topmenu

 

იკორთა - ნ.გოგიბედაშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<ეკლესია მონასტრები>>>

იკორთა - ნუგზარ გოგიბედაშვილი, ჟურნ. "ფრესკა", გამ."ნაკადული", თბილისი, 1987 წ., გვ.3-5.

იკორთის ტაძარს - განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

ქრონოლოგიურად და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებებით ეს ძეგლი უადრესი ნიმუშია XII–XIII სს. მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.

ტაძარი მდებარეობს ქ.გორის ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრზე "ორბოძლის მთის სამხრით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი" - გვამცნობს ვახუშტი ბაგრატიონი. იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებლობაზე, ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა.

ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს, საიდანაც ვგებულობთ, რომ ტაძარი აუგიათ 1172 წ. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელიც დაღუპულია და მას ვიცნობთ აკად. მ.ბროსეს პუბლიკაციით. იკორთის ტაძარი მიეკუთვნება ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობების ტიპს. იმ ხანის დღემდე მოღწეულ სხვა ძეგლებთან შედარებით იგი უკეთაა დაცული.

მის მასებს და ფასადებს ცვლილებები არ განუცდია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგან ადგილობრივი ხასიათის შეკეთებას. იმ ეპოქის სტილისათვის, როდესაც იკორთაა აგებული, დამახასიათებელია ფორმათა და ფერთა თამაში, ცხოველხატულობა: ყოველივე ამას ვხვდებით იკორთის ინტერიერსა და ექსტერიერში.

შიგნიდან ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული თორმეტი სარკმლიდან. კედელკამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული ყოფილა. ამჟამად მათი მხოლოდ მცირეოდენი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე.

ინტერიერში არქიტექტურულად, შედარებით, ყველაფერი რიგზეა, შიდა ფორმები მწყობრია, ხაზები ჰარმონიულად მისდევს ერთმანეთს. აქ კომპოზიცია ისეა გაანგარიშებული, რომ ყველა დეტალი გუმბათისაკენ მიისწრაფვის. ეს ზეაწეულობა განსაკუთრებით დასავლეთის შესასვლელიდან იგრძნობა.

საკურთხევლის გვერდით ნაწილებში იკორთის ავტორს ერთი სიახლე აქვს შეტანილი - სადიაკვნე და სამკვეთლო დარბაზის მხარეს ღიაა, უკარო, ცნობილია, რომ სადიაკვნე თავისი ფუნქციით დახურული სათავსია, რადგან მასში მღვდელმსახურთა ტანსაცმლის გარდა ინახება ტაძრის მთელი ძვირფასეულობა. სამკვეთლოშიც რიტუალი სრულდება და თითქოს აქაც საჭიროა კარი.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ტაძრებში მიღებული გადაწყვეტა მართებულია. იკორთის სახით კი იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც გარკვეულ ინტერესს იწვევს. მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ტაძრის მორთულობა. ძეგლის ოთხივე ფასადი და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. მაგალითად, ისეთი კომპოზიცია, როგორიც აღმოსავლეთი ფასადის გვერდის მონაკვეთებზეა, სხვაგან არსად გვხვდება.

ტაძარში ორ მესამედზე მეტი მცენარეული მოტივების ორნამენტებს უჭირავს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტაძრის მორთულობაში გეომეტრიული ორნამენტიც, რომლის ათამდე მოტივს ვხვდებით, მათგან რამდენიმე XI ს. წარმოიშვა და შემდეგ ასეული წლების მანძილზე გასდევს ქართულ ხუროთმოძღვრებას. იკორთის ტაძართან მდებარეობს ერისთავთა ციხე-დარბაზი, რომელიც შედგებოდა ციტადელისა და გალავნისაგან.

გალავანი ირგვლივ ოთხკუთხად შემოუყვებოდა ტაძარს, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა, დასავლეთით შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონია საკმაოდ რთულ ციტადელს. ამჟამად ამ წაგებობათა მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

ეს სიმაგრე გვიან შუასაუკუნეებში დაუარსებიათ ქსნის ერისთავებს, სადაც მათი ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. იკორთაში დღესაც ჩანს ქსნის ერისთავთა მრავალი სამარხი ეპიტაფიით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვაწი სამარხებია კახეთის სახალხო აჯაწყების (1659 წ.) გმირების შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილისა.

როგორც ცნობილია, კახეთის აჯანყების მეთაურები 1662 წლის 18 სექტემბერს წამებით მოჰკლეს ირანში. რამდენიმე წლის შემდეგ შალვა ერისთავის მეუღლის ქეთევანისა და ვაჟის დავითის ინიციატივით გმირთა გვამები ფარულად გადმოასვენეს სამშობლოში და დაკრძალეს იკორთის მონასტერში.

იკორთაში დაკრძალულია, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ერისთავი. ქსნის ერისთავთა ოჯახიდან იკორთაში უკანასკნელად 1908 წელს დაკრძალეს ერისთავის მეუღლე მართა.იკორთის ტაძარი მომხდურ მტერთან ბრძოლების მოწმეცაა. 1732 წელს ქართლის ასაოხრებლად შემოსული ლეკები იკორთასთან საბოლოოდ გაუნადაურებიათ. 1736 წელს შანშე ქსნის ერისთავი ირანის შაჰს განდგომია და იკორთის ციხეში გამაგრებულა.

ნადირ-შაჰს ლაშქარი გამოუგზავნია სეფე-ხანის მეთაურობით, მაგრამ იკორთასთან მტერი დამარცხებულა. ერთი წლის შემდეგ იგივე სარდალი დიდი ლაშქრით დაბრუნებულა და იკორთა აუღია. აკად. ი.გიულდენშტედტის ცნობით (1772 წ.) იკორთა განთქმული და გამაგრებული მონასტრია. 1811 წლიდან იკორთის სამონასტრო სოფლის რიგით ეკლესიად აქციეს, რაც რუსეთთან საქართველოს შეერთებით იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მაშინ ბევრი ქართული მონასტერი გაუქმდა.

ქართველი ერის დიდმა მოამაგემ ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი შეფასება მისცა იკორთის ტაძარს: "ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა, ჩვენ მეტი არა გვაქვს, რა შესანიშნავი დეკორი აქვს? მისი ტოლებია ბეთანიაც, კაბენი, მაგრამ მასთან ვერც ერთი ვერ მოვა.

დეკორი თითქოს XI საუკუნის ძეგლებს უფრო ჩამოგავს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასე მრავაფეროვანი დეკორი, სამთავისიც კი ვერ შეედრება ამ მხრივ იკორთას. იკორთა უნიკუმია და ასეთი ძეგლები განსაკუთრებით კარგად უნდა შევინახოთ".