<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე>>>
ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971.- გვ.230-233.
საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნის შედეგად, რაც განხორციელებული იყო, როგორც ბაგრატ III (975-1014) წინდახედული მოქმედების წყალობით, ქართული მხატვრული კულტურა ვითარდება ახალი შემოქმედებითი ძალით. ქართული ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპზე წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურას, რომელიც თითქმის ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქმნის მონუმენტურ კათედრალებს, რომელთა შესწავლა მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული სამეფო - სამთავროს მხატვრული მიღწევა არქიტექტურის დარგში, გადამუშავებული სახით მოცემულია განუყოფელ მთლიანობაში. ქართული არქიტექტურის განვითარების ახალი გეზი და სტილი სავსებით მკვეთრად ეტყობა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის დიად ძეგლებს, ოშკისა და ხახულის ტაძრებს. ნაგებობის ძირითადი კომპოზიცია, რომელიც საფუძვლად დაედო ქართული არქიტექტურის განვითარების ახალ ეტაპს, წარმოადგენს მოგრძო მოყვანილობის ჯვარ - გუმბათოვან ნაგებობას, რომლის ჯვარედინზე ოთხ ბურჯზე მოთავსებულია გუმბათი, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებული შენობის ნაწილები შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე შენობის მთავარი კონსტრუქციული ნავები. ამგვარი ნაგებობა, როგორც ზუსტად დათარიღებული ძეგლების შესწავლა ადასტურებს, წარმოიშვა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურაში X საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში. ამ იდეის სრულქმნილ განსახიერებას გვაძლევს სამი კათედრალი: ქუთაისი ტაძარი (1003), სვეტიცხოველი (1029) მცხეთაში და ალავერდი (დაახლ. 1040) კახეთში. ქართული არქიტექტურის თითოეული აქ დასახელებული ძეგლი წარმოადგენს მონუმენტურ ნაგებობას, რომლის შინაგანი სივრცე გასაოცარი მთიანობით აღიქმება ერთდროულად ჯვარგუმბათოვანი არქიტექურული კომპოზიციის ფარგლებში. ნაგებობის კომპოზიციის ძირითად ნაწილს წარმოადგენს გუმბათის ქვეშ მოთავსებული სივრცე, რომელსაც აგვიგვინებს მონუმენტური ფორმის გუმბათი... ალავერდისა და ქუთაისი ტაძრებს დასავლეთის მხრიდან შენარჩუნებული აქვთ კარიბჭეები. მათ შორის მდიდარი შემკულობით ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმის სახით განსაკუთრებით გამოირჩევა ქუთაისი კათედრალი.
აქ დასახელებული ძეგლების არქიტექტურული კომპოზიციას ერთი თემის ერთი ამოცანის გადაწყვეტა ახასიათებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ძეგლს საკუთარი მხატვრული სახე აქვს, ზუსტ განმეორებას წვრილმანებშიაც კი არა აქვს ადგილი. თითოეული ძეგლი წარმოადგენს არსებითად ახალ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელსაც მკვეთრად აქვს შენახული საკუთარი სახე, მხატვრული სტილი, რაც იმ გარემოების დამადასტურებელია, რომ თითოეული ძეგლი შექმნილია ქართველ არქიტექტორთა მიერ, რომელთა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი უკვდავი ასოებით აღბეჭდილია თითოეულ ძეგლზე. ქუთაისის კათედრალი გეგმით ზოგადი და არქიტექტურული ფორმების მიხედვით ენათესავება ალავერდისა და ოშკის ტაძრებს. თანახმად სამშენებლო წარწერისა, რომელიც მოთავსებულია ტაძრის ჩრდილოეთ ფასაზე, იგი დამთავრებულია 1003 წელს, ესე იგი ტაძარი აგებულია ოშკის შემდეგ და ალავერდის ტაძრის აშენებამდე. ეს გარემოება ზუსტად განსაზღვრავს ძეგლის მნიშვნელობას მხატვრულ - ისტორიული თვალსაზრისით. ტაძრის ორივე კარიბჭე და სამხრეთის სტოა აგებულია უშუალოდ ტაძრის ძირითადი ნაწილის აშენების შემდეგ. როგორც საისტორიო წყაროებიდან ვიცით, მთელი ნაგებობა უცვლელი სახით დაცული იყო 1691 წლამდე, როდესაც იგი თურქების მიერ იქნა დანგრეული, ხოლო დიდი განძეულობა, რომელიც დაწვრილებით იყო აღწერილი ტოლოჩანოვის და იევლევის მიერ, გატაცებული იყო მათ მიერვე. ტაძარი თავის გეგმით წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომლის სახრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები წაწეულია წინ და გაფორმებულია აფსიდით, რომლებიც მოთავსებულია სწორკუთხედში. შენობის ცენტრში ოთხი დიდი მრგვალი სახის ბურჯზე, რომელიც შეერთებული იყო საყრდენი კამარებით, ამოყვანილი იყო გუმბათი. ტაძრის დასავლეთ ნაწილში მოთავსებული იყო პატრონიკენი, რომელიც გაფორმებული ყოფილა სვეტებზე მოთავსებული კამარებით. ასასვლელი პატრონიკენზე თავდაპირველად მოთავსებული ყოფილა შენობის დასავლეთ ნაწილში, სიმეტრიულად მოთავსებულ ორ კოშკისებურ ნაგებობაში, რომლებიც მთელი შენობის ზოგადი კომპოზიციის განუყრელ ელემენტს წარმოადგენდა. საკურთხევლის აფსიდი, სამკვეთლო და სალარო, რომელთაც აქვთ მცირე აფსიდები, დაფარულია აღმოსავლეთ კედლის მასივში, ხოლო ფასადზე, ორი სამკუთხედი მოყვანილობის ნიშების საშუალებით, საკუთხევლის აფსიდი გამოყოფილია გვერდით მოთავსებული კამერისაგან. XI ს. პირველ ნახევარში ტაძარს დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს უხვად მოჩუქურთმებული ღია კარიბჭე. ამავე დროს ეკუთვნის ნაგებობის სამხრეთ მკლავზე მიშენებული უფრო მცირე ზომის კარიბჭე.
გუმბათი მოთავსებულია ზუსტად ნაგებობის გეომეტრიულ ცენტრში; შენობას, როგორც აღვნიშნეთ, დასავლეთ ნაწილის ორივე კუთხეში მიშენებული აქვს ორი კოშკისებური ნაგებობა, რომელთაგან მოღწეულია მხოლოდ ერთი, ჩრდილოეთ - დასავლეთით მოთავსებული. სავსებით დასაშვებია, რომ ორივე კოშკი შეერთებული იყო ტერასით, რომელიც მოთავსებული ყოფილა დასავლეთ კარიბჭის გადაბურვაზე. ასასვლელი ტერასაზე იყო კოშკებიდან და აგრეთვე პატრონიკენიდან; ტერასით გადახურული კარიბჭის მაგივრად, რაც ნავარაუდევია შერჩენილი ზოგიერთი საარქიტექტურო დეტალის შესწავლის საფუძველზე, შემდეგ აუგიათ კარიბჭე ორკალთიანი სახურავით, რის შედეგად კარი პატრონიკენის მხრიდან ამოუშენებიათ, ხოლო კოშკში დატანებულმა კარმა დაკარგა მნიშვნელობა. ამჟამად დასავლეთის კარიბჭე თითქმის მთლიანად დაქცეულია. დღემდე მოღწეული ცალკეული ფრაგმენტის მიხედვით და აგრეთვე ნ.ჩერნეცოვის (1847) მიერ შესრულებული სურათის მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე, შესაძლებელია აღვადგინოთ თითქმის მთლიანი სახით დასავლეთის კარიბჭე. იგი, როგორც აღვნიშნეთ, მეტად უხვად მორთულია ღრმად ნაკვეთი ჩუქურთმებით, რომელიც ხიბლავს ადამიანის თვალს თავისი სილამაზითა და დახვეწილი გემოვნებით. სამხრეთას მკლავზე კარიბჭე ამჟამად აღდგენილია პირვანდელი სახით; იგი აგრეთვე ლამაზად არის შემკული ქართული ჩუქურთმით. ირკვევა, რომ ტაძარს სამხრეთის მხრიდან ძველად, ისე როგორც ყველა X-XI საუკუნეების დიდ კათედრალს, მიშენებული ჰქონია ღია სტოა-კარიბჭე ოთხი კამარით, რომლისაგან შენახულია მხოლოდ საძირკველი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამხრეთის კარიბჭე, რომელიც ძველად წარმოადგენდა საგანგებო დანიშნულების შესასვლელს ტაძარში სამხრეთიდან. მას ამშვენებს დიდი ისრისებური ღია კამარა, რომლის უკან, ორ წახნაგოვან სვეტზე, მოთავსებულია სამი კამარა. სვეტების ბაზა და სვეტისთავი, რომელსაც აქვს კვეთილი პირამიდის ფორმა, აგრეთვე ლამაზად მოჩუქურთმებულია; ორივე კარიბჭე თავისი შესანიშნავი მორთულობით, როგორც ირკვევა ძეგლის შესწავლიდან, აგებულია შენობის მთავარი კორპუსის აგების შემდეგ.
ქუთაისის კათედრალის ფასადების მხატვრულ გაფორმებაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს დეკორაციული კამარების მოხერხებულ გამოყენებას, მათი სიმაღლის სხვადასხვაობას, რაც სავსებით შეესაბამება ნაგებობის ძირითად ფორმებს, განსაკუთრებით ტაძრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე. აღმოსავლეთის ფასადი, როგორც ჩანს, ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტების მიხედვით, შემკული ყოფილა ხუთი დეკორაციული კამარით, რომელთა შორის ყველაზე უფრო მაღალი ამკობს საკურთხევლის აფსიდის კედელს თითქმის ფრონტონის წვერამდე; მის გვერდით მოთავსებული კამარები ლამაზად აფორმებენ ორივე ნიშას, რომლებიც შენობის საკურთხეველს მოხდენილად გამოყოფენ მის გვერდით მოთავსებული ორსართულიანი კამერებისაგან; უკანასკნელნი ფასადზე აქცენტირებულია მხოლოდ ერთი დეკორატიული კამარით. შენობის მთლიანი კორპუსი მოთავსებულია მაღალ მონუმენტურ პოსტამენტზე, რომელსაც საფეხურები აქვს. ნაგებობის პროპორციები გამოირჩევა მწყობრი მოყვანილობითა და სილამაზით; მაღალ სარკმელთა ორმაგი მოჩუქურთმება ამშვენებს შენობის ფასადებს, საკურთხევლის აფსიდის სარკმელს და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადზე მოთავსებულ ერთ სარკმელს აქვს მოჩუქურთმებული წარბი ჰორიზონტალური ქუსლით; სარკმლის დეკორის ეს მოტივი, რომელიც დამახასიათებელია ტაო - კლარჯეთის არქიტექტურისათვის, ვრცელდება XI საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებში.
|