topmenu

 

იკორთა - საქართველოს სულიერი საგანძური

<უკან დაბრუნება <<დაბრუნება  მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

"სამნი მარტვირნი სამებისად მსრბოლობენ". იკორთა  //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I . - თბ.,  2005. -  გვ.242-245. -

იკორთის გუმბათოვანი ტაძარი სოფელ იკორთის განაპირას, მთის კალთაზეა აღმართული. იგი აგებულია 1172 წელს. ეკლესიის აგების თარიღი აღნიშნული იყო დასავლეთის ფასადის დიდ წარწერაში. ფეოდალურ ხანაში იკორთა ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო  შიდა ქართლში. იკორთის ტაძარი გეგმით ოთხკუთხა შენობაა, რომლის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი გუმბათის მაღალ ყელში დატანებული თორმეტი სარკმლიდან უხვად ნათდება. კედელ-კამარჟბი თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდაში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთი კარიბჭე კი გვიანდელია. ტაძრის ფასადი და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქრონოლოგიურად და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებებით იგი ადრეული ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილ ქართლის გუმბათოვან ტაძრებს შორის, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე. იკორთის ტაძარში დაკრძალული არიან კახეთის ძლევამოსილი აჯანყების (1660 წ.) გმირები, წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, რომლებიც სასტიკად აწამეს სპარსეთში.

ნიკოლოზ ტფილელი

"არღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი თვნიერ მცირედთა ოდენ - ამგვარი ჭირი და განსაცდელი დაატყდა აღმოსავლეთ საქართველოს XVII საუკუნეში. შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა და ულუსების სამკვიდრებლად აქცია. სრულიად საქართველო ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა. სწორედ ამ დროს მოუვლინა ჩვენს სამშობლოს ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე ღმერთმა მხსნელები - "ბიძინა სანატრელი", "ელიზბარ ახოვანი" და "შალვა ყოვლად ქებული". ქართველი ჰაგიოგრაფი საგანგებოდ გვამცნობს, რომ უფლმა ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა. იგი ეახლა ქსნის ერისთავებს - ბიძა-ძმისწულს ელიზბარსა და შალვას. წმიდა ბიძინას სწამდა, რომ უბედურება ცოდვათა გამო დაატყდათ თავს და ერთადერთი გზაღა შერჩენოდათ - მრავალრიცხოვანი ურჯულო მტრისათვის მათ უნდა დაეხვედრებინათ "თავი დამდაბლებული და სული გლახაკობისა". აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი ერთად შეიკრა: წმიდა ელიზბარმა და წმიდა შალვამ თიანეთში იხმეს თუშები, მთიულები და ასე "ჩავლეს ახმეტა". პატიოსახი ჯვრის ძალით, წმიდა დიდმოწამე გიორგის წინამძღოლობით, წმიდა ბიძინასთან ერთად მათ სრულად ამოხოცეს ურჯულოები და კახეთში ჩამოსახლებული ოთხმოცი ათასამდე ულუსის ოჯახი აყარეს. ჩვენს მიწა-წყალზე ერთი სპარსელიც კი აღარ ჭაჭანებდა. ეს 1660 წელს მოხდა. საქვეყნოდ თავმოჭრილ, სირცხვილნაჭამ შაჰ-აბასს კახეთის გათათრების იმედი გადაეწურა და მეფე ვახტანგს (შაჰ-ნავაზად წოდებულს) შეუთვალა, აჯანყების მოთავეები გამომიგზავნეო. სამივე გმირი თავისი ნებით ეახლა შაჰ-აბასს, რათა მტარვალის რისხვა აეშორებინათ ხალხისათვის. შაჰმა სამივე ქართველი ტყვე ჯერ არდალანის სულთან სელიმ-ხანს გაუგზავნა, თან უბრძანა, როგორმე მაჰმადიანობაზე მოექცია ქრისტეს მსახურები. რას აღარ შეჰპირდა ქართველ გმირებს სელიმ-ხანი, მაგრამ ბიძინამ, ელიზბარმა და შალვამ მტკიცედ განუცხადეს - არა! სამივეს მისაგებელს წმიდა ბიძინა პასუხობდა: "პირ სიტყუათა ამათ იყო წმიდა ბიძინა და იგი მიუგებდა ყოველსავე, ხოლო ნება და განზრახვა სამთავე ერთი იყო და სწორი", - შენიშნავს ქართველი ჰაგიოგრაფი. საზარელი წამებით ტანჯეს და მოაკვდინეს სპარსელებმა სამივე წმინდანი. ჯერ ბორკილი დაადეს და ღრმა, ბნელ დილეგში ჩაყარეს. დღედაღამ ჩასჩიჩინებდნენ ნაწამებ ტყვეებს, გათათრდითო, მაგრამ ამაოდ. შემდეგ გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და პაპანაქება სიცხეში დაყარეს. რამდენიმე დღე ჰყავდათ ასე მშიერ-მწყურვალნი. ტყვეები გალობით იმსუბუქებდნენ ტანჯვას. წმიდა ბიძინას შესაშინებლად სელიმ-ხანმა განიზრახა, მის თვალწინ წარეკვეთათ თავი ბიძა-ძმისწულისათვის. მაგრამ ტანმოკლე ჯალათებმა მახვილი ვერ შეაწვდინეს ახოვან ქართველ ერისთავებს. მაშინ მათ წვივებში ჩასცეს მახვილი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ძირს დაცემილი ქსნის ერისთავებისათვის თავების წარკვეთა. ამის მხილველი წმიდა ბიძინა უფრო გაძლიერდა. მაშინ, მისი შეურაცხყოფის მიზნით, ახოვან ვაჟკაცს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, თან დასცინოდნენ და ლანძღავდნენ. წმიდა წამებული კი მადლობას სწირავდა უფალს, რადგან იმის ღირსი გახადა, რომ ჩოჩორზე მჯდომი, იერუსალიმში დიდებით შემავალ იესო ქრისტეს მსგავსად შევიდოდა ცათა სასუფეველში. ბოლოს, ჯალათებმა ალესილი მახვილით წმიდა ბიძინას სათითაოდ ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს, მერე კი ფეხის. შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები კოჯებამდე. ახლა ორივე მკლავი იდაყვებამდე მოჰკვეთეს და ორივე წვივი მუხლამდე. ტანზე მარტო თავიღა შერჩა აჩეხილ კაცს, გული ისევ უფეთქავდა, მაგრამ წმიდა ბიძინა ლოცვას არ წყვეტდა. ამით გაოგნებულმა ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა მას გულში. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს ქართველი წმიდა მოწამენი. მრავალი წლის შემდეგ წმიდა შალვას მეუღლემ, ქეთევანმა, და მისმა ძემ, დავითმა, სანდო კაცები გაგზავნეს წმინდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად. სამივეს ნაწილები, რომლებიც საფლავში სასწაულებრივად შეერთებოდა ერთმანეთს, განუყოფლად დაკრძალეს ქართლში, იკორთაში, წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში. წმიდა მოწამეების - ბიძინას, შალვას და ელიზბარის ხსენების დღეა 18 სექტეძბერი (ახ. სტ. 1 ოქტომბერი).