topmenu

 

შულავერის გორა, დანგრეული გორა, გადაჭრილი გორა და იმირის გორა (შულავერ-შომუთეფეს კულტურა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი კულტურები>>>

უძველესი და ანტიკური დროის ხუროთმოძღვრება // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.11

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სხვაგანაც, საცხოვრებლის თავდაპირველი სახე პალეოლითის ხანის ბუნებრივი გამოქვაბულები იყო, ხოლო ხუროთმოძღვრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები (ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ) შეიძლება მიეკუთვნოს გვიანა ნეოლითის ხანას. ეს არის ნასოფლარები შულავრის მახლობლად (აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთით), ე.წ. შულავრის გორა და იმირის გორა. მათ ძველი წელთაღრიცხვის V და IV ათასწლედს მიაკუთვნებენ. აქ დარჩენილია მრგვალი გეგმის მქონე მცირე საცხოვრებელ უჯრედთა მთელი ჯგუფი. ყოველ ასეთ უჯრედს, რომლის დიამეტრიც 2,5-3 მეტრია, თავისი კერა აქვს; სამეურნეო სადგომები აგრეთვე მრგვალია, მაგრამ კიდევ უფრო მცირე - მათი დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება. შენობები ალიზისაა, თიხის ხსნარით. ოთახები კონუსური გუმბათებით იყო გადახურული. მთელი ინვენტარი შედგება პრიმიტიული კერამიკისა, სამეურნეო დანიშნულების ობსიდიანის, ძვლისა და რქის ხელსაწყოებისაგან. მაგრამ იმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც. გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ.ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ.ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე).

(+)

შულავრის გორა, იმირის გორა (ძვ.წ.-აღ-ის V და IV ათასწლეული) //ვ.ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, გამ."ხელოვნება", თბ., 1974 წ., გვ.81-82

ორივე მდებარეობს მდ.ხრამის მარჯვენა ნაპირზე, აწინდელ მარნეულის რაიონში, რკინიგზის სადგურ შულავერიდან 4 კმ. დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთით. ორივე შედის ქვემო შულავერის უძველეს ნასოფლართა ჯგუფში. ახლა ეს ხელოვნური ბორცვებია, რომლებიც დროთა განმავლობაში წარმოიშვა, როცა სამოსახლოს ერთ ფენას მეორე ცვლიდა. მათ შორის მანძილი დაახლოებით ორი კილომეტრია. ამ ნასოფლარებს აკუთვნებენ უძველეს მიწათმოქმედ მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე და უკავშირებენ იმ დროს - ახალ ქვის ხანას ნეოლათს, როცა ადამიანი შეგროვებითი მეურნეობის საფეხურიდან (ნადირობა, ნაყოფთა მოგროვება) წარმოებით მეურნეობაზე. ე.ი. მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე გადავიდა. ამ საფეხურთან იყო დაკავშირებული მკვიდრი სამოსახლოს გაჩენა, ხელოვრური სახლების შენება. შულავრის გორის ნამოსახლარს ძვ.წ. მე-5 ათასწლეულით ათარიღებენ, იმირის გორისას - მე-4 ათასწლეულით. შულავრის გორის გათხრა 1964 წელს დაიწყო. იმრის გორისა 1966-ში. კვლევა-ძიებას აწარმოებდა საქართველოს სახ. მუზეუმისა და თბილისის სახ. უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია. შულავრის გორის გათხრისას, ორი არქეოლოგიური კამპანიის დროს, აღმოჩნდა ორმოცზე მეტი ალიზის შენობა. აქედან საცხოვრებელი 24 იყო. მაგრამ ეს შენობები სხვადასხვა სამშენებლო ფენას მიეკუთვნება და ერთმანეთზეა დაშენებული (ზოგან 5 ფენაა ერთიმეორის ზემოთ). გათხრის ხელმძღვანელთა სიტყვით, "ადრეული ხანის ძირითად საცხოვრებელ ერთეულს შეადგენდა რამდენიმე ნაგებობის ჯგუფი. საკუთრივ საცხოვრებელი - შედარებით მოზრდილი, ალიზის, წრიული გეგმის გუმბათური შენობა, რომლის აუცილებელი ატრიბუტია თიხისაგან ნაძერწი კვერცხისებრი კერა, განკუთვნილი უქრობი ცეცხლისათვის. სამეურნეო დანიშნულების მომცრო წრიულივე შენობა, მიწაში სანახევროდ ჩასმული. სამეურნეო ღუმელი, გამართული ეზოში, საცხოვრებლის კედელთან თიხალესილი ორმოები სანოვაგისა და წყლის მარაგისათვის. საცხოვრებელი ნაგებობანი სხვადასხგა სიდიდისაა ზოგიერთის ფართობი 4 კვ. მ-ს ძლივს აღწევს, ზოგისა კი - 12,5 და 16,6 კვადრატული მეტრია... შენობის კედელი ძირიდანვე თანდათანობით გადადის გადახურვაში და მისი სიმრუდის მიხედვით საკმაო სიზუსტით შეიძლება გამოითვალოს სიმაღლეც. უმრავლეს შემთხვევაში საცხოვრებელი შენობის სიმაღლე 2,5 მ-ზე ნაკლები არ გამოდის (არც ერთი შენობის გუმბათი მთლიანად არ გადარჩენილა). ნაგებობას ერთი ვიწრო შესასვლელი ჰქონდა და, უეჭველია, სარკმლებიც ექნებოდა. ვარაუდობენ, რომ გუმბათშიაც უნდა ყოფილიყო დატანებული წრიული სარკმელი. სამეურნეო დანიშნულების შენობები ასეთივე მოყვანილობისა იყო, მხოლოდ უფრო მცირე ზომისა (დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება). ფიქრობენ, რომ მათ კარი კი არ ჰქონდათ, არამედ გუმბათის ნაცვლად ასახდელი ხუფი უკეთდებოდათ.

საშენი მასალა მოყვითალო ნაცრისფერი თიხაა. მისგან ამზადებენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ალიზს კედლის ასაწყობად. იატაკი და კედლების ორივე პირი შელესილი იყო კარგად მოზელილი პლასტიკური თიხისაგან, რომელიც უზრუნველყოფდა კედლის სიმტკიცეს. შულავრის გორის ნასოფლარის საერთო გეგმა ჯერ მთლიანად დადგენილი არ არის, ჯერ კიდევ არ ჩანს გარკვეული კანონზომიერება სოფლის გენერალურ გეგმაში. (კვლევა ჯერ არ დამთავრებულა), მაგრამ მკვლევარნი ფიქრობენ, რომ აქაური პატარა საცხოვრებელი სახლები, თავისი დამხმარე სამეურნეო სადგომებით, შეადგენს მრავალოთახიანი სახლ-ბლოკის ნაწილს. ასეთი სახლები კი საზოგადოების ადრინდელი განვითარების გარკვეულ საფეხურს გვარიდან მრავალოჯახიანი თემის გამოყოფის პერიოდს უკავშირდება. შემდგომი განვითარება საცხოვრებელი ფართობის გაზრდას მოითხოვდა. თუ მაშინდელ ტექნიკურ შესაძლებლობას გავითვალისწინებთ, გასაგები იქნება, რომ გეგმის სიმრგვალე და "გუმბათოვანი" გადახურვა ამ ამოცანას საკმაოდ ართულებდა. ამოცანის ამოხსნის საყურადღებო და დამახასიათებელ ცდებს გვიჩვენებს იმირის გორის ზოგი ნაგებობა (აქაურ შენობათა უმეტესობა შულავრის გორისას უახლოვდება თავისი სახით). შენობა №8 ოვალურ გეგმიანი გუძბათოვანი ნაგებობა, რომელსაც მიდგმული აქვს მასთან კარით დაკავშირებული მცირე დერეფანი წრის 3/4 მოხაზულობისა. ოთახის ზომაა 4,25 3,6 მ., დერეფნის დიამეტრია 2,25 მ. აქ ყურადღებას იპყრობს ოთახის შიგნით, კარის ორ მხარეს ამოყვანილი კედლები - კონტრფორსები მათი გაკეთება საჭირო გახდა, რაკი ამ მხარეს გუმბათს დერეფნის მასა აწვებოდა.

კარგად ჩანს, რომ ასეთი ფორმის ორი სადგომის ორგანული შერწყმა შეუძლებელი იყო. შენობა № 9-10: „შედგება ორგანულად გადაბმული ორი სათავსისაგან: მთავარი, გეგმით ოვალური (დაახლოებით 4,5 3,8 მ.) და მასზე... მიბმული, მომცრო წრიული ოთახისაგან (დიამ. 3,2 მ). ინტერიერში ისინი არაფრით არაა გამოყოფილი და ქმნიან ერთიან, საკმაოდ თავისუფალ (დაახლოებით 28 კვ.მ.) სივრცეს". რელიეფის შესაბამისად, მთავარი ოთახის იატაკი უფრო დაბლაა. ამ ოთახში კერა იყო. აქ განსაკუთრებით საინტერესოა გადახურვა: შუა ოთახში იდგა ხის ბოძი, მას ეყრდნობოდა ორი კოჭისაგან შედგენილი თავხე, თვით სახურავი თიხატკეპნილი იყო, ბანივით, და შუაში სარკმელი ჰქონდა. ასევე უნდა ყოფილიყო გადახურული მცირე ოთახიც. ამგვარად, აქ ვხვდებით ქართული დარბაზის შორეულ წინაპრებს. ასეთი გადახურვა სამხრეთ კავკასიისა და წინა აზრის სხვა რაიონებშიაც გავრცელებული იყო, ხოლო შულავრისა ღა იმირის გორების დასახლებათა მსგავსი ნამოსახლარები აღმოჩენილია ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზედაც, საქართველოს მეზობელ რაიონებში. როგორც ჩანს, აქაც და იქაც ერთნაირი კულტურის მქონე ტომები ცხოვრობდნენ.

რადიო 1 - აქცენტები ისტორიაში:

http://radio1.ge/ge/videos/view/134962.html

შულავერის გორა 1. გამოქვეყნებულია:2013-09-30, 12:25, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართულ -ფრანგული ერთობლივი ექსპედიცია. სტუმარი: არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ისტორიის დოქტორი მინდია ჯალაბაძე


აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთავარი რედაქტორი), ისტ.მეცნ. დოქტორი ა.ჯალაღონია, (პასუხისმგებელი მდივანი), ისტ. მეცნ. დოქტორი თ.მიქელაძე, ისტ. მეცნ კანდიდატი გ.ცქიტიშვილი, ისტ. მეცნ კანდიდატი ვ.მ.ჯაფარიძე. რედაქტორი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ.კორ - ო.ჯაფარიძე. რეცენზენტები - ისტ. მეცნ კანდიდატები: თ.კიღურაძე, ლ.ნებიერიძე. თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წელი.

§2. ენეოლითური ხანის ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოში.

შულავერის გორა

შულავერის გორა მდებარეობს მდ.ხრამის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ იმირის სამხრეთ-დასავლეთით. სამოსახლო ექსპედიციას დაზიანებულ დახვდა. მისი დიამეტრია 100 მ, სიმაღლე 6 მ. ძეგლის კულტურული ფენები თანამედროვე ველის ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეზე ჩადის. არქეოლოგიურ გათხრებს ძეგლზე აწარმოებდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია, ო.ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1965-1966 წლებში. 1970 წლიდან კი ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ალ.ჯავახიშვილი. შულავერის გორის ზედა სამშენებლო ჰორიზონტები, ისევე, როგორც ამ რეგიონში გამოვლენილი სხვა ადრესამიწათმოქმედო ხანის ნასახლარი, დაზიანებულია ანტიკური თუ ფეოდალური ხანის სამეურნეო ორმოებითა და სამარხებით. გათხრილია ძეგლის 252 კვ.მ ფართობი და გამოვლენილია 32 საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობა. კედლები ამოყვანილია ხელით დაყალიბებული ალიზის აგურით. ძირითადად გამოიყენებოდა საშუალო სიდიდის ალიზი - 30X20X 8; 30X15X8; 25X15X7 სმ. ნაგებობები ორივე მხრიდან შელესილია თიხის ხსნარის თხელი ფეხით. შენობებს ძირზე შემორტყმული აქვს მტვიცედ მოტკეპნილი თიხის რკალი - ბალიში. ნაგებობები, უმეტეს შემთხვევაში, მცირე ნაწილით ზის მიწაში, რის გამოც შესასვლელი კარი იატაკზე მაღლა მდებარეობს. ძეგლზე გამოვლენილი ყველა ნაგებობა გეგმაზე წრიული ან ელიფსურია და კონუსურ - გუმბათური, ცილინდრული მოყვანილობის სხეული აქვს. ნაგებობები პრიმიტიულია, მათ არ გააჩნიათ ცალკე კედელი და ცალკე გადახურვა, წარმოდგენილია ერთიანი გადახურვის სტრუქტურით. კედლის წყობის ყოველი ახალი რიგი 2-3 სმ-ითაა ცენტრისაკენ გაწეული, რითაც, კედლის სიმაღლის ზრდასთან ერთად, მიღწეულია შენობის დიამეტრის შემცირება; საბოლოოდ, ამ ხერხით შეკრულია ცრუ გუმბათი, რომელშიც ივარაუდება სარკმლის არსებობა. არაპირდაპირი მონაცემების მიხედვით, სათავსოების სიმაღლე 2,6 მ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ზომების მიხედვით შულავერის გორაზე ნაგებობები სამ ჯგუფად იყოფა: მოზრდილი-2,5 5 მ-მდე დიამეტრით, საშუალო 1,25-2 მ-მდე და მცირე 0,5-0,75 მ-მდე. პირველი ჯგუფის შენობები საცხოვრისს უნდა წარმოადგენდეს, მეორე სამეურნეო დანიშნულების სათავსოებია, მესამე კი სამეურნეო ორმოები და კერები. საცხოვრებელი შენობის ფართობი 7 კვ.მ-დან 17 კვ.მ-მდეა. მათში დადგენილია 5-7 სმ სისქის თიხატკეპნილი იატაკი, რომელიც იშვიათად ოქრით არის შეღებილი. საცხოვრებელი ნაგებობებისათვის დამახასიათებელია კედელთან იატაკში ჩადგმული კვერცხისებურტანიანი გამოუწვაეი თიხის კერები, რომელიც ამოვსებულია წმინდა ნაცრით. ნაგებობის გადაკეთებისა და იატაკის დონის აწევის შემთხვევაში დადასტურებულია აღნიშნული კერების ადგილის შენაცვლებაც. ახლდებოდა სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობები და წყლის რეზერვუარებიც, რომლებიც ძირითადად ეზოებში უნდა ყოფილიყო გამართული. შულავერის გორის განაშენიანების ერთ-ერთ დამახასიათებელ თავისებურებას დასახლების სიმჭიდროვე და ინტენსიურობა წარმოადგენს. გამოიყო ცხრა სამშენებლო ჰორიზონტი, რომელიც 4 მეტრის სიმძლავრის კულტურულ ფენას ქმნის. აქ აღმოჩენილი მასალა განიხილება სამშენებლო ჰორიზონტების მიხედვით. თიხის ჭურჭელი ძეგლის ქვედა ჰორიზონტებში ძალზე იშვიათია. იგი სუსტადაა გამომწვარი, ძირითადად მოყავისფრო-მონაცრისფროდ. ჭურჭლის ზედაპირი სველი ხელითაა მოგლუვებული. მხოლოდ VI სამშენებლო ჰორიზონტზე აღმოჩნდა ერთი სუსტად ზედაპირგაპრიალებული ჭურჭლის ფრაგმენტი. ზედაპირგაპრიალებული, მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის ნაწარმი II ჰორიზონტიდან ჩანს. სამოსახლოზე აღმოჩენილი მარტივი ფორმის ქილისებური ქუსლიანი ჭურჭლები ორგვარით ერთი - ოდნავპირგადაშლილი, მეორე - რკალისებურად, თანაბრად პირმოყრილი. ძეგლზე გვხვდება ჭურჭლის ორგვარი შემკულობა: რელიეფური და ჭდეული. რელიეფური ორნამენტი VI ჰორიზონტიდან ჩანს, ჭდეული კი მხოლოდ III სამშენებლო ჰორიზონტიდან. ამ ორგვარი ორნამენტის კომბინაცია, იშვიათად, მხოლოდ პირმოყრილ ჭურჭლებზე გვხვდება, მათ პირი ირიბად აქვთ დაჭდეული, მის გასწვრივ კი კოპები შემოუყვება. აღსანიშნავია, რომ სამოსახლოს IX-VII ჰორიზონტებში თიხაში გასამჭლევებლად შერეულია მხოლოდ არაორგანული მინარევი - დანაყილი ბაზალტი, ხვინჭა, ზოგჯერ ქარსიც, VI-I-V ჰორიზონტების თიხის ნაწარმის ნაწილს ზედაპირზე ეტყობა ბზის მინარევი, III ჰორიზონტზე კი უკვე კეცშიც გვხვდება არაორგანულ მინარევებთან ბზის კომბინაცია. II სამშენებლო ჰორიზონტზე ცალკე გამოიყოფა მცირერიცხოვანი ნამჯანარევი ნაწარმი. ამგვარი კერამიკა I ჰორიზონტზე მნიშვნელოვნად კლებულობს. შულავერის გორაზე მოპოვებულ მასალაში (ცოტაა ძვლისა და რქის იარაღები. სხვადასხვა ჰორიზონტების ამგვარ ინვენტარში გარკვეული განსხვავება შეინიშნება. ძვლისა და რქის იარაღების ფორმა და რაოდენობა თანდათანობით იზრდება. სამშენებლო ჰორიზონტების მიხედვით, ქვევიდან ზევით. IX-VII ჰორიზონტზე ამგვარი იარაღი ძირითადად წარმოდგენილია სადგისების სახით. აქვეა აღმოჩენილი ერთი რქის წანაზარდისაგან დამზადებული თოხი და ერთი მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ქედისაგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი იარაღი. VI ჰორიზონტზე გვხვდება მრგვალღეროიანი საპრიალებელი და დაზიანებული კოვზი. ლულოვანი ძვლისაგან ნაკეთები საპრიალებელი V ჰორიზონტზე ჩნდება, ხოლო ნეკნისაგან დამზადებული საპრიალებლები II და I ჰორიზონტზეა აღმოჩენილი. I ჰორიზონტზევე გვხვდება თხელფირფიტოვანი ძვლის დაკბილულგვერდებიანი დანისებური მოყვანილობის ნივთები და ერთადერთი სატარენახვრეტიანი ირმის რქის ცული. შულავერის გორის III და II ჰორიზონტზე აღმოჩნდა ოვალურთავიანი ისრისპირი, I ჰორიზონტზე კი რომბულთავიანი ისრისპირი. ამავე ჰორიზონტზეა გაპობილი ეშვის ოთხკუთხა მოყვანილობის ფირფიტისაგან ნაკეთები საკიდი. აქვეა ეშვი დამუშავების კვალით. შულავერის გორის მიწის დასამუშავებელ საჩიჩქნ თუ თოხისმაგვარ რქის იარაღებს არა აქვთ გამჭოლი სატარე ნახვრეტი, ამგვარი იარაღი მხოლოდ ზედა ჰორიზონტზეა აღმოჩენილი. მეტად საინტერესოა ბორცვის ზედაპირზე ნაპოვნი გამომწვარი თიხის ანთროპომორფული ქანდაკება ქალისა, რომელიც მეტად სქემატურია: წარმოდგენილია კონუსური სხეულით, დამჯდარი, ფართოდ გაშლილი, წინ გაჭიმული ფეხებით; არც თავი, არც მვლავები გამოსახული არ არის, ფეხებზე კი დატანილია რვა-რვა მოკლე ჰორიზონტალური ნაჭდევი, ტორსზეც ასევე ნაჭდევით თავთავისებური სახეა მოცემული. შულავერის გორაზე გათხრილ ცხრა სამშენებლო ჰორიზონტში აღმოჩენილია 1805 ცალი ნატკეცი ობსიდიანი და 216 ცალი სხვა ქანის ქვა, რომელთაგან თითქმის ნახევარზე მეტი მზა იარაღების წილად მოდის. ეს მასალა ასახავს ამ ნამოსახლარზე ქვის ინდუსტრიის თანამიმდევრულ განვითარებას. იარაღების დასამზადებლად უპირატესად იყენებდნენ ვიწრო და საშუალო ზომის ლამელებს. გვხვდება აგრეთვე ფართო დანისებური ლამელებიც. შედარებით იშვიათად გამოყენებულია ოთხკუთხა, სამკუთხა და მომრგვალო ფორმის მცირე, საშუალო და დიდი ზომის ანატკეცები. ნუკლეუსები ცოტაა აღმოჩენილი. გვხვდება მცირე და საშუალო ზომის კონუსისებური ნუკლეუსები. შედარებით მცირეა დიდი ეგზემპლარები. შულავერის გორის ნამოსახლარის იარაღთა მეორადი დამუშავების ტექნიკას ძირითადად ახასიათებს წვრილი დამაბლაგვებელი და ნაკლებად წვრილი წამამახვილებელი რეტუში, რომელიც დატანილია ზურგის, უფრო იშვიათად კი მუცლის მხრიდან. ამგვარი რეტუში ორივე სამუშაო პირზეა დატანილი და ხშირად საწინააღმდეგო სიბრტყეზე მდებარეობს. იყენებდნენ აგრეთვე მსხვილ დამაბლაგვებელ და მსხვილ წამამახვილებელ რეტუშს. იარაღების ტექნიკურ - მორფოლოგიური ანალიზის შედეგად ირკვეეა, რომ აქ ძირითადი სახეობის ნაკეთობანი რეტუშირებული ლამელებია. მრავალრიცხოვან ჯგუფად არის წარმოდგენილი აგრეთვე რეტუშირებული ანატკეცები. განსაკუთრებულ სერიას შეადგენენ გვერდამოღარული იარაღები, რომლებიც უფრო ხშირად, გაფორმებულია წვრილი, იშვიათად კი მსხვილი დამაბლაგვებელი რეტუშით. რაოდენობის მიხედვით სოლიდურ ჯგუფს შეადგენს საჭრისები. მათი დიდი უმრავლესობა ნაკეთებია რეტუშირებული და ურეტუმო ლამელების გადატეხის კუთხეზე. ცალკე სერიად არის წარმოდგენილი საფხეკები, მათი უმრავლესობა ბოლოკიდურა საფხეკებია, რომლებიც ნაკეთებია გვერდრეტუშირებულ ლამელებზე. ორჯერ უფრო ნაკლებია ანატკეცებზე ნაკეთები ბოლოკიდურა საფხეკები. შულავერის გორის ობსიდიანის ინვენტარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ერთი ან ორი სამუშაო პირის მქონე ასტამისებურ იარაღებს. ისინი დამზადებულია უპირატესად ლამელებზე. ძალზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები ასიმეტრიული მოყვანილობის ბურღები, სახვრეტები და დაბალი კონუსური მოყვანილობის ნუკლეუსისებური მასიური საფხეკი. შულავერის გორის ობსიდიანის ინვენტარისათვის დამახასიათებელია კომბინირებული იარაღები და ნამზადებად ძველი, უვარგისი იარაღების გამოყენება. ორ ზედა ჰორიზონტში აღმოჩენილია „შომუ-თეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართის ერთეული ეგზემპლარი. ქვის უხეშ საპობ იარაღებთან ერთად, რომელთაც აქვთ ორმხრივ შესწორებული დიდი ჩამონატეხები, აღმოჩენილია გახეხილი სოლისებური სათლელი და ორი გახეხილი სატეხი. VII ჰორიზონტზე აღმოჩნდა ერთი რეტუშორი. შულავერის გორის ობსიდიანის კოლექციის მცირე ნაწილის ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად განისაზღვრა: ნამგლის ჩასართები, ძვლისა და ხის დასამუშავებელი იარაღები. გვხვდება ხმარებიდან გამოსული ნუკლეუსებისაგან დამზადებული რეტუშორები. შედარებით მცირეა ცხოველთა ტყავის დასამუშავებელი იარაღები: სახოკები, სახვრეტები და ბურღები. შულავერის გორის ქვის ინვენტარს ემატება აგრეთვე ხელსაფქვავები, სანაყები, ხელჩაქუჩები, სახეხი ქვები, მიწის საჩიჩქნი ჯოხების დამამძიმებელი, ლახტისთავის ფრაგმენტი. მასალა ინახება ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

(ტაბ.I-VIII; LIV-15-25)

ტაბულა II (+)

ტაბულა  III (+)

ტაბულა IV (+)

ტაბულა V (+)

ტაბულა VI (+)

ტაბულა VII (+)

ტაბულა VIII (+)

ტაბულა LIV (+)

ბიბლიოგრაფია:

1. ო.ჯაფარიძე, ა.ჯავახიშვილი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1966), „მაცნე“ N3; 1967.

2. ო.ჯაფარიdე, ა.ჯავახიშვილი, უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, თბ., 1971.

3. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.

4. თ.კიღურაძე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამoწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976.

5. А.И.Джавахишвили, Строительное дело и архитектура поселении Южного Кавказа V-lll тыс. до н.э. Тб., 1973.

(+)

იმირის გორა

იმირის გორა მდებარეობს სოფ.იმირის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, შულავერის ღელის მარცხენა ნაპირზე. შულავერის ჯგუფის ნასოფლარებში იგი სიდიდით მეორე ძეგლია. იმირის გორა წაგრძელებული ოვალის მოყვანილობისაა. მისი სიგრძეა 90 მ., სიგანე - 80 მ; სიმაღლე თანამედროვე ველის დონიდან 4 მეტრამდეა. არქეოლოგიური გათხრები იმირის გორაზე ტარდებოდა 1967, 1968, 1969 და 1971 წლებში ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. იმირის გორის სამოსახლო ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე გაითხარა 2100 კვ.მ ფართობი, გაკეთდა სტრატიგრაფიული ჭრილი და დასავლეთ ნაპირთან გაივლო რადიალური საძიებო თხრილი. შურფის დასავლეთ ნაწილში გამოიკვეთა გრუნტში ჩაჭრილი 6,5 მ სიგანის და 1,25 მ სიღრმის ღრმული, რომელიც არხისა თუ თხრილის პროფილის მსგავსია. ზონდაჟის შედეგად დადგინდა, რომ გრუნტი თვით ნასოფლარის ქვემოთ უფრო მაღლა დევს, ვიდრე მის გარეთ; დასახლებას თხრილი შემოუყვება გარშემო. დასავლეთით სამოსახლოს ნაშთები 30 მეტრზე ვრცელდება ბორცვის გარეთ, აღმოსავლეთით კი სამოსახლოსათვის დამახასიათებელი მასალა გამოვლენილია 50-100 მ დაშორებით, ნასოფლარის მოსაზღვრე მდინარის ნაპირის ფლატეში. იმირის გორაზე გამოვლინდა შვიდი სამშენებლო ჰორიზონტი, რომელზედაც გაითხარა 80 ალიზის შენობა. სამოსახლოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული აქ გამართული სხვადასხვა ქრონოლოგიური პერიოდის (ადრებრინჯაოს ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე) სამარხებით, რომელთა ორმოები ჩაჭრილია 3 მეტრის სიღრმეზე. იმირის გორაზე აღმოჩენილი ნაგებობები არსებითად შულავერის გორის მსგავსია, მაგრამ მაინც ახასიათებს ზოგი თავისებური ნიშანი. აქ სამშენებლო მასალად გამოყენებულია ალიზი და შემაკავშირებელი თიხის ხსნარი. იმირის გორაზე ალიზი უფრო წესიერი მოყვანილობისაა და ნაკლებად ამოზურჰული, სოფლის განაშენიანება უფრო თავისუფალია, შეიმჩნევა შენობების განლაგების გარკვეული წესი. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები სამერნეო ეზოს გარს შემოუყვებიან და ერთ საცხოვრებელ კომპლექსს ქმნიან. საცხოვრებელი კომპლექსი წარმოდგენილია წრიული საცხოვრისით და ასეთივე სამეურნეო დანიშნულების რამდენიმე სათავსით, რომელიც ჩართულია წრიულსავე ეზოს გარშემო შემოვლებულ გალავანში. სამეურნეო დანიშნულების წაკვეთილი, მცირე კონუსის მოყვანილობის ნაგებობები იმირის გორაზე, შულავერის გორის მსგავსად, ზემოდან წნულით ან ხის სახურავით უნდა ყოფილიყო გადახურული. იმირის გორის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა მოზრდილი წრიული მოედანი, სადაც ნაგებობები არ აღმოჩენილა, რომლებიც, როგორც ჩანს, ცენტრალური მოედნის ირგვლივაა განლაგებული. სხვადასხვა ჰორიზონტებზე ივარაუდება სოფლის ცენტრისა და მის გარშემო გაშენებული ნაგებობების ადგილის შენაცვლება. იმირის გორის საცხოვრებელი ნაგებობის კედელსა და იატაკზე შეინიშნება ცეცხლის კვალი. კერის ნაშთები და შულავერის გორისათვის დამახასიათებელი წყლის რეზერვუარები შენობაში არ აღმოჩენილა. სხვა ძეგლების მსგავსად, იმირის გორაზეც ძირითადი სამეურნეო საქმიანობა ეზოში წარმოებდა, აქვე, ზღუდის კედელთან, არის გამართული კერებიც, ხოლო საცხოვრებელი ძირითადად თავშესაფრად წარმოგვიდგება. იმირის გორაზე გათხრილ წრიულ-გუმბათური ნაგებობებისაგან განსხვავდება №8 შენობა, იგი წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებული ოვალის გეგმის (4,25X3,60 მ) ნაგებობას, რომელსაც მიშენებული აქვს სათავსო-დერეფანი. ჩრდილო-დასავლეთ კედელში დატოვებულია 80 სმ სიგანის კარის ღიობი, რომლის ორივე მხარეს პერპენდიკულარულად მიშენებულია 1,20 მ სიგრძის ორი კედელი. შენობის ცენტრში აღმოჩნდა ოვალური მოყვანილობის მცირე კერა, ხოლო კედლის ძირში ასეთივე ფორმის მუდმივი. ცეცხლის შესანახი კერა. სათავსო-დერეფანი, შენობასთან შედარებით, დაბალია. მას ჩრდილოეთისაკენ გაჭრილი კარი აქვს, დასავლეთ კედელში კი სარკმელი აქვს დატანებული. დერეფანს ნახევარგუმბათის მოყვანილობა უნდა ჰქონოდა და მთავარ შენობას ეყრდნობოდა. საინტერესოა N8 შენობაში აღმოჩენილი ინვენტარიც. აქ ნაპოვნია ქვის დასამუშავებელი რიყის ქვის უროები, გრდემლები, კომპრესორები, სალესები. აქვე გამოვლინდა ობსიდიანის ნუკლეუსები, ლამელები, ანატკეცები, ანამტვრევები და ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულები. ეს ნაგებობა, საცხოვრებელთან ერთად, შესაძლოა სახელოსნოსაც წარმოადგენდა, ხოლო მისი კონსტრუქციის თავისებურება შიდა სივრცის გაზრდით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ძეგლზე გამოვლენილი წრიულ-გუმბათური ნაგებობებისაგან განსხვავებულ კონსტრუქციულ ტიპს წარმოადგენს N9-10 შენობა. იმირის გორაზე ეს ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც ხანძრით არის განადგურებული. N9-10 სათავსო შედგება ოვალური გეგმის (4,5X3,8 მ) მთავარი ნაგებობისა და დასავლეთით მიდგმული 3,2 მ დიამეტრის აბსიდისაგან. შენობას არა აქვს საფუძველი, დგას მოტკეპნილ ბაქანზე, ადგილის რელიეფის თავისებურების გამო იატაკის დონე მთავარ სივრცეში 50 სმ-ზე დაბლაა დაწეული. სათავსოს კედლის წყობა ერთიანია, მას არ ეტყობა გუმბათური სათავსოსათვის დამახასიათებელი სიმრუდე და 28 კვ.მ ფართობს მოიცავს. შენობის მთავარი სივრცის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლს შუა ადგილზე ალიზით გამართულია 40X40 სმ-ის პილონი, რომელიც შენობის ამ ადგილას პილასტრებს ქმნის. მცირე ზომის ალიზის სვეტია მიდგმული ჩრდილოეთის კედელზეც, მთავარი სათავსოს ცენტრალურ ნაწილში, იატაკში გამართულია მარტივი კერა, რომლის ბორდურის ქვეშ დაფენილი იყო ხორბალი. კერის აღმოსავლეთით ამოღებულია წრიული ორმო, რომელშიც აღმოჩნდა ორმხრივ ზედაპირმოსწრებული სფერული რიყის ქვა. სათავსოს მცირე ნაწილის თიხატკეპნილ იატაკშიც ჩადგმული იყო სწორკუთხა ბრტელი ქვა, რომელიც ისევე, როგორც მთავარ სათავსოში, გამოყენებული უნდა ყოფილიყო შენობის ცენტრში მდგარი საყრდენი ხის ბოძის ბალიშად. აღსანიშნავია, რომ მცირე სათავსოს დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა სწორკუთხა თიხატკეპნილი ბაქანი - პოდიუმი. აღნიშნული სათავსო, ცრუ გუმბათის ნაცვლად, გადახურული უნდა ყოფილიყო ბრტყელი, ბანური სახურავით, რომელშიც გამოყენებული იყო სვეტებზე დაყრდნობილი ხის კონსტრუქცია. N9-10 შენობა იმდენად განსხვავებულია სხვა სათავსოებისაგან, რომ შესაძლოა საკულტო დანიშნულების ნაგებობად ჩაითვალოს. იმის გამო, რომ იმირის გორის ზედა I-IV სამშენებლო ჰორიზონტები დაზიანებულია გვიანდელი სამარხებoთ, აქ აღმოჩენილი მასალა ერთად არის განხილული. ასევე გაერთიანებულია VII-VI ჰორიზონტის მონაპოვარიც, რაც გამოწვეულია გათხრილი ფართობისა და აღმოჩენილი მასალის სიმცირით. ცალკე განიხილება მხოლოდ V სამშენებლო ჰორიზონტის მასალა, რომელიც კარგად გამოიყოფა როგორც ზედა, ასევე ქვედა ჰორიზონტებისაგან. იმირის გორის VII-VI სამშენებლო ჰორიზონტებში გვხვდება სამი სახის კერამიკული ნაწარმი: 1. შედარებით სქელკედლიანი, უხეშზედაპირიანი, მოშავო-მოყავისფროდ გამომწვარი ჭურჭელი. იგი ნაძერწია მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან, რომელშიც გასამჭლევებლად შერეულია ხვინჭა ან დანაყილი ბაზალტი. სუსტადაა გამომწვარი. მისი ძირები ყველა ქუსლიანია. ერთი ჭურჭლის ფრაგმენტს პირთან დაძერწილი აქვს ნუშისგულისებური კოპები. მეორე ჯგუფის ნაწარმი წარმოდგენილია კარგად მოგლუვებული, ზედაპირგაპრიალებული ჭურჭლით, რომელიც მტკიცედ, ღიაფრად არის გამომწვარი. თიხაში გასამჭლევებლად შერეულია დანაყილი ბაზალტი. ამგვარი ჭურჭლის ერთი, მცირე ზომის ფრაგმენტი შემკულია ირიბად დატანილი პარალელური ნაჭდევებით. მესამე ჯგუფმი ერთიანდება შედარებით თხელკედლიანი, ღია ფერის მტკიცედ გამომწვარი ჭურჭელი, გაპრიალებული ზედაპირითა და სარჩულით. ამ ჯგუფის კერამიკა ნაძერწია წმინდად განლექილი თიხისაგან, რომელშიც გასამჭლევებლად შერეულია წმინდად დანაყილი ბაზალტი, იშვიათად კი წვრილად დაკეპილი ნამჯა. აქვეა აღმოჩენილი ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, ოთხი საპრიალებელი, რომელთაგან ერთი ლულოვანი ძვლისაგანაა დამზადებული, მეორე - გაპობილი ნეკნისაგან, ხოლო მეოთხე - ბეჭის ძვლის ქედზეა ნაკეთები. ამავე ჰორიზონტზე აღმოჩნდა გაპობილი ლულოვანი ძვლის „დანა - საპრიალებლები“. იმირის გორის ზედა VI სამშენებლო ჰორიზონტებში იზრდება კერამიკის რაოდენობა. განაგრძობს არსებობას VII- VI ჰორიზონტის დამახასიათებელი სამივე ჯგუფის ნაწარმი, თუმცა შეიმჩნევა მეორე და მესამე ჯგუფების კერამიკის მატება. აქ გვხვდება ბევრი ახალი ფორმაც; 1. საშუალო ზომის კასრისებური მოყვანილობის ჭურჭელი - პირმოყრილი, შებერილი მუცლითა და ფართო ბრტყელი უქუსლო ძირით; მათი კედლები, გარდატეხის გარეშე, თანაბრადაა მორკალური პირიდან ძირამდე; 2. ქილისებური ჭურჭელი, მცირედ შებერილი მუცლით, სუსტად პროფილირებული დაბალი ყელით, ბრტყელი, იშვიათად დაბალქუსლიანი ძირით; 3. ფართოპირიანი, ძირისავენ ოდნავ შევიწროებული ქილები, ბრტყელი, დაბალქუსლიანი ძირით; 4. დაბალყელიანი, ოდნავ პირგადაშლილი, შებერილმუცლიანი, ბრტყელძირიანი ქილები. პირველი და მეორე ჯგუფების კერამიკისათვის დამახასიათებელია რელიეფური ორნამენტი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ხშირად გვხვდება პირის გასწვრივ დატანილი კონუსური და ნუშისგულისებური რელიეფური კოპები. ჩნდება ორ ან სამ რიგად დატანილი კონუსური კოპები, ზიგზაგისებური მაღალი ხაზები, რელიეფური რკალით მოზღუდული კოპები და ნალისებური ნახევარწრეები. აღსანიშნავია დაბალი, ვიწრო „თევზიფხური“ ორნამენტი და ასევე რელიეფურად გამოსახული ანტროპომორფული ფიგურა. მრავალფეროვანია იმირის გორის ზედა ჰორიზონტების ძვლისა და რქის ნაწარმი. ძალზე გავრცელებულია გაპობილლულოვანი ძვლის სხვადასხვაგვარი სადგისები, საპრიალებლები. აქ გვხვდება შულავერის გორისათვის უცნობი მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლის ქედისაგან ნაკეთები საპრიალებლები და გაპობილი ნეკნის თხელფირფიტოვანი „საპრიალებლები“. იმირის გორის V-I ჰორიზონტებში განაგრძობს არსებობას რომბულთავიანი ისრისპირი და თხელფირფიტოვანი ძვლის დანისებური მოყვანილობის ნივთები. IV-I ჰორიზონტებში აღარ ჩანს ლულოვანი ძვლის „დანა-საპრიალებელი.“ იმირის გორის V სამშენებლო ჰორიზონტზე ჩნდება მსხვილფეხა საქონლის წვივის ძვლისაგან დამზადებული, ზემოდან გაკეთებული სატარენახვრეტიანი თოხი. ამგვარი იარაღის რაოდენობა ზედა ფენებში იზრდება. IV ჰორიზონტზე პირველად ჩნდება მსხვილფეხა საქონლის ბეჭის ძვლის სატარენახვრეტიანი თოხი და მსხვილფეხა საქონლის მეტაპოდიაზე ნაკეთები მრგვალსატარენახვრეტიანი იარაღი, მათი რაოდენობა მატულობს „შურფის“ მასალაში. ძეგლზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ირმის რქის ფუძისა და წანაზარდებისაგან დამზადებული სატარენახვრეტიანი თოხები და ცულები. აქვე გვხვდება სხვადასხვა მოყვანილობის „მუფტა“. იმირის გორის არაატრატიფიცირებული მასალიდან აღსანიშნავია მკვეთრად პროფილირებული გვერდწიბოიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, საინტერესოა აგრეთვე  ჭურჭლის პირის ფრაგმენტი, რომელიც მართი კუთხითაა გადმოკეცილი და ქობაზე ირიბი ნაჭდევები დაუყვება. აქვეა მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები. მის მოყვითალო-მოვარდისფრო ზედაპირზე დატანილია განიერი პარალელური მოყავისფრო ზოლები, კეცში დიდი რაოდენობით აქვს შერეული დაკეპილი ნამჯა. იმირის გორის დsსავლეთ- ნაპირზე გაკეთებულ შურფში, სამოსახლოს ძირითადი ფენებისათვის დამახასიათებელ კერამიკასთან ერთად, აღმოჩნდა ერთი წითლად შეღებილი და ერთიც მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელსაც რელიეფური გეომეტრიული ორნამენტი ამკობს. თიხის მცირე ნაკეთობები ნასახლარის ზედა ფენებში წარმოდგენილია რეალისტურად შესრულებული ქალის დაზიანებული ფიგურით და გამოუწვავი თიხისაგან დამზადებული მინიატურული ჭურჭლით. იმირის გორის ენეოლითურ ნამოსახლარზე აღმოჩენილია  7160 ცალი გაპობილი ობსიდიანისა და ქვის მასალა. მათგან სტრატიფიცირებული მასალის წილად შვიდი სამშენებლო ჰორიზონტიდან მოდის 3562 ცალი ობსიდიანი და 188 ცალი სხვა ჯიშის ქვის ქანი. ნატკეცი მასალის ნახევარი მეორედ არის დამუშავებული. ნამზადებად გამოყენებულია უპირატესად 2 სანტიმეტრამდე სიგანის მქონე სწორი ან ოდნავ ამოზნექილი პროფილის პრიზმული ლამელები. ორჯერ უფრო ნაკლებია მცირე ოთხკუთხედის, სამკუთხედის და მომრგვალებული მოყვანილობის ანატკეცებზე ჩამოყალიბებული იარაღები. იმირის გორის ნუკლეუსები წარმოდგენილია ძირითადად ვიწრო, საშუალო და დიდი კონუსური ცალებით. გვხვდება აგრეთვე ამორფული და ვიწრო პრიზმული ერთეული ეგზემპლარები. აღნიშნული ნამოსახლარის იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკას ძირითადად ახასიათებს დამაბლაგვებელი და იშვიათად მცირე წამამახვილებელი რეტუში, რომელიც დატანილია ზურგის ერთ ან ორივე გვერდზე, იშვიათად მუცლის მხრიდან, ხშირად მოპირდაპირე სიბრტყეზე. ტექნიკურ-მორფოლოგიური ანალიზით ძირითადი ტიპის იარაღებია ლამელები და ანატკეცები. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი საჭრისები, რომელთა შორის არის ლამელის გადატეხის კუთხეზე ჩამოყალიბებული გვერდითი, შუალა და კუთხის საჭრისები. გაცილებით ცოტაა აღმოჩენილი ლამელებსა და ანატკეცებზე დამზადებული საფხეკები, რომელთა სამუშაო პირი სხვადასხვა მოყვანილობისაა. გვხვდება მაღალსამუშაოპირიანი, ნუკლეუსისებური საფხეკებიც. მაგარ მასალაზე სამუშაოდ გამოიყენებოდა ერთ ან ორ სამუშაოპირიანი საჭრეთელი. ისინი დამზადებულია ლამელებსა და ანატკეცებზე. მცირე რაოდენობით არის აღმოჩენილი ლამელებზე დამზადებული ბურღები და სახვრეტები. მათი უმეტესი ნაწილი ასიმეტრიულია. თუ შულავერის გორაზე „შომუთეფეს ტიპის“ ნამგლის ჩასართები მხოლოდ ორ ზედა ჰორიზონტში აღმოჩნდა, იმირის გორაზე მათ მეხუთე და ზედა ჰორიზონტებში ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ არასტრატიფიცირებულ ჰორიზონტებში აღმოჩნდა სამკუთხა მოყვანილობის ობსიდიანის ისრისპირი და ერთი ზურგათლილი ტრაპეცია. ამ ტიპის ტრაპეციები აღმოჩენილია არუხლო I-ის ზედა ჰორიზონტში. მიკროინვენტარი წარმოდგენილია იმირის გორაზე ორი რეტუშირებული მიროლამელით. იმირის გორაზე მრავალი კომბინირებული და მეორადი გამოყენების ნაკეთობა გვხვდება. გახეხილ-გაპრიალებული იარაღებიდან აღმოჩენილია 6 ცული და სატეხი, 7 ეგზემპლარი უხეში საპობი იარაღისა და 3 რეტუშორი. გვხვდება აგრეთვე ხელსაფქვავები, უროები, საჩიჩქნი ჯოხების დამამძიმებელი, სახეხები, სანაყები და სხვ. მასალა ინაბება ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

(ტაბ.IX-XVIII)

ბიბლიოგრაფია:

1. ო.ჯაფარიdე, ა.ჯავახიშვილი, უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, თბ., 1971.

2. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.

3. თ.კიღურაძე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ., 1976.

4. А.И.Джавахишвили, Строительное дело и архитектура поселении Южного Кавказа V-lll тыс. до н.э. Тб., 1973.

(+)

(+)

გადაჭრილი გორა (ტაბ.XX)

გადაჭრილი გორა მიეკუთვნება შულავერის ჯგუფის ძეგლებს. ამ ნამოსახლარზე ექსპედიციას არქეოლოგიური გათხრები არ ჩაუტარებია. ძეგლს კვეთს შულავერის ღელე, რის გამოც წარმოდგენილია მთლიანი ბორცვის ბუნებრივი ჭრილი. ზედაპირულად და ჭრილში შეგროვებული მასალა ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ძეგლის ხასიათის შესახებ. ძეგლის სამშენებლო ჰორიზონტების სისქე ბორცვის შუა ნაწილის ჭრილში 4-5 მეტრია. სამოსახლოს დაახლოებით ცენტრალურ ნაწილში ჩანს ალიზის შენობა, რომელსაც თითქმის მთლიანად აქვს შემორჩენილი გუმბათი და 1 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მასალის ფრაგმენტულობის მიუხედავად, ჩანს რომ ძეგლის თიხის ჭურჭელს შულავერის გორის კერამიკული ნაწარმისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ძეგლზე მოპოვებული ნატკეცი ქვის მასალა 114 ერთეულია, ამათგან 77 ლამელებითაა წარმოდგენილი. მათ შორის 25 ურეტუშოა. გავრცელებული იარაღებია საჭრისები, საფხეკები, სახოკები, ხოწი. აქვე აღმოჩნდა ქვის სოლისებური ფორმის ცულის ფრაგმენტი და ძვლის 4 სადგისი.მასალა დაცულია ს.ჯანაშიას სახ.საქ. სახელმწიფო მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

1. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.


დანგრეული გორა

შულავერის ჯგუფის ძეგლებიდან მეტად საინტერესოა დანგრეული გორა. იგი ორფენიანი ყოფილა-ადრესამიწათმოქმედო კულტურის ფენას აქ მტკვარ-არაქსის კულტურის ფენებუ ფარავდა. ექსპედიციას ძეგლი განადგურებული დახვდა, რის გამოც მის ადგილზე გაკეთდა მხოლოდ ორი საკონტროლო თხრილი. კულტურული ფენა თანამედროვე ველის დონიდან 1,2 მ სიღრმეზე ჩადიოდა. ძეგლზე საცხოვრებელი ნაგებობის კვალი არ გამოვლენილა. დაფიქსირდა მხოლოდ ერთი სამეურნეო ორმო, თუ მიწური (1,2X1,4 დიამეტრით), რომელიც ქვევით ფართოვდებოდა. ორმოს კედლები და ძირი თიხის ხსნარითაა შელესილი. აღსანიშნავია ორმოს ძირზე მცენარეთა თესლისა და ყურძნის წიბწის აღმოჩენა. ამგვარი კულტურული ნაშთები ვრცელდებოდა ორივე თხრილში გათხრილ ფართობზე. დანგრეული გორის ადგილზე აღმოჩენილ კერამიკულ მასალაში გვხვდება იმირის გორისათვის დამახასიათებელი სამივე ჯგუფის თიხის ნაწარმი. ყველა ჭურჭელი ხელითაა ნაძერწი. თიხაში გასამჭლევებლად შერეულია როგორც არაორგანული, ასევე ორგანული მინარევი. შემკულობა რელიეფურია, მხოლოდ ერთ ჭურჭელს აქვს პირი ირიბად დაჭდეული. აღსანიშნავია ერთი ნამჯანარევი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წითლად შეღებილი გაპრიალებული ზედაპირით და სარჩულით. იმირის გორის ჭურჭლების მსგავსად, აქაც გვხვდება ძირზე ჭილოფის სპირალური ანაბეჭდი და პირჩადრეკილი ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა ძვლისა და რქის იარაღები: სადგისები, საპრიალებლები, ორი სატარენახვრეტიანი თოხი და რელიეფური ორნამენტით შემკული კვერთხისთავი. დანგრეული გორის ნატკეცი ქვის კოლექციაში 18 ერთეულია: ერთი ამორფული ნუკლეუსი და ლამელაზე დამზადებული იარაღები. მასალა დაცულია ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

1. ღლონტი, თ.ხიღურაძე, დანგრეული გორა,  "ძეგლის მეგობარი“, №30, 1972.

2. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975.