topmenu

 

სამთავისი - პ.ზაქარაია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< (ნაწილი II)

სამთავისი //ზაქარაია პ. IX-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XII სს. თბილისი, 1975. - გვ.7-46.

სამთავისის ტაძარი - შუა საუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურის ქვაკუთხედია. გენიალურმა ხუროთმოძღვარმა შექმნა ლაკონიური კომპოზიციისა და მიმზიდველი ფასადების მქონე ნაგებობა. XI ს. პირველ ნახევარში წარმოშობილი ნაგებობის ეს ტიპი მცირე ცვლილებებით, სხვადასხგა ნიუანსებით შემდგომ საუკუნეებშიც მეორდება. სამთავისი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 60-ოდე კილომეტრის მანძილზე, ამავე სახელწოდების სოფელში. მოგვიანებით ტაძარი გალავნით შემოუფარგლავთ. გალავანს შესასვლელი ჩრდილოვთით, სამრეკლოს ქვედა სართულიდან აქვს. მეორე ჭიშკარი დასავლეთითაც ყოფილა, შემდგომში ამოუქოლიათ. სამხრეთით, გალავანთან ახლოს, ერთი მცირე ეკლესიის ნანგრევია შემორჩენილი. სამთავისის პირველ მშენებლად ვახუშტი ბაგრატიონი VI ს. მოღვაწეს - ცამეტ ასურელ მამათაგან ერთს - ისიდორეს ასახელებს. იგი წერს: "...არს რეხულას აღმოსავლით სამთავისი, ეკლესია დიდი, გუნბათიანი, დიდმშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა. ქმნული არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე". აქ შეიძლება უზუსტობასთან გვქონდეს საქმე, რადგან ცნობილია, რომ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებას უკვე ესწრებოდა სამთავნელი ეპისკოპოსი. ასურელი მამები კი უფრო გვიაან ჩამოვიდნენ. ეკლესიაში XI საუკუნეზე უადრესი არაფერი ჩანს. თუ ვივარაუდებთ, რომ აქ VIს. ეკლესია იდგა, არ არის გამორიცხული მისი ფრაგმენტი დარჩენილი იყოს მიწის ქვეშ. სამწუხაროდ, არც XIს. ეკლესიას მოუღწევია ჩვენამდე თავდაპირველი სახით. იგი რამდენჯერმე დაზიანებულა და ნაგებობის ნაწილებიც დაკარგულა. მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მას თავისი ტიპისათვის დამახასიათებელი იერი შენარჩუნებული აქვს და დღესაც იმპოზანტურია. წერილობითი წყაროები მეტად ძუნწ მასალას იძლევიან ტაძრის ისტორიაზე. უფრო მეტი შემოუნახავს თვით ეკლესიის კედლებს. წარწერების უმრავლესობა რამდენჯერმეა გამოცემული. (ჩვენ მათ ქვემოთ საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთ). წარწერებიდან მარტო ერთია თავის ადგილზე. იგი მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, მაღლა. დეკორაციული ჯვრის მკლავებს შორის (სურ.8).

ამ წარწერას გაგრძელება მარჯვნივ ექნებოდა, მაგრამ აღარ შერჩენილა. იგი ყოფილა დ.მეღვინეთუხუცესის მიერ შესრულებულ გადმონაწერში, რომელიც ბროსესაც უნახავს 1848 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს. წაკითხულს იმეორებს თ. ჟორდანიაც (ეს ნაკლული ტექსტი ჩვენ ზემოთ ფრჩხილებში მოვათავსეთ). ეს ლოცვა უფროა და იგი შესავალივით უძღვის ქვემოთ მოთავსებულ საქმიან წარწერას:

ამჟამად წარწერა მოთავსებულია დასავლეთის ფასადზე, კარის ზემოთ: წარწერა მოგვყავს ჟორდანიას მიხედვით:

წარწერა ახლა ძლიერაა დაზიანებული. ქვა ნაწილობრივ მოტეხილია (ზემო მხარე). როგორც ჩანს, იგი ძეგლის რესტავრაციის დროს ჩასვეს ამ კედელში. პირველი სტრიქონი ამოვარდნილი უნდა იყოს. შერჩენილი სტრიქონის დასაწყისი თითქმის მთლიანადაა გაცვეთილი. ძლივს იკითხება ბოლო სტრიქონის დასასრულიც. წარწერის შინაარსი მეტად საინტერესოა. ირკვევა, რომ ეს ტაძარი 1030 წელს ილარიონ სამთავნელს აუგია. როგორც ჩანს, ილარიონი დიდად ენერგიული ადამიანი ყოფილა. მას აუგია კიდევ სხვა ნაგებობა სამთავისის ეზოში. ამის შესახებ მოგვითხრობს ამჟამად დასავლეთის კედელში ცალკე ქვაზეკარის ზემოთ, მარჯვნივ მოთავსებული წარწერა:

როგორც ვხედავთ, ილარიონი იქვე აშენებს 1050 წ. მარანსა და საწნახელს. ბროსეს გამოცემული აქვს კიდევ ერთი უცნობი წარწერა. იგი მოთავსებული ყოფილა სამხრეთის კარიბჭის შიგნით, პილასტრზე, როგორც ეტყობა,მე-19 ს. რესტავრაციის დროს გადათალეს. ამჟამად მხოლოდ მისი კვალი ჩანს აქა-იქ. წარწერა მაშინაც ძალიან ყოფილა დაზიანებული და ბროსეს სიბნელეში კარგად ვერ გაურჩევია. ჩვენ ამ წარწერის შემოწმების საშუალება აღარა გვაქვს. იგი 1056 წ. ყოფილა შესრულებული, ამიტომ საინტერესოა და მოგვყავს უცვლელად, ისე როგორც ეს ბროსეს ნაშრომშია.

როგორც ვხედავთ, აქ არც გადმონაწერია მთლად სწორი და არც გაშიფრვაა სრული, ვინაიდან მისი გასწორების საშუალებას მოკლებული ვართ, გამოვთქვამთ მხოლოდ ვარაუდს, რომ აქ შესაძლოა სახელი "იოანე" კი არ იყო, არამედ "ვაჩე". ის ორი ასო, რომელთა მეშვეობითაც ავტორი კითხულობს იოანეს, ჩვენი აზრით უნდა ყოფილიყო: ჩე და არა ნე ე.ი. ვაჩე. თუ ამ ვარაუდს მივიღებთ, მაშინ წარწერაში მოხსენებულია ისევ ვაჩე ყანჩაელის ძე, ამ ეკლესიის მაშენებელი ილარიონი. არ არის გამორიცხული, რომ მასთან ერთად სხვებიც ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი. ამჟამად ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში სამთავისის ტაძრის ავტორად, ხუროთმოძღვრად ილარიონია აღიარებული. ჩვენამდე მოღწეული სხვა წარწერები მოგვითხრობენ უკვე არა თავდაპირველ მშენებლობაზე, არამედ დამატებებსა და რესტავრაციებზე. ამათგან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დასავლეთის აღდგენილ კედელში, მარცხენა სარკმლის ქვემოთ მესამე რიგში ჩაყოლებული წარწერიანი ქვა. წარწერის ზოგიერთი ადგილი საკმაოდ დაზიანებულია.

წარწერა ქარაგმების გახსნით ასე იკითხება "ქ.ხატო ღმრთაებისაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული ძლიერი და უძლეველი, ღვთივ გვრგვნოსანი ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ მეფე გიორგი. მე იოანე სამთავნელმან მეფობისა მათისაგან აღვაშენე კარისბჭე ესე სალოცველად მეფობისა მათისა (ინ)დიქტიონსა მეფობისა მათისა იბ ქორონიკონი იყო ტპც" წარწერა მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის. უპირველვს ყოვლისა, ვგებულობთ, რომ ტაძრისათვის 1168 წელს (388+ 780) კარიბჭე მიუშენებია იოანე სამთვნელ ეპიკოპოსს. ეს წელი კი მეფეთ-მეფე გიორგის მეფობის მე-12 წელი ყოფილა (ცნობილია, რომ გიორგი III ტახტზე ავიდა 1156 წელს). სამწუხაროდ, ამ კარიბჭეს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი გადარჩენილი ფრაგმენტები გასული საუკუნის შუა წლებში უვიცმა რესტავრატორებმა მოშალეს. თუ რა ცვლილებები განიცადა სამთავისის ანსამბლმა მომდევნო საუკუნეებში ცნობილი არ არის. წარწერები მხოლოდ მე-15 საუკუნის შეკეთებას გვამცნობენ ორ ფილაზე. წარწერა მოთავსებულია ტაძრის დასავლეთ კედელზე სარკმლის ზემოთ. ორ ფილაზე

წარწერა რამდენჯერმეა გამოცემული. უკანასკნელად იგი სათანადო გამოკვლევით გამოსცა ს. ბარნაველმა. მისი აზრით, წარწერა შესრულებული უნდა იყოს XV ს. 70-იან წლებში. ავტორი ამ დასკვნამდე მიდის ისტორიული წყაროების შეჯერების შედეგად და ეთანხმება პ.კარბელაშვილს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სამთავისის ტაძრის აღდგენა მოხდა 1477 წლის მომდევნო პერიოდში. ხოლო რაც შეეხება გაიანეს, იგი უნდა იყოს იმარინდო (ამირინდო) ამილახვრის მეუღლე. იმავე დასავლეთის ფასადზე, მარცხენა სარკმლის ქვემოთ მოთავსებულია კიდევ ერთი დაუდევრად შესრულებული წარწერა (სურ.18). ეს წარწერაც უკანასკნელად გამოსცა ს.ბარნაველმა.

ს.ბარნაველი არ ეთანხმება წარწერის პირველ გამომცემელს მ. ბროსეს: „წარწერის ისეთი გაგება, როგორიც ბროსეს აქვს, მართებული არ არის, რადგან გამოდის, რომ მაშენებლის სახელი კი არაა ნაჩვენები, ნაჩვენებია მხოლოდ მისი მამის სახელი. წარწერა სხვაგვარად უნდა განვმარტოთ: მეორედ აღმშენებელი კი არ არის სიაოშის შვილი, არამედ სიაოში არის შვილი მეორედ აღმშენებლისა, ე.ი. გაიანეს შვილია". ავტორი თარიღს პირდაპირ არ მიუთითებს, მაგრამ იგულისხმება, რომ ეს წარწერა შესრულებულია XVს. ბოლოს, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისში. მომდევნო პერიოდში ტაძრის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება ისტორიულ წყაროებში, მაშინ, როდესაც მას უდიდესი ცვლილებები განუცდია, ჩამონგრეულა გუმბათი და თან ჩაუტანია დასავლეთის მხარის დიდი ნაწილი. ყველაფერი ეს აღუდგენიათ, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივად ხდებოდა ხოლმე - არა პირვანდელი სახით. ასეა თუ ისე, ეს დიდი სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მისი ანარეკლი წერილობით წყაროებში არ ჩანს. არის ერთი არაპირდაპირი ცნობა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი მოშლილი ყოფილა. ა.ხახანაშვილს, სამთავისის სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად, გამოცემული აქვს ერთი დიდი ზომის ხატის ვრცელი წარწერა, სადაც დამკვეთები, იოთამ ამილახვრის შვილი დემეტრე და მისი მეუღლე თამარი ჰყვებიან: "...ოდეს ვიხილეთ ტაძარი თქვენი ჟამთა ვითარებისაგან უფროსი ხატი მოშლილიყო და ტაძარსა თქვენსა აღრ ესვენა... მოვაჭედინეთ და შევამკევით ხატი ესე...და დავასვენეთ ტაძარსა და სოფელსა თქვენსა.... წარწერა შესრულებულია 1670 წელს.

როგორც ჩანს, ამ წელს ტაძარი უკვე მოქმედებს, მაგრამ ახლო წარსულში საყდარი გამოსული ყოფილა მწყობრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ამ ხანაში ეკლესიის გუმბათიც უკვე აღდგენილი იყო. ამ აზრს ადასტურებს აგრეთვე იმ წარწერის შინაარსი, რომელიც მოთავსებულია ეკლესიის შიგნით კედელზე. საკურთხევლის სამხრეთის კუთხის შიდა პირზე, ფრესკულ მხატვრობაზე სპეციალურად შემოსაზღვრულ ფონზე წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნით და ნაკლული ადგილების აღდგენით შეიძლება ასე წავიკითხოთ. მოპირდაპირე ჩრდილოეთის სვეტზე, არსებული წარწერა უფრო დაზიანებულია. ქარაგმების გახსნით და ნაკლული ადგილების სავარაუდოთ შევსების შემდეგ შესაძლოა წარწერა ასე წავიკითხოთ.

ქორონიკონის მიხედვით წარწერა შესრულებულია 1679 წელს (367+1312), ოქტომბრის თვეში. იქვე ვიგებთ, რომ ეკლესია მოხატულა "ხელითა სამთავნელ" ეპისკოპოსის მელიტონის მიერ. ორივე წარწერით ირკვევა, რომ ტაძარი მოუხატიათ 1678 წელს, გივი ამილახვრის სახსრებით და სამთავნელი ეპისკოპოსის ხელით. თავისთავად, ეს ფაქტი საინტერესოა იმის დასადგენადაც, თუ რამ განაპირობა ტაძრის ასე ერთიანად მოხატვა. როგორც ზემოთაც ვწერდით, ასეთი დიდი სამუშაოების ჩატარება საჭირო გამხდარა იმის გამო, რომ ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ნაწილი დანგრეული იყო. არქიტექტურული ნაგებობის აღდგენა კი, თავისთავად, მოითხოვდა შიდა მოხატულობის აღდგენას.

ძეგლის აღწერა

სამთავისის ტაძარი, მიუხედავად შესამჩნევი გადაკეთებებისა, მაინც ერთიანია და ბრწყინვალე. აღტაცებას იწვევს როგორც გარე ხედი, ისე ინტერიერი. მართალია, თვალს ხვდება შეკეთების შედეგად წარმოქმნილი შეუსაბამოებანი, მაგრამ ეს საერთო შთაბეჭდილებას არ ანელებს. სამთავისის გეგმა გრძელ სწორკუთხედშია მოქცეული (სურ.2). შიდა სივრცე ხალვათია. ამ სიხალვათეს ძირითადად ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის (სურ.1-3). შიდა სივრცეს განათება თითქოს არ აკლია, მაგრამ ის სიკაშკაშე არა აქვს, რომელსაც XI-XIII სს. ძეგლებში ვხვდებით. კატასტროფის შედეგად გუმბათის თორმეტი სარკმლიდან შვიდი დარჩა. ამის გამო გუმბათის ყელში სინათლის წყარო თითქმის განახევრებულია, დასავლეთის კედელიც მთლიანად ახალია. ალბათ ამიტომაა, რომ ეკლესიის დასავლეთის მონაკვეთი უფრო ბნელია აღმოსავლეთისაზე. ტაძრის აღმოსავლეთის ნაწილი დანარჩენ ნაწილებზე რთულია (სურ.2,3). ცენტრში მოთავსებულია აფსიდა, ხოლო გვერდებზე დამხმარე კომპარტიმენტები. ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდა ღრმადაა ჩამჯდარი. ბემა კი ორსაფეხურიანია, რაც დარბაზიდან ერთგვარი პერსპექტივის ილუზიას ქმნის, საკურთხეველი მაღალი გასასვლელებით უშუალოდ უკავშირდება გვერდითი სათავსების წინ გამოყოფილ მონაკვეთს. აფსიდაში ხუთი ნიშა თანაბარი ინტერვალით ყოფილა განლაგებული. XVII საუკუნეში, ეკლესიის მოხატვის დროს, ცენტრალურის გარდა, ყველა ნიშა ამოუვსიათ, შეულესიათ და მხატვრობით დაუფარავთ. მათი მოხაზულობის დადგენა აცვენილი ბათქაშის მიხედვით ხერხდება. ნიშები ერთი სიმაღლისაა, ხოლო მათი სიღრმე და სიგანე ცენტრალურსა სჭარბობს. ასეთი ნიშები ჩვეულებრივად მღვდელმთავართა ჩამოსაჯდომად იყო განკუთვნილი. ზედა რიგი მოკავებული აქვს სამ სარკმელს, რომელთა განლაგება კომპოზიციურად ერწყმის ნიშებს. გვერდითა სარკმელი ტოლია, შუა კი - მაღალი და განიერი. სარკმლები და ნიშები თაღებითაა გადახურული.

საკურთხევლას გვერდითი სათავსები ორ-ორსართულიანია და ერთნაირადაა გადაწყვეტილი. აქაც, ამ ტიპის სხვა ტაძრების მსგავსად, პირველ სართულზე სადიაკვნე და სამკვეთლოა მოწყობილი. ზედა სართულებში კი ე.წ. სამალავებია განლაგებული. სამალავებში ასვლა ზოგ შემთხვევაში პირველი სართულის კედლებში დაყოლებული კიბეებით, ზოგჯერ კი დარბაზის მხრიდან დატანებულ კარებში მისადგმელი კიბით ხერხდება. სამთავისში სწორედ ეს უკანასკთელი გადაწყვეტაა მიღებული. ქვედა სათავსებს კარი ცალ-ცალკე აქვს. სადიაკვნე და სამკვეთლო ორ-ორი სარკმლითაა განათებული, რომელთაგან თითო აღმოსავლეთის კედელში მდებარეობს და თითოც სამხრეთისა და ჩრდილოეთისაში. მეორე სართულის თითო წრიული სარკმელი აღმოსავლეთის კედლებშია მოთავსებული. ტაძარში მყოფს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საკურთხევლის გვერდითა ნაწილები სამსართულიანია. ასეთ ილუზიას ორივე მხარეს, სამალავის თავზე მოთავსებული კარის მსგავსი ხვრელები ქმნის. სინამდვიღუში ისინი სარკმლებს წარმოადგენენ. მათი შიდა ფორმა სამალავების კარების მსგავსია. ფასადზე კი მცირე ზომის წრიული სარკმლების მსგავსად გამოდის. ისინი სახურავს ზემოთ გამოდიან და ძნელად შესამჩნევია (ალბათ ეს მიზეზია, რომ სევეროვს ისინი ფასადზე არ გადაუტანია, ხოლო განაკვეთში მხოლოდ გარე კონტურს აჩვენებს). ზედა საიდუმლო ოთახიდან უნდა იყოს ასასვლელი კონქზედა სივრცეში, საიდანაც პატარა ოთხკუთხა ხვრელით შეიძლება გუმბათის არეში გასვლა. ასეთი გადაწყვეტა ხშირად გვხვდება ამ ტიპის ნაგებობებში. სამთავისის ხუროთმოძღვარმა გუმბათი ჩვეულებრივად ოთხ საყრდენს დააყრდნო, მაგრამ ადრეული ნაგებობებისაგან განსხვავებით, აქ მხოლოდ დასავლეთის ორი საყრდენია ცალკე მდგარი, აღმოსავლეთისა კი შერწყმულია საკურთხეველთან. ჯვრის მკლავების მაღლა ატყორცნილი გადამხური კამარები ხალვათ სივრცეს ქმნიან. გუმბათის საყრდენი თაღები ნახევარწრიული მოხაზულობისაა (სურ.3,4). ტაძრის დასავლეთის მონაკვეთს გადაკეთება ეტყობა, მაგრამ ძველი და ახალი ფენის ზედმიწევნით გამიჯვნა ყველგან ძნელდება გვიანდელი შელესილობის გამო. ზოგადად კი ასეთი სურათი წარმოგვიდგება: გუმბათის საყრდენი ჩრდილო-დასავლეთის პილონი აღუდგენიათ, მაგრამ მისთვის პირვანდელი რვაგვერდა ფორმა კი არ დაუბრუნებიათ, არამედ უწესო, ოთხკუთხა ფორმა მიუციათ. თანაც, ეს ტლანქი მასა არც ერთი ღერძის მიმართ არაა სწორად დაყენებული (სურ. 2).

შიგნით მყოფს ეს ძალზე ეცემა თვალში. რა უნდა ყოფილიყო ამის ობიექტური მიზეზი, გაურკვეველია. მეორე მხრივ კი, ძნელი წარმოსადგენია, რომ აღმდგენელს, რაგინდ ცუდი ოსტატი უნდა ყოფილიყო, არ შეემჩნია მის მიერ აღდგენილის შეუსაბამობა. ამ პილონის საპირედ ფასადების რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვაცაა გამოყენებული. ფორმების სიზუსტე არც დასავლეთის მკლავის გვერდის თაღებშია დაცული. ორივე თაღი დამჯდარი ფორმისაა და უსწორმასწორო მოხაზულობისა (სურ.4). გვერდის ნავის კამარები კი შელესილია და ამის გამო დეფორმაცია არ ეტყობა. რაც შეეხება დასავლეთის კედელში მოთავსებულ ორ ფანჯარას, პირვანდელი არც ერთი არ არის. დანარჩენი მკლავების სარკმლებში საეჭვო არაფერია. როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთით სამი სარკმელია, გვერდებზე კი - თითო. დასავლეთით, გარე ნავებში, თავდაპირველად თითო სარკმელი უნდა ყოფილიყო. აქ, შიგნიდან, ახლაც ჩანს გარედან დახშული თითო სარკმელი, ფანჯრები. საერთოდ კი, ეს კედელი ისეა შელესილი, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა. საჭიროა ეკლესიის შიდა კედლების გაწმენდა გვიანი შელესილობისაგან, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საერთოდ შეკეთების საზღვრების დადგენა. აღდგენილი გუმბათის ყელში შვიდი მაღალი და ვიწრო სარკმელია (ნახატებზე გუმბათი აღდგენილი სახითაა გადმოცემული). ცხადია, ასეთი გადაწყვეტა ან საუკუნისათვის წარმოუდგენელია. რაც შეეხება გუმბათის ყელის ქვედა ნაწილს, კერძოდ, სარტყელს და აფრებს, ისინი პირვანდელი სახითაა და ამ ადგილებს შეკეთება არ ეტყობა. ეკლესიას დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით თავდაპირველად თითო შესასვლელი ჰქონია. ამათგან ყველაზე ნაკლებად ჩრდილოეთისაა გადაკეთებული, დასავლეთისა მთლიანად აღდგენილია, ხოლო სამხრეთისა გასული საუკუნის შუა წლებში ამოუქოლიათ შეკეთების დროს. შესასვლელთა გადაწყვეტის პრინციპი არ განსხვავდება. სამივეგან შიგნიდან თაღია, გარედან კი - არქიტრავი. ჩრდილოეთის შესასვლელი ადრე სწორგვერდიანი და განიერი ყოფილა, გასული საუკუნის რესტავრაციის დროს დაუვიწროებიათ. ტაძრის შიდა კედლები სხვადასხვა დროის შეკეთებებისაგან მეტად აჭრელებულია. კედლები თავდაპირველად შელესილი უნდა ყოფილიყო. XI ს. ეკლესიის ინტერიერი სხვანაირად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, იმ დროის ფრესკა შემორჩენილი არ არის, მაგრამ საკურთხევლის გვიანი მხატვრობის ქვედა ფენებში ჩანს. როგორც აღვნიშნეთ, ტაძრის აღდგენის შემდეგ შიდა კედლები მთლიანად მოუხატიათ. იატაკსაც არაერთი გადაკეთება განუცდია. იგი თავდაპირველად ქვისა უნდა ყოფილიყო. ამჟამად ცემენტის ხსნარით ყველაფერი ისეა მოსწორებული, პირვანდელი სურათის დადგენა შეუძლებელია. მოლესვისას მხოლოდ საფლავის ქვებია დატოვებული. ტაძრის ფასადებს რესტავრაცია - გადაკეთება გაცილებით უფრო მეტად ეტყობა, ვიდრე ინტერიერს. მიუხედავად შესამჩნევი ცვლილებებისა, ნაგებობის საერთო არქიტექტონიკა ნაკლებადაა დარღვეული. ამიტომ, შორიდან ტაძარი მწყობრი მასებით ჩანს და მიმზიდველია. ფასადების ახლოს დათვალიერებისას კი არსებული ყველა ნაკლი თვალსაჩინო ხდება. ეკლესიის მრავალგზის შეკეთებიდან, როგორც ადრე აღვნიშნეთ, პირველი  სერიოზული რესტავრაცია XV-XVI სს. მიჯნაზე განხორციელდა, მეორე XIX ს. 40-50-იან წლებში. ტაძრის ფასადებსა და გუმბათს რესტავრატორთა ხელი სხვადასხვანაირად შეხებია. ჩვენამდე ყველაზე უკეთ აღმოსავლეთის ფასადმა მოაღწია (სურ.8). ბევრი რამ არც ჩრდილოეთის ფასადს დაჰკლებია. სამხრეთისამ კი კარიბჭე მთლიანად დაკარგა (სურ.5, 10).

დასავლეთის ფასადზე არც ერთი ქვა არაა თავის ადგილზე; იგი ცოკოლოდან მოკიდებული მთლიანად ახალია (სურ.9). როდესაც სამთავისის ტაძარს ახსენებენ, მაშინვე მისი აღმოსავლეთის ფასადი, ქართული ხელოვნების ისტორიას ეს ბრწყინვალე ფურცელი წარმოგიდგებათ. ფასადის შუა ნაწილი აწეულია და ორფერდა სახურავითაა გადახურული,  გვერდითი დაბალი ნაწილები კი ცალფერდაა. ამ მარტივი მოხახულობის ფასადს მორთულობა მთლიანად ძლიერი ხაზებითაა შესრულებული. აქ, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, საოცარი ჰარმონია სუფევს. ფასადის ძირითად აქცენტს სხვადასხვა ზომის ხუთი თაღი წარმოადგენს. ცენტრალურ განიერ თაღს, მაღლა გვერდებზე, განშტოება აქვს თითო მცირე თაღის სახით. მათ ქვემოთ, ლილეებით შემოფარგლულ წრეში, ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ქვედა რიგი შიდა მაღალი და ვიწრო თაღები ფაქტიურად ღრმა ნიშებს შემოფარგლავს. აღნიშნულ თაღებთან ერთად, ფასადზე მთავარს, ღერძზე მოთავსებული კომპოზიცია წარმოადგენს. იგი შედგება ზედა არეში განლაგებული დიდი ჯვრის, მის ქვემოთ დატანებული სარკმლის მოჩარჩოებისა და შეწყვილებული რომბებისაგან. თითო მორთული სარკმელი მოთავსებულია განაპირა თაღებში. მათი ჩუქურთმიანი არშია, მთავარი სარკმლის მოჩარჩოებისაგან განსხვავებით, ოდნავ სცილდება კედლის ზედაპირს. ნიშების შიგნითაც თითო სარკმელია - საკურთხევლის გასანათებლად განკუთვნილი, ამ სარკმლებს მაღალი რელიეფის მქონე ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. ზემო განაპირა არეებზე წერტილებივით დასმული თითო სარკმელია. აღწერილის გარდა, კიდევ ერთი საინტერესო დეტალია მარჯვენა განაპირა თაღის არეში. აქ მოთავსებულია დიდი ზომის ფასკუნჯის ჰორელიეფი. იგი პირით ცენტრისკენაა  მიმართული. თავდაპირველად ფასკუნჯის მეორე გამოსახულებაც ყოფილა, მაგრამ გამოფიტვის გამო ქვები გამოუცვლიათ ასიოდე წლის წინათ, შეკეთების დროს. ქტიტორის წარწერაც ფასადის მორთულობის საერთო ჩანაფიქრს ემორჩილება. მაღლა, ჯვრის მკლავის ოთხივე მონაკვეთში, ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებული ვრცელი წარწერაა განლაგებული (შეკეთების დროს მარჯვენა ზედა მკლავში მდებარე გამოფიტული წარწერიანი ქვა შეუცვლიათ ახლით. დანარჩენი წარწერები ადგილზეა). მართალია, ფასადის დამაგვირგვინებელმა კარნიზებმა ცვლილებები განიცადა, მაგრამ ეს შთაბეჭდილებას არ ანელებს. ფასადის ცენტრალური ნაწილის ორფერდა სახურავის კარნიზი ძველ ფორმას იმეორებს. თითქმის ერთნაირი პროფილი აქ ორჯერ მეორდება. ქვედა რიგს თითქმის პირვანდელი სახით მოუღწევია, ხოლო ზედა აღდგენილია ძველი პროფილით. აშკარად ეტყობა, რომ გვერდითი ერთფერდა სახურავები აწეულია. ცენტრალური სიბრტყის წიბოებიდან თითო ლილვია ჩამოშვებული და ისინი კარნიზების ქვედა ლილვებს უკავშირდებოდა (ისე, როგორც ეს ნაჩვენები აქვს ნ.სევეროვს ტაძრის რეკონსტრუქციის ნახაზზე). გასული საუკუნის შუა ხანებში, შეკეთების დროს, ეკლესიის ფასადზე შეცვალეს არა ერთი და ორი მოპირკეთების ქვა. შეუძლებელია დღეს დავადგინოთ, თუ რა გაჰყვა ძველს ზედა ნაწილში. ქვედა ნაწილში კი აშკარად ჩანს, რომ 4 - 5 რიგი მთლიანად გამოცვლილია. ამიტომაც წვრილი, ნახევარკოლონების ბაზებიც ახალია - ძველი ფორმების მიმსგავსებით. ცოკოლსაც თავისი პროფილი აქვს შენარჩუნებული. აღმოსავლეთის ფასადის მორთულობაში გამოყენებული ყოფილა წითელი საღებავი, რაც მშენებელ - ხუროთმოძღვარს ძირითადად ფონის გასაძლიერებლად, ზოგან კი ჩრდილოვანი ხაზების გასაშუქებლად უხმარია. ამჟამად საღებავი შეიმჩნევა რომბის ორნამენტული კოპის გვერდებზე, ნიშების ფესტონებზე და სხვ. თუმცა სამხრეთის ფასადის მწყობრი სახე დარღვეულია კარიბჭის მოშლით, პომპეზურობა მაინც შერჩენილი აქვს (სურ.9, 10). მთელი ფასადი უწყვეტი თაღედითაა დამუშავებული. ცენტრალური ნაწილი სამი თაღისაგან შედგება, რომელთაგანაც შუა გვერდითებზე მაღალია. წვრილი ლილვებით შემოფარგლული სამი თაღოვანი სიბრტყე ისეთ პროპორციებს შეიცავს, რომ ეს ისედაც ატყორცნილი მონაკვეთი უფრო მაღალი ჩანს. ფასადის გვერდითა მონაკვეთებზეც სამთაღოვანი არეებია, მაგრამ მათი გადაწყვეტაც განსხვავებულია. თუ მარჯვენა მხარე თანაბარ არეებადაა დაყოფილი, მარცხენაში - თაღების სიგანე და სიმაღლე მარჯვნიდან მარცხნივ კლებულობს. ასეთი გადაწყვეტა, ალბათ, ნაკარნახევია კარისა და კარიბჭის მდებარეობით.

ამ ფასადზე ოდესღაც არსებული კარიბჭის ნაშთი გასული საუკუნის შუა წლებში არქიტექტორ რიპარდის დაუნგრევია, თავის საქციელს იგი ამგვარად ხსნის: «На западной и южной сторонах имются две пристройки совершенно ветхия, западняя построена из одного кирпича и поэтому несколько сохранилась противу южнойб которая сложена из разнородного камня как то галыша, кирпича, тесанного камня и проч. Они из давниз времён остаются без употребления и даже двери в них заложены в древния времена они служили окольным жителям убежищем от набегов хищных народов, из коих они отстреливались. Эти пристройки я по смете предположил во все разломать, а годный от них кирпич употребить на починки повреждённых внутри собора и колокольниж разломка этих пристроек тем более нужнаб что они придают собору безобразный вид и ни сколько его не поддержтвают, ибо они во всё с ним не связаны.» კარიბჭის მხოლოდ ის ნაწილი შემორჩენილა, რომელიც უშუალოდ ტაძრის კედელთან იყო კონსტრუქციულად დაკავშირებული. რიპარდის ანაზომებზე კი გეგმისა და ფასადების სქემები გვხვდება. აღნიშნული სქემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარიბჭის გეგმა სწორკუთხაა, უაფსიდო. გარეთა მასები სამნაწილიანია, შუაში ფრონტონიანი შემაღლებაა, გვერდებზე კი - ფერდის ქვეშ მოქცეული დაბალი ნაწილები ნახაზებზე კარი გარედან არ ჩანს, რაც წარმოუდგენელია. საფიქრებელია, რომ შესასვლელი ამოქოლილი იყო და ამზომავმა ვერ შეამჩნია. კარიბჭის სამხრეთის ფასადზე სარკმელიც კი არ ჩანს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე მორთუღო თითო პატარა სარკმელია (ლილვი თუ ჩუქურთმიანი არშია). ტაძრის კედელთან დაკავშირებული კარიბჭის ნაწილები რიპარდის "წესრიგში მოუყვანია" და დღეს იგი ანაბეჭდივით გამოიყურება. ამ "მოწესრიგებისას" ტაძრის შესასვლელიც ისე ამოუქოლიათ, რომ მისი კვალი ძლივს შეიმჩნევა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარების შესახებ რიპარდის თავისი მოსაზრება ჰქონია. იგი წერს: «заложить две малыя двери с южной и северной...сторон как вовсе не нужных». საბოლოოდ მას თავისი განზრახვა მხოლოდ ნაწილობრივ განუხორციელებია სამხრეთის კარის ამოქოლვით. ჩრდილოეთის კარი კი, რადგანაც ჭიშკრის პირდაპირ იყო ალბათ ამიტომ დატოვა. სამხრეთის ფასადს თავდაპირველი ნაწილებიდან ცენტრში მდებარე მაღალი ჩუქურთმებით მოჩარჩოებული სარკმელი შერჩენია. ძველია მის ზემოთ მოთავსებული წრიული მედალიონიც. ლილვებს შორის არე მთლიანად ფანჯრის მორთულობასა და მედალიონს უჭირავს. ფანჯრის მარჯვნივ, დაახლოებით ქვედა არშიის დონეზე, მოთავსებულია ორნამენტული ზოლი, რომელიც ამ ადგილზე ორგანულად არ გამოიყურება. ეს რომელიღაც ოთხკუთხა კომპოზიციის ფრაგმენტი უნდა იყოს. როგორ და როდის მოხვდა აქ, ძნელი დასადგენია, ყოველ შემთხვევაში, XIX ს. შემკეთებლის ხელი ამ ადგილს არ ეტყობა. ტაძრის მარჯვენა მონაკვეთის ცენტრალური თაღის არეში პატარა სარკმელია, ფართო ჩუქურთმიანი არშიით. მისი რელიეფი ოდნავ გამოდის კედლის სიბრტყიდან. ღეროების კონისაგან შემდგარი პილასტრები რთული პროფილის კაპიტელებითა და ბაზებითაა დამუშავებული. ამათგან თავდაპირველია მარჯვენა თაღედის ოთხივე და ცენტრალური, მაღალი თაღედის შუა ორი კაპიტალი. დანარჩენი კაპიტელები აღდგენილია. ასევე აღდგენილია ყველა ბაზა. კარიბჭის ნაშთის პილასტრების კაპიტელები და ბაზები დიდ მსგავსებას იჩენენ ტაძრის ანალოგიურ ელემენტებთან და, ჩვენი აზრით, XI ს. ნაწარმოებად უნდა ჩაითვალოს. ამავე ფასადის ნაწილად უნდა ჩაითვალოს სახურავის ზემოთ, სიღრმეში არსებული კედლები. მარჯვენა, აღმოსავლეთის მონაკვეთი დამუშავებულია ხუთი თაღით. შესაძლოა, ასევე ყოფილიყო გადაწყვეტილი დასავლეთის მონაკვეთიც. XV–XVI სს. მიჯნაზე იგი აღუდგენიათ თაღედის გარეშე. შერჩენილი თაღედი მარტივია, ყოველგვარი კაპიტელებისა და ბაზების გარეშე. ფასადის არც ქვედა და არც ზედა მონაკვეთს არა აქვს თავდაპირველი კარნიზი, მაგრამ აღდგენისას ძველის ფორმა შენარჩუნებულია. ადრეული აღდგენის დროს, სამხრეთის ფასადის სიმაღლე, ისევე როგორც აღმოსავლეთისა, აუმაღლებიათ ორი რიგით. ფასადის შუბლის ესოდენ გაზრდამ საერთო ხედი დაამახინჯა. თავდაპირველი კარნიზის ქვედა დონეს კარგად განსაზღვრავს მარჯვენა წიბოს აყოლებული ლილვი და თაღის ზედა არეში მოთავსებული ფოთლოვანი ორნამენტი. ერთნაირი მასების მქონე სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები დეკორატიულ გადაწყვეტაშიც მსგავსებას იჩენს. ჩრდილოეთის ფასადზეც უპირველეს ყოვლისა თაღედი იპყრობს ყურადღებას. ცენტრში აწეული ნაწილის ჩაყოლებით, სამი თაღოვანი არეა შექმნილი, გვერდით, დაბალ მონაკვეთებზეც, ცენტრალურისაგან განსხვავებით, გაცილებით დაბალი სამ-სამი თაღოვანი არეა. მათში ერთგან რიტმი დარღვეულია კარის მიდამოებში თაღის ნაბიჯის გაწევით, მაგრამ აქ განსხვავება მცირეა და ამიტომ საერთო მწყობრი სურათის აღქმას ხელს არ უშლის. აქაც, სამხრეთის ფასადის მსგავსად, ცენტრალური თაღოვანი არეც შევსებული ყოფილა დიდი ფანჯრის მორთულობით და მის ზემოთ მდებარე მედალიონით. სარკმელს ჩუქურთმიანი არშია არ შერჩენია. აღდგენისას ძველი პროფილი მიახლოებით გამეორებულია. სარკმლის ზედა მედალიონი, რომელსაც თაღის არე მთლიანად აქვს დაკავებული, საერთო ხაზებშია წარმოდგენილი. რიპარდის აქტში, სადაც ჩამოთვლილია ჩრდილოეთის ფასადზე ჩასატარებელი სამუშაოები, წერია: «исправить по местам повреждения в украшениях вокруг окна... Исправить по местам украшения в розасе (над) тем окном». - ძნელი გასაგებია რა იგულისხმება სიტყვა "украшение"-ში, რადგანაც აქვე დართული ფასადის ნახაზზე სქემატურადაა ნაჩვენები სარკმლის მოჩარჩოება და ვარდული. ჩვენი აზრით, აქ ორი ვარიანტია დასაშვები: პირველი - ჩუქურთმა გამოფიტული იყო და მის ნაცვლად მთლიანად ახალი ქვები ჩასვეს. მეორე - ადრეც მხოლოდ პროფილიანი ქვები იყო და დაზიანებულები შეცვალეს. თუ უკანასკნელს დავუშვებთ, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ სარკმლისა და მედალიონის ჩუქურთმიანი მორთულობა, ფასადის სხვა ნაწილებთან ერთად, დაიკარგა გუმბათის ჩამოვარდნისას და XV-XVI სს. მიჯნაზე, აღდგენის დროს, მხოლოდ პროფილირებული ქვები ჩასვეს. მხოლოდ მედალიონის ცენტრშია შერჩენილი თავდაპირველი ორნამენტირებული კოპი. ასევე ძველი უნდა იყოს მის ზემოთ მდებარე ქვის ერთი წყობა, რომელზეც შეიმჩნევა ათლილი ჩუქურთმა. ფასადის დეკორაციული ელემენტებიდან უცვლელადაა მოღწეული მარცხენა მონაკვეთას შუა თაღის არეში წრიული სარკმელი ფართო ჩუქურთმიანი არშიით, მარჯვენა მონაკვეთში მდებარე შესასვლელი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, დავიწროვებულია, არც ძველი გაფორმების კვალი იკითხება. ფასადს ბევრჯერ და განსხვავებული ხარისხით განუცდია შეკეთება. უპირველეს ყოვლისა, შესამჩნევია ფასადის გვერდითი ნაწილების აწევა. ჯერ კიდევ პირველი დიდი რესტავრაციის დროს აღუდგენიათ ფასადის ბოლო მონაკვეთი დასავლეთის კედელთან ერთად, ამიტომაც არ გვხვდება კუთხის ლილვი და გადაბმა. ქვედა რიგის თაღედის ყველა ბაზა გამოცვლილია, ხოლო კაპიტელებიდან მხოლოდ მარცხნიდან მეოთხეა თავდარპირველი. ახალი კაპიტელები და ბაზები კარგადაა მიმსგავსებული ადრეულს, ამიტომ საერთო შთაბეჭდილებას არ აფუჭებს. ფასადის მაღალი ნაწილი (ჯვრის მკლავი) მთლიანად აღუდგენიათ XV-XVI სს. დროთა განმავლობაში იგი ნაწილობრივ ისევ დაზიანებულა და შემდეგ რიპარდის განუახლებია. ცალფერდა სახურავის ზემოთ, სამხრეთის ფასადის მსგავსად, მარცხენა მონაკვეთში თაღედია, მარჯვენა კი აღდგენილია ადრევე, დიდი კატასტროფის შემდეგ. კარნიზები მთელ ფასადზე განახლებულია.

ტაძრის დასავლეთის ფასადი მთლიანადაა აღდგენილი (სურ.9). ძველი ფენა ცოკოლშიაც კი არ შემონახულა. იგი დანგრეულა ადრევე, გუმბათის გადმოვარდნისას. როგორც ეტყობა, კედელი მთლიანად იყო განადგურებული, თორემ ძირს თაღედის ნაშთებს მაინც დატოვებდნენ. ისიც შესაძლოა, რომ თუ ნაშთი უმნიშვნელო იყო, იგი აღმდგენელს ხელს შეუშლიდა ფასადისათვის ახლებური იერი მიეცა და ნარჩენებიც მოსპო. ფასადზე გვიან გაჩენილი სამნაწილიანი მანაშენი XIX ს. შუა ხანებში რესტავრაციის დროს, მოუხსნიათ. არქიტ. რიპარდის მიერ შედგენილი გეგმით ირკვევა, რომ მინაშენის ჩრდილო მონაკვეთში პატარა სამლოცველო ყოფილა. მარჯვენა ნაწილი კი სწორკუთხა სათავსს წარმოადგენდა, მათ შორის თავდაპირველად ტაძარში შესასვლელი იქნებოდა მოთავსებული (ნახაზზე ეს გასასვლელი ამოშენებულია). ამჟამად დასავლეთის ფასადზე მინაშენების კვალიც კი არ ჩანს. საფიქრებელია, რომ ტაძრის დასავლეთის ფასადი თავდაპირველად, დანარჩენების მსგავსად, თაღედით იქნებოდა დამუშავებული. მორთულ - მოჩუქურთმებული უნდა ყოფილიყო კარ - სარკმლებიც. დღევანდელი ფასადი კი ორი რემონტის დროს შეუკოწიწებიათ ძველი და ახალი ქვებით. კარნიზსა და ცოკოლშიც კი ძველი არაფერია შერჩენილი, ხოლო რაც შეეხება პორტალს, იგი მთლიანად რიპარდის ნახელავია. ფასადზე მთავარ ელემენტს ახლა ცენტრალური ფანჯრები წარმოადგენს. ამ ფანჯრების მოჩარჩოება ძირითადად შედგენილია ძველი ორნამენტირებული ქვებისაგან, ხოლო რაც დააკლდათ თვითონვე გამოუჭრიათ. ტაძრის  "მეორედ მშენებელმა" ფანჯრებს შორის მოჩუქურთმებული ჯვარი მოათავსა. არქიტექტორმა რიპარდიმ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, ამ ჯვრის ზედა ნაწილი მოხსნა და კედლის ჩვეულებრივი წყობა გააკეთა. იქვე ფანჯრის არეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოთავსებულია ოთხი წარწერიანი ქვა. ფანჯრების შემადგენელი ორნამენტული ქვები, ძირითადად გუმბათის ყელის ფრაგმენტია. ეს საკითხი ნ.სევეროვმა გამოიკვლია. ამიტომ აქ მას აღარ განვიხილავთ. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ტაძრის თავდაპირველი გუმბათის ყელი დაინგრა, ხოლო არსებული დადგმულია XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე. მასში არც ერთი ძველი ფრაგმენტი არ არის ჩატანებული (სურ.1,9). არსებული გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. თითოეულ მათგანში დატანებულია სარკმელი, მაგრამ ყველა მათგანი მართლა სარკმელი როდია, შვიდი - ნამდვილია, ხოლო ხუთი - ცრუ. სარკმელთა მორთულობა იმდენად ერთნაირია, რომ ერთი შეხედვით განსხვავება მათ შორის არც იგრძნობა; თვალი ძნელად არჩევს ფანჯრის ვიწრო ღრუს სიცარიელეს. ფანჯრები ლილვებითა და სადა არშიითაა შემოფარგლული. გუმბათის წიბოები თითო მსხვილი ლილვითაა დამუშავებული. ლილვები ნახევარწრიული მოხაზულობის კაუჭებით თავდება და ჰორიზონტულად გამავალ ლილვოვან სარტყელს არ უერთდება. გუმბათს ორმაგი კარნიზი აგვირგვრნებს. ქვედა კარნიზი სადაა, ზედა კი წვრილი, უსახო ორნამენტითაა დამუშავებული. გუმბათის მორთულობიდან აღსანიშნავია ფანჯრების ზემოთ დასმული მცირე ზომას ჩუქურთმიანი კოპები. ძველ ფენასთან განსხვავებით, გუმბათის ყელი მცირე ზომის კვადრებითაა შემოსილი. თვით გუმბათი კი დაფარულია ლორფინით. ასევე იქნებოდა გადახურული ტაძრის დანარჩენი ნაწილიც.

<<გაგრძელება (ნაწილი 2)...<<