topmenu

 

ქართველური ტომები - თაბალები, თობელები

<უკან დაბრუნება...<<<ქართველები//ქართველური ტომები>>>

ტ.ფუტკარაძე - ქართველები // გამ. "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", 2005 წ. გვ 100-101 - http://www.putkaradze.ge/qartvelebi/qartvelebi/links/1.2..htm

თაბალები, თობელებთ - ძვ.წ. IX – VII  საუკუნეების ასურული წყაროების თაბალის ქვეყანას (თა-ბა-ლუ) მკვლევართა უმრავლესობა ანტიკური ხანის დიდ კაბადოკიაში ათავსებს; მაგ., ბ.ლანდსბერგერის ვარაუდით, თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში - სამხრეთ -დასავლეთ კაბადოკიაში; მიჩნეულია, რომ თაბალების სახელი ასახულია ბიბლიური ეთნარქის - თუბალ-/თობელის სახელში (შესაქმე, IV, 22, X, 2, XI, 28). ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მტკიცებულებანი, რომ თუბალ/თობალის ჩამომავალნი არიან ტიბარენები, ტიბარები, იბერები ანუ ქართველები (იოსებ ფლავიუსი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ. მარი, ი.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა... მსჯლობისათვის იხ. ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.22-23; ს.ჯანაშია, 1959). თაბალებსა და ტიბარენებს სხვადასხვა ხალხებად მიიჩნევს ნ. ხაზარაძე (შდრ.. თაბალი - გვიანდელი ხეთური პოლიტიკური გაერთიანება მცირე აზიაში); მისი აზრით, ასურული თაბალ- ძველებრაული თუბალ- და ძველ ბერძნულად ნათარგმნ ბიბლიაში დამოწმებული ობელ შეუძლებელია ქართველური დიალექტური (შესაბამისად, ქართულ-სვანურ-მეგრული) ვარიანტები იყონ, ვინაიდან იდენტურ სახელთა მსგავსი ვარიანტულობა ხშირია ასურულ, ხეთურ, იეროგლიფურ-ლუვიურ, ძველ ებრაულ და ძველ ბერძნულ ენებში; მაგ., შდრ.: ასურული გამირ-, მუშქუ და ძველბერძნული გომერ-, მეშეჰ-; ხეთური კუმმანი და ასურული კამმანუ; ხეთური თეგერმა და ძველბერძნული თოგორმა... ნ.ხაზარაძის ლოგიკური დასკვნით, "თაბალისათვის ნავარაუდევი ტერიტორია ძველთაგანვე ხეთურ - ლუვიური ტომების გავრცელების არეალში შედიოდა" (ნ.ხაზარაძე, 1978, გვ.64, 82; ნ.ხაზარაძე, 2001; აქვე იხ.საკითხის შესწავლის ისტორია). საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ თუ ბიბლიური მეშეჰი და თობელი სხვადასხვა ხალხების წინაპრებად ივარაუდებიან: ბიბლიის განმმარტებელნი თობელის შთამომავალთ იბერებთან აიგივებენ, იმ იბერებთან, რომლებიც, ამავე დროს, მკვლევართა აზრით, ტიბარენების ჩამომავლები არიან. საინტერესთა ისიც, რომ ქალაქი მაზახა/მაზაკა, რომელიც მუშქთა/მოსხთა დედაქალაქად მოიაზრება, მასალობრივად აშკარად უახლოვდება *მასხ-/მასახ-/მესხ- ფუძეს; ნ.ხაზარაძის დასკვნით კი, სწორედ ამ ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდნენ თობალებიც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების თობელები/თეობელები და ქართული თარგანების თოვილები სახელდებიან მხოლოდ ბიბლიურ კონტექსტში; კერძოდ: იოსებ ფლავიუსი (I ს.) "...თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ" (გეორგიკა, 1961, გვ.34; შდრ., XII საუკუნის ქართული თარგმანი: "დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივრად იწოდებიან"); ევსტათი ანტიოქელი (280 - 360): ობელისგან წარმოიშვენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34); ლეონ გრამატიკოსი (XI): „... თობელისგან - თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან - მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები" (თ.ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49)... შდრ., გიორგი სინგელოზი (VIII - IX): თობელისაგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან - ილირიელები (გეორგიკა, 1941, 61-62)... ჩვენი აზრით, კვლევის ამ ეტაპზე უპასუხოა კითხვა: თაბალები ინდოევროპული ტომია თუ ქართველურ - კავკასიური?