topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რკონი - გ.ბაგრატიონი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ი.გოლიაძის ფოტოები

ბაგრატიონი გ. რკონის ხუროთმოძღვრული ანსამბლი //მეცნიერება და ტექნიკა. - 1982. - N3. - გვ.16 - 21

რკონის სამონასტრო კომპლექსი, ანუ კრკონი, როგორც მას ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებს, მდებარეობს შუა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე თეძმის ზემო წელში, მის მარცხენა ნაპირას. "...ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილს. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვან ვეცხლსაცა. ზის წინამძღუარი“ - ამბობს ვახუშტი. უახლოესი დასახლებული პუნქტი, სოფელი ჩარუბეთი, მისგან 8 კმ-ზე მდებარეობს. კომპლექსთან ახლოს მდებარეობდა სოფელი რკონი. „...აქამომდე არს თეძამი ვენახ-ხილითა ნაყოფიერი. ამას ზეით, ვითარცა თრიალეთი ჭვარებითურთ. კრკონს ზეით, კევღომას, არს მონასტერი“, - წერს ვახუშტი. სოფელი ამჟამად მიტოვებულია. მონასტრისათვის შერჩეული ადგილი გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთფეროვანი შარაგზის შემდეგ, რომლის გასწერივ ალაგ-ალაგ ჭალებია, მრავალფეროვანი, მდიდარი ბუნება იშლება. ხეობა ვიწროვდება და თეძამიც ანკარა მთის ბდინარედ იქცევა პატარ-პატარა ჭორომებითა და ჩანჩქერებით. გზის ეს მცირე მონაკვეთი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული. ტყეში აქა-იქ მწვანე პატარა მდელოებია, ხან კი ფიჭვნარი ცვლის ფართოფოთლოვან ტყეს. თვით რკონის კომპლექსიდან ხეობის გასწვრივ დათოვლილი არჯევანის მთა ჩანს. ნაგებობები პარმონიულაღ ერწყმის ბუნებას. ხალხმა რკონის შესახებ რამდენიმე  ლეგენდა შემოგვინახა. როგორც ყველგან საქართველოში, აქაც თითქმის ყველა ნაგებობის ისტორიას თამარის სახელს უკავშირებენ. გადმოცემით, რკონის ნათლისმცემლის ეკლესიასა და წმ.ნიკოლოზის ეკლესიას შორის საიდუმლო გვირაბი არსებობდა. ამ გადმოცემის საფუძველი უნდა იყოს წმ.ნიკოლოზის ეკლესიის პირველ სართულზე შემორჩენილი ხვრელის დასაწყისი. არის ლეგენდა, რომელიც ფანტასტიკური ხასიათისაა: თითქოს, რკონიდან ქვათახევისაკენ სამი გვირაბი გადიოდა. როცა ქვათახევს მტერი ჰყაბდა გარშემორტყმული, სოფელს ერთი გვირაბით წყალს აწვდიდნენ, მეორით - რძეს, ხოლო მესამის საშუალებით წყალს თევზი მოჰყვებოდა; მოღალატემ მესამე გვირაბში თევზის ნაცვლად გველები გაუშვა და ამის შემდეგ გვირაბი გაუქმდაო.

რკონის კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით ერთ ათასწლეულს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში იგი მრავალჯერ იქნა გადაკეთებული და განახლებული. კომპლექსის მშენებლობის ისტორიაში შესაბამისად აისახა სათანადო საუკუნეების პოლიტიკურ - ეკონომიკური ვითარება და მხატვრულ - სტილისტიკური თავისებურებები. VII საუკუნის დამდეგს კავკასიაში დამთავრდა მძაფრი ბრძოლა ქრისტიანობის ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის. საქართველოში გაიმარჯვა დიოფიზიტობამ, რომელიც ქრისტეს ორ ბუნებას აღიარებდა. ამას ეკლესიათა ინტენსიური მშენებლობა მოჰყვა. სწორედ ამ დროს შენდებოდა რკონის ღვთისმშობლის ეკლესიაც. XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, როდესაც გაერთიანებული, მძლავრი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს არსებობის პირობებში ქართული კულტურა და ხელოვნება დიდ აღმავლობას განიცდიდა, რკონის მონასტერი და, ალბათ, დასახლებაც გაიზარდა. მომდევნო საუკუნეებში, კერძოდ მოგნოლთა ბატონობისა და თემურ-ლენგის ურდოების შემოსევების მძიმე ხანაში, ბარში შევიწროებული მოსახლეობა მთას ეხიზნებოდა, ამიტომ იმატა ირგვლივ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობამ. XVI-XVII საუკუნეებში რკონი საკმაოდ საიმედოდ გამაგრებული პუნქტია. გიორგი XI (1676-1688 წწ), რომელიც ირანის შაჰს აუჯანყდა, სწორედ აქ აფარებდა თავს და აქედან წარმართავდა ბრძოლას შაჰის მიერ მეფედ დანიშნულ ერეკლე I-ის (1688-1703 წწ.) ლაშქართან. რკონის კომპლექსის საერთო ფართობი თითქმის 1 ჰა-ია (130X70 მ.) ტერიტორია ორ ნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ეკლესიები და სამრეკლო, ხოლო დასავლეთ ნაწილში - ბერების სენაკები, სხვადასხვა დანიშნულების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ორივე ნაწილს გალავანი ერტყა. კომპლექსიდან ასიოდე მეტრზე რკონის ხიდია, ხოლო თეძმის მარჯვენა ნაპირზე, მონასტრის დონიდან დაახლოებით 60 მ-ის სიმაღლეზე, - წმ.ნიკოლოზის ეკლესია. მონასტრის გარშემო სამიოდე კოშკის ნანგრევებიღა შემორჩა, სადაც გზა ვიწროვდება და რკონისკენ უხვევს, აღმართული იყო მძლავრი ციხესიმაგრე, რომელსაც ჰქონდა სათვალთვალო კოშკი, სქელი გალავანი, სასახლე და პატარა სამლოცველო. რკონის ხუროთმოძღვრული კომპლექსის მთავარი ძეგლი - ღვთისმშობლის ეკლესია - სამნავიანი ბაზილიკური ნაგებობაა (12,1X18,2 მ.). მის ფასადებს და ინტერიერს ნათლად ეტყობა გადაკეთებათა კვალი. ეს ქმნის სიძნელეებს თავდაპირველი ფორმების დადგენისას. საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივე სათავსს აღმოსავლეთიდან თითო სარკმელი აქვს. სადიაკვნეში და სამკვეთლოში შედარებით კარგადაა შემორჩენილი კედლის მოხატულობა. ფასადის თავდაპირველი წყობა მეტ-ნაკლებად აღმოსავლეთის ფასადზე და სხვა ფასადების ქვედა რიგებშია შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე ძველი ლავგარდნის ნალისებრი მოხაზულობის პატარა თაღებიანი ფრაგმენტები. მორთულობით გამოირჩევა აღმოსავლეთის ფასადი: ცენტრალური სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია: ფრონტონის ცენტრში ჯვრის გამოსახულებაა. ცენტრალურ სარკმელს შემორჩენილი აქვს თავდაპირველი, ადრინდელი თავსართი, ხოლო გვერდითი სარკმლების თავსართები გადაკეთებულია. დანარჩენი ფასადები სადაა, პირვანდელი ნაგებობის VII საუკუნის ძეგლად აღიარებას ადასტურებს მკაფიოდ გამოხატული სამნავიანი ბაზილიკური გეგმა და დეტალები - ბაზილიკის თაღედის სვეტის თავებისა და ბაზისების მორთულობა, დასავლეთის კარის და სადიაკვნოს სარკმლის ნალისებრი მოხაზულობის თაღები, აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური, დიდი სარკმლის თავსართი, ლავგარდანის ფრაგმენტები და სხვ.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ კარიბჭე (3,8X9,5 მ), რომელიც დასავლეთით განიერი შესასვლელი თაღით არის გახსნილი. ინტერიერში მისი ცენტრალური ნაწილი გადახურულია სხივისებრი კამარით, აღმოსავლეთ კედელზე კი გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. კარიბჭის სამხრეთი ნაწილი უკავია კვადრატული გეგმის ცილინდრული კამარით გადახურულ საძვალეს, რომლის იატაკი ჩანგრეულია. ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები, შესასვლელი თაღის და სარკმლის საპირეები, ფრონტონის ცენტრში მოთავსებული ჯვარი და ლავგარდანი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. მოჩუქურთმების ხასიათი და ფასადების დანაწევრება დეკორაციული თაღედით დამახასიათებელია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. დაახლოებით ამავე პერიოდშია მიშენებული სამხრეთით მცირე ზომის (3,6X5,8 მ) სამლოცველო. იგი დარბაზული ეკლესიაა. ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით, ხუთიოდე მეტრზე, მდებარეობს ნათლისმცემლის ეკლესია. ისიც დარბაზული ტიპის ნაგებობაა (4,3X7,3 მ). ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან ამოყვანილია სპეციალური სუბსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია სამარხის კამერა. ძეგლი XIII-XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება. მორთულობით გამოირჩევა აღმოსავლეთის ფასადი. ცენტრალური სარკმლის თავზე აღმართული ჯვარი, მის ქვემოთ მოთავსებული რთული ბაზისი და მტევნების გამოსახულება ერთიანი დეკორატიული სისტემაა. სამხრეთის ფასადზე მხოლოდ სარკმლებია მოჩუქურთმებული. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთის მხრიდან კვადრატული გეგმის (4.8X4,8 9) ჯარიბჭე მიუშენებიათ. მთავარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით ორ მეტრზე, დგას სამრეკლო. შენობა ორსართულიანია. აღმოსავლეთის ფასადი მორთულია სამი მოჭიქული ჯამით. აქვეა კედელში მოზრდილი ნიში. რომლისთვისაც გარედან უფრო დიდი "ხატის" ნიში ჩაუშენებიათ. სამრეკლო XVII-XVIII საუკუნის ნაგებობაა. ამას ადასტურებს შესასვლელის შეისრული თაღი, სამშენებლო მასალა (აგური) და ნაგებობის საერთო ხასიათი. საინტერესო ნაგებობათა სისტემას წარმოადგენს ე.წ. ბერთა საცხოვრებელი. სათავსები სხვადასხვა დონეზე მდებარეობს. შეიმჩნევა წყობის ერთი ან ორი სართული. ეს საცხოვრებლები ერთმანეთთან მჭიდროდ არის განლაგებული. თუ გავიხსენებთ ამ რაიონში მომხდარ ხშირ მიწისძვრებს (თუნდაც 1920 წლის გორის მიწისძვრა), ჩამოშვავებულ კლდეს, რომელსაც ეკვრის ნაგებობათა ნაშთები, აგრეთვე იმასაც, რომ საცხოვრისები თითქმის ამოვსებულია ჩამოშვავებული მიწით. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ისინი ერთი დიდი სისტემის შემადგენელი ნაწილებია. კერძოდ, ეს ნაგებობები ერთი მთლიანი სასახლის ნაშთები უნდა იყოს. აქ სასახლის არსებობაზე მიგვითითებს წერილობით წყაროებში დადასტურებული ცნობებიც. ქართველი მეფეები და მათი ოჯახის წევრები ხშირად იხიზნებოდნენ რკონში. "...ამისთვის წარმოვიდა მეფე კრკონს. აჰყარა მუნ მდგომნი დედაწულნი თვისნი და სახლეულნი და წარვიდა იმერეთს“.. - წერს ვახუშტი. საქართველოში შუა ფეოდალური ხანის ხიდის ერთ - ერთი თვალსაჩინო ნიმუშია რკონის ხიდი, ანუ როგორც მას ხალხში უწოდებენ - თამარის ხიდი. იგი მდებარეობს მთავარი კომპლექსიდან 100 მ-ზე, მდინარე თეძამზე. ხიდის ანალოგიების მიხედვით, იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ხიდის მარჯვენა ბურჯად უზარმაზარი ლოდია გამოყენებული  ხიდს უნდა ჰქონოდა ხის მოაჯირი და მოპირკეთებული ზედაპირის ქვები, რაც სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი. ხიდს მოსახლეობა ახლაც იყენებს. ამ ხიდის ქვემოთ, 1 კმ.ზე, მდებარეობდა მეორე ანალოგიური ხიდი. იგი რკონის მონასტერს რკონის ციხესიმაგრესთან აკავშირებდა. ამ ნაგებობიდან მხოლოდ მარცხენა ბურჯის მცირე ნაწილი შემორჩა, თუმცა ჯერ კიდევ ნათლად შეიმჩნევა თაღის ქვედა რკალის დასაწყისი, რითაც ხიდის მოხაზულობაზე შეიძლება მსჯელობა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

რკონთან ახლოს (შეიძლება ითქვას, რომ მის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილსაც შეადგენს), წმ.ნიკოლოზის ბაზილიკური ტიპის ეკლესია მდებარეობს. იგი რკონის მონასტერს მეორე ნაპირიდან 60 მ-ის სიმაღლიდან გადმოჰყურებს. გაზაფხულსა და ზაფხულში როცა ტყე შეფოთლილია, ეკლესია თითქმის არ ჩანს. იგი უნიკალური და ერთადერთია საქართველოში იმით, რომ, მიუხედავად მცირე ფართობისა (2,8X4,6 მ), სამსართულიანია. კედელი სიმაღლის გამო სქელია - 70 სმ-ს შეადგენს. იგი კლდის ნაშალი ქვითაა ნაგები და ძლიერ დაზიანებულია. სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები მთლიანად დანგრეულია, ხოლო სართულები ხანძრის შედეგადაა ჩამონგრეული. ეკლესიას ერტყმის პატარა გალავანი კარიბჭით. საინტერესოა წმ.ნიკოლოზის ეკლესიის მოხატულობა. იგი XIII-XIV საუკუნეების უნდა იყოს. პირველი სართული მოუხატავია. მეორე სართულზე კი ნათლად ამჩნევია მხატვრობის კვალი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. ამავე სართულზე ვხვდებით ნიშებს - აღმოსავლეთის კედელში. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. III სართულზე ჯერ კიდევ შემორჩენილია მოხატულობა. აღმოსავლეთის კედელზე ღვთისმშობელია ყრმით გამოსახული, სამხრეთისაზე - მოციქულები, დასავლეთისაზე კი - წმ.დემეტრე ხმლით. ფრესკები ღვინისფერ ჩარჩოში ზის და მოცისფრო - მოლურჯო ტონებშია შესრულებული. რკონის კომპლექსი ორჯერ იქნა რესტავრირებული. პირველად 1938-1939 წლებში, ხოლო მეორედ - 1972-1974 წლებში (ხელმძღვანელობდა თ.ნემსაძე). პირველი რესტავრაცია მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიას შეეხო და ისიც უხეშად. აღმოსავლეთის კედელი გამაგრების მიზნით კონტრფორსებით იქნა "დამშვენებული". მეორე რესტავრაციის დროს აღდგენილ იქნა სატრაპეზო, შეკეთდა ნათლისმცემლის და ღვთისმშობლის ეკლესიები. სამივე შენობა გადაიხურა თუნუქით. ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრი დარჩა. საჭირო იქნება ფრესკათა რესტავრაცია და გამაგრება. თუნუქის სახურავს, ალბათ, ლორფინის ქვებით გადახურვა აჯობებს, თუ კონტრფორსებიც მოინგრევა, ძეგლი ასე თუ ისე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. საჭიროა აგრეთვე არქეოლოგიური ექსპედიციის მოწყობა, რათა ე.წ. ბერთა საცხოვრებლები თუ სასახლე გაიწმინდოს ჩამოშვავებული მიწისგან. კოშკების აღდგენაც საინტერესო ელფერს შემატებს კომპლექსს. ადვილად შეიძლება აღდგეს დარჩენილი ოვალის ნაწილით რკონის მეორე ხიდიც. სავალალო მდგომარეობაშია წმ.ნიკოლოზის სამსართულიანი ბაზილიკაც. ამ უნიკალურ ძეგლს, უპირველ ყოვლისა, სჭირდება ყურადღება. ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ კომპლექსი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება მნახველთათვის.