There are no translations available.
ფეტვისხევი - (ბოშურის სოფსაბჭო) მარიამწმინდის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას მდ. ტანის ხეობაში, სოფლიდან ჩრდილო -დასავლეთით, 3 კმ-ზე, ტყეში ("შავტყე“). თარიღდება IX-X საუკუნებით. ეკლესია დარბაზულია (12,25 X 11,1 მ.), ნაგებია პირითადად ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთით - ორ-ორი. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდს მაღალი დასაჯდომი გასდევს. აფსიდის ცენტრში დგას ქვით ნაშენი სარაპეზო. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მძლავრად გამოშვერილ ერთსაფეხურიან პილასტრებსა და თლილი ქვის საბჯენ თაღებს ეყრდნობა. აფსიდის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც სტილისტური ნიშნებით XII - XIII საუკუნეებს განეკუთვნება. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული, აქ იდგა XV – XVI საუკუნეების ხის კანკელი (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუხეუმში). კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო. ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლების მთელ სიგრძეზე ეკლესიის თანადროული ორი მინაშენია. ორივე მინაშენი აღმოსავლეთით ეკლესიის აფსიდის კედლებში ღრმა ნიშით არის შეჭრილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში გვიანდელი ფეოდალურ ხანაში მიუშენებიათ დარბაზული ეკლესია, რომელსაც კარი სამხრეთითა აქვს, სარკმლები აღმოსავლეთითა და სამხრეთით.
მ. მგალობლიშვილი
ბიბლიოგრაფია:
1. ფეტვისხევი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.-თბ.,1990.-გვ.109-110. - სოფ.ფეტვისხევის მახლობლად, ტყეში აგებული, IX-X საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიისა და მისი თანადროული მინაშენის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილი მოხატულობის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ერთვის ეკლესიის გეგმა, განაკვეთისა და ფასადის ნახაზები.
|