთა მიზანია ტოტემის გაცოცხლება და მათი სიმრავლის უზრუნველყოფა. ავსტრალიელ აბორიგენთა აზრით ერთ-ერთი და მთავარი ამ თვალსაზრისით არის ტოტემური ქვების (მიწიდან გამოშვერილი კლდეების) საკუთარი სისხლით მორწყვა, მიწაში ჩამალული ტოტემის, კენგურუს კუდის (ქვის, მოგრძო ლოდის ამოთხრა, რომელიც საგანგებოდაა ჩაფლული) დათვალიერება და ტოტემის "დახატვა", რის შესახებაც ზემოთ იყო აღნიშნული. სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ "ზოოფაგიური დღესასწაულების" არსიც ცხოველთა გამრავლებას გამოხატავდა. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იმსახურებს ვ.გ.ბოგორაზ-ტანის შეხედულება, რომლის თანახმად ხსენებული დღესასწაულები გენეტიკურად უკავშირდება აღდგენადი და მოკვდავი ღვთაებების კულტს. რიტუალი, მონაწილეთა აზრით, სრულდება არა ცხოველის შეჭმის, არამედ მისი გამრავლების, აღორძინების მიზნით. ეს შეხედულება იმიტომ არის საინტერესო, რომ მისი შექმნა გამოწვეულია ორ, სრულიად განსხვავებულ, კულტურულ-ისტორიულ მოვლენას შორის არსებული, აშკარა, დაუფარავი მსგავსებით, თუმცა მათ შორის აზრობრივი კავშირების დანახვა მეტად ძნელი საქმეა. იგივე ვითარება აქვს დამოწმებული ჯ. ფრეზერს კალიფორნიის ინდიელებში, რომელთა აზრთ რაც უფრო მეტ ბუკიტს მოკლავდნენ ამ ფრინველის დღესასწაულზე, მით უფრო შეუწყობდნენ ხელს ამ ფრინველის გამრავლებას. გამრავლების თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ აღნიშნულ დღესასწაულებზე, კერძოდ დათვის ჩონჩხთან, ან მოკლულ ცხოველთან სრულდებოდა სქესობრივი აქტის იმიტაცია, ასევე მიღებული იყო ხის ფალოსების ჩამოკიდება რიტუალური ცეკვების დროს ამერიკისა და ციმბირის აბორიგენებში, რაც ცხადყოფს სქესობრივი მაგიის არსებობას ამ დღესასწაულებზე. ეს ფაქტი შესაძლოა აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ მოკლული ცხოველის ჯიშის გამრავლებისადმი საკულტო ინტერესით. ამის შემდეგ სემიონოვი მიმოიხილავს ტაბუსა და ტოტემიზმის, ასევე ორგიასტული დღესასწაულების შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს და, ჩვენის აზრით, სრულიად სამართლიან დასკვნამდე მიდის, რომ მუსტიეს ადამიანს, რეალურ პრაქტიკასთან ერთად, უკვე გააჩნდა საქმიანობის ილუზორული, სიმბოლური ფორმები; ასევე, აზროვნების ლოგიკურ ფორმებთან ერთად, არსებობს მაგიის ლოგიკაც. ამას მოწმობს ტოტემურ ცხოველებზე ზემოხსენებული ზრუნვის გამომხატველი ფაქტები, რომელთა არსებობა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა, თუკი მაგიური აზროვნება არ იარსებებდა. ტოტემისტური წესი იმთავითვე, დღიდან მისი აღმოცენებისა, მაგიური იყო, მაგიურ მოქმედებათა მწკრივს წარმოადგენდა. ცხადია, რომ მაშინვე უნდა ემოქმედა სექსუალურ მაგიასაც, რომელიც გამოიხატებოდა თვით ამ აქტის, ან მისი იმიტაციის მეშვეობით. მაგიის ეს სახეობა უნდა აღმოცენებულიყო ცხოველის, ან ადამიანის გაჩენის ბუნებრივი მიზეზების არცოდნის საფუძველზე. ასეთ პირობებში სქესობრივი აქტი განიხილებოდა როგორც მაგიური საშუალება, რომელიც ქმედით გავლენას ახდენდა გამრავლების პროცესზე. ამიტომ ტოტემურ დღესასწაულებში დიდი ადგილი ეჭირა მოკლულ ცხოველთან სქესობრივდ აქტის იმიტაციას. ასევე ხდებოდა პრომისკუიტეტური აღრევაც. ამ საკითხის უფრო ვრცელი მიმოხილვა ამჟამად ჩვენს მიზანს არ შეადგენს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი უდაოდ მტკიცე საფუძველს ქმნის რიგი კავკასიური რწმენებისა და დღესასწაულების რაობის გარკვევისათვის. დღესასწაულებსა და რიტუალებში ფიქსირებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ეპიზოდთა მსგავსებას ტერიტორიალურად და კულტურულ-ისტორიულად დაშორებულ ეთნოსთა შორის სათანადო ახსნა ეძებნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაღიარებთ მათთვის საჭირო საფუძვლის შემუშავებას უაღრესად არქაულ ხანაში. ი.სემიონოვმა მიაქცია ყურადღება ამ ვითარებას და შენიშნა, რომ ისეთ ხალხებში, სადაც ხარის კულტი მიწათზოქმედებასთან იყო დაკავშირებული, მათში მაინც ნათლად იკვეთება მონადირეობასთან ასოცირებული წარმოდგენები, რომლებიც სიახლოვეს ამჟღავნებენ დათვის დღესასწაულებთან. მან საგანგებოდ აღნიშნა ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა ქართველების მიერ სამსხვერპლო ხარების შეწირვა და ძველბერძნული ბუფონიები. ამ მოსაზრებას ჩვენის მხრივ შეიძლება დავუმატოთ ის, რომ არც ერთ დღესასწაულში, სადაც მიღებულია ხარის შეწირვა, ან რაიმე მონაწილეობა, არსად არ ფიგურირებს მხვნელი ხარი, კასტრატი. ყველა რიტუალში მონაწილეობს მწარმობელი ხარი, რომელიც გამწევ ძალად საერთოდ არ გამოიყენება. ცხადია, რომ მისი საკულტო ღირებულება და საკრალური მნიშვნელობა გაცილებით უსწრებს განვითარებულ მიწათმოქმედებას, რომელიც გამწევ ძალად ხარს იყენებდა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ძველად გავრცელებული იყო გამწევ ძალად ძროხის გამოყენებაც. ქართველთა შორის გავრცელებული ხარის შეწირვის წესი, რომელიც ი.სემიონოვს ვ.ბარდაველიძის მიხედვით აქვს დამოწმებული. გულისხმობს სვანეთში ღმერთის სახელზე გაშვებული ბუღახარის, ვისხვის შეწირვის წესს.

აქვე უნდა მოვიგონოთ არქაჯელო ლამბერტის მიერ აღწერილი ილორის წმ.გიორგის დღესასწაული, როდესაც ეკლესიაში ხარი მოჰყავდა წმინდა გიორგის. ამ ხარის ხორცი წერილ ნაჭრებად იჭრებოდა და ხალხს ურიგდებოდა. "ამ ხორცს გაახმობენ კვამლზე და დიდის სასოებით შეინახავენ ავადმყოფობის დროს მოსახმარად. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ხორცი საუკეთესო წამალია..." ხარს რომ დაკლავდნენ, უმეტესი ნაწილი რქებითურთ ეკუთვნის მთავარს. ამ რქებს მთავარი შეამკობს ოქროთი და ძვირფასი ქვებით და დიდ დღესასწაულებში იმ რქებით ღვინოს დალევს წმინდა გიორგის სადიდებლად", გვამცნობს ლამბერტი. ხორცის გარკვეულ ნაწილს იმერეთის მეფეს და გურიის მთავარსაც უგზავნიდნენ. ხარის სალოცავის სახელზე დაყენება და მისი სათემო დღესასწაულზე დაკვლა დღესაც ფართოდაა გავრცელებული მთელ საქართველოში. ეთნოგრაფიული მასალა გვიჩვენებს, რომ საქართველოში გავრცელებული ყოფილა ნადირის ძვლის დაცვისა და განსაკუთრებული პატივით მოპყრობის წესი. რ.ერისთავი სვანების შესახებ წერს: "მონადირე ნადირის ძვალს აგროვებდა სახლში. როცა იმდენი მოუგროვდებოდა, რომ შენახვა გაუჭირდებოდა, მაშინ ძვალი მდინარეში უნდა გადაეყარა. ასევე უკან უნდა დაებრუნებინა ძვლები ახლობლებს, ვისაც მონადირეები ხორცს მიუკითხავდნენ. აღკვეთილი იყო ნანადირევის ძვლებისა და ხორცის ნარჩენების ძაღლის, ან სსვა პირუტყვისათვის გადაყრა. ანალოგიურ წესებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიაც იცავდნენ: ნადირის ხორცი რომ შეიჭმებოდა, ძვლებს მოაგროვებდნენ და გარეთ მიწაში ჩამარხავდნენ. ნადირის ძვლების დაუმარხავი დატოვება ყოვლად დაუშვებელი იყო. სამონადირეო წესებში ასევე აშკარად არის გამოკვეთილი საგანგებო დამოკიდებულება ნადირის თავისა და რქისადმი. არქანჯელო ლამბერტი წერს.  რომ პირველი ნადირის მკვლელს მთავრის ნადირობისას ერგებოდა მოპოვებული ნადირის თავი. წერილობით წყაროებში შემონახული ცნობების თანახმად მოოქროვილი ეშვის თავით ახალ წელს მიუკვლევდნენ მეფეს; სამეგრელოს მთავრის ნადირობის დასრულების შემდეგ დახოცილი ნადირის თავებს გარეთ გამოფენდნენ და ღვინით აკურთხებდნენ. "მათი ეკლესიების წინა კედლები,წერს ლამბერტი, და ხშირად შიდა კედლებიც შემკულია ირმის რქებით" ტახის ეშვებით და ხოხობის ფრთებით, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთისათვის ფრიად სასიამოვნოა ამისთანეებით მისი სალოცავი სახლის შემკობა და თუ ნანადირეეის ხორცი მათ შეჭამეს და რქები, ძვლები და ფრთები ღმერთს უძღვნეს, სამაგიეროდ შემდეგში ღმერთი ხელს მოუმართავს მათ ნადირობაში". რ.ერისთავის ცნობის თანახმად ჯიხვისა და არჩვის რქებს აქამდე ეკლესიას წირავდნენ სვანები, ხოლო ახლა  გაყიდვა დაიწყესო. აქვე იგი ყურადღებას აქცევს ნანადირევის განაწილების წესს და ამბობს, რომ თავ-რქა ნადირის მომპოვებელს ეკუთვნოდაო. ეს წესი დღესაც მოქმედებს მონადირეთა შორის, მაგრამ აშკარად ძველი წარმოშობისა უნდა იყოს. მომპოვებელი მონადირე არავითარი უპირატესობით არ სარგებლობს და მხოლოდ პრესტიჟულ ჯილდოს იღებს, რომლის პრაქტიკული ღირებულება უკიდურესად დაბალია. ამ პრიზის ერთადერთი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი წმინდად ითვლება და სალოცავს ეწირება. სალოცავს გარდა, რქები იკიდებოდა სახლის "შინას" წმინდა ადგილებზე, დედაბოძებსა და სხვა სვეტებზე. თავ-რქის საკრალური მნიშვნელობა უნივერსალური მოვლენაა და, როგორც ვნახეთ, მისი ნაკვალევი უკვე მუსტიეს ხანაში ჩანს, მაგრამ აქ ხაზი უნდა გავუსვათ კიდევ ერთ მომენტს: თავი ყველაზე უკეთ გამოსახავს მთელ ცხოველს და ამიტომ მისი შეწირვა ღვთაებისათვის განსაკუთრებით სასიამოვნოდ ითვლებოდა.

ამას ხელს ალბათ ისიც უწყობდა, რომ რიტუალურ პრაქტიკაში მოქმედებს ცნობილი მაგიური, არქაული ფორმულა, რომლის თანახმად ნაწილი უდრის მთელს. ასევე შეიძლება მსხვერპლშეწირვისას რეალური საგნის შეცვლა მისი გამოსახულებით. ყოველივე ამის და შესაძლოა კიდევ მრავალი გაუთვალისწინებელი ფაქტორის გამო, თავ-რქა რიტუალში დამკვიდრდა სასურველი შესაწირავის მნიშვნელობით. ასევე სასურველ შესაწირავად ითვლებოღა ნადირი, მისი თავ - რქა, ან გამოსახულებები მიცვალებულისთვისაც. აღსანიშნავია, რომ მიცვალებულისათვის ცხოველის თავ-რქის ჩაყოლების ფაქტები უკვე მუსტიეს სანიდან არის ცნობილი და მიცვალებულის დაკრძალვის წესთან გენეტიკურ კავშირში განიხილება ეს წესი თითქმის უკანასკნელ ხანებამდე მოქმედი და ცოცხალი იყო, რაც ეთნოგრაფიული ყოფის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე მიგვითითებს; უკიდურესად არქაული მოვლენების კონსერვაცია, ან სახეცვლილი გადმონაშთის სახით დაცვა ხალხური ყოფისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველოს მთიელებში, თუ ახალგაზრდა ვაჟი გარდაცვლებოდა, მას კუბოს თავთან არჩვის, ან ჯიხვის ფიტულს უდგამდნენ. ამასთანავე ცდილობდნენ, რომ საკურთხში როგორმე ნანადირევიც ჩაედოთ და ამისათვის საგანგებოდ ნადირობდნენ. არსებობს მასალა, რომელიც ცხადყოფს ნადირობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქორწილო რიტუალებში. საწესო ტექსტებში მოხსენებულია გარეული ფრინველი და ნადირი, მაგ. პრაქტიკულად შინაური იწირებოდა. ამასთანავე იცოდნენ ზოომორფული ნამცხვრის შეწირვა, რომელიც თავისი მასალითა და ფორმით ერთდროულად გამოხატავდა ფლორისა და ფაუნის ამაღორძინებელ ძალებს. ვ.ბარდაველიძეს შესწავლილი აქვს მგელთან დაკავშირებული რწმენები. ეს წარმოდგენები სვანეთში უკავშირდებოდა ცნობილ დროშას, ლემს. ამ რამდენიმე ათეული წლის წინ სვანეთში იმართებოდა დღესასწაული მგლის სარიტუალო მოკვლით. მამაკაცების პროცესიას წინ მიუძღოდა მგლის მკვლელი, გრძელ ჭოკზე ჩამოკიდებული მგლის ტყავით. პროცესია სიმღერით გარს უვლიდა სოფელს. ხალხს სწამდა მგლის განსაკუთრებული, ზებუნებრივი თვისებები, მაგალითად, მხედველობა, წინასწარხედვის უნარი, ადამიანის დაცვის ძალა და სხვა. ხალხის რწმენით მგლის კბილს შეეძლო ავი თვალისგან დაცვა, მისი ხორცისა და ძვლების ნახარში სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ასევე ტაბუირებული იყო მგლის მოკვლა. თუ ტაბუ შემთხვევით დაირღვეოდა, მონადირეები ქუდმოხდილები დაიტირებდნენ და ებოდიშებოდნენ მოკლულს, თანაც მის სიკვდილს ძმის სიკვდილს ადარებდნენ. დატირების შემდეგ მონადირე ნადირს ატყავებდა და ლეშს უსათუოდ მარხავდა. მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ ძველად გავრცელებული ყოფილა მგლის ტყავის უსახელო ჩასაცმელი, ბეწვით გარეთ, რომელსაც კუდი ქონდა დატოვებული.

ვ.ბაადაველიძე აღნიშნავს, რომ ჩემს დროს ასეთ ქურქს მხოლოდ ასაკოვანი ხალხი ატარებდაო. სოფლის შემოვლის დროს მცხოვრებლებს სახლებიდან გამოჰქონდათ თოფის წამალი და ტყვია და პროცესიის წინაძღოლს აძლევდნენ. ეს წესი ვ.ბარდაველიძემ დაახასიათა, როგორც მთელი კოლექტივის თანამონაწილეობის გამოხატულება რიტუალურ ნადირობაში და იგი ტოტემისტური წარმოდგენების ნაკვალევად მიიჩნია. მგლის ბეწვისა და ბრჭყალის მაგიურ - სამკურნალო თვისებებზე წერს რ.ერისთავიც, რომელმაც 1882 წელს ჩაიწერა მასალა სვანეთში. მგლის ბეწვს წვავდნენ და ავადმყოფს უბოლებდნენ ეპილეპსიის შეტევისას, ხოლო მგლისა და დათვის ბრჭყალებს ავგაროზებად კიდებდნენ. მოკლული მხეცის, კერძოდ ვეფხვის დატირების წესი გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთ საქართველოშიაც. ცნობილია ხალხური ლექსი, სადაც მოკლული ვეფხი ძმად მოიხსენიება. სოფლის გარსშემოვლა, რომელსაც ასრულებდნენ სვანები ჭოკზე დაკიდული მგლის ტყავით და რიტუალის საერთო, სათემო ხასიათი, მის დიდ არქაულობაზე მიუთითებს. ტყავის ხეზე გაკიდება, ასევე სამსხვერპლო ცხოველის ტყავის ჩალით გატენა და ხეზე ჩამოკიდება ფართოდ გავრცელებული იყო ძველ სამყაროში (მაგ.ათენში. ბუფონიების დროს. ჩალით ტენიდნენ სამსხვერპლო ხარის ტყავს: ხეზე კიდებდნენ შეწირული ცხვრის ტყავს ხეთები; ხეზე დაკიდული ზვარაკის ტყავია ცნობილი ოქროს საწმისი). ასეთი წესები ცნობილი იყო საქართველოშიაც. ტყავისა და ჩონჩხის ჩამოტარება "დათვის დღესასწაულის" ერთ-ერთ მთავარ ეპიზოდად ითვლებოდა ციმბირის ხალხებში. ევენკები და დოლგანები ამ დროს ახალ მოკლულ ცხოველთან, ან მის ჩონჩხთან, რომელიც ანატომიური თანმიმდევრობით იყო აწყობილი და ჯოხზე გაკიდული, ეწეოდნენ სექრუალურ იმიტაციას. ზოომორფული, ფალიკური თამაშობები, მისი რიტუალური თუ უკეე მხოლოდ თამაშად ქცეული ფორმები" მთელ მსოფლიოშია ცნობილი სხვადასხვა კარნავალების, ნიღბოსნების, მსვლელობათა, საყველიერო თამაშებისა და სხვა სახით. საქართველოში ამ საკითხებს ყურადღება მიაქციეს დ.ჯანელიძემ, ჯ.რუხაძემ და სხვებმა. დ.ჯანელიძეს ზოომორფული ფალიკური თამაშობები ცხოველებისა და ფრინველთა კულტის გადმონაშთად მიაჩნია და მათი შედარებითი შესწავლის მიზნით, თავმოყრილი აქვს უაღრესად საინტერესო მასალა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. თამაშობათა მთავარი პერსონაჟი ძირითადად არის დათვი, უფრო იშვიათად ტახი, ხოლო ბერიკაობის ნიღაბთა შორის პირველი ადგილი ტახის ნიღაბს უკავია. დათვის თამაშობებს თან ახლავს ფერხული და სათანადო ტექსტი, რომელიც ძირითადად დათვისა და მისი ცოლის ურთიერთობებს ეხება. რა თქმა უნდა, ამ თამაშობებს ყოველთვის თან ახლავს სოციალური მომენტი, გროტესკი.

იგივე ვითარებაა იმ სიუჟეტებშიც, სადაც მთავარ პერსონაჟად ტახი გვევლინება. ძირითადად იბრძვიან ტახი და ბერიკები, ტახს კლავენ, მაგრამ როცა გატყავებას დაუპირებენ, იგი წამოხტება და ბერიკებს დაერევა. აქ თითქოს უშუალოდ ვხედავთ ჩვენთვის საინტერესო მითოსური სიუჟეტისათვის დამახასიათებელ ეპიზოდებს, ნადირის კოლექტიურ მოკვლას, გატყავებას, გაცოცხლებას. იმერული "ქალტახიანის" მიხედვით ქალი და ტახი ერთმანეთს ეარშიყებიან, მაგრამ მათ ურთიერთობაში ჩაერევა სხვა ნიღაბი, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოსდევს: კახეთში იმართება ტახის გასამართლება, რომლის დროსაც ტახი და ბერიკა ჭიდაობენ; თბილისურ, სატიოს უბნის ბერიკაობაში იმართებოდა ქორწილი. სადაც ტახი ქორწილდებ; სხვაგან მგელი და დათვი კლავეს ტახს, ან ტახი კლავს რომელიმე ბერიკას, რომელიც შემდეგ ცოცხლდება, სანაც ღორსა და ნეფეს ერთად კლავენ. ღორი გაცოცხლდება და დაერევა წესის შემსრულებელ მღვდლებს: ასევე საინტერესოა მეგრული მისტერია, სადაც ტახი ცოლად ირთავს მეფის ასულს. დ. ჯანელიძემ საგანგებოდ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ბერიკულ თამაშობებში ზოომორფულ ნიღაბთაგან ყველაზე ჭარბად დათვისა და ტახის ამსახველი მასალაა შემონახული. მან ეს მისტერები ღვთაებათა კვდომა-აღდგენის სპეციფიკურ ციკლში მოაქცია და ტახისაგან მოკლული ადონისის მითოსს დაუკავშირა. ყურადღებას იმსახურებს შეჭმული ცხოველის აღდგენისას მათრახის, ჯოხის (წკეპლის) გამოყენება. მათრახი ჯოხი ამ შემთხვევაში გვევლინება ღვთაებათა ძალის, ნების გამტარ, გადამცემ იარაღად. არც ტოტემისტურ დღესასწაულებში, არც დათვის ან ბერიკების თამაშობებში არ არს დამოწმებული ეპიზოდი. სადაც მოკლულს მათრახი - ჯოხის საშუალებით აცოცხლებენ. ბერიკულ თამაშობებში აქვთ ხის ხმლები, რომელთაც უღერებენ, ან ურტყამენ მონაწილეებსა და მაყურებლებს. იციან ხელით ჩხუბი, ტანსაცმლის შემოხევა, ან რაიმე ნივთის წართმევა, რაც სპეციალისტებს ორგიასტულ მოქმედებათა სახეცვლილ გადმონაშთებად მიაჩნიათ. უნდა ვივარაუდოთ. რომ ამ დღესასწაულთა რელიგიურ-მითოსური კონცეპციის ძირითად არსს უკვე აღარ შეესაბამება მაგიურ მოქმედებათა მარტივი მიმდევრობა, რომელიც ტოტემის აღდგენა-გაცოცხლების მიზნით ტარდებოდა. ამ დღესასწაულებში თამაშდება ბუნების ნაყოფიერების აღორძინების მითოსურ დროში მომხდარი ამბები, რომელთა არსი გამოხატულია მათი განმეორებადობით და ციკლურობით. პერსონაჟებად გვევლინებიან ამ ძალების დედური და მამრული გამოხატულებანი, რომელთა თავგადასავალის მითოსურ-სიმბოლური ეპიზოდები წარმოადგენენ მიზეზობრივი ურთიერთგანმაპირობებელი კავშირების ანალოგიის წესით ახსნის საშუალებას.

ამ პროცესში ზებუნებრივი ძალის მფლობელები არიან მხოლოდ ღვთაებები ან მათი რჩეულები, რომელთაც შეიძლება ქონდეთ ინსიგნია. მათი ძალის გამოხატვისა და გამოვლენის საშუალება, რომელთა მეოხებით ასრულებენ თავიანთ "მოვალეობას". ჩვენთვის საინტერესო სიუჟტის მიხედვით მათრახი // ჯოხი სწორედ ამ დანიშნულების იარაღია, მისი საშუალებით ნადირთ პატრონებს მოქმედებაში მოყავთ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. უფრო გვიან მათრახი იქცა ღვთაებათა ატრიბუტად, რომელიც მათ ხელთ უპყრიათ და სჯიან დამნაშავეებს, ან ანადგურებენ მტერს. ასეთები არიან, თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ტექსტებისა, კოპალე, წმ.გიორგი, იახსარი. მათ თავიანთი მათრახები, ლახტები, სასაგნავები და ა.შ. თვით მორიგე ღმერთმა დაურიგა. აღსანიშნავია, რომ ღვთაებათა "სამოცდასამი მხარე" მათრახი "სენსამსალაით არის დაფევრული". ე.ი. იგივე  დანიშნულება აქვს, რაც მაგალითად, აპოლონის მშვილდს. ამ შემთხვევაში ხაზი გაესმის ღვთაების მათრახს, როგორც დასჯის იარაღს. ავადმყოფობის (შესაბამისად სიკვდილის) შემყრელს, მაშინ როცა ნადირთ პატრონთა იარაღი აცოცხლებს, ჩანს, როპ საქმის ორივე მხარე, როგორც გაცოცხლება, ისე სიკვდილ-ღვთაებათა ხელთა და მათი იარაღით სრულდება. ასევე საინტერესო იარაღია ღვთაებათა ჯოხი // წკეპლა, რომელიც ჩვენში გაცილებით ძველი მოვლენა უნდა იყოს, ვიდრე მათრახი. მისი განვითარების შედეგია გვარის უფროსთა, თანამდებობის პირთა და ეკლესიის მსახურთა ინსიგნია, კვერთხი, რომლის ნაირსახეობას წარმოადგენს სამეფო სკიპტრაც. მათრახი ღვთაებათა ატრიბუტიდან გმირთა იარაღად იქცა, რისი საუკეთესო ილუსტრაცია არის ტარიელის მათრახი; ამ იარაღით ტარიელი გამოირჩევა ყველა სხვა გმირისაგან, რომლებიც პოემაში, პირველი გამოჩენისას, თავიანთი ნიშანდობლივი იარაღით გვეცხადებიან (ტარიელი მათრახით, ავთანდილი მშვილდით. ფრიდონი ხმლით). მათრახი ამ შემთხვევაში გმირის განსაკუთრებული ძალის ნიშანია (მეომარი ღვთაებები მათრახით გრდემლს წყვეტენ მიწიდან და იტაცებენ). ასე რომ, მათრახი "ვეფხისტყაოსანში" - მხოლოდ რუსთაველის პოეტური ხედვის გამო არ მოხვედრილა: მას საკმაოდ დიდი მითოსური ტრადიცია აქვს, რასაც გამომდინარე პოემის ფაბულის ანალიზიდან, განსაკუთრებული მნივნელობა ჰქონდა პოემის ავტორისათვის.

ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული რიტუალები, სადაც თავმოყრილი იყო ცხოველთა კოლექტიური მოკვლის, ცხოველის ხორცის საყოველთაო სავალდებულო შეჭმის, ცხოველის გაცოცხლებისა და ასევე სქესთა ურთიერთობიც იმიტაციის ეპიზოდები. ყველა ეს ეპიზოდი ეხმაურება და უშუალო კავშირშია ჩვენთვის ამჟამად საინტერესო სიუჟეტთან. თუ ხსენებულ რიტუალთა მრავალფეროვნებას და გავრცელებას გავითვალისწინებთ, მაშინ შეიძლება დავასკვნათ. რომ ხის ბეჭის შესახებ სიუჟეტში ასახულია კავკასიაში ფართოდ გავრცელებულ რწმენათა ერთი ასპექტი, ამ წარმოდგენათა ერთი ისტორიული დონე, სადაც ნადირთა გაცოცხლება აკისრია ღვთაებათა სანათესაო ჯგუფს, რომელსაც ხელოვნური ნათესაობით უკავშირდებიან მონადირეები (საერთო ტრაპეზა, ნადირთ მფარველთა ასულებთან, ან თვით ნადირთა ღვთაებასთან სასიყვარულო ურთიერთობები). ცნობილია, რომ გაცოცხლებისა და გამრავლების იდეა აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ტოტემისტურ წარმოდგენათა წიაღში, სადაც ძირითადი დღესასწაულები ეძღვნებოდა ტოტემის გამრავლებას, შესაბამისად სოციალური ჯგუფის თვითგამრავლების იდეის რეალიზაციას, რასაც ასრულებდა აღებული კოლექტივი. რიტუალს ასრულებდნენ მხოლოდ ამ კოლექტივის წევრი მამაკაცები. ამ პერიოდში ისინი მიდიოდნენ ტოტემ - წინაპართა ტერიტორიაზე, ეხებოდნენ საკრალურ საგნებს და ასრულებდნენ საკრალურ მოქმედებებს. დღესასწაულები, მაგალითად. ავსტრალიელთა შორის, უკვე გარკვეული ციკლების სახით ტარდებოდა და მათი დასაწყისი ჩვეულებრივ მოდიოდა გვალვის სეზონის დასასრულსა და წვიმების დასაწყისის მიჯნაზე. საკრალური დრო და სივრცე, რომელშიაც სრულდებოდა ტოტემის აღორძინების ცერემონიალი, საკრალურად აქცევდა თვით ცერემონიალის შემსრულებელ ჯგუფსაც. როცა ტოტემიზმის მნიშვნელოვან გავლენას ხედავენ ადრე მიწისმოქმედთა კულტურებში, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გავლენები მხოლოდ მატერიალურ საგნებით არ ამოიწურებოდა. ტოტემისტური წარმოდგენებიდან ადრესამიწათმოქმედო ხანებში გადმოვიდოდა წარმოდგენა სიკვდილისა და აღდგენის შესახებ, ამ იდეის ამსახველი რიტუალებისა და რიტუალთა შემსრულებელი ჯგუფის საკრალურობის შესახებ, რაც უცვლელად დარჩა ახალი იდეოლოგიის პროცესში და ის, რაც ადრე ნათესაური, ტოტემური ჯგუფის პრეროგატივა იყო, ახლა ღვთაებათა ნათესაური ჯგუფის საქმედ იქცა. რიტუალებიდან აშკარად ჩანდა, რომ ტოტემური ჯგუფი ითვლებოღა ტოტემის ჯიშის პატრონად, მის გამგებლად, მის ხელში იყო და მასზე დამოკიდებულად ითვლებოდა ტოტემის გამრავლების საქმე. სამონადირეო წარმოდგენებში ეს პოზიციაც უცვლელად იქნა შენარჩუნებული: ნადირთ პატრონები ნადირს განაგებენ. მათზეა დამოკიდებული ნადირის გამრავლება. ერთის მხრივ ღვთაებათა სანათესაო კოლექტივის მიერ შესრულებული ცხოველის აღდგენის რიტუალები და მოგვიანებით წარმოქმნილი, ნათესაობის (მამა - შვილობის) პრინციპზე აგებული პანთეონები, ხოლო მეორეს მხრივ რიგი არქაული რიტუალის სავალდებულო კოლექტიური შესრულების წესი, თვალნათლივ მიუთითებენ, რომ ამ მოვლენის სათავეები გვაროვნულ საზოგადოებასა და ამ საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ცნობიერებაში არის საძებნელი. ამასვე მოწმობს ის სივრცე, სადაც ხსენებული რიტუალები სრულდებოდა. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა დღესასწაულებისას მონაწილეთა კარდაკარ სიარული, სოფლის სავალდებულო შემოვლა, ყველა მოსახლის ეზოში შესვლა, პროდუქტის თხოვნითა და სიმღერთ და ა.შ. ასე რომ კოლექტიური საკულტო ქმედებები ყოველთვის გარკვეულ სივრცეს ითვალისწინებდა და ძირითადად შემოიზღუდებოდა აღებული სოციალური ერთულის ტერიტორიით. ამ უტყუარი მონაცემების საფუძველზე შეიძლება დავუშვათ, რომ რელიგიური წარმოდგენების სტრუქტურაში, თუნდაც მის უძველეს დონეზე, ხდებოდა საკრალიზებული კვანძების წარმოქმნა, რომლებიც ახალ პირობებში კი არ ქრებიან, არამედ გარკვეულ მითო - რელიგიურ მოდიფიკაციას განიცდიან ახალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურულ-ისტორიული გარემოს შესაბამისად. წარმოდგენილი მასალის საფუძველზე ასეთი კვანძების რიგს შეიძლება განვაკუთვნოთ გაცოცხლება - აღდგენის მაგიური პროცესი, მაგიიდან მომდინარე ბუნების ნაყოფიერების მექანიზმი, კოლექტიური რიტუალები, ნათესაური პანთეონები, მსხვერპლის (შემდეგში სახატო მოსავლის) კოლექტიური შეჭმა, წარმოდგენები საიქიოზე, კერისა და კერის ცეცხლის საკრალური მნიშვნელობა, რომლებიც ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იქნეს საკრალიზებულნი, როგორც საზოგადოების ფუნქციონირების უმთავრესი პირობა და, მიუხედავად პრინციპული კონცეპტუალური სახეცვლილებებისა, მუდმივად ინარჩუნებენ ადგილს კულტსა და რიტუალში. ჩვენის აზრით, ეს ვითარება განაპირობებს ეთნოგრაფიული მასალის უდიდეს მნიშვნელობას კულტურის უძველესი შრეების შესწავლისას. ამიტომ არის, რომ თქმულებაში ხის ბეჭის შესახებ დაცულია წარმოდგენათა ისეთი შრე, რომელიც აშკარად უკავშირდება რელიგიურ - მაგიურ წარმოდგენათა უფრო სიღმისეულ პირველადი მნიშვნელობის მქონე სამყაროს. ამ სიუჟეტში შესულია რამდენიმე საკრალური კვანძი, რომელთა მოქმედების სფერო არ იფარგლება არც ეთნიკური საზღვრებით, არც მეურნეობის ტიპით. არც სარწმუნოებრივი საფუძვლით და ყველა კულტურულ - ისტორიულ გარემოში ინარჩუნებს სამოქმედო ასპარეზს. ორიოდე სიტყვა ამ კვანძების შესახებ. სამონადირეო წარმოდგენებსა და ეპოსში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ირემსა და ჯიხვს, რომელთაც ხალხი "წმინდა ნადირს" უწოდებდა.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს ცხოველები მიცვალებულთათვის სასურველ შესაწირავად ითვლებოდა. ხალხი საგანგებოდ ცდილობდა მათ მოპოვებას საკურთხისთვის. იწირებოდა ცომისაგან დამზადებული და გამომცხვარი გამოსახულებებიც. არსებობს ვრცელი ეთნოგრაფიული მასალა, რომლის მიხედვით ჩანს, რომ ნადირობის პროცესსა და ნანადირევს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საქორწილო რიტუალებშიც. "წმინდა ნადირი" ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული სალოცავებთან. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ლეგენდა ხარისა და ირმის შესახებ, რომლის თანახმად სალოცავში თავის ნებით მომავალ სამსხვერპლო ირემს ჩაენაცვლა ხარი (ბრეგაძე ნ. - ირემი და ხარი. მსე XXII, გვ.57-64). მსგავსი სიუჟეტები სხვა ხალხების ზეპირსიტყვიერებაშიც არის დაცული. ხალხური ტექსტებისა და რიტუალური მოქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მწარმოებლური მეურნეობის პირობებში სასურველ მსხვერპლად მიჩნეულ ნადირს ინტენსიურად ენაცვლებოდა შინაური ცხოველი და ფრინველი. რიტუალში და ტექსტებში, სადაც ნადირი იგულისხმება, ხშირად შინაურია დამკვიდრებული. ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარულია ცხვარი, რადგან ხალხური წარმოდგენების მიხედვით, ისიც წმინდა და სასურველი სამსხვერპლო ცხოველია. მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ქართული მასალა, რადგან დანარჩენ მსოფლიოში ცხვართან წარმოდგენათა მთელი სისტემაა დაკავშირებული და მისი განხილვა შორს წაგვიყვანს. მათ შორის გამოვყოფთ მხოლოდ ხეთურ რიტუალებს, სადაც ცხვრის // ბატკნის ტყავი ითვლება აღდგენისა და სიუხვის სიმბოლოდ, რაც ბერძნულ მითოლოგიაში ოქროს ცხვრის სახით გამოიხატა. ცხვრის საკულტო მნიშვნელობა საქართველოში უაღრესად ტრადიციულია, რასაც სპეციალისტები ცხვრის დიდი ეკონომიური მნიშვნელობით ხსნიან. ცხადია, ცხვართან დაკავშირებული რწმენა - წარმოდგენათა გააქტიურება უნდა მომხდარიყო იმ ხანებში, როცა მეურნეობის ამ დარგმა სათანადო მნიშვნელობა შეიძინა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად მეცხვარეობა უნდა დაწინაურებულიყო შუა ბრინჯაოს ხანაში. თანამედროვე ქართული სიტყვა "ცხოვრება" წარმოსდგება "ცხვარ" ("ცხოვარ") ძირისაგან. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ. რომ "ცხოვრება" ოდეღაც მეცხვარეობას, შესაძლოა საერთოდ მესაქონლეობასაც ნიშნავდა. მეურნეობის ამ დარგთან ერთად უნდა მომხდარიყო შესაბამისი ტერმინოლოგიის ფორმირება, მისი მნივნელობის გაფართოება და სარალიზაციაც. ე.ი. ტერმინი "ნადირთ მწყემსი" უნდა აღმოცენებულიყო მხოლოდ სამწყემსო მეურნეობის განვითარების შემდეგ. ამ პირობის გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს უკეთ წარმოვიდგინოთ ის კულტურულ -ისტორიული და სოციალური გარემო, სადაც შესაძლებელი გახდა ჩვენთვის საინტერესო სიუჟეტის გარდასახვა და ახალი სახით ჩამოყალიბება.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენის აზრით, ნათელი ეფინება ქართულ ხალხურ ორნამენტში გავრცელებულ ერთი სიმბოლოს თავდაპირველ შინაარსს, რომელსაც ხევსურეთში დადგენილი ტერმინოლოგიის მიხედვით, "რქადახრილას" უწოდებენ. იგი კავკასიის ტერიტორიაზე უძველესი ხანიდან არის ცნობილი და სიმბოლურად ცხვრის თავ -რქას უნდა გამოხატავდეს (.ტაბ. 7).

მოტანილი მასალა და გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე დასკვნების სახით გამოვყოფთ:

1. საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპებზე იქმნება საკრალური კვანძები, რომლებიც დიდ მითოსურ - სარწმუნოებრივ პოტენციალს შეიცავენ. ისინი სხვადასხვა დროს ივსებიან სხვადასხვა შინაარსით და როგორც უნივერსალიები, გამოხატავენ მემკვიდრეობით კავშირებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქათა შორის. სიუჟეტური ქარგის პრინციპული მდგრადობა კომპენსირებულია სოციალური და მრწამსობრივი ფუნქციის მობილობით.

2. ხისბეჭიანი ნადირის შესახებ არსებულ თქმულებაში ასახულია უძველესი სამონადირეო წარმოდგენა ნადირთ მწყემსთა კოლექტივის შესახებ. ეს ღვთაებები კლავენ და აღადგენენ ნადირს, ასევე ანაწილებენ მონადირეთა შორის. მათი სახით წარმოდგენილია ეგზოგამური კოლექტივი: აქვთ საერთო წარმომავლობა, კერა, ტრაპეზა, ასრულებენ სტუმარ-მასპინძლობის წესებს. მომდევნო ეპოქებში ღვთაებათა პანთეონები, ასევე ნათესაური კოლექტივების სახით არიან წარმოდგენილნი, რაც ადასტურებს მათ გენეტიკურ კავშირს გვაროვნული საზოგადოების მსოფლგაგებასთან.

3. საკრალური იდეა, რომელიც მოქმედებაში მოყავს ნადირთა მწყემსების კოლექტივს, ტოტემისტურ წარმოდგენებში იღებს სათავეს. ტოტემური ცხოველის მაგიური საშუალებებით აღდგენა - გამრავლება ტოტემური ჯგუფის ძირითადი რელიგიური კვლავმწარმოებლური აქცია იყო. ჯგუფი ამ დროს საკრალურ დროსა და სირცეში მოქმედებდა და თავადაც საკრალურად განიხილებოდა. სათანადო მწამსობრივი ცვლილებების შემდეგ. საზოგაოების საკრალურმა მეხსიერებამ ეს ფუნქცია ნადირთა მწყემსი ღვთაებების ნათესაურ ჯგუფზე გადაიტანა.

4. ნადირის ძვლისა და თავ - რქის დაცვის წესი, მისი აღდგენის რიტუალები, სქესობრივი მაგია, ტყავი და ძვლები, როგორც მატერიალური მინიმუმი მაგიური აქციისათვის, ასევე ნიღბოსანთა თამაშობები, იმეორებენ ძველი "ზოოფაგიური" დღესასწაულების იდეას აღღგენა - გაცოცხლების შესახებ. ოღონღ ამჯერად საფუძველს მათი სარწმუნოებრივი კონცეფციისათვის შეადგენს მიწისმოქმედთა შეხედულებები ბუნების აღორძინების შესახებ.

5. "ხის ბეჭის" სიუჟეტი უძველესი საკრალურ კვანძებისაგან არის აგებული და ამიტომ ძირითადად უცვლელად ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, მაგრამ, მიუხედავად ფორმალური მდგრადობისა. იგი ყოველ განსხვავებულ ვითარებაში, იტვირთება სოციალური გარემოს შესაბამისი იდეოლოგიითა და მორალურ - ზნეობრივ ფასეულობებით. ფორმის მდგრადობა არ ქმნის დაბრკოლებას იდეოლოგიური ცვლადობისათვის.

6. განხილული სიუჟეტი საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ სარწმუნოებრივი სამყაროს ტრანსფორმაციის პროცესს დროის დიდ მონაკვეთზე და ეთნოგრაფიული მასალის ანალიზია საფუძველზე გამოვავლინოთ კავშირები კულტურის არქაულ შრეებთან.

7. "რქადახრილა", როგორც გრაფიკული სიმბოლო. შექმნილია ცხვრის თავ - რქის გამოსახულების სტიღახაციის გზით. ცხვრის თავ - რქას. მსგავსად ნადირისა, საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა.

<< უკან დაბრუნება (დასაწყისი)