topmenu

 

მცხეთის ჯვარი - ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა

< უკან დაბრუნება . . << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ფოტოს ავტორი გ.ჩანადირი

ზაქარაია პ.არაგვისა და თერგის ხეობა.- თბილისი, 1972.- გვ.13-16.

მცხეთის ჯვარი. არაგვს გაღმიდან მცხეთას დაჰყურებს  ჯვრის მონასტერი. იგი მოხდენილადაა შერწყმული არაგვისა და მტკვრის ხეობების პეიზაჟთან. ქართველმა ხუროთმოძღვარმა არა მარტო მთის დამამთავრებელი კომპოზიცია მოძებნა, არამედ მან შეკრა ამ მიდამოების მთელი ლანდშაფტი. ამასთან, არ იკმარა მთის მოხდენილი ბუნებრივი სილუეტი და შენობა მთის წვერიდან დასავლეთით გადასწია, რისთვისაც ხელოვნური საყრდენის აგება დასჭირდა. ჯერ კიდევ VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლი პირველმა ერისმთავარმა გუარამმა, მთის წვერზე აღმართული ხის ჯვრიდან ცოტა მოშორებით, ჩრდილოეთის მხარეს, მცირე ზომის ეკლესია ააგო. თლილი ქვით ნაგები კოხტა შენობის საკურთხევლის ზედა ნაწილს მოზაიკური მხატვრობა ამშვენებდა. გუარამის მემკვიდრემ სტეფანოზ I-მა, ადრე აღმართული ჯვრის გარშემო, 585-604 წლებში ახალი ტაძარი აღმართა. ამ ტაძრის შიდა ხალვათი სივრცე იქმნება ოთხი აფსიდით (ნახევარწრიული მომრგვალება) დამთავრებული ჯვარზე დამყარებული რვაგვერდა გუმბათით და ჯვრის კუთხეებში მცირე ზომის ოთხკუთხა სადგომებით. ტაძრის გარეგანი მასები ჰარმონიულად შეკრულ მთლიან კომპოზიციას ქმნის. ხუროთმოძრვარმა ინტერიერი და ექსტერიერი ერთმანეთს შეუხამა. მან აგრეთვე ფასადების გადაწყვეტა ადგილმდებარეობას დაუმორჩილა. დასავლეთ ფასადის დანახვა შეიძლება მხოლოდ შორიდან, მცხეთიდან. ამიტომ იგი ნაკლებადაა დანაწევრებული, ამასთან მოურთავია. ჩრდილოეთ ფასადს ნაწილობრივ ადრე აგებული ეკლესია ჰფარავს, ამიტომ იქ კომპოზიცია მხოლოდ მასებით იქმნება. აღმოსავლეთისა და სამხრეთის აფსიდებს კი თავისუფალი მისადგომები ჰქონდა და ოსტატიც მათზე აკეთებს აქცენტს. რელიეფებს და ჩუქურთმას მაღალი გემოვნებით ანაწილებს. მორთულობიდან მთავარს აღმოსავლეთის ფასადზე გამოხატულ ქტიტორთა (ე.ი. ვინც სახსრები გაიღო მშენებლობაზე) სამი რელიეფი წამოადგენს. ცენტრალურ რელიეფზე გამოსახულია მუხლმოყრილი სტეფანოზ ერისმთავარი, მარცხნივ დემეტრე, მარჯვნივ ადრნერსე. სამხრეთის კარის ზემოთ არაჩვეულებრივი სიცხოველითაა გამოხატული ჯვრის ამაღლების სცენა. ხოლო მაღლა, სარკმლის თავზე, ქობულ სტეფანოზის გამოსახულებაა. თუ ერისმთავრების გამოსახულებაში დიდებულება ჩანს, იგივე არ ითქმის გუმბათის ყელზე განმარტოვებით მოცემულ რელიეფზე. აქ მარტივად ვედრების პოზაში ხუროთმოძღვარმა თავისი თავი გამოსახა. ერისმთავართა ბარელიეფებს მრავალმხრივ საინტერესო წარწერები აქვს. ისინი ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ადრეული ნიმუშებია. მცხეთის ჯვრის ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია. მასში გამოვლინდა ქართველ არქიტექტორთა რამდენიმე თაობის შემოქმედებითი ძიება. ასეთი სრულყოფილი ნაწარმოები სანატრელია ყველა ქვეყნისათვის. იგი ჭეშმარიტად ამშვენებს არქიტექტურის საგანძურს.