ფოტოების ავტორი თ. დუნდუა
კოთელია – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, ბაკურიან-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრი, ახალქალაქიდან დაშორებულია 15 კმ–ით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 490 კაცი. შემორჩენილია XVI საუკუნის ეკლესია წარწერით (მოხსენიებულია აღმაშენებელი ქიშვად ავალიშვილი) და გალავანშემოვლებული ქვაჯვარი.
სოფელ კოთელიაში დგას შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია. იგი ახალქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. ეკლესიის სახურავის დასავლეთ კეხზე დადგმულია სამრეკლო, რომლის სახურავი ახლა ყანჩების საბუდარად ქცეულა. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტის კვადრებით. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადზე გვხვდება მოკვეთილი ჯვრები. სამხრეთ შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია. სამხრეთისავე ფასადზე ჩადგმულია ნაცრისფერი ქვა, რომელზეც მხედრული წარწერაა. წარწერაში მოხსენიებულია აღმშენებელი ქიშვად ავალიშვილი. ნიკო ბერძენიშვილი ამ წარწერას ასე კითხულობს: "ქ. ამა წმიდისა კვირიკესა საყდრისა აღმშენებელსა ქიშვადს და თანამცხედრესა მეფისა ასულსა თამარს შეუნდნეს ღმერთმან. გულბადსა და მისაა მეცხედრესა მზექალს შეუნდოს ღმერთმან." ხელწერის მიხედვით იგი წარწერას XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს. XIX საუკუნეში ეკლესიაზე ოთხსვეტიანი სამრეკლო დაუშენებიათ, რომელზედაც ყარყატი ბუდობს.
კოთელია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V.- თბ., 1980.- გვ. 574
სოფელი კოთელია //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.-თბ., 2003.-გვ.29.
კოთელიის ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები I.-თბ.,1964.-გვ.141-142. - სოფ. კოთელიაში დაცული ორი მცირე ეკლესიისა და შემორჩენილი წარწერების შესახებ.
2. კოთელია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.574. - კოთელიის ეკლესიის წარწერების ანალიზი.
3. სოფელი კოთელია //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.-თბ., 2003.- გვ. 29. - შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხედრული წარწერის ანალიზი. წარწერის მიხედვით ეკლესიის ამგებად მოხსენიებულია ქიშვად ავალიშვილი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
4. კოთელიას წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ. 118-120. - კოთელიის ეკლესიის შვიდსტრიქონიანი წარწერის ანალიზი და მისი შესრულების სავარაუდო თარიღი.
|