There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. -თბ., 2005. - გვ. 148 -151.
XVII საუკუნეში მოსკოველ ელჩებს, იევლევსა და ტოლჩანოვს, ბაგრატის ტაძარში უნახავთ პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ამ ხატის შესახებ ხალხში შემონახული ყოფილა ლეგენდა, რომელიც მათ მოუსმენიათ ტაძრის მღვდელმონაზონ გაბრიელისა და მისი ვაჟების სეხნიასა და სვიმონისაგან. ლეგენდის მიხედვით, თურმე ხსენებული ხატი გურიაში, ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებული. ერთ ღამეს ტაძრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ გაბრიელის წინაპარს, ხატის შთაგონებით ჩვენება ჰქონია. ღვთისმშობელმა მას სიზმარში აუწყა, რომ ციხე-ქალაქს ჩაძირვა ელოდა და ხატი იქედან მას უნდა გამოეტანა. სამჯერ ეჩვენა წინამძღვარს ღვთისმშობელი, მაგრამ სილიბისტრომ (ასე ერქვა მღვდელს) სიზმარი არ დაიჯერა და სიზმარი არავის უამბო. წინასწარმეტყველება ახდა. ციხე - ქალაქი ჩაიძირა, ხოლო თავად ხატი გადარჩა. იგი სასწაულებრივად ჰაერზე მოდიოდაო, - გვამცნობს გადმოცემა.
წინამძღვარი, რომელიც ციხე-ქალაქის გარეთ, სხვა საყდრის მახლობლად ცხოვრობდა, სასწაულის თვითმხილველი გახდა. როდესაც მას (მამა სილიბისტროს) სასწაული უნახავს, მუხლებზე დავარდნილა, მხურვალედ შევედრებია ღვთისმშობელს და შენდობა უთხოვია. შემდეგ მოძღვარი წამომდგარა, ხატს მიახლოვებია და ისიც მის ხელებზე გადმობრძანებულა. ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი წინამძღვარს და ხატის ქუთაისში გადასვენება დაავალა. მამა სილიბისტრომ მორჩილად აღასრულა ნაბრძანები და ხატი ბაგრატის ტაძარში დაასვენა. მღვდელმსახურის შთამომავლობა მუდამ ხატის მახლობლად ცხოვრობდა. გადმოცემა პალიასტომის ხატის ბაგრატის ტაძარში დაბრძანების ზუსტ თარიღსაც მიგვანიშნებს. ხატი წმიდა დავით მეფე აღმაშენებლის შვილიშვილის, მეფე გიორგი III-ს დროს არისო მოტანილიო, ესე იგი XII საუკუნეში. როგორც ცნობილია, XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის ბრძანებით ბაგრატის ტაძარში დაუბრძანებიათ ტაოში მდებარე ხახულის მონასტრის სასწაულმოქმედი ხახულის ღვთისმშობლის ტრიპტიქი. ხატის ვერცხლით შეჭედილი კარედის გარეთა ნაწილი X საუკუნეს განეკუთვნება, დანარჩენი ნაწილი კი მეფე დავითსა და მის ვაჟს, დემეტრეს, თავიდან შეუჭედავთ, შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით, ტიხრული მინანქრითა და პატიოსანი თვლებით. ხატის გასამშვენებლად დავით აღმაშენებელს ლალი და თვალ-მარგალიტი შეუწირავს. „...ჩემნი ლალნი და თუალ-მარგალიტნი ხახულისა ღმრთისმშობლისადა შემიწირავს," - გვამცნობს მეფის ანდერძი. ხატის შემკულობაში VIII–IX საუკუნეების ტიხრული მინანქრის ნიმუშებსაც ვხვდებით, ტრიპტიქის თაღის ზედა ნაწილის ცენტრში აღბეჭდილია მეფე-დედოფლის ზეციური კორონაციის სიუჟეტი. ხატის ბერძნული წარწერის მიხედვით, სიუჟეტი ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ პარაპინაკისა და ქართველთა მეფე ბაგრატ IV ასულის, მარიამის, ჯვრისწერა-კურთხევას განასახიერებს. არსებობს მოსაზრება, თითქოს ხსენებული მინანქარი მარიამ დედოფალმა ჩამოიტანა საქართველოში, როდესაც 1072 წელს ლოგინად ჩავარდნილი მამის სანახავად ჩამოვიდა. 1952 წლიდან ხახულის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.
ბაგრატის ტაძარი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.148-151.
ქუთაისში, "უქიმერონის გორაზე" მდებარე ბაგრატის ტაძარი აგებულია ბაგრატ III - ის მეფობის ხანაში, X-XI საუკუნეებში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003). ღვთისმშობლის მიძინების ბაგრატის ტაძარი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებებით ქართული არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ნიმუშია და განვითარებული შუა საუკუნეების სტილის საბოლოო დამამკვიდრებლად ითვლება.ტაძარი XVII საუკუნის დასასრულამდე უვნებლად იდგა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, იგი 1692 წელს "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეები. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა; ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულებისას მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ტაძრის ჩრდილო-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთსა და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა მათ ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და სათაურებს. ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებითაა შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა. სამხრეთის კარიბჭეში ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულებაა შემორჩენილი. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდნენ. ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა და რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭსა და ოსტატობაზე მოწმობს. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა-რესტავრაციის დიდი სამუშაოები.
|