topmenu

 

ქურმუხი - საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

"უფალო უფლისაო, საყდარო მუხისაო". ქურმუხი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. -თბ., 2005.- გვ.284.

საინგილოს ქურმუხის წმიდა გიორგი საქართველოს უდიდეს სალოცავთა რიცხვს განეკუთვნება. ქურმუხი ჰქვია მდინარეს, რომელიც კახში მოედინება. სწორედ ამ მდინარის პირას, მთაზე  ყოფილა აშენებული ქვითკირის ეკლესია. იგი მტერს დაუნგრევია. 1894 წელს ნაწილობრივ ხალხის სახსრებით და ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების შეწევნით აშენდა ქურმუხის წმიდა გიორგის ახალი ეკლესია. მისი დღესასწაული 23 ნოემბერს აღინიშნება. ხალხური გადმოცემისა თუ ლეგენდის მიხედვით, უზარმაზარი ლოდი, რომელზედაც ეკლესიაა აღმართული, გამოჭრილია და შიგ ხატები ინახება. გამოჭრილს კარი ჰქონია, რომელიც წმიდა გიორგის ისე დაუხურავს, რომ აღარ ჩანსო. წელიწადში ერთხელ, აღდგომის ღამეს, ხალხის თქმით ღვთისმშობელი აღებდა კარს, გამოდიოდა გარეთ და თმებს ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა. შუაღამეს შიგნიდან ოქროს მამალიც გამოფრინდებოდა და სამჯერ დაიყივლებდა ხოლმე: მხოლოდ ამის შემდეგ ყიოდნენ დანარჩენი სოფლის მამლები. ერთ აღდგომის ღამეს, როდესაც ღვთისმშობელი გარეთ გამოსულა, თათარი მიჰპარვია. ღვთისმშობელი კარში შესულა. იმ კაცს მის დასაჭერად ხელი გაუწვდენია და მკლავი გაშეშებია, კარი კი ისე მაგრად მიხურულა, რომ აღარც კი ჩანდა. შეშინებული თათარი შეჰვედრებია ეკლესიას, შველა უთხოვია, მკლავი მორჩენია და თავადაც გაქრისტიანებულა.

ქურმუხი -

საქართველოს ისტორიული მხარის ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რ-ნის ცენტრის დაბა კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე მდებარეობს. შუა საუკუნეებში აქ საეპისკოპოსო კათედრალი იყო: ქურმუხის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა აგრეთვე ჰერეთის მთიანეთისა და წახურის (დაღესტანში) მრევლი. XVII ს. დასაწყისში ირანის  შაჰმა აბას I - მა ჰერეთის აღმოსავლეთით თემი კახი ქურმუხითურთ ჩამოართვა კახეთის მეფე ალექსანდრე II -ს და წახურელ ლეკებს გადასცა, რომელნიც აქ საბოლოოდ XVIII-ის I მეოთხედიდან გაბატონდნენ. ქურმუხი მოსწყდა კახეთის სამეფოს. შემდგომ იგი უკვე საინგილოს მნიშვნელოვანი პუნქტია. შემორჩენილია XIII - XIV სს. ეკლესია "ქურუმუხის წმიდა გიორგი". იგი როგორც ქართული, ისევე მუსულმანური მოსახლეობის წმინდა ადგილად ითვლებოდა.