topmenu

 

მეღვრეკისი - მეგრელიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება . << დაბრუნება მთავარ გვერდზე

ი. მეგრელიძე - სიძველეები ლიახვის ხეობაში // გამ. "საბჭოთა საქართველო", თბილისი  1984 წ,  გვ. 45 - 47


მეღვრეკისი

გორის რაიონის უკანასკნელი სასოფლო საბჭოა. იგი ცენტრიდან 32 კმ-ზე მდებარეობს. ცხინვა ლიდან კი - 4 კმ-ზე.

მეღვრეკისში 186 კომლი ცხოვრობს, მასში შემავალ ერგნეთში --- 129. ამგვარად, მეღვრეკისის კოლმეურნეობა 315 კომლს აერთიანებს (16.07.1954 წ.).

მეღვრეკისი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს. იგი ამბობს: "შერთულს ზეით, დიდ-ლიახვზედ, არს მეღვრიკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი".

ი. კ. ამ მონასტერს ეკლესიად იხსენიებს და პალესტინის ქართულ მონასტერს უკავშირებს. ნაგებობას ხალხი თვლის ვახტანგ გორგასალის დროისად. აქვე მცხოვრები სოფიო სიმონის ასული კენჭაძე-მაჭარაშვილისა (დაბ. 1883 წ.),  რომლის მამა მღვდელი ყოფილა, ამბობს, რომ მას უხდებოდა საეკლესიო დავთრების გადაწერა, რომელშიც იყო აღნიშნული, რომ ეს  ეკლესია ვახტანგ გორგასალმა ააგოო. დავთრებშივეო, - დასძენს  ს. კენჭაძე-მაჭარაშვილისა, - იყო აღნიშნული, რომელი ეპისკოპოსის დროს ვინ განაახლა და შეაკეთა ეს ეკლესიაო.

ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან (მიწის სამუშაოების შესრულების დროს) აღმოჩენილა ქვაყუთი (კუბო), შიგ და მის ირგვლივ უნახავთ ათამდე მიცვალებულის ჩონჩხი. ძველი ცრუმორწმუნეობრივი წარმოდგენის თანახმად, ამბობენ, რომ ამ ძვლებს ალბათ ეწერათ ზეცა ეხილათო და, წესისამებრ, ისევ დავმარხეთო, ერთი თავის ქალას გამოკლებით, რომელიც მასწავლებელმა სკოლაში წაიღო. ქვაკუბოს სარქველი (დიდი ბრტყელი ქვა) იქვეა გადებული  რუზე ხიდად.

მეღვრეკისშივე, ძველი პატარა ციხის ნანგრევების გალავნის მიდამოებში, კატო მაისურაძის სახლისათვის საძირკვლის გათხრისას აღმოჩენილა ქალის საფლავი, რომელშიც კოკა, მძივები და სხვა ნივთები უპოვიათ.

ეკლესიის სამრეკლოში ზარი კიდებულა, რომელიც, ადგილობრივების თქმით, წაუღიათ 1942 თუ 1943 წელს.

მეღვრეკისის ქებაანთ უბანში ერთ ადგილს საჯვარეს უწოდებენ. მას წმინდა ადგილად თვლიდნენ. წინათ იქ ღამის სათევადაც მიდიოდნენ გარკვეული დღესასწაულის დროსო. ზოგიერთი ძველი ნივთი იქაც უპოვიათ.

საჯვარესთან პატარა მრგვალი კოშკის ნაშთიცაა.

დიდი ოქტომბრის რევოლუციის წინ მეღვრეკისი დიცის სამამასახლისოში შედიოდა. 1905 წელს ს. მეღვრეკისს თავს დასხმია ცხინვალის ბოქაული და ჩაფრები, წითელი რაზმელების ოჯახებიდან იარაღები წაუღიათ და იასონ დედანაშვილი, გიგუცა კახნიაშვილი, ნიკა ედიშერაშვილი და სხვები აუოხრებიათ.

მეღვრეკისის სასაფლაოზე რამდენიმე ძველი საფლავის ქვაც ძევს. ერთ-ერთ მათგანზე ვკითხულობთ:

"მომიხსენიე მე(,) უფალო(,) საფლავსა შინა მდებარე

ივანე (კ)ახნიაშვილის მეუღლე(.) გარდავიცვა(-)

ლე(.) ვითხოვ შენდობასა(,) ჩყოდ წ(.)

ივლისის ე.ს"" (=1874 წ. 5 ივლისი).

ქალის სახელი არ ჩანს წარწერაში.

 

სხვა ქვაზე წერია:

„საფლავსა შინა მდებარე ვარ გიორგი

იოსების ძე ნადირაშვილი(.)

(გარდავიცვალე) ჩყპა-სა წელსა(,) ქრისტეშობისთვის

ი-სა დღესა(.) შენდობა მიბრძანეთ!" (=1881 წ.)

 

კიდევ სხვა ქვაზე წერია:

"მომიხსენიე მე(.) უფალო(,)

მოსიაშვილი სოსიას ქალი

კეკელა(!) აღმომკითხველნო(,) შენ(-)

დობა მიბრძანეთ(!) ჩყი"' (=1860 წ.).

 

ან კიდევ:

"მომიხსენიე მე(,) უფალო(,) საფ(-)

ლავსა შინა მდებარე გაიანე

კახასშვილი მოსეს

ასული(,) წელსა. ჩყობ" (=1872 წ.).

იქვე პავლია ქებაძის საფლავს ჩყო (1870 წ.) აწერია, ხოლო იობა ილარიონის ძის (გვარი არ ჩანს) ქვას უკვე ციფრით აწერია 1878 წ. 37 თიბათვე.