topmenu

 

თმოგვი - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

თმოგვის ციხე // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ. 14, გამომცემლობა  "ციცინათელა", თბილისი, 2007 წ. გვ.90-92

თმოგვი სოფელია ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე, ასპინძიდან 23 კმ-ზე. აქ მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს თმოგვის ციხე. წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. ის კონტროლს უწევდა წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ გზას. X საუკუნის დამლევს და XI ს-ის დამდეგს თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073 წლიდან დიდებული ნიანია ქვაბულის ძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომშ საუკუნეებში მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები: თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა, მუშაკობდნენ კულტურის მოღვაწენი, მწერლები (საკმარისია დავასახელოთ სარგის თმოგველი). 1578 წელს თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ. ამის შემდეგ იგი ოსმალთა პოლიტიკურ - ადმინისტრაციულ ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთ ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ -ბურჯებით. სამხრეთ - აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ციტადელს და ქვემოთ მდ.მტკვარს. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი ორფერდა სახურავით გადაურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მშენებლობაში ორ ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაგებია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი გვიანდელ აღდგენა - რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით, ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილია წმ.ეფრემის ეკლესია, რომელსაც კლდეშივე გამოკვეთილი კანკელი აქვს. მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება. მარჯვენა ნაპირისა კი - გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდინარე მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეს აკავშირებდა, მეორე ტრანსპორტისთვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე რამდენჯერმე დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089 წ., 1283 წ., 1319 წ.)

დევი ბერძენიშვილი, შარლოტა საღარაძე.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ზედა თმოგვის სამნავიანი ბაზილიკა // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.14, გამ."ციცინათელა", თბილისი, 2007 წ. ეკლ- გვ.45-46,

ზედა თმოგვის სამნავიანი ბაზილიკა - მდებარეობს ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გვერდით ნავებისგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ -სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესავლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII – IX საუკუნეები მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესავლელითურთ. ბაზილიკის ერთ -ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ - ერისთავს ფარსმანს ბაგრატ - IV - ის (1027-1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა - გადაკეთების კვალი ეტყობა.

რუსუდან გვერდწითელი.